განცხადება

18 დეკემბერი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ კოდექსი (მოქმედი რედაქციით)  წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას. მიუხედავად მრავალწლიანი დისკუსიებისა და ინიციატივების, დღემდე ვერ მოხერხდა საბჭოთა ეპოქის დროინდელი, დრომოჭმული ნორმების გადახედვა და თანამედროვე სტანდარტების კოდექსის მიღება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა აუცილებელია, რათა მასში აისახოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები, განმტკიცდეს კანონის უზენაესობის პრინციპები და სრულად იქნას უზრუნველყოფილი ნორმათა განჭვრეტადობა, პროპორციულობა და გამჭვირვალობა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეული რეფორმის ნაცვლად, სამწუხაროდ, ვიხილეთ კოდექსის არსებული, ისედაც ხარვეზიანი, რეგულაციების კიდევ უფრო გაუარესება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, ადმინისტრაციული დაკავება არის კონკრეტული სამართალდარღვევის ჩამდენად მიჩნეული პირის მიმართ გამოსაყენებელი ღონისძიება და ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ ისეთ უკიდურეს შემთხვევაში ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული ცვლილებით კი ასკ-ის 244-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობას არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნებისთვის, არამედ  სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით, რომ პირმა შესაძლოა მომავალში ჩაიდინოს სამართალდარღვევა.

მიგვაჩნია, რომ ასკ-ის 244-ე მუხლის ამ ცვლილების პრაქტიკაში გამოყენება დაეფუძნება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ეჭვსა თუ ვარაუდს, რომ პირმა შესაძლოა მომავალში ჩაიდინოს სამართალდარღვევა და პირის ადმინისტრაციული დაკავება გამართლდება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციით, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლის უზენაესობის პრინციპებთან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტულად ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. ამასთან, კოდექსის 245-ე მუხლში განსაზღვრულია ადმინისტრაციული დაკავების წესი, რომლის თანახმადაც - დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი. აღნიშნულის საპირისპიროდ, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება შესაძლებელს ხდის პირის დაკავებას და მის მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას იმ ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.

შესაბამისად, ასეთი დაკავება იქნება არა კონკრეტული სამართალდარღვევის ჩამდენად მიჩნეული პირის მიმართ დროებითი ღონისძიება, არამედ ადმინისტრაციული სახდელი იმ სამართალდარღვევისთვის, რომელიც პირს არც კი ჩაუდენია. აღნიშნული წინააღმდეგობაშია როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპებთან, ისე სამართლებრივ ლოგიკასთან და ნორმის ამ შინაარსით არსებობა არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებს.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. რაც ასევე გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ უშვებდეს გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მხრიდან პირის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. სამართალდამცავი ორგანოსათვის ამ მასშტაბის დისკრეციის მინიჭება აჩენს ასეთი გადაჭარბებული უფლებამოსილების უმართებულოდ და ბოროტად გამოყენების რისკს და ამით საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება და პირადი სივრცისა ხელშეუხებლობა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი დაჩქარებულად წარიმართა და არ ყოფილა წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აღნიშნული ცვლილებები ან რა პოტენციური უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ადამიანის უფლებებზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რელევანტური საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში, გადახედოს ასკ-ის ზემოაღნიშნულ ცვლილებებს და უზრუნველყოს იურიდიული პროფესიისა და სამართლის პრაქტიკოსთა აქტიური ჩართულობა ამგვარი ინიციატივების განხილვისას, რათა სწორად იქნას გააზრებული წარმოდგენილი ცვლილებების აღსრულების გამოწვევები პრაქტიკაში და ამასთან, სრულად იქნას დაცული ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტები.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი