ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები ჩატარდა

14 დეკემბერი 2023

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი მორიგ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებულ პროცესებს მოიცავს.  

იმიტირებულ სასამართლო პროცესების მიმდინარეობას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ლევან მახარაშვილი და საქართველოს პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ნინო აღლემაშვილი დაესწრნენ.  

ჩემპიონატის ფარგლებში 10 დეკემბერს პროცესები ჩატარდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტში მონაწილე თითოეულმა უნივერსიტეტმა ორი გუნდი (დაცვა-ბრალდება) და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა წარმოადგინა, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის 12 სტუდენტისაგან შედგება. 

თითოეული უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მონაწილეებმა სისხლის სამართლის კონკრეტული საქმე განიხილეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კი სათათბირო ოთახში საბოლოო ვერდიქტზე იმსჯელეს.

ჩემპიონატის მონაწილე გუნდები წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის კრიტერიუმების დაცვით, ფასილიტატორებმა შეაფასეს. დაცვის გუნდი ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა/ფასილიტატორებმა, ხოლო, ბრალდების გუნდი საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა შეაფასეს. 

შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები ჩემპიონატის მონაწილე უნივერსიტეტებში თვის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ კი, ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება რეგიონებიდან, ხოლო, ორი თბილისიდან. საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი