1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტი ეხმიანება ამ დღეს და ხაზს უსვამს თითოეული დასაქმებულის შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველსაყოფის მნიშვნელობას და აუცილებლობას.
მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე, მშრომელები საქართველოში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან. ასეთ დროს კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლიანი საკანონმდებლო გარანტიებისა და მათი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების არსებობა ჯანსაღი შრომითი გარემოს შესაქმნელად. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ბიზნესს სტაბილურ გარემოში განახორციელოს საქმიანობა, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებლობას აძლევს დასაქმებულს იმუშაოს ღირსეულ პირობებში.
ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ღირსეული შრომა, მათ შორის, მოიაზრებს სამართლიანი მინიმალური ანაზღაურებისა და უმუშევრობის გონივრული შემწეობის არსებობას. აღნიშნული საკითხების დერეგულაცია განსაკუთრებით მძიმე მდგომაროებაში ამყოფებს ქვეყანაში დასაქმებულ და დროებით უმუშევარ ადამიანებს.
ამასთანავე, შრომის სამართლის კომიტეტი ამახვილებს ყურადღებას შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის საჭიროებაზეც. ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ე.წ. დეკრეტული შვებულებით სრულყოფილად სარგებლობა კერძო სექტორში, სადაც საშვებულებო ანაზღაურება კანონმდებლობით 1000 ლარს არ აღემატება. ასევე, არანაკლებ პრობლემურია სახელფასო სხვაობა ქალ და კაც დასაქმებულებს შორის. მართალია, კანონი პრინციპულად კრძალავს თანაბარი შრომისთვის არათანაბარ ანაზღაურებას, თუმცა, დღემდე არ არსებობს მეთოდოლიგია, რითაც შეფასდება თანაბარი ღირებულების შრომა.
მივესალმებით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ახალ რეგულაციებს, თუმცა აღვნიშნავთ, რომ როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე, შრომის უფლებების აღსრულების მიზნით აუცილებელია სტანდარტების დაცვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლი, რაც ჯერ კიდევ პრობლემად რჩება რესურსების სიმწირისა და ცნობიერების ნაკლებობის გამო.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ზემოაღნიშნული საკითხების განსახილველად და დასანერგად საიმისოდ, რომ თითოეული ადამიანი საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს შრომის ღირსეული პირობებითა და სოციალური დაცვის აუცილებელი გარანტიებით.