მიმართვა საქართველოს პარლამენტს

21 მაისი 2020

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო ერთ-ერთი ინიციატორი დისტანციური სასამართლო განხილვების დანერგვისა, იმ საქმეებზე, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური შემჭიდროვებული ვადები, რათა არ შეფერხებულიყო მართლმსაჯულება და ამასთან, კორონავირუსისის პანდემიის პირობებში დაცული ყოფილიყო მხარეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პანდემიის დროს სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების შესახებ, რა დროსაც პროცესში მონაწილე არც ერთ პირს არ ექნება  უფლება უარი განაცხადოს დისტანციურ სხდომაში მონაწილეობაზე.

ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპსა და, შესაბამისად, ყველა სასამართლო სხდომაზე, პროცესის მონაწილეთა უშუალო დასწრების შეზღუდვა საფრთხეს შეუქმნის ბრალდებულის დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებასა და მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო სხდომებში დისტანციურად მონაწილეობის ვალდებულება არ უნდა გავრცელდეს: 

(ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეებზე, რადგან ბრალდებულის და, ზოგადად, დაცვის მხარის სასამართლო დარბაზში უშუალო მონაწილეობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ნაფიცი მსაჯულების მიერ სამართლიანი ვერდიქტის გამოტანისას;

(ბ) მხარეთა თანხმობის არარსებობისას, საქმეთა განხილვის არსებით სხდომაზე ისეთი საპროცესო მოქმედებების დროს, როგორიცაა - მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა, დასკვნითი სიტყვა და სხვ.; 

ამასთან, დისტანციური სამართალწარმოების პროცესში სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადვოკატსა და კლიენტს შორის შეუფერხებელი  და კონფიდენციალური კომუნიკაცია და პროფესიული საიდუმლოების გარანტირებულად დაცვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი