ადვოკატთა ასოციაციის განცხადება სასამართლოს მიერ სავალდებულო დაცვის დანიშვნის არასწორი პრაქტიკაზე

25 ივნისი 2025

ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი პროცესის განხორციელებისას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნული პრინციპები საქართველოს უზენაესი კანონითაა გარანტირებული, ასევე, წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.

2025 წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დროს, სასამართლომ დაუშვა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს სავალდებულო წესით დაენიშნათ საზოგადოებრივი ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ჰყავდათ წინასწარ შერჩეული და ნდობით აღჭურვილი კერძო ადვოკატები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც უხეშად ერევა მხარეთა ავტონომიაში, ამცირებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სანდოობას და საფრთხეს უქმნის სამართლიანი პროცესის განხორციელებას.

ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, მათ შორის — მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით; სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს და ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ადვოკატი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი აწესებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე და ეს აფერხებს საქმის განხილვას, შესაძლებელია სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, სავალდებულო წესით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბრალდებულის უფლება, თავად აირჩიოს ადვოკატი, არ იზღუდება და არჩეული ადვოკატის გამოცხადებისთანავე სავალდებულოდ დანიშნული ადვოკატი საქმეს უნდა ჩამოშორდეს.

ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება მკაცრად არის დაცული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითაც: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, „დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით“; გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ ადგენს, რომ ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. Salduz vs. Turkey, Artico vs. Italy, Croissant vs. Germany) ხაზს უსვამს, რომ დაცვის უფლება მოიცავს ბრალდებულისა და ადვოკატს შორის ურთიერთობის ნდობასა და კონფიდენციალურობაზე დაფუძნებულ გარემოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს ამ ურთიერთობაში, გარდა მკაცრად განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულისა და ადვოკატის შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობა წარმოადგენს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ დადგენილ სამართლებრივ ნორმებს და არ უნდა ზღუდავდეს მხარის არჩევანს, რაც დაცვის ეფექტიანობის პირდაპირი გარანტიაა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა, არ დანერგონ არასწორი სასამართლო პრაქტიკა ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას, რათა სრულად იქნას გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები და პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი