საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და შრომის სამართლის კომიტეტი სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, ვგმობთ რუსეთის ფედერაციის აგრესიას და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომლის მიზანია ომის დასრულება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა! საქართველოში ქალთა შრომითი უფლებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა საშუალება ქვეყანაში თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად.
საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია საკანონმდელო ცვლილებები და მისი აღსრულების გარანტიების შექმნა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა, ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში.
ოფიციალური მონაცემებით, სახელფასო სხვაობა ქალსა და კაც დასაქმებულებს შორის შეადგენს 32,4%. მართალია შრომის კანონმდებლობა კრძალავს ქალისა და კაცის თანაბარი შრომის არათანაბარ ანაზღაურებას, თუმცა, არ განსაზღვრავს შრომის ღირებულების განსაზღვრის მეთოდოლოგიას. შესაბამისად, გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრევენციისთვის აუცილებელია შემუშავდეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომლითაც შეფასდება ადამიანის მიერ გაწეული შრომის ღირებულება.
სამუშაო ადგილებზე ძალადობა და შევიწროება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით აზარალებს ქალებს. ამ გამოწვევის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია მოხდეს შსო 190-ე კონვენციის ,,შრომის სამყაროში ძალადობისა და შევიწროების შესახებ,“ რატიფიცირება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან შრომით ურთიერთობებში ქალთა მიმართ არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და თავისი წვლილი შეიტანოს დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო შრომის სტანდარტებით უზრუნველსაყოფად.