საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება

3 ივნისი 2022

ადვოკატების და მათი კლიენტების წინაშე დღეისათვის არსებული ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევის-სასამართლოებში საქმეთა განხილვის  გაჭიანურების მიზეზების კვლევის ფარგლებში, შესაბამის  ინფორმაციასა და ფაქტებზე დაყრდნობით დგინდება, რომ  მიუხედავად  დავის  დაწყების ან/და გაგრძელების აშკარად გამოხატული უპერსპექტივობისა,  მრავალი წელია  უცვლელი ხასიათი აქვს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამართალწარმოების ბოლო სტადიამდე, სასამართლოს სამივე ინსტანციაში დავების გაგრძელების  პრაქტიკას.  ამას ემატება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის ან/და საქმეთა მორიგებით დასრულების ფაქტობრივად ნულოვანი სტატისტიკა (მაგალითისთვის, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ფიქსირდება სულ 3 მორიგება ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობით).

ყოველივე აღნიშნულით განსაკუთრებით ზარალდებიან მართლმსაჯულების აღსრულების მოლოდინში მყოფი ფიზიკური პირები და ბიზნეს სუბიექტები, უარესდება ადმინისტრაციული ორგანოებისადმი ნდობის ხარისხი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი მიდგომა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიზანშეუწონელი, არამიზნობრივი ხარჯების გაწევას,  დროისა და ადამიანური რესურსების გაუმართლებელ ხარჯვას. ზარალდება ცენტრალური, თუ ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს აღებული აქვს ე.წ. „კარგი მმართველობის” პრინციპების იმპლემენტაციის, ევროპის ქვეყნების მმართველობის საუკეთესო პრაქტიკისა და დადგენილი სტანდარტების განხორციელების ვალდებულება. ამ ვალდებულების ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციაში ცალკე  აისახა ,,სამართლებრივი სახელმწიფოს“ და ,,სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების“  პრინციპები (საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-18 მუხლები). ზემოაღნიშნული ვალდებულებების მიზანი საჯარო მმართველობის მაღალი კულტურის დამკვიდრებაა. აღნიშნულ მიზანს და პრინციპებს კი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სასამართლოში და ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში საქმის წარმოების ეკონომიურობისა და კეთილსინდისიერების  უგულებელყოფა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიმართავს  კომპეტენტურ ორგანოებს, პირველ რიგში სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს - საჯარო სამსახურის საბჭოს, ასევე, ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, შიდა აუდიტის სამსახურებსა და გენერალურ ინსპექციებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ  მრავალმხრივ დამაზიანებელი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

გაცემული იქნეს შესაბამისი რეკომენდაციები  სასამართლოში საქმის  წარმოების დროს კანონის უზენაესობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის პრინციპების დაცვის შესახებ, რათა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა   ფორმალურად არ გამოიყენენ  საპროცესო უფლებები, არ დაუშვან საკუთარი მიზეზით საქმეთა გაჭიანურება,  კანონის ფარგლებში უფრო ხშირად და სწორად გამოიყენენ მორიგების, სარჩელის ცნობისა და  სხვა დისპოზიციური უფლებები. ამავდროულად,  აღიკვეთოს  წამგებიანი და უპერსპექტივო სასამართლო საქმეების საწარმოებლად  საჯარო ფინანსების და ადამიანური რესურსების არამიზნობრივი გამოყენება.

მომზადებულია:

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის მიერ

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი