ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში 9-10 დეკემბერს ჩემპიონატის მონაწილე სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ილიას სახელობის უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტში.
მონაწილე სტუდენტებისთვის სატრენინგო პროცესს კვალიფიციური ფასილიტატორები უძღვებოდნენ, რომლებიც ჩემპიონატის მონაწილეებს იმიტირებული პროცესებისათვის ამზადებენ.
სტუდენტებისთვის, რომლებიც იმიტირებულ პროცესებზე დაცვის მხარეს წარმოადგენენ ტრენინგები ჩაატარეს ფასილიტატორმა ადვოკატებმა: ზაზა დათუკიშვილმა, ლედი კორძაძემ, ესმა ნორაკიამ, გვანცა თურმანიძემ და გელა სიორდიამ.
ხოლო, სტუდენტებისთვის, რომლებიც პროცესებზე ბრალდების მხარეს წარმოადგენენ ტრენინგებს უძღვებოდნენ ფასილიტატორი პროკურორები: ემზარ გაგნიძემ, გიორგი რამიშვილმა, მარიამ წულაიამ და თორნიკე ტყაბლაძემ.
შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგები ყველა მონაწილე უნივერსიტეტში დასრულდა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები გაიმართება. ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება რეგიონებიდან, ხოლო, ორი თბილისიდან. საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ.
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.
„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.