თბილისის ღია უნივერსიტეტში მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU COLE) ერთობლივი მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა.
პროგრამა მიზნად ისახავს ადვოკატთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულების - სამედიაციო საქმიანობისათვის, იურისტისთვის მედიაციის პროცესში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას სამედიაციო პრაქტიკაში მონაწილეობისათვის. პროგრამა ასევე ემსახურება მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების, მედიაციის ფორმების, მედიატორისა და, უმთავრესად, წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების, მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა, არსებითად იურისტ-წარმომადგენლის, ეთიკური ვალდებულებების გაცნობას, მედიაციისათვის კლიენტის მომზადების მიზნით კონსულტირების წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მედიაციის პროცესის ძირითადი ფაზების, მის ცალკეულ სტადიაზე პროცედურული მექანიზმების გამოყენების სტრატეგიის შესწავლას.
პროგრამის ფარგლებში 7-დღიან ტრენინგ კურსს წარმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სასამართლო მედიატორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, სამართლის დოქტორი - ირაკლი ყანდაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (აშშ, ჰიუსტონი, ტეხასი) სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნათია ჩიტაშვილი.