ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

19 თებერვალი 2019

19 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეულ მოსამართლე წევრთა მიერ განხორციელებული თავდასხმებს სპეციალური განცხადებით უპასუხა.

განცხადება:

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად მიიღო, რასაც წინ უძღოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების პროცესის ძალზედ დაჩქარებული და არაგამჭვირვალე წესით წარმართვა. ადვოკატურას, როგორც მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ინსტიტუტს, აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე და სანდო ინსტიტუტი, რადგან ნდობაშელახული სასამართლო სისტემა აკნინებს ადვოკატის როლს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. სწორედ ამიტომ, აღმასრულებელი საბჭოს წევრთა ერთობლივი მოთხოვნით საკითხი განსახილველად წარედგინა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელსაც ესწრებოდა 400-ზე მეტი ადვოკატი. ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო კრებაზე გამართული აქტიური განხილვის შედეგად თითქმის ერთხმად (1 წინააღმდეგი, 1 თავის შეკავება) მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ეთიკური სტანდარტების დაცვითა და კონსტრუქციული ფორმით აღწერს სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილ ვითარებას და მიმართავს საქართველოს პარლამენტს კრიზისის დაძლევის კონკრეტული ინიციატივებით.

უაღრესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ მოსამართლე წევრთა მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები - ძალზედ აგრესიული და არაეთიკური გამონათქვამებით თავდასხმა როგორც ასოციაციაზე, ასევე მის თავმჯდომარეზე. მხოლოდ რამდენიმე ასეთი გამონათქვამის ციტირებაც ცხადყოფს შემნილი სურათის სიმძიმეს.

მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ წევრთა საჯარო განცხადებები მოიცავს შემდეგ არაკორექტულ გამონათქვამებს:

„...კრიზისი თქვენკენ მოიკითხეთ, მთელი ასოციაცია ნაღმზე რომ დგას, დღეს თუ ხვალ იფეთქებს და დაიშლება“;

„...დარწუნებული ხართ თქვენ და ასათიანი, რომ 5000 ადვოკატს სრულად აკონტროლებთ?J“;

„...მით უარესი თქვენთვის, თუ მაგ „რეზოლუციის“ შექმნაში თქვენ და სხვა ადვოკატებსაც გაქვთ მონაწილეობა მიღებული“.

ასევე, საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრი აპელირებს არჩევნებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეზე და ახსენებს ასოციაციის თავმჯდომარეს სასამართლოს მიერ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. მსგავსი განცხადებები მაღალი სამოსამართლო თანამდებობის მქონე პირის მხრიდან სრულიად გაუმართლებელია და ბუნებრივად აჩენს საფუძვლიან ეჭვს ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო საქმის ობიექტურად განხილვასთან დაკავშირებით.

ამასთან, აშკარად არაეთიკური, გაუმართლებელი და არაკოლეგიალურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრის მიერ ისეთი გამონათქვამებით საუბარი, როგორიცაა: „ფარისეველი“, „სამარცხვინო მედროვე“, „უსინდისო“, „პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი“ და სხვა.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მმართველ რგოლში შექმნილია კრიზისი, რაც ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ მოსამართლე წევრთა მხრიდან არაეთიკურ და აგრესიულ საჯარო განცხადებებში. უფრო მეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოთაღნიშნული წევრები დაუფარავად ავლენენ ბრაზს და აგრესიას ადვოკატთა კორპუსის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების მიუკერძოებელ და ხარისხიან განხორციელებას.

მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდოს თავის წევრებს თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ასოციაციის წევრებისა და თავმჯდომარის მიმართ, რადგან მსგავსი ქმედებები ლახავს და აზიანებს მთლიანად სასამართლო სისტემის რეპუტაციასა და მართლმსაჯულების სანდოობის ინტერესებს."

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი