ადვოკატთა ასოციაციისათვის ცნობილი გახდა, რომ მ/წლის 16 აპრილს, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ადვოკატებმა ვერ შეძლეს ზოგიერთ დასაცავ პირთან შეხვედრა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ასევე, უცნობი იყო დაკავებულთა ადგილსამყოფელი.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია დაცვის უფლება, ხოლო ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის მიხედვით, „ადვოკატს უფლება აქვს დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე... პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს…’’
იგივე პრინციპებს განამტკიცებს იურიდიული პროფესიის მარეგულირებელი საერთაშორისო მექანიზმებიც. კერძოდ, ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, ,,სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ... დაკავებულ ნებისმიერ პირს ჰქონდეს ადვოკატთან დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლება’’. ამასთან, ,,ყველა დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირი უზრუნველყოფილ უნდა იქნას სათანადო შესაძლებლობით, დროით და პირობებით თავის ადვოკატთან შეხვედრის, მასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციისათვის, დაყოვნების, შეჩერებისა და ცენზურის გარეშე, სრული კონფიდენციალურობის დაცვით.
დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა პატივი სცენ ადვოკატთა პროფესიული საქმიანობას და ხელი შეუწყონ მათ შეუფერხებელ წვდომას კლიენტებთან.
ადვოკატთა საყურადღებოდ:
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადვოკატი ვერ ახერხებს მისი დასაცავი პირის მოძიებას ან თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში მათთან შეხვედრას, დახმარებისათვის შეგიძლიათ მომართოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცხელ ხაზს: 511457558; 511457559