საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფით, წლების განმავლობაში მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ევროპული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მისწრაფებაა. შესაბამისად, სახელმწიფოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად.
ქართული ადვოკატურის გაძლიერების გზაზე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და ევროპულ პროფესიულ გაერთიანებებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს ადვოკატთა პროფესიის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის და ამ მხრივ გაფართოების კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, რისი ნათელი დადასტურებაცაა ქართველი ადვოკატის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევა. ამასთან, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭომ (CCBE), რომელიც 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებსა და მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს, ახლახან, კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ქართული ადვოკატურის მიმართ და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ადვოკატთა ასოციაციისათვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებაზე.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ საპროტესტო აქციების დროს დაშავდა არაერთი ადამიანი, დაკავებულ იქნა ასობით დემონსტრანტი, მათ შორის ადვოკატები, რომლებიც დაკავების მომენტში მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოქმედებდნენ. მიგვაჩნია, რომ იმ პირთა მასობრივი დაკავების პრაქტიკა, რომელთაც სამართალდარღვევა უშუალოდ არ ჩაუდენიათ, კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმის სახეს იძენს, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების ინტერესებთან. მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს პირის მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე პასუხისგებას.
სამწუხაროდ, ვიხილეთ ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები, თუმცა მიუხედავად სახალხო დამცველის შეფასებისა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სამართალდამცავთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების თაობაზე საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. კონსტიტუციით დადგენილია, რომ შეკრების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან გასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტებით, რაც გულისხმობს თავსებადობას თანაზომიერების პრინციპთან. ამასთან, გამოყენებული ღონისძიებები უნდა იყოს ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული.
ადვოკატთა ასოციაციისათვის ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა ადვოკატებმა ვერ შეძლეს თავიანთ დასაცავ პირებთან დროული შეხვედრა. ასევე, უმრავლეს შემთხვევაში უცნობი იყო დაკავებულთა ადგილსამყოფელი. გარდა ამისა, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც კლიენტის მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებების დროს ადვოკატის მონაწილეობა არ იყო უზრუნველყოფილი.
საქართველოს კონსტიტუციით დაცვის უფლება გარანტირებულია. ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის მიხედვით, „ადვოკატს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროსა და კონტროლის გარეშე ... პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს…’’. იგივე პრინციპებს განამტკიცებს იურიდიული პროფესიის მარეგულირებელი საერთაშორისო მექანიზმები. კერძოდ, „ადვოკატის როლის შესახებ“ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, ,,სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ... ნებისმიერ დაკავებულ პირს ჰქონდეს ადვოკატთან დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლება’’. ამასთან, ,,ყველა დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირი უზრუნველყოფილ უნდა იქნას სათანადო შესაძლებლობით, დროით და პირობებით თავის ადვოკატთან შეხვედრის, მასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციისათვის, დაყოვნებისა და ცენზურის გარეშე, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა პატივი სცენ ადვოკატის პროფესიას და მისცენ მათ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანთა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებათა რეალიზაციის დროს იმოქმედონ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და ამასთან, უზრუნველყონ ადვოკატების საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება;
- მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ობიექტურად და დროულად გამოიძიოს ძალის გადამეტების თითოეული ფაქტი, გამოავლინოს კონკრეტულ პირთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ამის თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება;
- მივმართავთ მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს, სამართალწარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელონ მაღალი სამოსამართლო და პროფესიული სტანდარტებით, რათა საფრთხე არ შეექმნას სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს pro bono პროექტს, რომლის მიზანია ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებზე, გამოცდილი ადვოკატების მიერ, უსასყიდლოდ სამართლებრივი დახმარების გაწევა. ამ პროექტის ფარგლებში, არაერთ კოლეგასა თუ სხვა დაკავებულ პირს ქვეყნის მასშტაბით უკვე გაეწია კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება.
ასოციაცია კვლავაც უზრუნველყოფს კოლეგებისა და მოქალაქეების ხარისხიან სამართლებრივ დაცვას.