CCBE-ის შემდეგ, საქართველოში ერთიანი და დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის მიმართ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ამერიკელი ექსპერტი, პროფესორი ჯეიმს მოლიტერნო გამოხატავს, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრების სახით.
ჯეიმს მოლიტერნო გახლავთ ვინსენტ ბრედფორდის საპატიო პროფესორი ვაშინგტონის და ლის უნივერსიტეტში. იგი 38 წელია იურიდიულ პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლექციებს კითხულობს აშშ-ს ხუთ სამართლის სკოლაში და რვა ქვეყანის იურიდიულ ფაკულტეტებზე, მათ შორის საქართველოში. 2006 წლიდან იგი მუშაობს ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან საქართველოში, USAID-ის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, USAID/PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, და განხორციელებული აქვს დაახლოებით 20 პროფესიული ვიზიტი საქართველოში.
პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ შეიმუშავა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება (amicus curiae) საკონსტიტუციო საქმეზე ნომრით - 1/13/1424. აღნიშნული საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების - „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მეორე წინადადებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით - „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.“
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის ნებაყოფლობითი პროფესიული კავშირი, არამედ იგი საჯარო ინსტიტუციაა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ შექმნა გარკვეული დელეგირებული საჯარო ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა მათთვის, ვისაც სურს, განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა, როგორც ამას „ადვოკატთა შესახებ“ კანონი ადგენს, აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად - აღნიშნულია ჯეიმს მოლიტერნოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.
ამასთან, პროფესორი მოლიტერნო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სავალდებულოა, მაგრამ ადვოკატები ასევე უფლებამოსილი არიან შექმნან და შეუერთდნენ ადვოკატთა სხვა ნებაყოფლობით გაერთიანებებს. შედეგად, მოსარჩელეს არ ეზღუდება გაერთიანების უფლება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ტექსტის გამო, რომელსაც იგი ასაჩივრებს.“
მსგავსად CCBE-სა, ჯეიმს მოლიტერნო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ „ადვოკატთა ასოციაცია თვითრეგულირების მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, როგორიცაა პროფესიაში დაშვება, ადვოკატთა მიერ პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი კანონების დაცვაზე ზედამხედველობა და დისციპლინური წარმოების განხორციელება პროფესიის მარეგულირებელი კანონების დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ეფექტური თვითრეგულირება შესაძლებელია მხოლოდ სავალდებულო წევრობის საფუძველზე, რაც ყველა ადვოკატს, გამონაკლისის გარეშე, ერთნაირი რეგულირების ქვეშ აქცევს. სავალდებულო წევრობა უზრუნველყოფილია ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში და შეიძლება ჩაითვალოს თვითრეგულირების და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციაციების და სამართლის საზოგადოებების არსებობის წინაპირობად, რაც აუცილებელია იურიდიული მომსახურების ხარისხისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.“
„ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის გაუქმება სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს იურისტთა და თავად ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობაზე. დამოუკიდებელი იურიდიული პროფესია არის თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი, რომელიც კანონის უზენაესობას ემყარება“ აღნიშნავს ჯეიმს მოლიტერნო და სთავაზობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, უარი ეთქვას ზემოაღნიშნულ სარჩელს, როგორც დაუსაბუთებელს. „ამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიის შენარჩუნება“ - ნათქვამია „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაში.
პროფესორ ჯეიმს მოლიტერნოს სასამართლოს მეგობრის" მოსაზრების სრული ვერსიის გასაცნობად იხილეთ: ქართული / ინგლისური