ვეხმიანებით 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებია, რომელთა დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრების შეწყვეტა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ასეთი შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაშიც, ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტებით, რაც გულისხმობს თავსებადობას თანაზომიერების პრინციპთან. გამოყენებული ღონისძიებები უნდა იყოს ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლებების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია დაცვის უფლება, ხოლო ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის მიხედვით, „ადვოკატს უფლება აქვს დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე... პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს…’’
ადვოკატთა ასოციაციამ, დაკავებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვისა და ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით აამუშავა ცხელი ხაზი. ასოციაციის აპარატი და კვალიფიციური ადვოკატების გუნდი უსასყიდლოდ, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ, რათა არც ერთი დაკავებული პირი არ დარჩეს დაცვის უფლებების გარეშე.
დახმარებისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის Facebook გვერდზე ან მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 511457558; 511457559.