ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

1 თებერვალი 2020

გვსურს, გამოვეხმაუროთ ადვოკატთა ასოციაციის წევრის - ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური თავდასხმის ფაქტს. 
ყოველგვარი ძალადობა ერთმნიშვნელოვნად მოუღებელია, განსაკუთრებით როცა აღნიშნული ხდება სასამართლოში და რაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მონაწილე მხარეებს უკავშირდება. 
სამართალწარმოების პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ყოველი წევრი დაცვის მაღალი გარანტიებით სარგებლობს, რაც ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. აღნიშნული გარანტიები უზრუნველყოფილია, როგორც “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. 
“ადვოკატის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის თანახმად, „დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა,” ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, დასჯადია ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით მის მიმართ მუქარა ან ძალადობა. 
შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს კარგად გავაცნობიეროთ ადვოკატის განსაკუთრებული როლი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და არ დავუშვათ მისი საქმიანობის რაიმე ფორმით ხელყოფა. ამასთან, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უმოკლეს დროში მოხდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი