საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახალ, მასშტაბურ პროექტს - „ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატს“ იწყებს!
პროექტი საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის პრეზენტაცია ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარდა. ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - ნინო ქადაგიძემ და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა - ირაკლი შოთაძემ.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა სტუმრებს პროექტი დეტალურად გააცნო და განმარტა თუ რა წვლილს შეიტანს აღნიშნული პროექტი მომავალი იურისტების პროფესიულ განვითარებასა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.
ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და მასში 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი მოიცავს, გუნდებისთვის როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს.
პროექტისთვის თითოეული უნივერსიტეტი დაცვისა და ბრალდების ორ გუნდს, ასევე, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას წარადგენს, რომელიც სხვა ფაკულტეტების 12 სტუდენტისაგან იქნება დაკომპლექტებული.
კონკურსში მონაწილე გუნდებს იმიტირებული პროცესებისთვის კვალიფიციური ფასილიტატორები მოამზადებენ. მათი შეფასების საფუძველზე გამოვლენილი ოთხი საუკეთესო გუნდი (ორი რეგიონებიდან და ორი თბილისიდან) კი ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის ფინალისტებს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენერები მოამზადებენ.
„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.
პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე ფორმატში ხორციელდება, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი.