ციფრული უფლებადამცველი: ადვოკატი ახალი გამოწვევების წინაშე

19 ივლისი 2024

ავტორი: ანრი ნიშნიანიძე 
საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, 
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი


                                             

                                                შესავალი 

ოცდამეერთე საუკუნე სამართლიანად ითვლება ტექნოლოგიური რევოლუციის სიმბოლოდ, ვინაიდან, სწორედ მიმდინარე საუკუნეში, პროგრესის შედეგად, კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი გახდა მრავალი ისეთი შესაძლებლობა, რაც მანამ ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო. შეიქმნა ბევრი ისეთი მოწყობილობა და განვითარდა მრავალი ისეთი სფერო, რომლებმაც ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება გაამარტივეს. დღეს, სხვა ადამიანთან კომუნიკაცია არ წარმოადგენს სირთულეს - მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან ისინი. შესაძლებელია დისტანციურად განათლების მიღება, ფინანსების მართვა და ა.შ. პროგრესის შედეგების სრული მოცულობით ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან, მრავალი ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი ხდება ყოველდღიურად. 

სამართლის სფერო, არის ერთ-ერთი სივრცე, რომელსაც ტექნოლოგიური რევოლუცია წარმატებულად შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის სფეროში გამეფებული არის საკითხებისადმი და დეტალებისადმი ტრადიციული მიდგომები, დროის გასვლასთან და პროგრესის გაღრმავებასთან ერთად, იურისტები იაზრებენ რომ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგების გამოუყენებლობა არის ჯიუტობა და არა ტრადიციების შენარჩუნების ნიშანი. 

სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა, წინა საუკუნის მიწურულს დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომა, როდესაც მათ უგულებელყვეს ციფრული სამყაროს განვითარების სავარაუდო და პოტენციური შედეგები. მათ ჩათვალეს, რომ ციფრული სამყარო ვერასდროს განვითარდებოდა იმ დონეზე, რომ მის ირგვლივ სამართლებრივი რეგულირების არ არსებობას, რაიმე სახის პრობლემები შეექმნა. იურისტებისგან განსხვავებით, ციფრული სამყაროს განვითარების პოტენციური შედეგები, მართებულად გააანალიზეს და შეაფასეს იმ პირებმა, რომელთა მიზანიც იყო და არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებების განხორციელება. დღეს მათ იცნობენ, როგორც კიბერდამნაშავეებს. 

კიბერუსაფრთხოების სფეროში დასაქმებული ექსპერტები და იურისტები, ხსენებული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების ირგვლივ საუბრისას, გამოყოფენ ორ მნიშვნელოვან დეტალს: ციფრული სამყაროს განვითარების საწყის ეტაპზე არ მოხდა პროგრესის მნიშვნელობის სრული მოცულობით გააზრება და არ მომხდარა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების დროულად  მიღება. 

ციფრული სამყაროს განვითარებას მოჰყვება მორიგი ახალი ტერმინის და საქმიანობის დაბადება - ციფრული უფლებადამცველი, ციფრული ადვოკატი. ციფრული ადვოკატი იქნება არამარტო ის, ვინც სამართლის ციფრული საკითხების ირგვლივ იმუშავებს, არამედ ის, ვინც საკუთარ საადვოკატო საქმიანობას განახორციელებს ციფრული სამყაროს შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებით. 

***

დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციები იცნობენ და იცავენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ადამიანის ერთ-ერთი მსგავსი უფლება არის - ჰყავდეს ადვოკატი, რომელიც მის კანონიერ ინტერესებს დაიცავს. 

ადვოკატები ყოველდღიურად იყენებენ ციფრულ მოწყობილობებს, საადვოკატი საქმიანობის განხორციელების პროცესში. ხსენებული მოწყობილობების გამოყენებით, მათ უწევთ ციფრულ სამყაროსთან შეხება, როგორც პირადი, ასევე სამსახურეობრივი მიზნებით.  საადვოკატო საქმიანობისას, სამსახურეობრივი მიზნებით ციფრული მოწყობილობის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია: მსოფლიოში გავრცელებული პანდემიური მდგომარეობის გამო, რაც დაკავშირებული იყო კორონავირუსული დააავადების გავრცელებასთან, ადამიანებს აეკრძალათ პირადი კონტაქტი. ხსენებული აკრძალვა ასევე შეეხო სასამართლო სხდომების ჩატარებასაც. სწორედ იმ პერიოდში, მრავალი ქვეყნის იურიდიულ ცხოვრებაში გამოჩნდა სიახლე - დისტანციური სასამართლო სხდომები. პანდემია დასრულდა, მაგრამ, დაინახეს რა დისტანციური სასამართლო სხდომების ეფექტურობა, მსგავსი სხდომები დღეის მდგომარეობითაც ტარდება. 

დისტანციური სასამართლო სხდომები არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, თუ როგორ გადაინაცვლა სასამართლო სხდომამ რეალური სამყაროდან ციფრულ სამყაროში და მოხდა ახალი ტიპის ციფრული უფლებადამცველის დაბადება - ციფრული ადვოკატის გენეზისი. აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ მნიშნელოვან დეტალს, რომ ციფრული ადვოკატი არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სახის პროგრამულმა უზრუნველყოფამ თუ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებმა და სისტემებმა ჩაანაცვლოს ადვოკატის პროფესია. ადვოკატის პროფესიის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიაში სადაც საჭიროა კრიტიკული აზროვნება და ჩარჩოებს მიღმა მსჯელობა, დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჩანაცვლება შეუძლებელია.

***

საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობისას არის - კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობით მკაცრად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში შეუძლია ადვოკატს, კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება, კერძოდ: 

• იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატს აქვს კლიენტის თანხმობა;

• იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს;

• იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას. 

კანონმდებლის მხრიდან, მსგავსი მკაცრი მიდგომა სრულიად ლოგიკურია, რადგან, საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატისთვის ცნობილი ხდება კონფიდენციალური სახის სხვადასხვა ინფორმაციები, რომელთა გასაჯაროებამაც კლიენტისთვის შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს. შესაბამისად, თუკი კლიენტს არ ექნება იმედი და  ის არ იქნება საკანონმდებლო რეგულაციებით დაცული, რომ მისი ადვოკატი არ გაავრცელებს კონფიდენციალურ ინფორმაციას, აბსოლუტურად დაირღვევა საადვოკატო საქმიანობის არსი. 

ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მრავალი შესაძლებლობა, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს, მაგრამ, ამასთანავე, ხსენებულმა შესაძლებლობებმა, დღის წერიგში დააყენეს რიგი გამოწვევები, რომელთა ეფექტური მოგვარება მნიშვნელოვანი არის, რათა ციფრულ სამყაროში საადვოკატო საქმიანობის განხორციელება იყოს უსაფრთხო. 

***

დასაწყისში აღინიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგებს მრავალი ადამიანი იყენებს - მათ შორის ადვოკატები. ადვოკატები იყენებენ სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობებს, რათა მათ ეფექტურად შეძლონ კლიენტების ინტერესების დაცვა. ლოგიკურია, რომ მსგავსმა შესაძლებლობებმა წარმოაჩინა მრავალი პრობლემა, ხარვეზი და გამოწვევა, რომელთა დროული გადაჭრაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ადვოკატებისთვის, ასევე კლიენტებისთვის. 

1.ციფრული მოწყობილობები. თანამედროვეობაში, დედამიწის სრული მოსახლეობის უმრავლესობა  იყენებს ციფრულ მოწყობილობებს სხვადასხვა დანიშნულებით - იქნება ის პირადი თუ სამსახურეობრივი მიზნებისთვის. სამართლიანია ითქვას, რომ ადვოკატებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ციფრული მოწყობილობების გამოყენება მათ საქმიანობაში, კერძოდ:  

• ციფრული მოწყობილობების გამოყენებით ადვოკატს აქვს შესაძლებლობა კლიენტთან ჰქონდეს კავშირი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. კლიენტთან კავშირი, საადვოკატო პროფესიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რათა კლიენტის უფლებების დაცვა გარანტირებული იყოს და მათი დაცვა მოხდეს ეფექტურად და სწრაფად. 

• საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, ხშირ შემთხვევაში ადვოკატს უწევს ასეულობით და ათასეულობით გვერდის დამუშავება, რათა საქმეს იცნობდეს სრულყოფილად და იცოდეს ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთა გამოყენებითაც ის კლიენტების ინტერესებს დაცვას შეძლებს. ამისათვის, თანამედროვეობაში ადვოკატები ამჯობინებენ მასალები განათავსონ ციფრულ მოწყობილობებზე. რაც ლოგიკურია - ციფრულ მოწყობილობაზე განთავსებულ მასალებში კონკრეტული წინადადების მოძებნას რამოდენიმე წამი სჭირდება, მატერიალურ მდგომარეობაში, ფურცლებზე ძიებისას კი, შეიძლება საათებიც კი დასჭირდეს. ამასთანავე, ადვოკატს შეუძლია წვდომა ჰქონდეს საქმის მასალებთან მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფება ის - მთავარია სიახლოვეში ჰქონდეს მისი სამუშაო ციფრული მოწყობილობა. 

• დისტანციური სასამართლო სხდომების ჩატარება არის ის ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეიტანა ყოველდღიურ იურიდიულ ცხოვრებაში. დისტანციურმა პროცესებმა სასამართლო სხდომების გადადების აუცილებლობა, თუნდაც, ის გამოწვეული იყოს ობიექტური მიზეზების გამო - მინიმუმადე დაიყვანა. მაგ. კონკრეტული ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა ე.წ. „სეზონური ვირუსის“ გამო, რის გამოც, ის ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რათა მან არ მოახდინოს სხვა ადამიანების ინფიცირება. თუმცა, კონკრეტულ ადვოკატს გონებრივად მუშაობა შეუძლია თავისუფლად, და მას ე.წ. „სეზონური ვირუსი“ ხელს არ უშლის საადვოკატო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. მსგავს სიტუაციაში, დისტანციური სასამართლო სხდომის ჩატარების პირობებში, აღარ იქნება საჭირო სასამართლო სხდომის გადადება და შედეგად, საქმე განიხილება ეფექტურად და სწრაფად. ასევე, დისტანციური სხდომების გამოყენება შესაძლებელია სხვა შემთხვევებშიც - თუნდაც ადვოკატი იმყოფებოდეს საზღვარგარეთ ქვეყანაში, მას შეუძლია დაიცვას მისი კლიენტის ინტერესები. მთავარია მას ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა. 

ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები არის მინიმალური ჩამონათვალისი იმისა, თუ როგორ შეუძლია ადვოკატს გამოიყენოს ციფრული მოწყობილობები. დღეის მდგომარეობით არსებობს ხელოვნური ინტელექტის ისეთი ალგორითმები და სისტემები, რომლებიც ადვოკატს გაუმარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას, იქნება ის დაკავშირებული მტკიცებულებების დახარისხებასთან, საქმის მასალების გააანალიზებასთან თუ სასამართლო სხდომის დასრულების სავარაუდო შედეგის განსაზღვრასთან, და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გზისა, რომელზეც დღეს დგას ციფრული ადვოკატი. პროგრესის ტემპის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ბევრად მეტი და ეფექტური ციფრული შესაძლებლობა იარსებებს ზოგადად იურისტებისთვის. 

ადვოკატებისთვის მსგავსი შესაძლებლობების არსებობა, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რადგან, ყოველდღიური რუტინული ქმედებების შესასრულებლად, რომელსაც არ სჭირდება გონებრივი მუშაობა, ადვოკატებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნოლოგიის შესაძლებლობები, ხოლო თავად იმუშავონ ისეთ საკითხებზე, რომელთა შესრულებაც ციფრულ მოწყობილობებს და სხვა სახის ტექნოლოგიებს არ შეუძლიათ. 

ნებისმიერი პროგრესის თანმსდევი დადებით მოვლენებთან ერთად, არის მრავალი უარყოფით მოვლენაც. ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ციფრული ადვოკატები დადგებიან, არიან ციფრული დამნაშავეები - კიბერდამნაშავეები. და აქ, მნიშვნელოვანია მოხდეს იმის გააზრება რომ სტატიის მიზნებისთვის კიბერდამნაშავედ ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც საადვოკატო საქმიანობაში ჩაერევა, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელია პირი, სხვა ადვოკატია თუ ციფრული კრიმინალური სინდიკატის წევრია. 

***

კიბერდამნაშავეებს მათი სპეციალური ცოდნისა და ციფრული მოწყობილობების გამოყენებით, შეუძლიათ სრული მოცულობით დაეუფლონ ნებისმიერი საქმის მასალებს, რომელიც განთავსებულია  ადვოკატის ციფრულ მოწყობილობაზე. მათ მსგავსი მიზნების მისაღწევად საკუთარ არსენალში მრავალი შესაძლებლობა გააჩნიათ. კიბერდამნაშავეებს შესაძლებელია მრავალი მოტივაცია ამოძრავებდეთ: ციფრული გამოსასყიდის მოთხოვნა, მასალების საჯაროდ გავრცელება, სხვა დაინტერესებულ პირზე გასხვისება თუ სხვა. 

კიბერდამნაშავეები, ხშირად იყენებენ მათ არსენალში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღს - ფარული მიყურადების შესაძლებლობას. მათ შეუძლიათ ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის ფარული მიყურადება. ხსენებულის ყველაზე გავრცელებული მაგალითი არის - სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება. მაგრამ, აქვე უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება, რომ თუნდაც, ადვოკატი და კლიენტი შეხვდნენ ერთმანეთს პირადად, მათი საუბრის მიყურადება მაინც არის შესაძლებელი თუკი რომელიმე მათგანის ციფრული მოწყობილობა, კიბერდამნაშავის მიერ არის დაინფიცირებული ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფით. ხშირად, ამ უკანასკნელ შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა - რამდენ ადვოკატს შეუძლია თქვას გადაჭრით, რომ მის საკუთრებაში არსებული ციფრული მოწყობილობა, ყოველთვის მასთან არის და არასდროს ტოვებს ისეთ ადგილზე, სადაც ციფრული მოწყობილობა ყურადღების მიღმა რჩება? იგივეს თქმა შეიძლება კლიენტზეც. ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფით ციფრული მოწყობილობის ინფიცირებას კი - ძალიან მცირე დრო სჭირდება. 

დისტანციური სასამართლო სხდომების უმრავლესობა არის საჯარო და მათი შინაარსის გავრცელება არ არის სამართლებრივი პრობლემა არც ადვოკატისთვის და არც კლიენტისთვის. მაგრამ, არსებობს ისეთი სასამართლო სხდომები, რომელთა დახურვაც ხდება ობიექტური მიზეზების-და გამო. კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ, ვირუსული პროგრამული ზრუნველყოფის გამოყენებით გაეცნონ მსგავსი სასამართლო სხდომების წარმოების დეტალებს და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად.

ადვოკატს აეკრძალოს ციფრული მოწყობილობების გამოყენება ხსენებული გამოწვევების გამო - არ იქნება სამართლიანი, რადგან, თანამედროვეობაში ადვოკატი საკუთარ საადვოკატო საქმიანობას ციფრული მოწყობილობების გამოყენების გარეშე, უბრალოდ ვერ შეასრულებს. ადვოკატის მხრიდან საჭიროა და სავალდებულოა უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვა, თუნდაც, ის რომ მან პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს ის ციფრული მოწყობილობა, რომელსაც ის იყენებს სამსახურეობრივი მიზნებისთვის. ასევე, საჭიროა საკანონმდებლობა რეგულაციების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ სამყაროში ადვოკატისა და კლიენტის დაცვას. 

2. საადვოკატო საქმიანობა სოციალური მედიის პლატფორმაზე. დღეის მდგომარეობით, მრავალი ადვოკატი იყენებს სოციალური მედიის პლატფორმების შესაძლებლობებს სამსახურეობრივი მიზნებისთვის. ე.წ. რეზონანსული საქმეების ირგვლივ, ადამიანი მარტივად მოიძიებს ადვოკატების ნასაუბრებს სხვადასხვა პლატფორმებზე იქნება ის ტიკ-ტოკი, ფეისბუქი, ინსტაგრამი თუ სხვა ნებისმიერი  სოციალური მედიის პლატფორმა. რაღა თქმა უნდა, მსგავსი შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ადვოკატს ეძლევა საშუალება კლიენტის ინტერესები დაიცვას არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში თუ სახელმწიფოს სხვა უწყებებთან მიმართებაში, არამედ, საზოგადოების ფართო ნაწილს შეატყობინოს საქმის დეტალები. 


ხსენებულ შესაძლებლობას მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც კაცობრიობა დადგა, კერძოდ, ტექნოლოგიების იმ სფეროს განვითარების გამო, რომლითაც შესაძლებელია სიცრუის შემცველი აუდიო/ვიდეო ჩანაწერებისა და სურათების გენერირება.  დღეის მდგომარეობით, უკვე არსებობს მრავალი ალგორითმი და სისტემა, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეოს გენერირება. მსგავსი ვიდეოს გენერირება შეუძლია, უბრალო მომხმარებელსაც კი, პროფესიონალს კი შეუძლია იმდენად რეალური ვიდეოს გენერირება მოახდინოს, რომ საექსპერტო კვლევის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნება სიყალბის შემჩნევა. 

კიბერდამნაშავეებმა, რომელთა მიზანიც არის კონკრეტული პირის სახელის შებღალვა, შეუძლიათ მოახდინონ ისეთი ვიდეოს გენერირება, სადაც ადვოკატი საუბრობს, რომ მისი კლიენტი არის დამნაშავე და უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. მსგავსი შინაარსის ვიდეოს გენერირებისთვის საჭირო არის შესაბამისი დანიშნულების ალგორითმი, რომლის ბაზაშიც მოთავსდება ადვოკატის სურათები, მისი აუდიო ჩანაწერები და ვიდეოები. ვიდეოს გენერირებას კი დიდი დრო არ სჭირდება. 

მარტივი მისახვედრია, რომ როდესაც სოციალური მედიის პლატფორმების მომხმარებლები მსგავს ვიდეოს გაეცნობიან, ისინი აღარ დაელოდებიან სხვა ვიდეოს, სადაც ადვოკატი და ექსპერტი ისაუბრებენ, რომ ხსენებული ვიდეო არის ყალბი და არ შეესაბამება რეალობას. მომხმარებლები უბრალოდ გააკეთებენ წინასწარ დასკვნებს. მსგავსი ფალსიფიცირებული ვიდეოს გამოყენებით - მოხდება არა მხოლოდ კლიენტის სახელის შებღალვა, არამედ მას მოჰყვება ადვოკატისთვის რეპუტაციული ზიანი, რომლის გამოსწორებაც დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. 

უახლესი გამოწვევის ირგვლივ ბრძოლა განსაკუთრებულად რთულია, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით გარკვეულ სტანდარტად იქცა, საქმის წარმოების გაფართოება სასამართლო სხდომის დარბაზის მიღმა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, რითაც შესაძლებელია ციფრულმა ადვოკატმა გამოწვევას უპასუხოს, არის მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელება მოახდინოს, მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული, ავტორიზირებული სოციალური მედიის პატფორმის ანგარიშიდან. მომხმარებელი, როდესაც დაინახავს რომ ვიდეო გავრცელდა არაავტორიზირებული ანგარიშიდან - მას არ მიაქცევს ყურადღებას. რა თქმა უნდა, ეს საშუალება მინიმალური ნაბიჯია გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, მაგრამ, ბრძოლის დაწყება საჭიროა. 

3. სოციალური მედიის პლატფორმა პირადი მიზნებისთვის. ადვოკატი, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენელი, პირველ რიგში არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია პირადი ცხოვრება და სჭირდება პირადი სივრცე. ადვოკატები, სხვათა მსგავსად იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს - სხვა ადამიანებთან პირადი თუ სხვა სახის ურთიერთობებისთვის, საკუთარი მოსაზრებების განსათავსებლად, საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად და ა.შ. 

კიბერდამნაშავეებისთვის, განსაკუთრებით სასურველი არის, ისეთი სოციალური მედიის პლატფორმის ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოპოვება, რომელიც ადვოკატებს ეკუთვნით. ხსენებულის მიზეზი ლოგიკურია - მათთვის მათი დანაშაულებრივი მიზნების მიღწევა მარტივდება ადვოკატის რეპუტაციისა და ავტორიტეტის გამოყენებით. მაგ. კიბერდამნაშავე დაეუფლა კონკრეტული ადვოკატის სოციალური მედიის პლატფორმის ანგარიშს. მანამ, სანამ გაირკვევა, რომ ადვოკატმა დაკარგა წვდომა მის საკუთრებაში არსებულ სოციალური მედიის პლატფორმის ანგარიშზე, კიბერდამნაშავეს არსებული დროის მონაკვეთის გამოყენება შეუძლია სხვადასხვა ქმედებების განსახორციელებლად - მას შეუძლია თანხა მიიღოს მოტყუებით (მაგ. ისესხოს ადვოკატის სახელით), ვირისულ ვებ-საიტებზე გადაიყვანოს ადამიანები (სადაც, მათი ციფრული მოწყობილობები დაინფიცირდება), მოიპოვონ ადამიანების პირადი მონაცემები და ა.შ. ხსენებულ ქმედებებს არ სჭირდება დიდი დრო. ყველაფრის შესრულებას კი ამარტივებს ადვოკატისადმი არსებული ნდობა. 

ადვოკატებს, სოციალური მედიის პლატფორმების ანგარიშების გამოყენება ვერ აეკრძალებათ. ხსენებული წარმოუდგენელი მოთხოვნაა, როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად. მაგრამ, ადვოკატებმა უნდა გაითვალისწინონ და უნდა ახსოვდეთ მათი სოციალური როლი და მათი პროფესიის მნიშვნელობა და შესაბამისად ყოველთვის იყვნენ ფრთხილად მათი აქტივობების ირგვლივ, რათა, კიბერდამნაშავეები არ დაეუფლონ მათ სოციალური მედიის პლატფორმის ანგარიშებს. 

ის პოზიცია, რომ კიბერდამნაშავემ „გატეხა“ მათი ანგარიში, არის არა სერიოზული და საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანების თვალში, ადვოკატის მსგავსი სიტყვები აკნინებს ზოგადად ადვოკატის პროფესიას. ის, რომ ანგარიში „გატყდეს“ კიბერდამნაშავემ უნდა მოახდინოს, ზოგადად სოციალური მედიის პლატფორმის სისტემაში შეღწევა, სადაც მას ექნება წვდომა - ნებისმიერი ადამიანის ანგარიშზე.

დღევანდელობაში, ის რომ საკუთარ სოციალური მედიის პლატფორმის ანგარიშებზე ადამიანები კარგავენ წვდომას, ბევრად მარტივია - ისინი უმრავლეს შემთხვევაში ხდებიან სოციალური ინჟინერიის და საკუთარი უყურადღებობის მსხვერპლნი. მაგ. ის, რომ ვიღაც სრულიად უცხო ადამიანი მისწერს მათ, ორი დღის შექმნილი ანგარიშიდან და განაცხადებს რომ ფულის გამომუშავებაში დაეხმარება...და ადვოკატი ამ ყველაფერს დაიჯერებს - დროის საკითხია, თუ როდის მიაღწევს კიბერდამნაშავე საკუთარ მიზანს და დაეუფლება ადვოკატის სოციალური მედიის პლატფორმის ანგარიშს. ზოგი შემთხვევა კი, კიბერდამნაშავისთვის ბევრად ამარტივებს მის დანაშაულებრივ საქმიანობას, როდესაც, ადვოკატი საკუთარი სოციალური მედიის ანგარიშისთვის იყენებს ისეთ ლოგინს და პაროლს, რომელთა გამოცნობაც ძალიან მარტივია (მაგ. ლოგინი: მათი სამუშაო მობილური ნომერი, პაროლი: ადვოკატი2024 ან ყველაზემაგარიადვოკატი1)

                                                                          დასკვნა 

თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი არ აპირებს შეჩერებას და მისი მზარდი ტემპის გათვალისწინებით მარტივი მისახვედრი არის, რომ უახლოეს მომავალში ბევრად მეტი ისეთი შესაძლებლობა იქნება ხელმისაწვდომი, რაც მრავალი ადვოკატის ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს და ადვოკატის ტრანსოფირმირება ციფრულ ადვოკატად უფრო და უფრო გამოკვეთილი იქნება. ტექნოლოგიების გამოყენება, ადვოკატებს მრავალ საკითხში დაეხმარებათ, იქნება ის კლიენტებთან ურთიერთობა, საქმეების დამუშავება თუ სხვა რუტინული საადვოკატო საქმიანობის შესრულება. 

ციფრული ადვოკატი, დღევანდელ ეტაპზე არის უცნობი ტერმინი, მაგრამ, იყო პერიოდი როდესაც უცნობი იყო ტერმინი ციფრული სამყარო, ციფრული დანაშაული. ადამიანები, შეეჩვევიან ხსენებულ ტერმინს. ყოველივე არის მხოლოდ დროის საკითხი. 

დისტანციური სასამართლო სხდომები მხოლოდ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის, რაც გადაიდგა პროფესიის გაციფრულებისაკენ. პროგრესმა, მრავალი შესაძლებლობა გამოავლინა და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, რომელთა ყოველდღიურ იურიდიულ ცხოვრებაში მიღება იქნება არა სათუო, არამედ გარდაუვალი. 

მოვლენების განვითარების მსგავს პირობებში, ყველა ადვოკატს უნდა ახსოვდეს თუ რა გამოწვევების მატარებელია ტექნოლოგიური პროგრესი, რათა ისინი შემზადებულები შეხვდნენ პროგრესის თანმდევ მოვლენებს და მიუხედავად იმისა, მათ რეალურ სამყაროში მოუწევთ საადვოკატო საქმიანობის განხორციელება თუ ციფრულ სამყაროში, შესაბამისი პასუხისმგებლობით, მზაობითა და შემართებით დახვდნენ ყველა გამოწვევას. 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ყველა ადვოკატს ახსოვდეს, თუ რაოდენ ღირსეული პროფესიის წარმომადგენლები არიან ისინი და რაოდენ მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ მათ, ადამიანებს, რომლებიც არიან უკანასკნელი ზღვარი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფობასა და მათ დაცვას შორის. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი