საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.
“მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ჩემი არჩევა ქართული ადვოკატურის განვითარების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას წარმოადგენს. აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ იურიდიული პროფესია ევროპის მასშტაბით კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაიზარდოს გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა იურიდიული პროფესიის ევროპულ ოჯახში მათი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით“ - განაცხადა დავით ასათიანმა.
ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს. ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის, ადვოკატთა ასოციაციაციების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.