ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები დასრულდა და ჩემპიონატი ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა.
ჩემპიონატის ფარგლებში 16, 17, 18 დეკემბერს შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები პარალელურად მიმდინარეობდა 8 უნივერსიტეტში, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ზუგდიდი შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (SEU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტში ALTE.
შიდასაუნივერსიტეტო პროცესს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) დაესწრო.
პროექტში მონაწილე თითოეულმა უნივერსიტეტმა ორი გუნდი (დაცვა-ბრალდება) და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა წარმოადგინა, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის 12 სტუდენტისაგან შედგება.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე მონაწილეებმა სისხლის სამართლის კონკრეტული საქმე განიხილეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კი სათათბირო ოთახში საბოლოო ვერდიქტზე იმსჯელეს.
ჩემპიონატის მონაწილე გუნდები წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის კრიტერიუმების დაცვით, ფასილიტატორებმა შეაფასეს. დაცვის გუნდი ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა/ფასილიტატორებმა, ხოლო, ბრალდების გუნდი საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა შეაფასეს.
ფასილიტატორებს ადვოკატთა ასოციაციიდან წარმოადგენდნენ: ზაზა დათუკიშვილი, ლედი კორძაძე, სულხან კომახიძე, ესმა ნორაკია, გელა სიორდია და გვანცა თურმანიძე.
ხოლო, საქართველოს პროკურატურიდან: ლაშა ბიწაძე, თორნიკე ნადირაძე, თორნიკე ტყაბლაძე, გიორგი რამიშვილი, რუსუდან ლაბაძე და მარიამ წულაია.
ნახევარფინალურ ეტაპზე ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება რეგიონებიდან, ხოლო, ორი თბილისიდან. საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ.
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.
„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.
პროექტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.