ავტორი: გიორგი თარგამაძე
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი
ბრიტანულ სამართალწარმოებაში ადვოკატის ორი კატეგორია არსებობს: Barrister – პროფესიონალი დამცველი, რომელიც სასამართლო დარბაზებში საქმეებს წარმოადგენს ზეპირი არგუმენტირების აქტიური გამოყენებით და Soliciter – ასევე იურიდიული პროფესიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომლის პროცესებში ჩართულობაც დოკუმენტებთან მუშაობით გამოიხატება. ბარისტერები გამორჩეულად კარგი ორატორები არიან, რაც ახსნისა და დარწმუნების თეორიების კარგად ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაში გამოიხატება. ამისთვის მათ არაერთი სპეციალური კურსი აქვთ გავლილი.
ადვოკატებს ხშირად უწევთ სიტყვით გამოსვლა კლიენტებთან ურთიერთობისას, სასამართლო პროცესებზე და მედია საშუალებებში. ამას გარდა, ისინი საქმიანობენ აკადემიურ სფეროში, ხდებიან პროფესორები, ლექტორები. ორატორული უნარების ქონა ყველა ზემოხსენებული როლის წარმატებულად მორგების წინაპირობაა.
დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო გამოსვლის უნარი თანდაყოლილი არ არის და შეძენილია, ისევე, როგორც ცურვა ან ველოსიპედის ტარება. იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განვითარება გაგიადვილდეთ, მსურს შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა:
თუ თქვენი საჯაროდ გამოსვლა დაგეგმილია, შესაბამისად სიტყვაც წინასწარ უნდა მოამზადოთ. აუცილებელია, რომ თქვენი სიტყვა ხშირად გაიმეოროთ. გაიმეორეთ დილას, როდესაც გაიღვიძებთ, შხაპის მიღებისას, ტრანსპორტით მგზავრობისას. იმეორეთ ყოველთვის, როდესაც ამისათვის შესაფერისი დრო და ადგილი გექნებათ. წარმოთქვით ხმამაღლა, თუ ამას ვერ ახერხებთ – გონებაში იმეორეთ.
ყურადღება მიაქციეთ ჩართულებს როგორებიც არის: „ანუ“, „ისა“ , „ხო და“, „აა“, „მმ“ და სხვა მრავალი. შეეცადეთ ისინი პაუზით ჩაანაცვლოთ.
სთხოვეთ თქვენს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს, მოგისმინონ და გითხრან თავიანთი აზრი გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს დაგეხმარებათ თქვენი ხარვეზების გამოსწორებაში. ამასთანავე, კარგი შეფასება თქვენს თავდაჯერებულობაზე დადებითად იმოქმედებს.
სიტყვის წარმოთქმისას გადაუღეთ ვიდეოები საკუთარ თავს. ტექნოლოგიის განვითარებამ, ეს ყველაფერი გაამარტივა. ჩვენს მიერ უკვე კარგად აპრობირებული „სელფაობა“ შეგვიძლია გამოსადეგ ვარჯიშად ვაქციოთ.
მას შემდეგ, რაც ვიდეოს გადაიღებთ, უყურეთ და გაანალიზეთ გამოსვლის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეეცადეთ აღმოფხვრათ თქვენი შეცდომები.
წარმოისახეთ წარმატება. ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ელემენტია. თუ თქვენ კარგად მოემზადებით და თქვენს წარმოსახვაში ხშირად ატრიალებთ თქვენს სცენარს პერსპექტივაში წარმატებული გამოსვლის შესახებ, დამერწმუნეთ ეს ასეც იქნება. თუმცა თუ წარმოიდგენთ, რომ გამოსვლის დროს რაღაც გეშლებათ, ან სათქმელი გავიწყდებათ, ეს ნეგატიურად იმოქმედებს თქვენზე.
ადამიანების უმრავლესობა საჯარო გამოსვლის წინ, ისევე როგორც გამოსვლისას ძალიან ნერვიულობს. მინდა გითხრათ, რომ ეს ცუდი სულაც არ არის. ნერვიულობა ემოციაა (E-Motion – Energy in Motion), ანუ ენერგია მოძრაობაში. მთავარია, რომ ნეგატიური ენერგია პოზიტიურად გარდაქმნათ.
აუდიტორიას თავიდანვე გააცანით, თუ როგორ არის ორგანიზებული თქვენი სიტყვა. მაგალითად, თუ აპირებთ, რომ გამოსვლისას სამი არგუმენტი მოიყვანოთ, ეს თავიდანვე გაანდეთ თქვენს მსმენელს. ამით მათ მისცემთ საშუალებას გაიგონ თქვენი სიტყვის რა ეტაპზე ხართ. არ დაგავიწყდეთ, დასკვნაში გაიმეოროთ თქვენი სიტყვის მთავარი ასპექტები.
რჩევები საჯარო გამოსვლის უნარის გასაუმჯობესებლად
ყურადღება მიაქციეთ როგორ იწყებთ თქვენს გამოსვლას. პირველი 10-20 წამი გადამწყვეტია, სწორედ ამ დროს ყალიბდება თქვენი მსმენელი, მოგისმინოთ თუ არა. შეეცადეთ საუბარი დაიწყოთ რაიმე ისტორიის მოყოლით ან კითხვის დასმით, მთავარია თქვათ ან გააკეთოთ ისეთი რამ, რაც მათ ყურადღებას მიიპყრობს.
მნიშვნელოვანია, მიეჩვიოთ თვალისმიერი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან. თუ ჩანაწერებში დაიწყებთ ყურებას, დამერწმუნეთ, აუდიტორიის დიდ ნაწილს მალევე დაკარგავთ. თვალისმიერი კონტაქტი აუდიტორიას ეხმარება იყოს ჩართული თქვენს გამოსვლაში, გაიზიაროს ემოცია, მოგისმინოთ ყურადღებით და გაიგოს თქვენი სათქმელი.
მსმენელებს გარკვევით ესაუბრეთ. შეეცადეთ გამოსვლა არ დახუნძლოთ იურიდიული ტერმინებით, მაშინ როდესაც სამიზნე აუდიტორიას არ აქვს იურიდიული განათლება. მაგალითად: როდესაც მიმართავთ დარბაზს, სადაც არიან ნაფიცი მსაჯულები, ან აკეთებთ განცხადებას მედია საშუალებით.
ნუ ისაუბრებთ სწრაფად, აუდიტორიას გაუჭირდება თქვენი საუბრის აღქმა.
გამოიყენეთ პაუზა, სიჩუმე, ხმის ტონალობის ცვლილება. ეს დაგეხმარებათ მიიქციოთ აუდიტორიის ყურადღება. ნუ მოგერიდებათ ხმას ოდნავ აუწიოთ ან დაუწიოთ ისეთ მონაკვეთში, სადაც ხაზი გინდათ გაუსვათ თქვენს სათქმელს.
გამოიყენეთ ისტორიები. მსმენელი პირად ისტორიებს უფრო იმახსოვრებს, ვიდრე ციფრებს და სტატისტიკას. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ სწორად შერჩეული იუმორი გამოსვლის დროს ძალიან კარგია.
რჩევები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ თქვენი გამოსვლის დღეს
შეეცადეთ ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეთ. თავს გრძნობდეთ კომფორტულად. ეს დაგეხმარებათ აიმაღლოთ თვითშეფასება და თავდაჯერებულობა.
რამდენიმე წუთით ადრე მიდით სიტყვით გამოსვლის ადგილზე. ეს ხელს შეგიწყობთ გარემოსთან ადაპტირებასა და სტრესის მოხსნაში.
თუ შეატყობთ, რომ ნერვიულობთ, გახსოვდეთ, აუდიტორიის უმრავლესობას სურს, რომ თქვენმა გამოსვლამ წარმატებულად ჩაიაროს. თუ ნერვიულობა შეგეტყობათ – ნუ იღელვებთ, აუდიტორია ამ დროს თანაგრძნობით განეწყობა თქვენს მიმართ.
იყავით ორიენტირებული თქვენს სათქმელზე და არა თქვენს თავზე. აუდიტორია გესწრებათ იმისთვის, რომ მოისმინონ თქვენი სათქმელი და არა იმიტომ, რომ შეაფასონ თქვენი საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები.
არ მიაქციოთ ყურადღება ადამიანებს, რომლებიც არ არიან ჩართული თქვენს გამოსვლაში ან თავი სმარტფონში აქვთ ჩარგული. აუდიტორიაში ყოველთვის გამოიძებნება მსგავსი ადამიანი. ნუ შეხედავთ მათ, იყავით ორიენტირებულნი მათზე, ვინც გისმენთ.
გამოსვლა დაიწყეთ იმავე ენერგიით, რაც დარბაზშია. შეეცადეთ თქვენი გამოსვლის ენერგია აუდიტორიისას დაამთხვიოთ და თანდათან გადმოიყვანოთ თქვენს ტალღაზე.
და ბოლოს: სათქმელის, პირველ რიგში, მთქმელს უნდა წამდეს: რწმენა, გულწრფელობა და ენთუზიაზმი გადამდებია. ამ სიგნალს თქვენი სხეულის ენა, ხმის ტემბრი და ტონი გამოსცემს. მის მართვას კი შესაბამისი ტექნიკის სწავლა და ხშირი გამოყენება ჭირდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: – ფართო აუდიტორიისთვის, ხშირად, – როგორ ვამბობთ – იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე რას ვამბობთ!