ავტორი: თამარ ხუბულური
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსის მოადგილე
შესავალი
ეთიკურია ბავშვის წარმომადგენლობისას სასამართლოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა და კერძო ადვოკატმა, განსხვავებულად განმარტონ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერსი? რა უნდა განახორციელონ ადვოკატებმა თუ მათი ხედვა განსხვავებულია? წარმოადგენს თუ არა ფიზიკური პირისათვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურება (სასაქონლო ნიშნის განაცხადის მომზადება და საქპატენტში წარდგენა) საადვოკატო საქმიანობას? ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას როდის შეუძლია ადვოკატს განიხილოს კლიენტებთან ინფორმირებული თანხმობით მომსახურების გაგრძელება?; ეთიკურია ადვოკატისა და კლიენტის შეთანხმება სასამართლოში წარმომადგენლობის პროცესში საქმის მორიგებით დასრულებისას ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების შესრულებულად მიჩნევისა და მიღებული საადვოკატო მომსახურების საზღაურის ნაწილის კლიენტისთვის დაუბრუნებლობის შესახებ?
ადვოკატები ყოველდღიურად აწყდებიან პროფესიული ქცევის ისეთ კითხვებს, რაზეც, პასუხს, პირდაპირ, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსიდან ვერ მიიღებენ. ამ საკითხებზე შესაძლებელია არ იყოს არც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები. მსგავს სიტუაციაში, წინდახედული ადვოკატი მოიძიებს ინფორმაციას პროფესიული ეთიკის რეკომენდაციებში. თუ აღმოჩნდა, რომ მისთვის საჭირო საკითხზე, მანამდე რეკომენდაცია არ გაცემულა, შეუძლია მიმართოს ეთიკის კომისიას და რეკომენდაციის გაცემა თავად მოითხოვოს.
ეთიკის რეკომენდაციები მოქმედი ადვოკატების პროფესიული ქცევების კითხვებზე ეთიკის კომისიის მიერ გაცემული პასუხებია და ადვოკატებს ეხმარება ისეთ შემთხვევებში მოიქცნენ ეთიკურად, რაზეც პასუხს თავად ვერ პოულობენ მოქმედ პროფესიულ მოწესრიგებაში. რეკომენდაცია ადვოკატის მიერ შეკითხვაში წარდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით განმარტავს ეთიკის კოდექსის ნორმებს და შეიცავს მოსაზრებას, შეკითხვაში გადმოცემული შესაძლო ქმედება რამდენად შეესაბამება პროფესიული ეთიკის სტანდარტებს.
ეთიკის კომისიის რეკომენდაციების გაცემის დასაწყისი
იურიდიული ეთიკის ცოდნა ადვოკატის კომპეტენტურობის ნაწილია. დღეს იურიდიული ეთიკა ისწავლება უნივერსიტეტების დიდ ნაწილში, სავალდებულო კურსია ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში და ამ ცვლილებების გათვალისწინებით, ვითარდება ადვოკატის პროფესიის თვითრეგულირების საშუალებები. პროფესიული ქცევის მოწესრიგების რამდენიმე საშუალებაა: ადვოკატთა მიერ საერთო კრებაზე მიღებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი. 2005 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაარსებით შეიქმნა რეგულაციები, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს თვითრეგულირებადი პროფესია - ადვოკატი. ამ სფეროში შემოსვლის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და მეტ აქტუალურობას იძენს პროფესიული რეგულაციების დაცვის საკითხი. პროფესიული ეთიკის კოდექსი ასახავს ადვოკატთა საერთო შეხედულებებს პროფესიაზე, რაც როგორც ადვოკატებს, ასევე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ქცევის ეთიკურობაზე. ამ საერთო შეხედულებების მიხედვით წყდება ადვოკატის პასუხისმგებლობის საკითხიც თუ სადავო ხდება მისი ქცევა. შესაბამისად, ეთიკური ვალდებულებების დაცვას დამატებით უზრუნველყოფს დისციპლინური წარმოება. წარმოება, რომელიც მოიცავს ეთიკის კომისიის მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის შესწავლას და ადვოკატის ქცევის ეთიკურობის გადაწყვეტას, ადვოკატებისთვის პროფესიის თვითრეგულირების ტრადიციული ფორმაა. დისციპლინირების მიზანია არაკეთილსინდისიერი ადვოკატებისგან პროფესიის დაცვა.
ეთიკის კომისიის რეკომენდაციები დღეს უკვე პროფესიის თვითრეგულირების დამატებითი საშუალებაა. ამერიკული გამოცდილების გაზიარებით, რომელსაც ღირებული ისტორია აქვს რეკომენდაციათა გამოცემის, რაც 1922 წლიდან ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ პროფესიული ეთიკის კომიტეტის შექმნით დაინერგა, თვითრეგულირების ახალ ფორმას ეთიკის კომისიის ინიციატივით (USAID-ის პროექტის მხარდაჭერით) 2012 წლიდან პროექტის სახით და შემდეგ ადვოკატთა მხარდაჭერით, ადვოკატთა საერთო კრების მიერ 2013 წელს „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანით ჩაეყარა საფუძველი. ეთიკური დილემების გადაწყვეტაში ადვოკატების დასახმარებლად და პროფესიული ეთიკის შესახებ ცოდნის გასავრცელებლად ეთიკის კომისიამ აიღო ვალდებულება პროფესიული ეთიკის თემებზე ადვოკატების კითხვებზე ეპასუხა და გაეცა რეკომენდაციები.
ეთიკის კომისიის რეკომენდაციების გავლენა ადვოკატთა საქმიანობაზე
რეკომენდაცია პასუხობს ადვოკატის მიერ მოყვანილ კონკრეტულ ჰიპოთეტურ შემთხვევას რჩევის მიცემის მიზნით. რეკომენდაციები თავისი ბუნებით სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით: ეთიკის რეკომენდაციებს იყენებენ ის ადვოკატები სახელმძღვანელოდ, ვისაც სჭირდება დამატებითი ინფორმაცია, მოსაზრება ქცევის ეთიკურობაზე; ადვოკატებს ეხმარება კლიენტებთან თუ სხვა პირებთან პროფესიულ საკითხებზე ურთიერთობისას; ეთიკის რეკომენდაციები სტანდარტებს აყალიბებს ეთიკის პრინციპების განმარტების გზით და ადვოკატებს ეხმარება პროფესიულ საქმიანობაში ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეული ამ ფუნქციის რეალურად შესრულებისთვის, არსებითია რეკომენდაციების დასაბუთება. რეკომენდაციები კარგად უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს ეთიკის სტანდარტების განმარტებიდან. რეკომენდაციებზე მუშაობისას ეთიკის კომისია ეყრდნობა როგორც კომისიის, ასევე სასამართლოების გამოცდილებას და საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის განმარტებებს პროფესიული ეთიკის საკითხებზე. რეკომენდაციების შედეგიანობაზე დასაბუთების ხარისხთან ერთად გავლენას ახდენს ეთიკის კომისიის წევრთა მიმართ ნდობაც.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე იქმნება მნიშვნელოვანი პრაქტიკა და არაერთი პრეცედენტი, რაშიც აქტიური როლი იმ ადვოკატებს აქვთ, რომლებსაც უჩნდებათ შეკითხვები თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. ეთიკის კომისიას გაუცია რეკომენდაცია პროფესიული ქცევის ისეთ საკითხებზე, რაზეც კომისიას არ ჰქონია დისციპლინური წარმოება და კონკრეტული საკითხის განმარტებით, პროფესიულ სტანდარტზე პრეცედენტი სწორედ რეკომენდაციის სახით შეიქმნა. ასეთია, რეკლამირების სტანდარტი, რაზეც არაერთი შეკითხვით მიმართეს კომისიას ადვოკატებმა (ეთიკის კომისიის რეკომენდაციები: №016/14, №004/14, №016/13, №014/13, №012/13). ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის სტანდარტის დაცულობაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად გამოვლინდა ადვოკატებისთვის, რაც რეკომენდაციის მისაღებად კომისიისადმი მიმართვიანობის სტატისტიკით დგინდება. ადვოკატების მიერ დასმულია ისეთი საკითხები ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე, რაზეც სტანდარტიდან განსხვავებული წესი სწორედ რეკომენდაციებით დადგინდა. ასეთია ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის სტანდარტის ფარგლებში ინფორმირებული თანხმობით მომსახურების დასაშვებობის წინაპირობების განსაზღვრა (ეთიკის კომისიის რეკომენდაციები: №003/20, №016/18). ადვოკატებისთვის მნიშვნელოვანია ჰონორართან დაკავშირებით შემდეგი საკითხებიც: რა უნდა გაითვალისწინონ საადვოკატო მომსახურების ჰონორარზე დავის ასაცილებლად; როგორ უნდა განსაზღვრონ წარმატების ჰონორარი (ეთიკის კომისიის რეკომენდაციები: №008/17, №005/20, №007/13).
ეთიკის კომისიის რეკომენდაციების მიღების პროცესი
მომსახურებით სარგებლობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა წევრმა შეკითხვით უნდა მიმართოს ეთიკის კომისიას, წერილობით ან ზეპირი ფორმით. შეკითხვა უნდა აღწერდეს ჰიპოთეტურ ფაქტებს, ადვოკატის შესაძლო ქმედებას და არ შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას. ბუნდოვანი შეკითხვის შემთხვევაში, ეთიკის კომისიამ ადვოკატს შესაძლოა მოსთხოვოს შეკითხვის დაკონკრეტება. ადვოკატს შეუძლია რეკომენდაციის მიღება მისთვის სასურველი ფორმით - წერილობით ან ზეპირად. წერილობით რეკომენდაციას ამზადებს მორიგე საპროცესო კოლეგია ან სირთულიდან გამომდინარე ეთიკის კომისიის სრული შემადგენლობა. წერილობით შეკითხვაზე, რომელიც ეხება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების განმარტებას, რაც დადგენილია ეთიკის კომისიის ერთგვაროვანი პრაქტიკით, რეკომენდაცია შესაძლებელია გასცეს კომისიის აპარატის იურისტმაც არსებული პრაქტიკის მითითებით. რეკომენდაციის კოლეგიურად მომზადებისას ეთიკის კომისია საბოლოო მოსაზრებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით. შეკითხვის განხილვისას, თუ აღმოჩნდება, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს რეკომენდაცია, კომისიას შეუძლია არ გასცეს რეკომენდაცია და მიუთითოს არსებულზე.
რეკომენდაცია დასაბუთებულია და მოიცავს ადვოკატის კითხვას, სამართლებრივ შეფასებას და პასუხს. დასაბუთება ეყრდნობა ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტის განმარტებას და მოიცავს შეკითხვის ფაქტების ანალიზსაც. დასკვნა ანუ პასუხი, ლაკონური ფორმით მოიცავს შეკითხვაზე ეთიკის კომისიის პოზიციას. რეკომენდაციის დედანი რჩება ეთიკის კომისიის არქივში, ხოლო რეკომენდაციის დამოწმებული ასლი ეგზავნება შეკითხვის ავტორს - ადვოკატს.
ზეპირი რეკომენდაცია არის ეთიკის კოდექსის ნორმებზე, რომელზედაც არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურულ საკითხებზე, „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულების ნორმების განმარტება. ზეპირი რეკომენდაცია გაიცემა კომისიის აპარატის იურისტის მიერ სატელეფონო „ცხელი ხაზის” მეშვეობით. ზეპირი რეკომენდაცია გაიცემა ადვოკატზე, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია ადვოკატთა ერთიან რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე. კომისიის აპარატის იურისტი უფლებამოსილია ადვოკატის შეკითხვა ჩაიწეროს და რეკომენდაცია გასცეს შეკითხვის დაფიქსირებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ შეკითხვა შეეხება იმ საკითხს, რაზეც ეთიკის კომისიას გაცემული აქვს რეკომენდაცია, კომისიის აპარატის იურისტს უფლება აქვს მიუთითოს ადვოკატს უკვე გაცემული რეკომენდაციის შესახებ.
რეკომენდაციათა კონფიდენციალურობა და საჯაროობა
შეკითხვის ავტორი ადვოკატის ვინაობა ხელმისაწვდომია მხოლოდ რეკომენდაციის მომზადებაში ჩართული პირებისთვის, ეთიკის კომისიისათვის და ეთიკის კომისიის აპარატისთვის, ვისზეც ვრცელდება სამსახურებრივი ინფორმაციის შენახვის ვალდებულება. რეკომენდაციები საჯაროა, ადვოკატის იდენტიფიცირების გარეშე ქვეყნდება ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე, ასევე, ასოციაციის პერიოდულ გამოცემაში. რეკომენდაციების გამოქვეყნების მიზანია პროფესიული თვითრეგულირების ნორმებსა და პროცედურულ საკითხებზე ადვოკატთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ეთიკის კომისიის მოსაზრებები, როგორც უსაფრთხო ნავსადგური
არსებული დისციპლინური წარმოების დებულებით ეთიკის კომისიის ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემა. რეკომენდაცია არის რჩევა ადვოკატისთვის მის მიერ დასმული კითხვის ფაქტებიდან გამომდინარე და არ აქვს სავალდებულო ხასიათი. ყველა რეკომენდაციაში შესაძლებელია ჩანაწერის ნახვა მისი არასავალდებულობის შესახებ. სანდოობისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციას იღებს ეთიკის კომისია მორიგე კოლეგიაში კოლეგიურად, სამი წევრის მონაწილეობით და რჩევა გაიცემა წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, განსხვავებული აზრის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
რამდენად დაიცავს ეთიკის კომისიის რეკომენდაცია ადვოკატს მომავალში იგივე საკითხზე დისციპლინური წარმოებისას? ის პროფესიული მიდგომები, რასაც ეთიკის კომისია ავითარებს რეკომენდაციებით, ზოგადად თანმხვედრია დისციპლინური წარმოების პრაქტიკასთან, რადგან იგივე წევრები მუშაობენ რეკომენდაციებზეც, რაც ამცირებს პროფესიული ქცევის საკითხებზე არსებითად განსხვავებულ მოსაზრებებს. არსებული რეგულაციით გაცემული რეკომენდაცია შესაძლებელია წყაროდ გამოიყენოს ეთიკის კომისიამ დისციპლინური წარმოების პროცესში, მაგრამ რეკომენდაცია გაიცემა ჰიპოთეტურ შემთხვევაზე და სარეკომენდაციო ხასიათის გათვალისწინებით, ეთიკის კომისიისთვის არ არის მბოჭავი ადვოკატის ქცევის ეთიკურობის შეფასებისას დისციპლინური წარმოების პროცესში. დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების 41-ე მუხლის პირდაპირ უთითებს, რომ რეკომენდაციაში დაფიქსირებული მოსაზრებით კომისია არ იზღუდება დისციპლინური წარმოების დროს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
ეთიკის კომისია უფლებამოსილია უარი თქვას რეგისტრირებული შეკითხვის განხილვაზე, თუ მოთხოვნილი რეკომენდაცია ეხება კომისიის დისციპლინურ წარმოებაში არსებულ საქმეს. შეკითხვის განხილვაზე უარი ეცნობება ადვოკატს.
ეთიკის კომისიის რეკომენდაციების ადვოკატთა მიერ შეფასება
ეთიკის კომისიის მიერ ადვოკატებისთვის პროფესიული ეთიკის საკითხებზე რეკომენდაციათა წერილობით თუ ცხელი ხაზის მეშვეობით გაცემამ, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ადვოკატთა შორის. რეკომენდაციის მიმღებ ადვოკატთა რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. კომისიამ წერილობით 156, ხოლო ზეპირი კომუნიკაციით 329 ადვოკატს მისცა რჩევა.
კომისიის რეკომენდაცია არაერთ ადვოკატს დაეხმარა პროფესიული სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რის შესახებაც ეთიკის კომისიისთვის ცნობილი გახდა რეკომენდაციით მოსარგებლე ადვოკატთა გამოკითხვისას მიღებული უკუკავშირით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობითა და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის“ (PROLoG) ფარგლებში, CRRC-საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის მუშაობის შესაფასებლად. სატელეფონო გზით გამოიკითხა 46 რეკომენდაციის მიმღები ადვოკატი. კვლევისთვის საინტერესო იყო, თუ როგორ აფასებდნენ ადვოკატები რეკომენდაციის მიღების პროცესს, რა სირთულეებს აწყდებოდნენ და ზოგადად, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ რეკომენდაციის გაცემის პროცესში.
ადვოკატთა უმრავლესობამ რეკომენდაციის მიღების პროცესი შეაფასა, როგორც მარტივი. რაც შეეხება კითხვას, თუ რას შეცვლიდნენ რეკომენდაციის მიღების პროცესში, ადვოკატები ყველაზე ხშირად აცხადებენ, რომ არაფერს შეცვლიდნენ ამ პროცესში.
ადვოკატთა (გამოკითხულთა 44%) უკმაყოფილება დაუკავშირდა რეკომენდაციის გაცემის ვადის გახანგრძლივებას. ადვოკატების შეფასებით, რეკომენდაციის მიღება უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს, რეკომენდაციის გაცემის ვადები უნდა გაიწეროს და მკაცრად დაიცვას კომისიამ. რეკომენდაციის გაცემის ვადა არ აღემატება 45 დღეს. რეკომენდაცია მომსახურების მიზნიდან გამომდინარე გულისხმობს ადვოკატის დახმარებას პროფესიული ქცევის თაობაზე, რაც ხშირად ადვოკატის მიერ საკითხის სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებს. შესაბამისად, ეთიკის კომისია ცდილობს შეძლებისდაგვარად სწრაფად უპასუხოს ადვოკატის შეკითხვას, თუმცა პასუხის ვადა დამოკიდებულია როგორც შეკითხვის სირთულეზე, ასევე კოლეგიის დატვირთულობაზე. შესაბამისად, დებულებით მოწესრიგებულია რეკომენდაციის გაცემის მაქსიმალური ვადა, რაც პრაქტიკაში უკიდურეს შემთხვევაში, ძირითადად რეკომენდაციის ეთიკის კომისიის მთლიანი შემადგენლობის მიერ განხილვისას გამოიყენება.
დასკვნა
ეთიკის კომისიის რეკომენდაცია, მზადდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ, შეიცავს დასაბუთებულ პასუხს ადვოკატის კითხვაზე და საკითხიდან ეთიკურ გამოსავალს სთავაზობს ადვოკატს. ეთიკის კომისიის რეკომენდაცია პროფესიული ქცევების მართვისთვის ადვოკატის პროფესიის თვითრეგულირების საშუალებაა, რაც ადვოკატებს სწორ პროფესიულ მიმართულებას აძლევს, ეხმარება ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და ამ მხრივ უმარტივებს პროფესიულ საქმიანობას, ასევე ამცირებს ეთიკური ვალდებულებების შესაძლო დარღვევაზე დავათა შესაძლებლობას. რეკომენდაციათა გაცემის სისტემის დადებითი მხარეა დასაბუთების მაღალი ხარისხი, ხოლო გასაუმჯობესებელია გაცემის პროცესის დროის ხანგრძლივობა.