ავტორი: ნანა მჭედლიძე
პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის ევროკავშირის პროექტის უფროსი ექსპერტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი
წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ოჯახში ძალადობის თემის განვითარების ზოგიერთი ტენდენცია; კერძოდ, რა უფლებების დარღვევა შეუძლია განმცხადებელს და რა ვალდებულებების შესრულება მოეთხოვება სახელმწიფოს. გასათვალისწინებელია, რომ თემა წარმოჩენილია ევროპული სასამართლოს პრეცედენტული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე გადაწყვეტილების მაგალითზე.1
მ. და მ. ხორვატიის წინააღმდეგ, განაცხადი no. 10161/13, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება
პირველი განმცხადებელი არის 2001 წელს დაბადებული გოგონა, მეორე განმცხადებელი – მისი დედა. 2007 წელს, მშობლების განქორწინების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვი ცხოვრობს მამასთან. ბავშვი მამისგან, სავარაუდოდ, ექვემდებარებოდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. განმცხადებლებმა იჩივლეს პოლიციაში 2011 წელს, როცა პირველი განმცხადებლის მტკიცებით, მამამ სახეში დაარტყა და ყელში ხელი წაუჭირა. ევროპული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროისთვის, ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოებდა. პარალელურად, მეორე განმცხადებელმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, რომ დროებით ბავშვს მასთან ეცხოვრა, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ბავშვს მამასთან ცხოვრებით საფრთხე არ ემუქრებოდა. გოგონას ჩამოუყალიბდა რთული ქცევა, თვიდაზიანების ჩათვლით, რადგან სურვილის წინააღმდეგ მამასთან უწევდა ცხოვრება. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე ძირითადი პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს.
ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ გოგონას დაზიანებები აღრიცხული იყო სამედიცინო წესით. ეს მტკიცებულება საკმარისი იყო სახელმწიფოს ვალდებულების ასამოქმედებლად, რომ გამოეძია სავარაუდო ძალადობა და დაეცვა გოგონა შემდგომი ძალადობისგან.
ეროვნულ დონეზე, მამას ბრალი წაეყენა ყველაზე მძიმე ინციდენტისთვის და არა ყველა იმ არასათანადო მოპყრობისთვის, რასაც ის სავარაუდოდ, ბავშვს უქვემდებარებდა. სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაგრძელდა 4 წელზე მეტ ხანს. ამ გარემოებების საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ კონვენციის მე-3 მუხლში (დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) ინკორპორირებული ქმედითი გამოძიების ჩატარების ვალდებულება არ შეასრულა.
განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ ბოლო ინციდენტის შემდეგ, სახელმწიფომ ბავშვი მამის მზრუნველობაში დატოვა და ამით დაარღვია თავისი ვალდებულება, დაეცვა იგი შემდგომი ძალადობისგან. თუმცა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ გადადგა გონივრული ნაბიჯები შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკის შესაფასებლად. კერძოდ, ბავშვის მდგომარეობა ექვემდებარებოდა სოციალური მუშაკების მკაცრ კონტროლს; ექსპერტიზისა და სოციალური მუშაკების ერთობლივი დასკვნით, ბავშვს საფრთხე არ ემუქრებოდა. დედას მასთან ბავშვის საცხოვრებლად გადასვლაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საქმე მამის წინააღმდეგ არ იყო დასრულებული და გადაწყვეტილება ემყარებოდა სოციალური სამსახურის შესაბამის რეკომენდაციას. ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე თავისი ვალდებულება, არასათანადო მოპყრობისგან დაეცვა ბავშვი. შესაბამისად, ამ ნაწილში არ დარღვეულა არც კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მეორე განმცხადებელთან მიმართებით.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსზღვრის თაობაზე სამართალწარმოება 4 წელზე მეტხანს გრძელდებოდა, საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ სახელმწიფომ მე-8 მუხლიდან გამომდინარე თავისი ვალდებულებები არ შეასრულა. მითუმეტეს, სახელმწიფო უწყებებს უფრო მეტი ოპერატიულობა უნდა გამოეჩინათ, რადგან საქმე ეხებოდა ბავშვს, რომელიც მშობლების კონფლიქტური ურთიერთობის გამო ტრავმირებული იყო და რამაც თვითდაზიანებამდე მიიყვანა. ეროვნულმა სასამართლომ ერთხელაც არ მოისმინა ბავშვის აზრი, თუ ვისთან სურდა ცხოვრება, როგორც ამას, ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-12 მუხლი მოითხოვს.
ექსპერტების დასკვნით, ა) არც ერთ მშობელს არ შეეძლო სათანადო ზრუნვა გაეწია ბავშვისთვის და ბ) ბავშვს სურდა დედასთან ცხოვრება. ორივე მშობელი ცხოვრობდა ერთ ქალაქში და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მისი სკოლისა და სოციალური გარემოს შეცვლას არ გამოიწვევდა. შესაბამისად, ბავშვის სურვილის გაუთვალისწინებლობამ დაარღვია მისი უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობაზე. სამართალწარმოების გაჭიანურებამ, მეორე განმცხადებელთან მიმართებაშიც დაარღვია მე-8 მუხლი.
კომპენსაცია: 19, 500 ევრო პირველ განმცხადებელს და 2,500 ევრო მეორე განმცხადებელს მიყენებული მორალური ზიანისთვის.
ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ, განაცხადი no. 33401/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
საქმეზე, განმცხადებელი და მისი დედა წლების განმავლობაში, განმცხადებლის ქმრის მხრიდან ძალადობას ექვემდებარებოდნენ; ზოგიერთი დაზიანებება სიცოცხლისთვის საშიშად იყო შეფასებული. სისხლის სამართალწარმოება დაიწყო რამდენჯერმე, მაგრამ ქალების მიერ საჩივრების გატანის გამო შეწყდა. თუმცა რამდენიმე ეპიზოდის სიმძიმის გამო, საქმემ სასამართლო განხილვის სტადიამდე მიაღწია. მანქანით გატანისთვის ქმარს დაეკისრა სამი თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეეცვალა ჯარიმით და ცივი იარაღით მიყენებული 7 ჭრილობისთვის დაეკისრა ჯარიმა. როდესაც დედა ეცადა, ქალიშვილს სახლიდან გაქცევაში დახმარებოდა, განმცხადებლის ქმარმა იგი მოკლა, რათა თავისი ღირსება დაეცვა. მას მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სააპელაციო სამართალწარმოების დროს გათავისუფლდა, რის შემდეგაც განმცხადებლის მიმართ მუქარა გააგრძელა. განმცხადებლის მიმართ ღონისძიებები იქნა მიღებული მხოლოდ 7 თვის შემდგომ, როდესაც ევროპულმა სასამართლომ თურქეთისგან ინფორმაცია მოითხოვა.
ევროპულმა სასამართლომ შეაფასა, სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ თუ არა, რომ დანაშაულებრივი ქმედება რეალურ და გადაუდებელ საფრთხეს უქადდა ინდივიდის სიცოცხლეს და მიიღეს თუ არა/ვერა შესაბამისი ზომები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რომლებსაც, გონივრული შეფასებით, უნდა აეცილებინა ასეთი საფრთხე. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რისკი განჭვრეტადი იყო და ხელისუფლებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები, დაეცვა განმცხადებლის დედის სიცოცხლე. დადგინდა განმცხადებლის დედის მიმართ მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა მატერიალურ სამართლებრივ ნაწილში.
მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართალწარმოება 6 წელი გრძელდებოდა, მიუხედავად ბრალდებულის მიერ აღიარებითი ჩვენებისა. შესაბამისად, ქმედითი გამოძიების ჩატარების ვალდებულება არ შესრულებულა. ევროპულმა სასამართლომ განმცხადებლის დედის მიმართ მე-2 მუხლის საპროცესო სამართლებრივ ნაწილში დარღვევა დაადგინა.
განმცხადებლის მიმართ დადგინდა მე-3 მუხლის დარღვევა, რადგან ხელისუფლების რეაგირება არ იყო ადეკვატური მის დასაცავად. სასამართლოს მიერ დაკისრებულ მსუბუქ სანქციებს არ ჰქონდა პრევენციული და დამაშინებელი ძალა და შემწყნარებლურიც კი იყო ძალადობის სიმძიმიდან გამომდინარე. კანონმდებლობაში მოგვიანებით გათვალისწინებული დამცავი ღონისძიებები ძალადობის აღსაკვეთად ქმედითად არ გამოყენებულა.
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება შემწყნარებლურ დამოკიდებულებას იჩენდა ოჯახში ძალადობის მიმართ, რომლის შედეგადაც დაზარალებულები, ძირითადად, ქალები იყვნენ. ოჯახში ძალადობა ოჯახის შინაურ საქმედ განიხილებოდა. მოძალადე მამაკაცების მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები იყო ჩვეულება, ტრადიცია და ღირსება. ძალადობა, რომელსაც განმცხადებელი და მისი დედა დაექვემდებარნენ, იყო გენდერზე დაფუძნებული და ქალების მიმართ დისკრიმინაციული, რაც ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სათანადოდ აღკვეთილი. შესაბამისად, დადგინდა განმცხადებლის მიმართ მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა მე-3 მუხლთან ერთობლიობაში და განმცხადებლის დედის მიმართ – მე-14 მუხლის დარღვევა, მე-2 მუხლთან ერთობლიობაში.
კომპენსაცია: 30, 000 ევრო მიყენებული მორალური ზიანისთვის.
სკოცარი და ჯუნტა იტალიის წინააღმდეგ, განაცხადი no. 39221/98 და 41963/98, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
პირველი განმცხადებელი, თავის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, მეუღლისგან ძალადობას ექვემდებარებოდა. მეორე განმცხადებელი პირველი განმცხადებლის დედაა და მის მიმართ უფლების დარღვევა არ დადგენილა. ოჯახში ძალადობრივი ატმოსფერო ძირითადად პირველი განმცხადებლის ქმრის ბრალი იყო, რომელიც ბავშვებს და მეუღლეს მუდმივად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგრამ სპეციალისტის დასკვნის თანახმად, პირველი განმცხადებელი, მეუღლესთან განშორების შემდეგაც, თავისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ბავშვებს სათანადოდ ვერ უვლიდა. ამასთან, საქმეს ართულებდა უფროსი ვაჟის მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაც. ის სექსუალურ ძალადობას დაექვემდებარა იმ პერიოდში, როდესაც მშობლები სახლში არ იყვნენ და ბავშვს ოჯახთან დაახლოებულ სოციალურ მუშაკთან ტოვებდნენ, რომელიც წარსულში წამალდამოკიდებული პირი იყო. პირველ განმცხადებელს შეეზღუდა მშობლის უფლებები და ორივე შვილი მზრუნველობის ორგანოს გადაეცა. პირველმა განმცხადებელმა ევროპულ სასამართლოში კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევაზე იდავა.
ბავშვების მზრუნველობის ორგანოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, ხელისუფლების ორგანოთა ჩარევა საკმარის და რელევანტურ გარემოებებზე იყო დამყარებული და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, გამართლებული იყო. შესაბამისად, ამ ნაწილში კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.
ევროპულმა სასამართლომ მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა პირველი განმცხადებლისთვის შვილებთან ურთიერთობის შეზღუდვის ნაწილში. განმცხადებელს უფროს შვილთან ურთიერთობა სრულად აეკრძალა, ხოლო უმცროს შვილთან პირველ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნულმა სასამართლომ ეს შეხვედრა გააუქმა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ოჯახში ძალადობის საქმეზე მამის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას დედის ქმედებაშიც გამოევლინა დანაშაულის ნიშნები. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შეზღუდვებს დამაჯერებელი ობიექტური საფუძველი არ ჰქონდა. ეროვნული სასამართლოს მიერ ნებადართულ ორ შეხვედრას (თავდაპირველი დაშორებიდან წლის და ნახევრის შემდეგ) არ შეეძლო დედასა და შვილებს შორის ურთიერთობა აღედგინა; მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა შეიძლებოდა უფრო გაღრმავებულიყო. მართალია, ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ ოჯახში ძალადობრივი ატმოსფეროს შედეგად, დედასთან ურთიერთობის აკრძალვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა ბავშვების თემში არსებული სერვისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, თემის ორი ხელმძღვანელი, სადაც ბიჭები განთავსდნენ, მანამდე სექსუალური ძალადობისთვის იყვნენ მსჯავრდებულები. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დედის პრეტენზია მისი შვილების აღნიშნულ თემში განთავსებასთან დაკავშირებით გასაგები იყო. ევროპული სასამართლოს შეფასებით, მშობლები არ უნდა იყვნენ იძულებულნი, რომ განზე გადგნენ მაშინ, როდესაც მათ შვილებს მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ანდობენ. სასამართლოსთვის აგრეთვე პრობლემური იყო ქმედითი ზედამხედველობის არარსებობა აღნიშნულ თემზე; მზრუნველობაში გადაცემა განუსაზღვრელი ვადით და სოციალური მუშაკების ქმედება, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ბავშვების დედისგან კიდევ უფრო ჩამოშორებას და თემში ინტეგრაციას. შესაბამისად, დადგინდა, რომ ბავშვების უწყვეტი ვადით თემში განთავსება პირველი განმცხადებლის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს არღვევდა.
კომპენსაცია: 100, 000, 000 იტალიური ლირა პირველ განმცხადებელს და 50, 000, 000-50,000,000 იტალიური ლირა თითოეულ ბავშვს მიყენებული მორალური ზიანისთვის. სახელმწიფოს მიეთითა, აღმოეფხვრა გარემოებები, რომლებმაც განაპირობეს კონვენციის დარღვევა.
ბოლო წლებში, ოჯახში ძალადობის თემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია. ამ სფეროში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები აკისრია, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამიტომ, წინამდებარე რუბრიკისთვის შეირჩა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელშიც გამოკვეთილია ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი ასპექტი და სახელმწიფოს შესატყვისი ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციიდან გამომდინარე.2
საქმეზე მ. და მ. ხორვატიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებაში განხილულია: სახელმწიფოს ვალდებულება, დროულად გამოეძიებინა არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ოჯახში ძალადობის დანაშაული; სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას ოჯახში ძალადობის შედეგად სავარაუდო დაზარალებული; ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე სამართალწარმოებაში თავად ბავშვის მოსაზრებების გათვალისწინების ვალდებულება, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ბავშვი, სავარაუდოდ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია; დაბოლოს, იმ მშობლის უფლებები, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილი მეორე მშობლისგან ძალადობას დაექვემდებარა.
საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაში განხილულია: ოჯახში ძალადობის რისკის სახელმწიფოს მიერ წინასწარგანჭვრეტადობა; დაზარალებულთა დასაცავად მიღებული ზომების ადეკვატურობა და შესაბამისად, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლის (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა; ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება ოჯახში ქალებზე ძალადობის მიმართ, რამაც გენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციული მოპყრობა შეადგინა.
საქმეზე სკოცარი და ჯუნტა იტალიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში განხილულია: ოჯახში ძალადობის და სქესობრივი ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების მშობლებისგან ჩამოშორება; დედისთვის ბავშვებთან ურთიერთობის აკრძალვა და წარსულში პედოფილიისთვის მსჯავრდებული პირების მზრუნველობაში ბავშვების გადაცემა.
1 შენიშვნა: ამჟამად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაშია საქმე – თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ (Tkhelidze v. Georgia). განაცხადი no. 33056/17. განაცხადი ეხება განმცხადებლის ქალიშვილის მკვლელობას მისი მეუღლის მიერ. განმცხადებლის მტკიცებით, ხელისუფლებამ ვერ დაიცვა სიცოცხლე. მხარეებთან გაგზავნილ კომუნიკაციაში შეკითხვები დასმულია კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) ჭრილში.
2 გადაწყვეტილებების სრულად ნახვა შესაძლებელია მისამართზე: https://hudoc.echr.coe.int.