ავტორი: ირაკლი ყანდაშვილი
ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი
ყველა დროის საზოგადოებაში, ადამიანურ ურთიერთობებს ახასიათებს დავა და კონფლიქტი. დავა საზოგადოების ყველა ფენას ეხება, განურჩევლად სოციალური კუთვნილებისა, დავა ყოველდღიური რეალობაა სამეწარმეო სუბიექტებს, თუ მათი საქმიანობიდან გამომდინარე სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის.
თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით მიდრეკილია დავებისადმი, რაც ავტომატურად სასამართლოს სარჩელებით გადატვირთულობას იწვევს, შედეგად განაპირობებს გახანგრძლივებულ და დროში გაჭიანურებულ მართლმსაჯულების სისტემას და მოდავე მხარეების ფინანსურ დანახარჯებს.1 დავის მახასიათებელი დაძაბულობის, ნერვიულობის, ფიზიკური და ემოციური დესტაბილიზაციის, დავასთან დაკავშირებული დროის და ფინანსების დანახარჯის გათვალისწინებით საზოგადოება და სამეწარმეო სუბიექტები მუდამ ფიქრობდნენ და დღესაც ფიქრობენ თუ როგორ და რა მექანიზმებით მოახერხონ მათი მიმდინარე კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალება, დაძაბულობის კერების ეფექტური ჩახშობა და იმის მოხერხება, რომ ურთიერთობები კონფლიქტის მეორე მხარესთან გაგრძელდეს ჰარმონიულად.
ამ მიზნით, საზოგადოება დავის გადაწყვეტის ეფექტური გზების მუდმივ ძიებაში იყო, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებდა მათ საჭიროებებს და მოერგებოდა მხარეთა რეალურ ინტერესებს, მსგავსი ძიება და დაგეგმარება ავტომატურად სამართლებრივ გზებამდე მიდის და ამ მიმართულებით, მათ შორის, მთავარი, არის სახელმწიფოს სამართლებრივი პოლიტიკა ემთხვეოდეს საზოგადოების ინტერესს და საჭიროებას და თანმდევად პასუხობდეს იმ ინტერესს, რაც სახელმწიფოს მთავარ შემადგენელს – მოქალაქეებს აქვთ და ესაჭიროებათ.
საერთაშორისო პერსპექტივიდან მარტივი, ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი ფორმების არსებობა დავის გადაწყვეტის მიზნით, არის დღევანდელი საჭიროება.2
შესაბამისად, კონფლიქტში ჩართული მხარეები მუდამ ცდილობდნენ მოეძებნათ ის გზები და საშუალებები, რაც მათ კონფლიქტს, ნაცვლად გახანგრძლივებული პროცესისა და დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვისა, უფრო ეფექტურად გადაწყვეტდა და მათ შორის შეამცირებდა რისკებს, დავის მხარეებს შეუნარჩუნებდა ერთმანეთთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობას, რაც, როგორც წესი, შეუძლებელია გახანგრძლივებულ და არაპროგნოზირებადი სასამართლო საქმისწარმოების დროს. თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს, ამ ეტაპზე ვაღიაროთ, რომ კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის უფრო გავრცელებული ფორმა სასამართლო საქმისწარმოებაა, ვიდრე მისი რომელიმე ალტერნატიული საშუალებით მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის მცდელობა.3
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფოებრივი ინტერესიც თანხვედრი იყო და არის იმ საჭიროებისა, რაზეც ზემოთ არის საუბარი, რადგან ერთი მხრივ, მსგავსი შესაძლებლობების განვითარებით, სასამართლო ხელისუფლებას ეძლევა საშუალება ერთგვარი განმუხტვის, მასთან აკუმულირებული და მიმდინარე საქმისწარმოებების, ხოლო მეორე მხრივ, სრულდება დიდი სოციალური ფუნქცია, როდესაც მხარეები სასამართლოს ნაცვლად, სხვა კანონიერი გზებით დავის ამოწურვის მცდელობისას უფრო მეტად ინარჩუნებენ ერთმანეთთან ურთიერთობის რესურსს, რადგან ამ ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებით მხარეებს შორის მოგებული და წაგებული მხარის სინდრომი მათ არ ეუფლებათ, რაც უადვილებთ საზოგადოების წარმომადგენლებს და ბიზნესს, ორმაგად, კონფლიქტში მყოფ მეორე მხარესთან გააგრძელონ თანაცხოვრება თუ საქმიანი ურთიერთობის ქონა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, როგორც სახელმწიფოს ინტერესშია მაკრო დონეზე, ასევე თითოეული დავის მხარის ინტერესშია მიკრო დონეზე გამოინახოს დროის და ფინანსების კუთხით ეფექტური დავის გადაწყვეტის ისეთი მექანიზმი, რომელიც მისცემს მხარეებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, რესურსების რეალურად დაზოგვის საშუალებას და იქნება სოციალური მშვიდობის წინაპირობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს შორის თუ პირებს შორის არსებული სამართლებრივი დავის კანონიერი აღმოფხვრის სისტემის შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა. შესაბამისად, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნა, (რაც ერთგვარი კრებსითი4 სახელწოდებაა სხვადასხვა ალტერნატიული მექანიზმისა), ორგანიზება და ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს მიერ5 ორკესტრირებული პროცესი უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. შესაბამისად, მარტივია ლოგიკა, რადგან სახელმწიფო წარმოადგენს დავის ალტერნატიული საშუალებების სერვისების რეალურ მიმწოდებელს მომხმარებლებისთვის. სასამართლო, თავის მხრივ, როგორც სახელმწიფო ხელისუფალი ვალდებულია იმ სამართლებრივი პოლიტიკის გატარებაზე, რაც დაკავშირებულია დავის ალტერნატიული საშუალებების გამართულ საქმიანობას შეუწყოს ყოველმხრივ ხელი, თუმცა ეს არ უნდა გახდეს სასამართლოსთვის მიმართვის და სასამართლოს ხელმისაწვდომობის გარანტირებული და აღიარებული უფლების ხელის შემშლელი.6
ზემოაღნიშნული საჭიროებების და რეალობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური და შედეგობრივად პროგნოზირებადი იყო და არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ სოციალური დაძაბულობის და საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების შედეგიანი აღმოფხვრის ეფექტურ მექანიზმებს, ფართო გავრცელება და გამოყენება საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სახელმწიფოების, მათ შორის საერთაშორისო დონეზე მათი პოლიტიკური თუ სამართლებრივი გაერთიანებების მყარად გამოვლენილი ნება, ხელი შეეწყოს მედიაციის მაგალითზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვას ყოველდღიურობაში, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების მანძილზე მართლაც მკვიდრდება თითქმის ყველა სახელმწიფოში, როგორც დავის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური ალტერნატიული საშუალება, მედიაციისთვის მახასიათებელი ფორმების ჩათვლით. ამ კუთხით ისიც გასათვალისწინებელია, რომ რიგ ქვეყნებს ისტორიულად მოსდევთ მედიაციის მეთოდიკით ან მსგავსი ფორმებით დავების გადაწყვეტის გამოცდილება, რაც, როგორც წესი, დადებით როლს თამაშობს ამ ინსტიტუტის დღევანდელ სამართლებრივ სისტემაში ინტეგრირების თვალსაზრისით. მედიაცია განიმარტება, როგორც პროცესი, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თავად აღმოფხვრან სადავო საკითხები.
დღეისათვის მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას მსოფლიოში, რომელსაც ახასიათებს მესამე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირის ჩართულობით, კონფიდენციალური და სტრუქტურირებული პროცესის ფარგლებში, კონფლიქტის მხარეებისათვის დავის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დელეგირება, რაც მედიაციის ევროპული და არამხოლოდ აღქმის მთავარი მახასიათებელი თვისებაა. მედიაცია კონფლიქტის რეგულირების ეფექტურ ალტერნატიულ ინსტრუმენტს წარმოადგენს.7
მედიაციის დამკვიდრების მთავარი მიზანია მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა მათი ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებით დაასრულონ დავა და აღმოფხვრან კონფლიქტი საკუთარი ხელით, რა დროსაც უბრალოდ კი არ ასრულებენ მეორე მხარესთან დავას, არამედ ქმნიან წინაპირობას მხარესთან საქმიანი თუ პირადი ურთიერთობის სამომავლოდ ცივილურ ფორმებში გაგრძელების, რაშიც მედიაცია რეალურად ეხმარება მხარეებს, რადგან მედიაციის დროს ის კი არ უნდა გაირჩეს თუ ვინ რა გააკეთა წარსულში, არამედ მხარეებმა, არსებული ჩიხური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძიონ, რათა გაგრძელდეს სამომავლო ურთიერთბა მათი ინტერესების შესაბამისად; მედიაცია ეხმარება მხარეებს თვითგამორკვევაში, მოდავე მხარეების ერთმანეთისადმი მოთხოვნების რეალური მიზეზების და მიდგომის ამოცნობაში. ხშირად შეხვდებით იურიდიულ ლიტერატურას, სადაც მედიაცია „მომავალზე ორიენტირებული პროცესის“8 სახელით მოიხსენება; მედიაცია იძლევა საშუალებას მხარეებმა ხანგრძლივვადიანი შედეგი მიიღონ პროცესის წარმატებით წარმართვის და დასრულების შემთხვევაში, მით უფრო, რომ მედიაციის გამოყენება კონფლიქტში მყოფ მხარეებს დავის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება მედიაციის ინიცირება მით უფრო მაღალია დავის შეთანხმებით დასრულების პერსპექტივა.
მედიაციის მეშვეობით მხარეები ცდილობენ საკუთარი სიმართლე შეათანხმონ ერთმანეთთან, რათა სამართლის ნორმებმა არ გადაწყვიტოს ის, რაც მათ მიაჩნიათ რომ არის სწორი, რადგან კარგად მოეხსენება ყველას, რომ რიგ შემთხვევაში სამართლიანობა და კანონიერება არ არის თანხვედრი თეზები, შესაბამისად, მედიაციის გამოყენებით მხარეები სწორედ საკუთარი სიმართლის დაფიქსირებას ცდილობენ შეთანხმების გზით, ხოლო რამდენად არის ეს სამართლიანი ორივე მხარისთვის, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მხარეების მიერ არის მისაღები, ზოგადად სამართლიანობა მედიაციის ცნების მახასიათებელი სტანდარტია.9
მედიაციის სწორედ აღქმისთვის მნშვნელოვანია მხარეებს კარგად ესმოდეთ, რომ მედიაციით ისინი მუდამ სარგებელს იღებენ, კერძოდ, შესაძლოა მედიაცია კონკრეტული შეთანხმებით ვერ დაასრულონ, თუმცა მათ იმაზე კარგად ეცოდინებათ კონფლიქტის მიზეზების და დავის შესახებ ვიდრე ეს მედიაციის დაწყებამდე იყო, რაც შესაძლოა შემდგომში გახდეს წინაპირობა დავის დასრულების. შესაბამისად მედიაციის პროცესში მონაწილეობას მხარეებისთვის ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი თუ მხარეს ესმის მედიაციის შინაარსი და იცის თუ როგორ გამოიყენოს ის ინფორმაცია, რაც ამ პროცესმა მისცა მას. ხშირია ლიტერატურაში, როდესაც მედიაციას ახასიათებენ ორივე მხარისთვის მომგებიან პროცესად,10 რადგან მედიაციის სწორი და ეფქტური გამოყენებით ორივე მხარეს შეუძლია საკუთარი ინტერესების სასარგებლო შეთანხმებას მიაღწიოს; მაშინ როდესაც, სასამართლო საქმისწარმოების თუ საარბიტრაჟო საქმისწარმოების შედეგად დახარჯული ადამიანური თუ ფინანსური დანახარჯით ორივე მხარე დაზარალებულია, ხოლო ერთ-ერთი მხარის მიერ მიღწეული გამარჯვება მოჩვენებითი.
მედიაცია არის კონფიდენციალური პროცესი, რომელშიც ნებაყოფლობითობის საფუძველზე ჩართული მხარეები მესამე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შუამავალი პირის ჩართულობით, რომელსაც რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნია, ცდილობენ სასამართლოს გარეშე მიაღწიონ მათი ინტერესებისთვის მისაღებ შეთანხმებას, კერძოდ, გამონახონ ერთმანეთის ინტერესების11 გათვალისწინებით ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების პირობები.
იმის გათვალისწინებით, რომ მედიაციის თანამედროვე მოდელი, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება აბსოლუტური ნოვაციაა ქართულ სამართლებრივ რეალობაში, მისი შესწავლა ერთდროულად მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო წრეების, ასევე ქართველი პრაქტიკოსი იურისტებისათვის, რომელთაც კიდევ უფრო აქტიურად მოუწევთ მედიაციის პროცესში ჩართვა მედიატორისა თუ მხარის წარმომადგენლის ფუნქციით.
1 Esplugues C., Marquis L., New Developments in Civil and Commercial Mediation, Springer, Vol. 6, 2015, 2.
2 Carvalho J.M., Carvalho C., Online Dispute Resolution Platform in Alberto de Franceschi (ed), European Contract Law and the Digital Single Market –The Implications of the Digital Revolution, Intersentia, 2016, 245, 246.
3 Pfisterer T., Einigung und Mediation in Posch W., Schleifer W., Ferz S., Konfliktlosung im Konsens, Schiedsgerichtbarkeit, Diversion, Mediation, Leykam BuchVerlag, Graz, 2010, 78.
4 Genn H., Judging Civil Justice, Cambridge University Press, New York, 2010, 80.
5 De Palo G., Trevors M.B., Arbitration and Mediation in the Southern Mediterranean Countries, Kluwer Law International, 2007, 15.
6 Genn H., Judging Civil Justice, Cambridge University Press, New York, 2010, 80.
7Berkel G., Zur Diskussion gestellt: Deal Mediation als Konfliktbeilegung, Zeitschrift fűr Konfliktmanagement (ZKM), Verlag Otto Schmidt, Kőln, 2018, 61.
8 Trossen A., Mediation (un)geregelt, Win-Management Verlag, Műhlberg, 2014, 470.
9 Steffek F., Unberath H., (eds), Genn H., Greger R., Menkel-Meadow C., Regulating Dispute Resolution ADR and Access to Justice at the Crossroads, Hart Publishing, Oxford and Portland Oregon, 2013, 17.
10 Deixler-Hűbner A., Schauer M., (Hrsg) Alternative Formen der Konfliktbereinigung, MANZ’sche Verlags- und Universitätsbuchhandlung, Wien, 2016, 21.
11 Bäumerich M., Gűterichter und Mediatoren im Wettbewerb, Duncker&Humblot, Berlin, 2015, 23.