დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

17 ივნისი 2024

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს! ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) თავმჯდომარის არჩევნები 13 ივნისს ჩატარდა.

ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.

დავით ასათიანი ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას საერთო საარჩევნო კრების გადაწყვეტილებით, მეორე ვადით იკავებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 

„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე ჩემი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა და ის ასევე, ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს, ისევე, როგორც წარმოადგენს ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი იქნება და ეს ევროპის მასშტაბით იურიდიული პროფესიის გაძლიერებას წარმოადგენს და ემსახურება მიზანს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საერთაშორისო მხარდაჭერა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების მიმართ იურიდიული პროფესიის ევროპულ ოჯახში მათი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს, მარია სლაზაკს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის იურიდიული პროფესიისა და ევროპის მასშტაბით ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერების საქმეში". განაცხადა დავით ასათიანმა.

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს. ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით ადვოკატთა ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებსა და ინდივიდუალურ ადვოკატებს აერთიანებს. ასოციაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის, ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი