CCBE-ის მორიგი მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი და ძლიერი ადვოკატთა ასოციაციის მიმართ საქართველოში

19 ივნისი 2020

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭომ“ (CCBE), რომელიც წარმოადგენს 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებს და მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა „საქართველოში ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საადვოკატო პროფესიის მიმართ, როგორც ეს გარანტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.

CCBE უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ძლიერი და დამოუკიდებელი საადვოკატო პროფესიის არსებობას როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, CCBE-იმ შეიმუშავა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება (amicus curiae) საკონსტიტუციო საქმეზე ნომრით - 1/13/1424. 

აღნიშნული საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების - „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მეორე წინადადებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით - „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილ „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაში, მართლმსაჯულების სფეროში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაცია ნათლად განმარტავს თვითრეგულირებადი საადვოკატო პროფესიის არსს და მის მნიშვნელობას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის შენების პროცესში.  

“ევროპის ქვეყნების კანონმდებლებმა ნათლად გაიაზრეს საადვოკატო პროფესიის განსაკუთრებული სტატუსი და განმარტეს მისი არასამეწარმეო ხასიათი მათ კანონებში” - აღნიშნულია CCBE-ის მიერ წარდგენილ „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაში. 

ამასთან, CCBE ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროპის ყველა ქვეყანაში, ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის სუბიექტის ფორმით  ჩამოყალიბებული ორგანო, რომელიც დაფუძნებულია პარლამენტის აქტით, უმნიშვნელოვანესი საჯარო ფუნქციების შესრულების მიზნით, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ისე ზოგადად საზოგადოებაში.“ 

დოკუმენტში, CCBE ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ „ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობის გაუქმება მთელ რიგ ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც ადვოკატთა, ისე ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობაზე“ და აღნიშნავს, რომ საადვოკატო საქმიანობის „ავტონომია და დამოუკიდებლობა უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფილია ადვოკატთა თვითმმართველი გაერთიანებით, ადვოკატთა ასოციაციის მეშვეობით...ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა, როგორც წესი, ასევე წარმოადგენს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას.“ 

მნიშვნელოვანია, რომ გარდა ევროპული პრაქტიკის ანალიზისა, CCBE-იმ შეისწავლა სადავო საკითხის ირგვლივ არსებული ქართული რეგულაციები და პრეცედენტული სამართლი და წარდგენილ „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაში ხაზგასმით აღნიშნა შემდეგი: „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უნიკალური სამართლებრივი ფორმა (სპეციალური ბუნების საჯარო სამართლის იურიდიული პირი) განპირობებულია მისი მიზნებით, ე.ი. ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესრულებით; შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა გამართლებულია კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ... საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიმოხილვის შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მონოპოლისტად, რადგან იგი არ ახორციელებს სამეწარმეო ან ეკონომიკურ საქმიანობას.“

ზემოაღნიშნული და „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაში განხილული სხვა მნიშვნელოვანი არგუმენტების გათვალისწინებით, CCBE მიმართავს საქართველოს საკნონსტიტუციო სასამართლოს უარი ეთქვას წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს, როგორც უსაფუძვლოს და „ამით უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი საადვოკატო პროფესიის შენარჩუნება, როგორც ეს გარანტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.“ 

CCBE-ის აღნიშნული პოზიცია წარმოადგენს როგორც ჩვენი ერთიანი პროფესიული გაერთიანების, ასევე თითოეული ადვოკატის საქმიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერას. აგრეთვე, აღიარებულ ევროპულ სტანდარტებზე მითითებით, მკაფიო გზავნილს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სადავოდ მიიჩნევს ერთიანი და ძლიერი ადვოკატთა პროფესიული ასოციაციის მნიშვნელობას.

CCBE-ის "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრების სრული ვერსიის გასაცნობად იხილეთ: ქართული / ინგლისური 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი