ავტორი: თეა ხამხაძე
ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე
ახალს და უცხოს ვერაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ საქართველოში ჭარბავლიანობის დიდი პრობლემაა, ამაზე საუბრობს სასამართლოც, ბიზნესიც, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც.
როგორც აღმოჩნდა საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს გააჩნდა ვადამოსული დავალიანება საკრედიტო ორგანიცაზიებთან, რის გამოც ისინი მოხვდნენ ე.წ. „შავ სიაში“ და – ფაქტიურად გამოეთიშნენ ნორმალურ სამოქალაქო ბრუნვას. იმ ფონზე, რომ არ გაქვს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა გაკოტრებულად ცნობის შესაძლებლობას და მოქალაქეებს მისცემს შანსს სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება, დიდი რაოდენობის მოქალაქეების მოვალეთა რეესტრში ყოფნა მძიმე ტვირთად იქცა ქვეყნის სოციალური განვითარებისთვის.
ამ თემაზე საუბრისას ხშირად მახსენდება ამერიკული კომედია, ჯიმ ქერის მონაწილეობით – „ყოველთვის თქვი დიახ“. ფილმის მთავარი გმირი ბანკის თანამშრომელია და ერთ დღეს პირობას დებს, რომ ყველა თხოვნას დათანხმდება. ამ პირობის წყალობით კი ბანკის კლიენტებზე გასცემს ისეთ სესხებს, რომლებიც მოქალაქეებს სჭირდებათ მთის ველოსიპედის შესაძენად, სერფინგის გაკვეთილების დასაფინანსებლად, მოტოციკლის საყიდლად და ელემენტარული ოცნებების ასასრულებლად. შედეგად კი ხდება ის, რომ სურვილების ასრულებით გაბედნიერებული ადამიანების 98 პროცენტი დიდი წარმატებით უკან აბრუნებს სესხს. ჩვენთან ბანკების მხრიდან ოცნებების ასრულების მეთოდმა რატომღაც არ გაამართლა, ჩვენც ვყიდულობდით სასურველ ტელეფონებს, კომპიუტერებს, ავტომანქანებს, მაგრამ კრედიტის უკან დაბრუნებას ისევე ხალისიანად ვერ ვახერხებდით, როგორც ნახსენებ ფილმში მოხდა. ნეტავ რატომ? იქნებ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს ნაკლები? იქნებ იმიტომ, რომ საკმარისი იყო მხოლოდ ოცნების ასრულება და მასში ფულის გადახდა აღარ მოგვინდა? ან იქნებ იმიტომ, რომ ამ ოცნებების ასრულებისთვის ბანკები ძალიან დიდ პროცენტს გვთხოვდნენ და დაგვიანების შემთხვევაში ძალიან გვსჯიდნენ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნით? ან იქნებ იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მგდომარეობა იმდენად რთულია, რომ არ გვქონდა უფლება კრედიტების წყალობით აგვესრულებინა ოცნებები? შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ დავივიწყეთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის უმთავრესი პრინციპი – კეთილსინდისიერება და საკრედიტო დაწესებულებები თუ კერძო პირები სესხებს იმდენად არასამართლიანი პირობებით გასცემდნენ, რომ ამ ხელშეკრულებების შესრულება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ალბათ ყველა კითხვაზე პასუხი არის „დიახ“. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ პრობლემამდე, რომელსაც ჭარბვალიანობა დავარქვით და ჩვენმა ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, რომ ჩვენ, ხალხი, ცალკეული ინდივიდები, თავად ვერ განვსაზღვრავთ რა თანხა შეგვიძლია ვისესხოთ, ისე, რომ ვალის უკან დაბრუნება შევძლოთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც არ დააყოვნა და გადაწყვიტა საბანკო სექტორისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაედგინა წესები, ვის რამდენი სესხი შეიძლება მისცენ, რა პირობებში და ამას პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო უწოდა. პარლამენტმა კი, მთავრობის ინიციატივით, შემოიღო რეგულაციები და სამოქალაქო კოდექსში შეიტანა ცვლილებები. არ დაგვიმსახურებია? მგონია, რომ სწორედ ეს დავიმსახურეთ – სახელმწიფომ დაგვიდგინოს როგორი პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ. განისაზღვრა, რომ საკრედიტო ორგანიზაციებმა სესხები მხოლოდ შემოსავლების დეტალური დადასტურების შემთხვევაში უნდა გასცენ, ეს ეხება თვითდასაქმებულებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც საკუთარი შრომის საფასურს საბანკო დაწესებულებების გარეშე იღებენ და შემოსავლის ფაქტის დადასტურება ძალიან ურთულდებათ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ დრომდე კრედიტებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ და კეთილსინდისიერად იხდიდნენ. სესხის გაცემისას წინასწარ დაწესებული ლიმიტიც მკაცრად უნდა იყოს დაცული, განისაზღვრა შემოსავლის შესაბამისად გასაცემი სესხის ოდენობა. ეს რეგულაციები შეეხო პასუხისმგებლიან მოქალაქეებსაც და უპასუხისმგებლობსაც, თუმცა რომელი სჭარბობს არავის გაურკვევია, ასევე არ გარკვეულა ძირითადად რამ გამოიწვია ამდენი დაუბრუნებელი სესხის არსებობა. ალბათ იმან, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მძიმეა, არ არის საკმარისი სამუშაო ადგილები, ქვეყანაც სწრაფი ტემპით არ ვითარდება, ამასთან ერთად კი საკრედიტო დაწესებულებებმა და კერძო პირებმა საკრედიტო დანაკარგების კომპენსირება მაღლი საპროცენტო განაკვეთების დადგენით მოინდომეს.
ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნაში ასევე დიდი როლი ითამაშა ე.წ. ონლაინ სესხების სერვისმა, რის საფასაურადაც მოვალე პირებს სესხად მიღებული თანხის 100 და 200 პროცენტით გადახდა უწევდათ.
ახლადდაწესებული რეგულაციებით სახელმწიფომ გადაწყვიტა მეტ-ნაკლებად მოეგვარებინა ჭარბვალიანობის პრობლემა და სამოქალაქო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილებები დოლარიზაციის მაჩვენებლის შესამცირებლად იმ მიზნით, რომ მოქალაქეები და იურიდიული პირები დაცულნი იყვნენ სავალუტი რისკებისგან და დაწესდა, რომ 200 000 ლარამდე სესხი, ნასყიდობის და ლიზინგის საზღაური არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით მიბმული ან ინდექსირებული უცხოურ ვალუტაზე (სსკ 505.2-ე, 576.5-ე, 626.7-ე, 868.8-ე მუხლები), კანონმა ასევე თქვა, რომ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს (სსკ 625-ე მუხლი), ასევე დაადგინა რამდენი შეიძლება იყოს იპოთეკური სესხის მაქსიმალური პროცენტი. თქვა, რომ უძრავ ქონებას იპოთეკით ვერ დავტვირთავთ იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის კონტროლს და ა.შ., თუმცა უამრავი საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად სახელმწიფომ არ თქვა ერთი მარტივი რამ – მევახშეობა კანონსაწინააღმდეგოა და ასეთი გარიგება ბათილია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ. მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 138-ე პარაგრაფის მიხედვით მევახშეობა ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და რა თქმა უნდა მევახშეობაში იგულისხმება სესხის ხელშეკრულების დადება მაღალი საპროცენტო განაკვეთით და კაბალური პირობებით, ჩვენი კანონმდებლები კი შეეცადნენ პროცენტის მაქსიმალური ოდენობის დადგენით მოეხდინათ არასამართლიანი ხელშეკრულებების დადების პრევენცია, ასევე დააწესეს პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პირგასამტეხლოს საკითხს სასამართლო ბევრად უკეთესად არეგულირებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებით და ამ საკითხზე არსებობდა წლების განმავლობაში დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, რომლის გათვალისწინებითაც კრედიტორები ხშირ შემთხვევაში თავადვე ამცირებდნენ დარიცხულ პირგასამტეხლოს და ნარჩენი თანხის 1,5-მაგი ოდენობაზე მეტის მოთხოვნის მაგალითებს ცოტას თუ ვიპოვით.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირებაც, რომ სასამართლო ასევე შეეხო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტის საკითხსაც და მაგალითად ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე #ას-663-629-2015) აღნიშნა, რომ მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. მხარეები უნდა იქცეოდნენ კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანად. სწორედ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სესხზე თვეში 6% სარგებლის დარიცხვა მიიჩნია არასამართლიანად, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი ღირებულებების საწინააღმდეგოდ და თქვა, რომ ასეთი გარიგება ბათილია (სსკ 54-ე მუხლი). ამ შემთხვევაში სასამართლო დაეთანხმა მხარეს და სესხის წლიური სარგებელი შეამცირა 48 პროცენტამდე, იქნებ სასამართლოს უფრო ნაკლებ პროცენტიც განესაზღვრა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის შეზღუდული იყო მხარის მოთხოვნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დღეს მოქმედი 625-ე მუხლით კი წლიური ეფექტური განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 50 პროცენტია.
კანონდებლობით დაწესებულ რეგულაციებს რა გავლენა ექნებათ ჭარბვალიანობის შესამცირებლად, ალბათ ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ დღეს სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ბიზნესი ჩივის, რომ საცალო გაყიდვები შემცირდა, რაც, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ახლო მომავალში პროპორციულად აისახება სამუშაო ადგილებზეც, მაღაზიები შეამცირებენ მომსახურე პერსონალს, ბანკები საკრედიტო ოფიცრებს და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს თუ მე ვერ დავადასტურე ჩემი სტაბილური შემოსავლის არსებობა, განვადების საშუალებით ვერ გამოვცვლი გაფუჭებულ მაცივარს, შესაბამისად არ მექნება ახალი მაცივარი, მაღაზიას კი დარჩება გაუყიდავი საქონელი, რაც ასევე პრობლემა გახდება კერძო ბიზნესის განვითარებისთვის. ფაქტია, რომ საცალო გაყიდვის მაღაზიებმა უკვე გამონახეს გზები, როგორღაც გვერდი აუარონ ამ რეგულაციებს და მაგალითად, საოჯახო ტექნიკას გასცემენ ლიზინგით, ამასვე ეცდებიან რიგითი მოქალაქეებიც, რაც მევახშეობის გააქტიურების დიდ საფრთხეს ქმნის. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს უკვე არსებული რეგულაციების დაპირისპირება ჭარბვალიანობის პრობლემასთან, კანონმდებლობა საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობის დაწესების გამო ნამდვილად მოაქცევს ჩარჩოებში საკრედიტო დაწესებულებებს, უფრო მეტად კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და კერძო გამსესხებლებს, მაგრამ ამავდროულად მოქალაქეები დგებიან საჭირო კრედიტების მიუღებლობის საფრთხის წინაშე, რაც დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით სასიხარულო ფაქტი ნამდვილად ვერ იქნება.
როგორც აღინიშნა ეს რეგულაციები შეეხო ყველას, მასაც, ვისაც ცუდი საკრედიტო ისტორია ჰქონდა და იმასაც, ვინც თავადაც კარგად განსაზღვრავდა სჭირდებოდა თუ არა კრედიტი და შეეძლო თუ არა მისი გადახდა. არ ვიცი რამდენად გამართლებულია სახელმწიფოს ასეთი სახის ჩარევა კერძო ურთიერთობებში, თუმცა ჩემი პირადი აზრით ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებისათვის უფრო უპრიანი იქნებოდა რეგულაციები დაწესებულიყო მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც საკრედიტო ურთიერთობებში წარმოადგენენ ე.წ. ძლიერ მხარეს და შეუძლიათ ბოროტად ისარგებლონ საკუთარი ძალაუფლებით და ეს რეგულაციები ნაკლებად შეხებოდათ კრედიტის საჭიროების მქონე მოსახლეობას, რაც, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობდა, როგორც მცირე ბიზნესის განვითარებას, ასევე მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.