ადვოკატის დასკვნითი სიტყვა და მისი მნიშვნელობა

6 ივნისი 2021

ავტორი: გიორგი ტურაზაშვილი
ადვოკატი

 

თავად მოსამართლეებს უთქვამთ: „მიუხედავად მთელი სასამართლო პროცესის ჩემს წინაშე მიმდინარეობისა, ადვოკატის დასკვნითმა სიტყვამ დიდი დახმარება გამიწია სრულად და დეტალურად დამენახა ბრალდებულის უდანაშაულობა“.

ადვოკატი, ანუ დაცვის მხარე, დასკვნითი სიტყვით გამოდის და შეიძლება ითქვას, ამით ასრულებს სასამართლო განხილვას. წარმოუდგენელია ადვოკატი დასკვნითი სიტყვის შესრულების გარეშე. ამ დროს არის ადვოკატის როლის საუკეთესო გამოვლინების შანსი და ამას ეფექტურად იყენებენ პროფესიონალი ადვოკატები. შეიძლება ითქვას თვეების მანძილზე, სწორედ ამ მომენტს ელოდებოდა ადვოკატი, რათა მოსამართლის წინაშე მოეხდინა შეჯამების და დაცვის მხარის პოზიციის სისწორის ეფექტი, ანუ რატომ უნდა დასრულდეს მოსამართლის მიერ მისი კლიენტის სასარგებლოდ საქმის განხილვა. ძლიერ სისხლის სამართლის სპეციალისტს, სისხლის სამართლის სამეცნიერო ხარისხის დამსახურებულად მატარებელ პირს, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება გაუჭირდეს დასკვნითი სიტყვის დემონსტრირება მიუხედავად მისი ძლიერი სისხლის სამართლებრივი საქმის ანალიზისა, რადგან დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას პროფესიული უნარი და ხელოვნება ესაჭიროება, რათა თვეების მანძილზე შესრულებული ნაშრომი სპეციალური მიდგომით იქნას მოსამართლის მიერ მოსმენილი და წარმოდგენილი. სწორედ დასკვნითი სიტყვის დროს ჩანს ადვოკატის გულმოდგინება და შემოქმედებითი მიდგომაც, რაც აკადემიურობასთან ერთად, ეფექტურს ხდის მის სიტყვას და მოსამართლეზე სწორ გავლენას ახდენს, რომლის მიზანი კლიენტის კანონიერი უფლების ეფექტური რეალიზაციით მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელშეწყობა ხდება. დასკვნითი სიტყვის დანიშნულებაზე საუბრისას, ყოველთვის ვხედავთ ადვოკატის როლს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და რომ არა ეს სიტყვა, სასამართლოს გაუჭირდება ობიექტური და ნამდვილი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან მოსამართლე ადვოკატისგან ისმენს ბრალდებულის ირგვლივ არსებული ისტორიის, მსჯელობის, მტკიცებულებების ანალიზსა და მათ დანიშნულებას მართლმსაჯულებისათვის.

ადვოკატის დასკვნით სიტყვას გააჩნია თავისებურებანი. რა თქმა უნდა სიტყვა ყოველთვის ინდივიდუალურია ადვოკატის კლიენტის წინაშე წაყენებული ბრალდების არსიდან გამომდინარე, თუმცა მაინც გააჩნია ის აუცილებელი პროფესიული საერთო კომპონენტები, რაც მას ეფექტურობას მატებს. ადვოკატი, სიტყვით გამოსვლისას, ზოგჯერ წერილობით ფორმასაც ამჯობინებს, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის ზეპირი სახით, ანუ „ცოცხალი შესრულებით“ მეტ ეფექტს იძლევა, რომლის ტექნიკასაც ადვოკატი პროფესიული განვითარების გზაზე თანდათანობით იძენს. დასკვნითი სიტყვა მხოლოდ ზეპირად არ წარმოითქმის, არამედ მას ახლავს არავერბალური, ფიზიკურ-ჟესტიკულაციური, ემოციური და სხვა და სხვა მახასიათებლები. პროფესიონალებს უთქვამთ, რომ რამდენიმე ოქროს წესი არსებობს ადვოკატისათვის, რომელსაც ის იცავს მისი საქმიანობის ეფექტურობისათვის. გარდა კლიენტის ირგვლივ არსებული ფაქტების ზედმიწევნით ცოდნისა, საჭიროა   ადვოკატს  დასკვნითი სიტყვის თავისივე ვერსიის სჯეროდეს. საამისოდ ის შრომატევად გზას გადის, რომლის გარეშეც შეუძლებელია დამაჯერებლობა შესძინო შენს საბოლოო გამოსვლას სასამართლოში. ადვოკატი დასკვნით სიტყვამდე გადის მთელ რიგ პროცესებს დაწყებული გამოძიებით და დამთავრებული სასამართლო განხილვებით. თუ წარმოვიდგენთ, რომ ადვოკატი შემთხვევის ადგილზე თავად არის ნამყოფი და თანაც დღის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ  მომხდარია მის კლიენტთან დაკავშირებული შემთხვევა, მის დასკვნით სიტყვას მეტი დამაჯერებლობა აქვს.

დასკვნითი სიტყვის ძირითადი სტრუქტურული არსი, სულ მცირე, შეიძლება ამ ფორმულით წარმოვიდგინოთ: ფაქტები, მტკიცებულებები. თუმცა, თავად ეს ორი მიმართულება ერთობლიობაში შერწყმული არც თუ ისე ადვილია წარმოსათქმელად. დასკვნითი სიტყვა წარმოადგენს შესავალი სიტყვისას ადვოკატის მიერ მოსამართლისათვის შეპირებული თემის, ვერსიის დამტკიცებას. თემა, ანუ რა ჰქვია ადვოკატის კლიენტის ისტორიას, ერთი ან ორი წინადადებით ნათქვამი შესავალი სიტყვიდან სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის მთელ პროცესს გასდევს და ბუნებრივია ეს არ ხდება ავტომატურად, არამედ ამას ახერხებს ადვოკატი, რომელიც დასკვნით სიტყვამდე მონაწილეობს სახელმწიფო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში, როგორც ცოცხალი, ანუ მოწმეთა გადაკითხვის გზით, ისე წერილობითი და საგნობრივი მტკიცებულებების შესახებ მათი ნამდვილობის და რელევანტურობის  შემოწმებით. თემა წარმოადგენს არა მხოლოდ დასკვნითი სიტყვის, არამედ ადვოკატის საქმის ხერხემალს, რომელიც მოსამართლეს, მათ შორის ნაფიც მსაჯულებს ეხმარება მომხდარის აღქმაში. 

დასკვნითი სიტყვის ნაწილია ძლიერი დასაწყისი, როგორც ამერიკელი ადვოკატები უწოდებენ  – „ჰუკი“ და ძლიერი დასასრული. „ჰუკი“-ს გამოყენება მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა ყურადღების სწრაფად მიპყრობას, ყურადღების მიქცევას, სიტყვის მნიშვნელობას ემსახურება. ძლიერი დასაწყისი ერთ ან მაქსიმუმ ორ წინადადებაში გამოიხატება, რომელიც ადვოკატის კლიენტის ირგვლივ მომხდარს არქმევს გარკვეულ სათაურს (ეს არ არის თემა), რომლის შინაარსი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ ბრალდებიდან გამომდინარე, ასევე ხატოვან-შედარებითი სახის და მათ შორის ლიტერატურული, ისტორიული ან ტრადიციული გამონათქვამი რომელიც აღძრავს სამართლიანობისა და ლოგიკურობის განცდას მსმენელში. დასკვნითი სიტყვა სრულდება ასევე ძლიერი დასასრულით, რომელიც ჰარმონიულად არის მიბმული და ატარებს დასკვნის, შეჯამების შინაარსობრივ ხასიათს. მეტიც, დასასრულს ადვოკატი მოსამართლეს და ნაფიც მსაჯულებს პირდაპირ ეუბნება თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

მტკიცება და მტკიცებულებების შესახებ დეტალური საუბარი ადვოკატის პოზიციის დასაბუთების იარაღია. სწორედ მტკიცებულებების შინაარსობრივი და ფიზიკური დემონსტრირებით, ადვოკატი ახდენს დაცვის მხარის პოზიციის მტკიცებას, რაც წარმოადგენს სასამართლო განხილვის მთავარ შემადგენელ ნაწილს. ერთ-ერთი ადვოკატი ახდენს სუბსუმციას ანუ იყენებს კანონებს და მიუსადაგებს მის ვერსიას. სუბიექტურობის გამორიცხვის ერთ ერთი საშუალებაა ასევე კანონების სწორად შერჩევა და მათი მუხლებისა და პუნქტების გამოყენება. მეტიც, ადვოკატისთვის არსებობს ეგრეთწოდებული ცენტრალური და დამხმარე რეგულაციებიც.

დასკვნითი სიტყვა, მსჯელობისა და დემონსტრირებული სახით ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია. ადვოკატი,   მოსამართლის წინაშე, ზეპირი მსჯელობის ფორმას იყენებს. ზეპირი სახით აკეთებს ანალიზს – ადარებს ფაქტებს, მტკიცებულებებს, თავად სვავს კითხვებს, რომელსაც მოსამართლე ან მსაჯული დასვავდა და რაც მთავარია ზეპირი მსჯელობისას, თავად პასუხობს თუ როგორი უნდა იყოს კლიენტისადმი სასამართლო დამოკიდებულება. ასეთი ტექნიკით ადვოკატი ახდენს მოსამართლისადმი მინიშნებას თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

დასკვნითი სიტყვისას პროფესიონალი ადვოკატი ახერხებს განხილული საქმის ფაქტობრივ სურათში მოსამართლის ჩართვას. მოსამართლე და/ან ნაფიცი მსაჯული მომხდარის ვირტუალური მონაწილე ხდება, რაც კომფორტულია გადაწყვეტილების გამომტანისათვის (ვერდიქტი). ხოლო დამაჯერებლობისათვის კი იყენებს მტკიცებით მიდგომას – მოჰყავს განხილული მტკიცებულებებიდან არა საკუთარი კონტექსტი, არამედ კონკრეტული ციტირებები. მეტიც, არსებობს ტენდენციაც, რომ კონკრეტული მტკიცებულებებიდან ამონარიდი ყოფილა დასკვნითი სიტყვის დასაწყისი, ეგრეთწოდებული „ჰუკი“, რომელიც უკვე ვახსენეთ.

სანამ შეჯამებას შევეხებოდეთ, მნიშვნელოვანი კომპონენტია, უკვე ნახსენები, ადვოკატის არავერბალური პროფესიონალური ქცევა სასამართლო დარბაზში. გარდა ზეპირიმეტყველებისას, ტონალობის ცვალებადობისა, ადვოკატის დგომა, გადაადგილება,  ჟესტიკულაცია და მზერა უნდა ხორციელდებოდეს  იმ ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი აჟღერებს მოსამართლის წინაშე. ადვოკატის მზერა ყოველთვის მიმართულია მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულებისაკენ.

შეჯამება – ანუ ძლიერი დასასრული. სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ის არ უნდა იყოს განყენებულად წარმოდგენილი, არამედ აგრძელებდეს გამოთქმულ აზრს და ატარებდეს დასკვნის სახეს, სადაც ადვოკატი პირდაპირ ამბობს თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ, რა უნდა გააკეთონ მსაჯულებმა და რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ლოგიკური და ადექვატურია, არა მხოლოდ იმიტომ რომ ადვოკატი თვლის ასე, არამედ ის დამტკიცებულია, მტკიცებულებებით გაჯერებულია და ემსახურება ობიექტურ მიდგომას – ადამიანის უფლებებს.

ძლიერი დასკვნითი სიტყვა წარმატების მომტანია და ასეთ დროს ადვოკატის პროფესიული როლი ნიშანდობლივია, როგორც ადამიანის უფლებებისათვის, ისე მართლმსაჯულებისათვის.

და ბოლოს, კიდევ ერთი ოქროს წესი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დასკვნით სიტყვასთან არის ის, რომ ის არ უნდა იყოს სპონტანური, არამედ  მოითხოვს წინასწარ მომზადებას და ანალიზს. 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი