10 ნოემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით თბილისში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე - ბიზნესი და ადამიანის უფლებები.
კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ევროპის საბჭო, ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი.
კონფერენციაში ათი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭოს (CCBE) და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ თემაზე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და მის მიზანს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, ამ სფეროში ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაცია იყო.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ევროპისა და აზიის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს.
კონფერენციაში მონაწილე 200-ზე მეტმა ადვოკატმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა როგორებიცაა: ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და პრეცედენტული სამართალი, მდგრადი განვითარების სამართლის პრაქტიკა და გარემოსდაცვითი ტენდენციები, ბიზნესისა და შრომითი უფლებები და სხვა.
ამავე დღეს ადვოკატის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართა.