შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის  შეძენის რამდენიმე სამართლებრივი ასპექტი  

22 ნოემბერი 2023

     
ავტორი: ანა სამსონია
ეკოვის საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, ადვოკატი, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი, სასამართლო მედიატორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი
 

შესავალი

საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ბიზნეს სექტორისთვის ბევრ სიახლეს ითვალისწინებს. ზემოთხსენებულმა კანონმა ისეთი საკითხები მოიცვა, რომელიც მანამდე საკანონმდებლო რეგულირების მიღმა იყო. მათ შორისაა კომპანიის მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის საკითხი. 

მნიშვნელოვანია, ბიზნესს ესმოდეს რა შემთხვევაშია შესაძლებელი კომპანია თავად ფლობდეს წილს მის კაპიტალში. სამოქალაქო ბრუნვაში ჩნდება უამრავი კითხვა, მაგალითად - რა სამართლებრივი წინაპირობები უძღვის წინ ამგვარ რეგისტრაციას, რა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, არის თუ არა გაწერილი გამომრიცხველი გარემოებები, ნებისმიერი წილის შეძენაა შესაძლებელი თუ არა, მხოლოდ პარტნიორის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რაიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა აუცილებელი და სხვ. 

საკანონმდებლო სიახლეების რეალური განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი დისკუსია, ანალიზი მის მომხმარებელთა შორის. რაც  სფეროს ყველა აქტორს შორის აზრთა გაცვლას უწყობს ხელს. მრავალმხრივი გაანალიზების გარეშე, შეუძლებელი გახდება კანონმდებლის, აღმასრულებლის, ბიზნესის და მისი წარმომადგენლის წარმატებული საქმიანობა. 

აღნიშნული სტატიის მიზანია, წამოჭრას ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, გასცეს ძირითად დასმულ კითხვებს პასუხი და ბიძგი მისცეს შემდგომ სამართლებრივ დისკუსიას, ბენეფიციართა შორის.
                 
კომპანიის მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის იდეა 


შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კაპიტალისა და წილების საკითხს თავად აწესრიგებს მისი სადამფუძნებლო შეთანხმებით. რა დროსაც, შესაძლებელია საზოგადოებამ მისთვის მორგებული მოდელი გაითვალისწინოს. თუმცა, კანონის ჩანაწერი გარკვეულ იმპერატიულ ნორმებს აყალიბებს, რათა თავიდან იქნას აცილებული უფლებათა ბოროტად გამოყენების პოტენციური შემთხვევები. შესაძლოა საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის საკითხები აისახოს სადამფუძნებლო შეთანხმებაში. საინტერესოა, რას ემსახურება, საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის იდეა. საგულისხმოა, რომ კანონმა განსაზღვრა, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება. შესაძლებელია, საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებიდან ხდება პარტნიორის გარიცხვა ან გასვლა. შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა დადგეს ისეთი გამოსავალი, როგორიცაა გარიცხული ან გასული პარტნიორის წილის საზოგადოების სახელზე აღრიცხვა.

პარტნიორის გარიცხვის იურიდიული შედეგი

შპსს პარტნიორის გარიცხვის საკითხი შესაძლოა წამოიჭრას პარტნიორთა გადაწყვეტილებით, რომლებიც მიმართავენ სასამართლოს. მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას, საზოგადოების სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის შესახებ.  მნიშვნელოვან საფუძვლად, ჩაითვლება პარტნიორის მიერ განხორციელებული ზიანის მიმყენებელი ქმედება, ამ საკითხს ასევე გააჩნია წინაპირობები. კერძოდ, ამ პარტნიორის დატოვება საზოგადოებაში, საზოგადოების საქმიანობისთვის ზიანის მომტანია და ეს პირი წერილობით უნდა იყოს გაფრთხილებული, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გაფრთხილება შეიცავდეს მითითებებს შესაძლო გარიცხვის შესახებ. საყურადღებოა, რომ ასეთი გაფრთხილების უშედეგოობის შემდეგ წარმოიშვება ე.წ. მნიშვნელოვანი საფუძვლის შემადგენლობა.
იმ შემთხვევაში თუ, პარტნიორთა სარჩელი დაკმაყოფილდება, მისი შედეგია გარიცხული პარტნიორის წილის გადაცემა საზოგადოებისათვის. სწორედ ეს საკითხია, პარტნიორთა სადამფუძნებლო შეთანხმების საგანი, კერძოდ, შესაძლებელია პარტნიორები წინსწრებით შეთანხმდნენ გარიცხვის შედეგებზე - მოხდება გარიცხული პარტნიორის წილის დარჩენილ პარტნიორებზე პროპორციული გადაცემა თუ წილების გაუქმება, თუ ეს ორივე მოხდება გარკვეული პროპორციით, თუ ამგვარი დათქმა არ გვაქვს, მაშინ წილის გადაცემა ხდება საზოგადოებაზე. როდესაც, საზოგადოება მის კაპიტალში თავად ფლობს წილს. 
                               
პარტნიორის გასვლის იურიდიული შედეგი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გათვალისწინებულია პარტნიორის გასვლის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი შესაძლოა მოწესრიგდეს სადამფუძნებლო შეთანხმებაში და გაიწეროს, თუ რა შემთხვევაში აქვს პარტნიორს გასვლის უფლება. თუ სადამფუძნებლო შეთანხმება ამ საკითხზე არ საუბრობს, კანონით გათვალისწინებულია პარტნიორის გასვლის უფლება თუ საზოგადოების ხელმძღვანელობა ან სხვა პარტნიორების ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს გამსვლელი პარტნიორის ინტერესებს ან/და თუ საზოგადოების საქმიანობის საგანი შეიცვალა, საზოგადოებაში არ განაწილებულა ბოლო სამი წელია დივიდენდი, მაშინ როცა ამის ფინანსური მდგომარეობა აქვს კომპანიას, სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების შესახებ. გასვლის უფლების მქონე პარტნიორმა საზოგადოებას წერილობით უნდა აცნობოს გასვლის სურვილი და ამის მიზეზები. საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია სხვა პარტნიორებს აცნობოს ამის შესახებ, რის შემდეგაც პარტნიორებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემის შესახებ და ამ წილის საზოგადოებაზე გადაცემის ან გაუქმების ან პარტნიორებზე პროპორციულად განაწილების შესახებ.
   
რა შემთხვევაშია დაშვებული კომპანიის მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა

დასაშვებია საკუთარ კაპიტალში იმ წილის შეძენა, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული - მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ შენატანის განხორციელება ხდება საზოგადოების კაპიტალში. შესაბამისად, თუ საზოგადოების კაპიტალში შენატანი სრულად არის განხორციელებული, ამ შემთხვევაშია შესაძლებელი თავად საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა. ამასთან, გასათვალისწინებელია კაპიტალის შემცირების     შესაძლებლობა. თუ საზოგადოებას არ გააჩნია განთავსებული კაპიტალი  და იგი საზოგადოების გადაწყვეტილებით ზრდის კაპიტალს, ამავე ფორმით შესაძლებელია მოხდეს გაზრდილი კაპიტალის შემცირება. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, კაპიტალის როგორც გაზრდის, ასევე შემცირების დასაბუთება გააჩნდეს საზოგადოებას. რაც მოახდენს შემდგომი სადავო სიტუაციის პრევენციას, კერძოდ, თუ საზოგადოებაში არ იარსებებს არგუმენტები, თუ რის გამო მოხდა კაპიტალის გაზრდა ან/და შემდგომ შემცირება, არსებობს პოტენციური მრავალმხრივი რისკები. აღნიშნული აქტები, რომლითაც მოხდა გაზრდა/შემცირება, შესაძლოა გახდეს საცილო მათ შორის თვალთმაქცური გარიგების  საფუძვლით და სხვ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოება თავიდანვე ასაბუთებდეს, მისი წარმოდგენით რატომ არის აუცილებელი კაპიტალის გაზრდა. ანალოგიური მიზანშეწონილობა ვრცელდება შემცირების საკითხზეც. ამ საკითხის სადავოდ გახდის იურიდიული ინტერესი შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე სუბიექტს, საკითხის განვრცობა ამ სტატიაში, მისი ფორმატიდან გამომდინარე ვერ მოხერხდება. ასევე, გასათვალისწინებელია ის შემთხვევა, როდესაც საზოგადოებას აქვს რეგისტრირებული განთავსებული კაპიტალი, ასეთ დროს, თავს იჩენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 145-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. კერძოდ, განთავსებული კაპიტალის შემცირების შემთხვევაში დაუშვებელია განთავსებული კაპიტალის გამოთავისუფლებული ოდენობით დივიდენდის განაწილება, განთავსებული კაპიტალის შემცირების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. მოცემულ შემთხევაში, თუ განთავსებული კაპიტალის შემცირების შედეგად, კაპიტალის წილის მფლობელებს დაუბრუნდათ განხორციელებული შენატანი, მათი წილისა და განხორციელებული შენატანის პროპორციულად, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა. აქ, მნიშვნელოვანი ფაქტორია კაპიტალში შენატანის განხორციელების საკითხი და არა ის, მიღებული აქვს თუ არა განხორციელებული შენატანის შემდეგ, დივიდენდი წილის მფლობელს. ამ შემთხვევაში, დივიდენდის მოთხოვნის უფლება მიეკუთვნება წილს. თუ წილის მფლობელი ხდება თავად საზოგადოება საკუთარ კაპიტალში, იგი ხდება დივიდენდის მოთხოვნის უფლების მფლობელი. 

იმისათვის, რომ მოხდეს კომპანიის მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა, ამისათვის საჭიროა პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ყველა ის მოთხოვნა, რაც პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე ვრცელდება, გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაშიც, რათა არ დადგეს ბათილობის საფუძველი.

რა შემთხვევაშია დაუშვებელი კომპანიის მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა

დაუშვებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას. 

142-ე მუხლის მე-2 ნაწილი ძირითადად ამკრძალავ ნიშანს ძალაუფლებას უკავშირებს. მარტივად რომ ითქვას, თუ საზოგადოების მიერ მისსავე კაპიტალში წილის შეძენით ის ხდება შეუზღუდავი დომინანტი - ეს ხდება საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის გამომრიცხველი გარემოება. ანუ ეს გარემოება თუ სახეზეა ვერ მოხდება საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა, ან თუ უკვე მოხდა წილის შეძენა ამ წინაპირობის გათვალისწინების გარეშე, მაშინ დგება იურიდიული შედეგი. კერძოდ, ეს გამოიწვევს ამ წილის გაყიდვას ან გაუქმებას, რაც არ არის ავტომატური პროცესი, აღნიშნულით იქმნება საცილო გარიგების შემადგენლობა. შესაბამისად, საკუთარ კაპიტალში საზოგადოება შეძლებს წილის შეძენას, თუ იგი ამ შეძენით არ ხდება შეუზღუდავი დომინანტი პარტნიორი. ამგვარად, ხდება საკორპორაციო სამართლებრივი ღირებულებითი წონასწორობის შენარჩუნება, როდესაც წილის მფლობელს გააჩნია მისი წილის პროპორციული უფლებები და ვალდებულებები. ამ მიზნებისთვის სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაშიც საცილოობის საკითხს დააყენებს წესდებაში უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინება, ,  რომ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნია თავად საზოგადოებას, შემდგომ კი საზოგადოება იძენს წილებს და ხდება შეუზღუდავი დომინანტი, მოცემულ შემთხვევაში, ისმის კითხვა, რა არის დაცვის ინტერესი? შეზღუდვას გააჩნია დაცვითი ფუნქცია, დაიცვას მესამე პირები, რათა საზოგადოებამ საზოგადოების ფორმა არ გამოიყენოს ბოროტად და სხვ.

კომპანიის მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილის გაუქმება

მოქმედი კანონი იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოების წესდებაში გათვალისწინებულ იქნას, საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილის შემდგომი ბედი. კერძოდ, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას მისი გაუქმება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენას ესაჭიროება პარტნიორთა გადაწყვეტილება, ანალოგიურად, შეძენილის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღება პარტნიორთა მიერ. რაზეც ასევე ვრცელდება ის ფორმალური თუ შინაარსობრივი მოთხოვნები, რაც პარტნიორთა გადაწყვეტილების მიმართ დგას. 

გაუქმების მიმართ დადგა კითხვა, გამოიწვევს თუ არა ეს წილთა შემცირებას? სად მიდის გაუქმებული წილის ოდენობა? მოცემულ შემთხვევაში, წილის გაუქმება გულისხმობს კომპანიის მიერ, როგორც  წილის მესაკუთრის აქტის გაუქმებას, ეს არ ნიშნავს, რომ იცვლება საზოგადოებაში წილის ჯამური  ოდენობა.

პროცედურის დარღვევის სამართლებრივი  შედეგები

იმ შემთხვევაში თუ მოხდება პროცედურის დარღვევა, კერძოდ კანონის ან წესდების მოთხოვნების დარღვევა, ეს გამოიწვევს საზოგადოების  საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილის გაყიდვას ან გაუქმებას, იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი.  

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, გაყიდვა ან გაუქმება ავტომატურ რეჟიმში განხორციელებადი რადგან არ არის, რა შემთხვევაში ხდება აღნიშნული ჩანაწერი აღსრულებული. ზემოთხსენებული დარღვევა მიეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას. კერძოდ, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. აღნიშნულის განხორციელება დამოკიდებულია უფლებამოსილი ან/და მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის მოქმედებაზე. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა შესაძლებელია დადგეს მაგალითად  საზოგადოებისსხვა პარტნიორის მიერ, შესაბამისად ზემოთხსენებული პროცედურის დარღვევა ანიჭებს მოთხოვნის უფლებას და მოთხოვნის უფლების გამოყენება დამოკიდებულია სუბიექტის ნებაზე. აღნიშნულ მოთხოვნაზე გავრცელდება გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. 

დასკვნა

საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის მექანიზმი თავისი ბუნებით  არყოველდღიური ხასიათის ღონისძიებაა, აღნიშნული უფლების კანონიერად განხორციელების პირველ მონიტორად საზოგადოების პარტნიორები და რეესტრი შეიძლება მოგვევლინოს. მისი ძირითადი იდეა მდგომარეობს წილის მესამე პირზე ან პარტნიორზე გასხვისების ნაცვლად, კომპანიის საკუთრებად მიღებაში, ამასთან, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდეს, როდესაც კომპანიაში ერთზე მეტი პარტნიორი არსებობს. ამ მექანიზმის არსებობით, შესაძლებელია პარტნიორთა შორის დავების პრევენცია და შესაბამისი რესურსების დაზოგვა.  მექანიზმის პრაქტიკული/ტექნიკური განხორციელებისას მაგალითად ხმის მიცემა/დივიდენდი და სხვ. საკითხების ფორმალური თუ მატერიალური ნაწილი ასევე საინტერესო მხარეა, საკითხების შესახებ სამართლებრივი დისკუსიის გაგრძელება პრაქტიკული მნიშვნელობისაა და გაგრძელდება. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი