ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები ფინალისთვის ემზადებიან!

15 თებერვალი 2024

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციაში სტუდენტებისთვის სამდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. ფასილიტატორი ადვოკატები სტუდენტებს ჩემპიონატის ნახევარფინალური და ფინალური იმიტირებული პროცესებისთვის ამზადებენ, რომლებიც 16 თებერვალს უზენაეს სასამართლოში გაიმართება. 

პარალელურად ტრენინგები მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში. ბრალდების მხარის სტუდენტებს ნახევარფინალური და დასკვნითი პროცესისთვის ფასილიტატორი პროკურორები ამზადებენ. 

ნახევარფინალში ერთმანეთს ოთხი უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდება, რომლებმაც შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებულ პროცესებზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. ესენი არიან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფინალურ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებული მონაწილეები ნომინაციებში - საუკეთესო შესავალი სიტყვა, საუკეთესო დასკვნითი სიტყვა, საუკეთესო პირდაპირი დაკითხვა და საუკეთესო ჯვარედინი დაკითხვა. 

ჩემპიონატის ფარგლებში ორი თვის განმავლობაში ტრენინგები და შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული სასამართლო პროცესები 11 უნივერსიტეტში პარალელურად  მიმდინარეობდა. პროექტში სულ 22-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.  

ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის კრიტერიუმების დაცვით, ფასილიტატორები აფასებდნენ. დაცვის გუნდს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები, ხოლო, ბრალდების გუნდს საქართველოს პროკურატურის პროკურორები.

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.

პროექტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი