ხალხური სიმღერა

22 ნოემბერი 2023

                                             
ავტორი: ოლიკო კობახიძე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლექტორი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრი. 

ნაწილი II 

ფოლკლორულ მუსიკას, როგორც წესი ფესვები ღრმად აქვს გადგმული კონკრეტული საზოგადოების ისტორიასა თუ წარსულში, რომელიც აწმყოში ამავე საზოგადოების კულტურულ მრავალფეროვნებას განაპირობებს. ამავდროულად, მასში ასახული და შემონახულია ცალკეული საზოგადოების ტრადიციები, ადათები, კულტურული განვითარების ეტაპები და სხვა. ეს ყველაფერი კი ფოლკლორულ მუსიკას განსაკუთრებულ ფასეულობასა თუ ღირებულებას სძენს, რომელიც, როგორც წესი, ძალიან ძვირფასია მისი შემოქმედი საზოგადოებისათვის. სამწუხაროდ, საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ამ ყველაფერს მნიშვნელოვან საფრთხეს უქადის გლობალიზაციის თანამედროვე ტემპი, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის ფოლკლორული მუსიკის დაცვისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო მოწესრიგების შემუშავებისა თუ ჩამოყალიბების აუცილებლობას. 

საქართველო, როგორც ერთ-ერთი კულტურულად მდიდარი ქვეყანა, ფოლკლორული მუსიკალური ნაწარმოებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქართული დღესასწაულები წარმოუდგენელია პოლიფონიური მუსიკის გარეშე, რომელიც ქართველი ერის ხასიათსა და ემოციას წარმოაჩენს.  მაგალითად, „კირიალესა“, „ოდოია“, „ალილო“, „კახური მრავალჟამიერი“, „მაყრული“, „ტაში ბიჭო გიორგუნა“ და ა.შ. ქართული მრავალხმიანობა, როგორც საშემსულებლო ხელოვნება, 2001 წელს შევიდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (შემდგომში - იუნესკო UNESCO), არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხაში, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მის კულტურულ მნიშვნელოვანებასა და მემკვიდრეობის ავთენტიკურად შენარჩუნების აუცილებლობას.

როგორც წესი, მუსიკალური ნაწარმოებები წარმოადგენს საავტორო სამართლით დაცულ ობიექტს. თუმცა, ამ კუთხით, განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა იქმნება ფოლკლორულ მუსიკასთან მიმართებით. აღნიშნულ განსხვავებულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ფოლკლორულ მუსიკასთან მიმართებით საავტორო სამართლის გამოყენება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ზოგადი კლასიფიკაციით, მუსიკალური ნაწარმოები, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) თანახმად, განეკუთვნება ხელოვნების ნაწარმოებს და იგი საავტორო უფლების დაცვის ობიექტია. ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების დაცვის ბერნის 1886 წლის კონვენცია (შემდგომში - კონვენცია), რომლის მიხედვითაც, საავტორო უფლებით დაცვას ექვემდებარება „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები“. კანონის თანახმად, მუსიკალური ნაწარმოები შეიძლება იყოს ტექსტით და ტექსტის გარეშე. ტექსტის განსაზღვრება მარტივია, ვინაიდან იგი ლიტერატურული ნაწარმოებია და მისი  გამოხატვა სიტყვებით ხდება, თუმცა, საკანონმდებლო ჩანაწერი არ ითვალისწინებს  „მუსიკალური ნაწარმოების“ განმარტებას, რა შეიძლება მოიაზრებოდეს სიტყვაში „მუსიკა“, მხოლოდ გარკვეულ საკრავთა ხმოვანება, თუ ნებისმიერი ჟღერადობა, განსაზღვრული წესით ორგანიზებული ბგერების ერთიანობა, რომელიც გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება? 

იმისათვის, რომ მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლებათა დამცავი მექანიზმები ამოქმედდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ წინაპირობებს. კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მთავარი განმსაზღვრელი, რაც მუსიკალური ნაწარმოების საავტორო სამართლებრივ დაცვას განაპირობებს, არის „მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.“ გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ნაწარმოები გამოხატული იყოს ობიექტური ფორმით და შესაძლებელი იყოს მისი რეპროდუცირება. 

ვიზუალური ხელოვნებისაგან განსხვავებით (მაგ. ფერწერა) მელოდიის ობიექტური ფორმით გამოხატვა რთულია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი არათუ ავტორის ინდივიდუალიზმს, არამედ ხალხთა ეთნიკურ, კოლექტიურ კულტურას ეფუძნება და თაობიდან თაობას ვერბალურად, ზეპისიტყვიერი ფორმით გადაეცემა და ვითარდება. ფოლკლორული მუსიკის ხასიათის გათვალისწინებით, მისი ცალკეული ნიმუშის შექმნისას კი ფოლკლორული მუსიკის ფიქსაციის საჭიროება ობიექტური ფორმით, ფაქტობრივად ვერც დადგებოდა დღის წესრიგში.

ხალხური მუსიკის საავტოროსამართლებრივი დაცვის შესაძლებლობების ანალიზისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თავად ცნების „ხალხური მუსიკა“ განმარტება. ხალხური მუსიკის საერთაშორისო საბჭოს (International Folk Music Council)  განმარტების მიხედვით: „ხალხური მუსიკა წარმოადგენს მუსიკის ერთ-ერთ სახესა თუ მიმდინარეობას, რომელიც ზეპირი გზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. იგი არის ევოლუციური პროცესების პროდუქტი, რომლის ჩამოყალიბება და განვითარება დამოკიდებულია ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა განგრძობადობა, ვარიანტების მრავალფეროვნება და შერჩევითობა.“ აღნიშნული განმარტების საინტერესო ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ აკეთებს არანაირ მითითებას ავტორთან დაკავშირებით, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ ხალხური მუსიკა, რომელიც შესაძლოა ერთი ავტორის მიერ იყოს შექმნილი, ვერ შეიძენს თავის მახასიათებელს - ფოლკლორულობას, მანამ, სანამ იგი არ იქნება ხალხის მიერ გადამუშავებული. ტერმინი „ხალხური მუსიკა“ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმ მუსიკალურ ნაწარმოებებთან მიმართებით, რომელიც წარმოიშვა ელემენტარული საწყისებიდან საზოგადოების მიერ ან რომელსაც შესაძლოა ყავდეს კონკრეტული ავტორი, მაგრამ იგი საზოგადოებამ დროთა განმავლობაში შეითვისა როგორც დაუწერელი, ცოცხალი ტრადიცია. 

იუნესკო, თავის 1989 წლის რეკომენდაციაში „ტრადიციული კულტურისა და ფოლკლორის დაცვის შესახებ“, განმარტავს: ფოლკლორი (ან ტრადიციული და პოპულარული კულტურა) არის კულტურული საზოგადოების ტრადიციებზე დაფუძნებული ქმნილებების ერთობლიობა, გამოხატული ჯგუფის ან ცალკეული პირების მიერ და აღიარებული, როგორც საზოგადოების მოლოდინების ამსახველი, რამდენადაც ისინი ასახავს მის კულტურულ და სოციალურ იდენტობას; მისი სტანდარტები და ღირებულებები გადაიცემა ზეპირად, იმიტაციით ან სხვა საშუალებებით. მისი ფორმებია: ენა, ლიტერატურა, მუსიკა, ცეკვა, თამაშები, მითოლოგია, რიტუალები, წეს-ჩვეულებები, ხელნაკეთობები, არქიტექტურა და სხვა ხელოვნება.

ხალხური მუსიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი არის ასევე დროის ელემენტი, რომელიც პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს განასხვავებს იმ ნაწარმოებისაგან, რომელიც ფაქტობრივად შეერწყა ხალხის ტრადიციებს და ამრიგად, ხალხური მუსიკა არის მუსიკა, რომლის ავტორობის წარმომავლობაც უცნობია და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგი კონკრეტული საზოგადოების ტრადიციებს შეერწყა, გადამუშავდა და განახლდა მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ქართული ხალხური მუსიკის წარმომავლობა უკავშირდება უძველეს ხანას და არქეოლოგიური გათხრების შედეგად არაერთი ხელოვნების ნიმუშია აღმოჩენილი, რომელზე დატანილი გამოსახულებებიც ადასტურებს ქართველ ხალხთა მუსიკსადმი სიყვარულს, მაგ: თრიალეთის ვერცხლის თასზე აღბეჭდილია ქართული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე არქაულ სახეობად მიჩნეული ფერხული. ასევე აღსანიშნავია, ასურეთის მეფე სარგონის ცნობები, რომელმაც ძვ. წ. 714 წელს დაიპყრო ურარტუს ერთ-ერთი სამთავრო მანა (ქართველი მოსახლეობით), და იგი თავის ცნობებში ხაზს უსვამს იქაური ხალხის მიერ შრომის სიმღერებით წახალისების ტრადიციას.

ქართული ხალხური მუსიკა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ყალიბდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და ეფუძნებოდა ტრადიციულ მელოდიებს. იგი ერთგვარი საშუალებაა ეთნიკური იდენტიფიცირების. ამავდროულად, ფოლკლორული მუსიკა, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი ჟანრი, რომელშიც დღესაც იქმნება სიმღერები და მეტიც, ხდება ჟანრთა ერთგვარი გაერთიანება, მაგ: ფოლკ და ეთნო ჯაზი/როკი/ელექტრონული მუსიკა და ა.შ, რაც საზოგადოების აღქმაში, ხშირ შემთხვევაში, ერთგვარ გაურკვევლობასაც ქმნის (მაგ. ლელა თათარაიძის ავტორობით შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები ატარებს ფოლკლორულ ჟღერადობას, რასაც ხელს უწყობს ხალხურ საკრავთა აკომპანიმენტი და შესრულების სტილი). ქართული ხალხური მუსიკა დროთა განმავლობაში იქცა კულტურულ მემკვიდრეობად, ანუ კულტურის იმ ნაწილად, რომელმაც საზოგადოების განვითარების პროცესში დაიმკვიდრა ფასეულობის მნიშვნელობა და რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი კულტურული მემკვიდრეობა სარგებლობდეს საავტორო სამართლებრივი დაცვით? 

როგორც უკვე აღინშნა, მუსიკალური ნაწარმოები საავტორო სამართლის დაცვის ობიექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია განისაზღვროს მისი ავტორობის საკითხიც. კანონის მიხედვით, ავტორი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ნაწარმოები. მუსიკალური ნაწარმოების ავტორად კი შეიძლება მოიაზრებოდეს ტექსტისა და მუსიკის ავტორები ერთდროულად (თუკი იგი შექმნილია სხვადასხვა ფიზიკური პირის მიერ) როგორც თანაავტორები და ცალ-ცალკე. მაგალითად, მურმან ლებანიძის ლექსზე შექმნილი სიმღერა „გაზაფხული შემოსულა ლენ“ მუსიკის ავტორია ჯემალ სეფიაშვილი და აღნიშნულ ნაწარმოებზე ორივე ავტორის უფლება თანაბრად ვრცელდება როგორც ერთ მთლიანობაზე, ისე ცალ-ცალკე ტექსტსა და მუსიკაზე. 

ზოგადი კლასიფიკაციით, საავტორო უფლება იყოფა ავტორის ქონებრივ და არაქონებრივ (მორალურ) უფლებად. ინტელექტუალური საკუთრების უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაც მე-20 მუხლში. სწორედ ქონებრივი უფლებების არსებობა, რომლის ამომწურავ ჩამონათვალსაც  ითვალისწინებს კანონის მე-18 მუხლი (რეპროდუცირების უფლება, იმპორტის უფლება, კაბელით გადაცემის უფლება და ა.შ) აძლევს ავტორს საშუალებას, რომ საკუთარი ინტელექტუალური შრომის შედეგი გარდასახოს პირად მატერიალურ კეთილდღეობაში. თუმცა, ფოლკლორული მუსიკის საავტორო სამართლებრივი დაცვის განსაზღვრის ფარგლებში, იბადება კითხვა: ვისი საავტორო უფლება შეიძლება გავრცელდეს აღნიშნულ ნაწარმოებზე, ან საერთოდ იცავს თუ არა მას საავტორო სამართალი?

როგორც უკვე აღინიშნა, მუსიკალური ნაწარმოები საავტორო უფლების დაცვის ობიექტია, თუმცა ფოლკლორული მუსიკის საავტორო სამართლებრივი დაცვის საკითხი ერთგვარი პრობლემის წინაშე დგას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მისი ობიექტური ფორმით გამოხატვის აუცილებლობა. როგორც უკვე აღინიშნა, კანონის მოთხოვნაა, რომ იდეა დაფიქსირებული იყოს მატერიალური სახით, რომელიც მისი რეპროდუციების საშუალებას იძლევა. მუსიკალური ნაწარმოების შემთხვევაში მისი ობიექტური ფორმით გამოხატვა შესაძლებელია სანოტო პარტიტურაში ან/და ხმოვანი ჩანაწერებით, თუმცა ფოლკლორი, მისი მრავალსაუკუნოვანი წარსულიდან გამომდინარე, მოკლებულია აღნიშნულს და სავარაუდოა, რომ ორიგინალი მუსიკა, სხვადასხვა შემსრულებლების მიერ, ყოველი შესრულების დროს განიცდიდა გარკვეულ ცვლილებებს. 

გარდა ფიქსაციის პრობლემისა, მნიშვნელოვანია ავტორობის საკითხი, რომელიც კანონის მიხედვით მარტივად იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. ფოლკლორული მუსიკის შემთხვევაში, კი ძირითადად ნაწარმოებს არათუ ინდივიდი, არამედ ხალხი ქმის და ქართული ფოლკლორული მუსიკა, გამორჩეული თავისი მრავალხმოვანობითა და კუთხურობით, არა კონკრეტულად ინდივიდის, არამედ ხალხთა ჩართულობის გამოძახილია, რაც ავტორობის საკითის გადაწყვეტას კიდევ უფრო ართულებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი იცნობს თანაავტორობის საკითხს, რთულია იმ ხალხთა იდენტიფიცირება, რომელიც ჩართული იყო კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების შექმნის პროცესში. 

კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში. როგორც უკვე აღინიშნა, ფოლკლორულობის დამახასიათებელი ერ-ერთი ნიშანი, გარდა ავტორობის განსაზღვრის პრობლემისა, არის მისი შექმნის დროის პერიოდულობა, რაც მას ანიჭებს სახალხო დომეინის სტატუსს. აღნიშნული სტატუსი კი გულისხმობს ნაწარმოების თავისუფალ, მართლზომიერ გამოყენებას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ფოლკლორული სიმღერის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, ხშირად ხდება მისი როგორც შესრულება, ასევე არანჟირება(გადამუშავება), რაც დამატებით, ახალ სიცოცხლეს სძენს და ახლებურად წარმოაჩენს კონკრეტულ ფოლკლორულ ნაწარმოებს. 

ნაწარმოების გადამუშავება, როგორც აღინიშნა, ავტორის ქონებრივ უფლებას წარმოადგენს, და იგი ისეთივე დაცვით სარგებლობს, როგორც ორიგინალი ნაწარმოები. შესაბამისად, კანონის ზოგადი მიდგომიდან გამომდინრე, გადამუშავებული ნაწარმოები რომ განიხილებოდეს როგორც „ახალი ნაწარმოები“ და ისარგებლოს საავტორო სამართლებრივი დაცვით, გადამუშავება უნდა აკმაყოფილებდეს კანონის იმ მოთხოვნებს, რაც დაცვისათვის აუცილებელი წინაპირობაა. 

გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე და მას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სხვას გაადამუშაოს იგივე ნაწარმოები. ამრიგად, როდესაც ფოლკლორული მუსიკის არანჟირება ხდება, არანჟირების ავტორს სწორედ იმ კონკრეტულ ახალ ვერსიაზე წარმოეშობა ექსკლუზიური საავტორო უფლებები და ორიგიალი ნაწარმობი რჩება საავტორო სამართლებრივი დაცვის მიღმა. 

როდესაც საქმე ეხება კულტურულ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით ტრადიციულ ფოლკლორულ მუსიკას, იკვეთება 2 ძირითადი მიზანი: მისი „შენარჩუნება“ -როგორც ავთენტიკური კულტურული  გამოხატულება და „დაცვა“ რაც მისი არაავტორიზებული ექსპლუატაციისაგან დაცვისა და შესაბამისი ბენეფიტის მიღების შესაძლებლობას ქმნის. როგორც უკვე აღინიშნა, ხალხური მუსიკა მოკლებულია საავტოროსამართლებრივ დაცვას, თუმცა არსებობს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესაძლებლობა. 

შენარჩუნება - „კონსერვაცია“(არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, მისი განადგურების ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა), გულისხმობს სიცოცხლის, არსებობის შენარჩუნებას და იუნესკოს პლიტიკა ფოკუსირებულია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე რომლის თანახმადაც, შენარჩუნება ნიშნავს კულტურული ფასეულობების დაცვასა და პატივისცემას, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს სხვადასხვა გზით, მათ შორის აღიარებით, დაფინანსებით, პირადი დახმარებით და ა.შ. იუნესკოს პოლიტიკის გამოძახილია ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის (ICBS International Committee of the Blue Shield) ჩამოყალიბება, რომელიც ,,წითელი ჯვრის“ ერთგვარი კულტურული ექვივალენტია და მუშაობს გლობალურად, საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. სამწუხაროდ, ICBS შემოიფარგლება 1954 წლის ჰააგის კონვენციაში ჩამოთვლილი განმარტებებით, რომელიც ძირითადად ყურადღებას ამახვილებს მატერიალური ობიექტების დაცაზე და მიუხედავად იუნესკოს რეკომენდაციებისა , არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ფოლკლორის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ნაკლები ძალისხმევა ეთმობა ქმედითი ღონისძიებების შემუშავებას მისი დაცვის აღსრულების პროცესში. 

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რაც გულისხმობს სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. თუმცა, კანონი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ღონისძიებები უნდა არსებობდეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. 

ამრიგად, როდესაც საუბარია ფოლკლორის საავტორო სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ადამიანთა ინტელექტუალური შრომის შედეგადაა შექმნილი, ბარიერს სწორედ ავტორ(ებ)ის იდენტიფიცირების შეუძლებლობა და დროში ხანდაზმულობა ქმნის. თუმცა, მისი მართლზომიერი, შეუზღუდავი გამოყენება, კულტურის მდგრადი განვითარების ეთი-ერთი საუკეთესო  შესაძლებლობაა. როგორც ერ ნ. ლევალი (მართლზომიერი გამოყენების პრინციპის ერთ-ერთი წამყვანი სამართლებრივი ინტერპრეტატორი) იტყოდა: „საავტორო უფლება არ არის გარდაუვალი, ღვთიური ან ბუნებრივი უფლება, რომელიც ავტორებს თავიანთ ნამუშევრებზე აბსოლიტურ მფლობელობას ანიჭებს. ის შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მოქმედებას და პროგრესს ხელოვნებაში, საზოგადოების ინტელექტუალური გამდიდრების მიზნით“. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი