საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ასარჩევ კონკურსში საქართველოს პარლამენტისთვის კვალიფიციურ კანდიდატთა წარდგენის მიზნით, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იწყებს დაინტერესებულ წევრთა განაცხადების მიღებას.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატისა.
წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის მიზნით, ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს ღია კონკურსს (შიდა კონკურსი), რომელში მონაწილეობაც შეუძლია ადვოკატთა ასოციაციის ყველა იმ წევრს, ვინც აკმაყოფლებს კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (იხ. ქვემოთ).
შიდა კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 2022 წლის 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ელ-ფოსტაზე - hr@gba.ge საჭიროა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- ბიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- არანაკლებ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები);
- საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შესახებ წერილობითი და ხელმოწერილი თანხმობა;
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის მიზნით, წარმოდგენილ განაცხადებსა და თანდართულ დოკუმენტებს შეისწავლის და შეაფასებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- კეთილსინდისიერება
- რეპუტაცია
- კვალიფიკაცია
კანდიდატების სრულყოფილი შეფასების მიზნით, საჭიროებიდან გამომდინარე, აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლოა დანიშნოს კანდიდატებთან გასაუბრება. ამასთან, კანდიდატების შეფასების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, აღმასრულებელმა საბჭოს შესაძლოა შექმნას საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი რეპუტაციისა და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე იურისტებისგან.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:
- საქართველოს მოქალაქეობა;
- უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
- მაღალი რეპუტაცია;
- სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტის სტატუსი.