სოციალური მედიის სამართალი: აქტუალური საკითხები

21 დეკემბერი 2021

ავტორი: სერგი ჯორბენაძე
ასოც. პროფესორი, სამართლის დოქტორი (PhD), სამართლის მაგისტრი (LL.M.), ადვოკატი, JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი

 

წინათქმა

სოციალური მედია არ არის სამართლისგან დამოუკიდებელი სფერო. აღნიშნული პათოსი გაზიარებულია როგორც ქართულ კანონმდებლობაში, სასამართლო პრაქტიკასა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების იურისტთა ნაშრომებსა თუ მსჯელობებში. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან სოციალური მედიის მოხმარება დღევანდელ რეალობაში სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს, შესაბამისად, მისი გამოყენებით უფლების დარღვევის ალბათობა ყოველდღიურად იზრდება. 
წინამდებარე ნაშრომში მოცემულია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც პრაქტიკულად სხვადასხვა დროს ვლინდებოდა. იგულისხმება როგორც ქართული, ისე ევროპული თუ აშშ-ის პრაქტიკა. კონტინენტური სამართლის ოჯახისადმი ჩვენი კუთვნილების გათვალისწინებით, მსჯელობა უმეტეს შემთხვევაში სწორედ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ევროპული მართლმსაჯულებისა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ეფუძნება. 
ნაშრომში განხილული საკითხები ქართული სასამართლოსთვის აქტუალური იყო და ახლაც ასეა, მეტიც, რამდენიმე მათგანზე მსჯელობა ეფუძნება იმ განმარტებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ქართული საერთო სასამართლოების მიერაა გაკეთებული. 
წინდაწინვე უნდა აღინიშნოს, რომ, ნაშრომის მიზნების გათვალისწინებით, მასში არ არის მოცემული სოციალური მედიის ამომწურავი სურათი. თითოეული თემა, რომლებზეც გამახვილებულია ყურადღება, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიშალოს, მეტიც, სოციალური მედიის სამართალში, გარდა ჩამოთვლილისა, სხვა სამართლებრივი ინსტიტუტებიც იგულისხმება, რომელთა დეტალური აღწერა, ნაშრომის ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

1. სუბიექტები და ობიექტები
სოციალური მედიის სამართლის უპირველესი სუბიექტი უშუალოდ სოციალური მედიასაშუალებაა, მაგალითად: „Facebook“; „YouTube“; „Instagram“ და სხვ. თითოეული მათგანი მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმას, რომ მისი გამოყენებით სასურველი საქმიანობა შეძლონ, შესაბამისად, მომხმარებელი (ანუ პირი, რომელიც რეგისტრირდება სოციალურ მედიაში) ხდება ამავე ურთიერთობის სუბიექტი. აღნიშნული შეიძლება იყოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პირი, მაგალითად: „საქართველოს პარლამენტი“, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – Tbilisi State University“ და სხვ.
სწორედ სუბიექტთა საქმიანობა განსაზღვრავს სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, ის იყოფა ორ უმთავრეს მიმართულებად: ა) სოციალურ მედიასაშუალებასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობად, ბ) მომხმარებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობად; მაგალითად, თუ „facebook-ზე“ რეგისტრირებული ვინმე „დათო მაყაშვილი“ ამავე პლატფორმაზე რეგისტრირებულ ვინმე „ელენე ცაგურიას“ ცილს დასწამებს, მაშინ ორ რეგისტრირებულ სუბიექტის შორს გაჩნდება სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო, თუ „დათო მაყაშვილს“ „facebook-თან“ შეექმნება რაიმე გაუგებრობა, მაშინ მასსა, როგორც რეგისტრირებულ სუბიექტს, და „facebook-ს“, როგორც სოციალურ მედიასაშუალებას (სუბიექტს), შორის იარსებებს სამართლებრივი ურთიერთობა. 
თავის მხრივ, სოციალური მედიის სამართლის ობიექტებს წარმოადგენს ყველა ის სამართლებრივი სიკეთე, რომელთა მიმართულებით შეიძლება სოციალური მედიის გამოყენება, მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს არაქონებრივ უფლებებს (ზემოთ მოყვანილი მაგალითი), როდესაც პირს ღირსების უფლების დაცვის საშუალება აქვს და სხვ. 

2. სახელშეკრულებო ურთიერთობა
სოციალური მედიის სუბიექტებს შორის ხშირად მყარდება სახელშეკრულებო ურთიერთობა. ერთია სოციალურ მედიასაშუალებასთან ხელშეკრულების დადება – ანგარიშის გახსნა, ხოლო, სხვა შემთხვევაა ორ მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც ისინი პირად მიმოწერას თუ ცალკეულ საშუალებებს (მაგალითად, კომენტარს) ხელშეკრულების დასადებად იყენებენ. მეტიც, ნების გამოვლენა შეიძლება არა მხოლოდ ტექსტით, არამედ „Emoji-ს“ საშუალებითაც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მიმოწერის ერთიანი კონტექსტი და შინაარსი იძლეოდეს აღნიშნულის შესაძლებლობას. საილუსტრაციოდ გამოდგება შემდეგი მიმოწერა: 
გიორგი: გამარჯობა, ნინო, გავეცანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თქვენს პოსტს, რომელშიც წერთ, რომ ყიდით თქვენს კუთვნილ ველოსიპედს. საფასურად მითითებული გაქვთ 500 ლ. დაინტერესებული ვარ ყიდვით.
ნინო: გამარჯობა, გიორგი, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. დიახ, 500 ლ. გახლავთ ის ღირებულება, რომლის ფარგლებშიც მინდა გავყიდო ველოსიპედი. თუ შეკითხვა გაქვთ ან ნახვა გსურთ, შეგვიძლია დეტალებზე შევთანხმდეთ. 
გიორგი: ისე მეჩქარება ყიდვა, რომ ნახვას ვერ მოვახერხებ. შემდეგ რომ არ ვიპოვო ხარვეზი, გთხოვთ, რომ აქვე მითხრათ, თუ რაიმე ნაკლი აქვს ველოსიპედს. 
ნინო: დიახ, აქვს მცირე ნაკლი: ერთ-ერთი მუხრუჭი არ უმუშავებს სათანადოდ, თუმცა მწყობრიდან სრულად არაა გამოსული. ხელოსანთან მაქვს მისატანი. თუმცა, როგორც ვთქვი, სრულიად უფუნქციო არ არის. მე ახლაც ამ ველოსიპედით დავდივარ, მიჩვეული ვარ. შეკეთებაც არ სჭირდება, მხოლოდ – ხანდახან შემოწმება და მცირე დამუშავება. ეს მომსახურება დაახლოებით 20 ლარის ღირებულებისაა. ამდენად, 480 ლარად შემიძლია მოყიდვა.
გიორგი: მისაღებია ჩემთვის. კარგად ვერკვევი ველოსიპედებში და ამდენად ეს არ არის ჩემთვის დამაბრკოლებელი. კარგი, შევთანხმდეთ თანხაზე: 480 ლარად სიამოვნებით ვიყიდი და ხვალ წამოვიღებ. 
ნინო: 
გარდა იმისა, რომ მიმოწერის კონტექსტი იძლევა „ნინოს“ მხრიდან დასტურის შესაძლებლობას, მის მიერ გაგზავნილი „Emoji-ც“ კმაყოფილების გამომხატველია. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ რიგში არ მოექცეოდა შემთხვევა, როდესაც წერილობითი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა კანონით არის მოცემული, მაგალითად: შეთანხმება პირგასამტეხლოზე ან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, თუ მხარეები წინასწარ თანხმდებიან წერილობითი ფორმის აუცილებლობაზე და სხვ. 
3. სახელის უფლება
სახელის უფლების დაცვა სოციალურ მედიაში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით ხდება. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის მე-17 უფლების კვალდაკვალ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ იმოქმედოს თავისი სახელისა და გვარის მიხედვით, ასევე შეუძლია დარეგისტრირდეს ფსევდონიმით. ანალოგიურად დგას საკითხი იურიდიული პირის შემთხვევაში, რომელიც თავისი სახელწოდებით გამოდის სოციალურ მედიაში. სახელწოდება შეიძლება იყოს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, მაგალითად: „MagtiCom – მაგთიკომი“, „აგროჰაბი – AgroHub“, „Leader Experts / ლიდერ ექსპერტი“, „რადიო იმედი“, „Cavea Cinemas“, „JG Counselors“ და სხვ.
თავის მხრივ, სახელის დაცვის უფლებას ეფარება არაქონებრივ უფლებათა დაცვის საკითხი: ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პატივი და სხვ. (უპირატესად საფუძვლად ედება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლთან დაკავშირებული). არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რამდენადაა შესაძლებელი სახელის უფლების დაცვა მაშინ, როდესაც პირის იდენტიფიცირება სოციალურ მედიაში შეუძლებელია. ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, ასეთი უფლების დაცვით ანონიმური პირი არ სარგებლობს, კერძოდ, იგი ვერ დაასაბუთებს, რომ სოციალურ მედიაში შექმნილი ანგარიშის უკან სწორედ ეს პიროვნებაა და არა სხვა პირი (მაგალითად, თუ ანგარიშის სახელწოდებაა: „Qartveli Qartveli“, „Gio Rgi“ და სხვ.), თუ ანგარიშის მფლობელის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. ანალოგიური ეხება ე.წ. „ბოტებს“ და ცალკეულ შემთხვევაში – ე.წ. „ტროლებსაც“. 
სახელის უფლების დაცვა არ გულისხმობს მხოლოდ პოსტით არაქონებრივი უფლებების შელახვას, იგი შეიძლება შეილახოს ნებისმიერი საშუალებით, მაგალითად: „Gif-ით“, „Meme-თი“, „Memoji-თ“ და ა.შ., თითოეულ შემთხვევაში შელახვა შემოწმდება იმით, დასახელებულ საშუალებათა გამოყენებით არის თუ არა კონტექსტის მიხედვით არაქონებრივი უფლების შელახვის ფაქტი სახეზე. ვთქვათ, პირის „Emoji“ ნეგატიურ კონტექსტში, მით უმეტეს, თუ ამ „Emoji-ს“ ერთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი, რომლითაც ადრესატის იდენტიფიცირება შესაძლებელია. 

4. გამოხატვის თავისუფლება
აზრის, პოზიციის გამოხატვა, ინფორმაციის მიღება-გავრცელება, ცალკეული ქმედებანი, სხვა სახის მოქმედება – გამოხატვის თავისუფლების პირობებში სოციალურ მედიაში უფლების რეალიზების შესაძლებლობას წარმოადგენს. მაგალითად: აზრი საკუთარ კედელზე ან ვიდეომიმართვა პირთა განსაზღვრული ან ფართო წრისთვის, პირდაპირი ჩართვა („Live“) და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და სხვ.
გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასთან ერთად ხშირია შემთხვევა, როდესაც ვაწყდებით სხვათა უფლებების დარღვევას, მაგალითად, ცილისწამებას კერძო ან საჯარო პირის მიმართ კედელზე პოსტით, როდესაც ადრესატზე მცდარი ფაქტები ან მისთვის დამაზიანებელი განცხადება ვრცელდება. ასეთ დროს ადრესატს (რომელსაც ცილს სწამებენ) უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს პოსტის გამავრცელებლის გამო (სუბიექტებს, როგორც მომხმარებლებს, შორის დავა). თავის მხრივ, მოთხოვნაც, სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება შეიძლება იყოს შესაბამისი ფორმით, მაგალითად, თუ პირს „Story-ს“ გამოყენებით აქვს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, მოთხოვნაც შეიძლება ანალოგიური („Story-ს“) სახით საპირისპირო ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატოს. 
უხამსობა ქართული კანონმდებლობით იკრძალება, შესაბამისად, უხამსობის გზით შესაბამისი მოქმედებაც ასევე შეიძლება პირის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ მხრივ სიახლეებსაც შეიცავს, კერძოდ, იგი უხამსობაზე მსჯელობს როგორც საჯარო სივრცეში განხორციელებულ მოქმედებაზე და მას წვრილმან ხულიგნობადაც კი მიიჩნევს (სხვადასხვა ინსტანციის მიერ განსხვავებული შეხედულებაც რომ იყოს, წვრილმანი ხულიგნობის, როგორც საჯარო სივრცეში განხორციელებული ქმედების, მიმართ დღევანდელი პრაქტიკით სასამართლოს ერთნაირი პოზიცია აქვს).
ამ მიმართულებით გასარკვევია საჯარო სივრცის განსაზღვრა და დადგენა. ერთი შეხედვით, სოციალური მედიის პლატფორმა საჯარო სივრცეა, რომელიც არ მოიცავს პირთა შეზღუდულ ჯგუფს / წრეს და არ აკონკრეტებს მას, მაგრამ სოციალური მედიის განვითარების პარალელურად აღნიშნული მსჯელობა კიდევ უფრო მეტ განმარტებას საჭიროებს, რომლის თანახმადაც, საჯარო სივრცეში გავრცელებულად ითვლება არა მხოლოდ საჯარო („Public“) პოსტები, არამედ საქმიანობა, რომელიც, დავუშვათ, დახურულ ჯგუფშია განხორციელებული, რომელშიც 5 000-ზე მეტი პირია გაწევრებული (ეს რიცხვი პირობითადაა აღებული, შეიძლება, რომ ნაკლები პირის შემთხვევაშიც ასეთივე სურათი ვიხილოთ). 
საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ცენზურის დაუშვებლობა სოციალურ მედიასაც ეხება. დაუშვებელია ჩარევა, რომელიც მიმართული იქნება სოციალურ მედიაში მოქმედების შეფერხებისკენ; მით უმეტეს, დღეს ჩვენში თითქმის ყველა მაუწყებელს აქვს სოციალურ მედიაში ანგარიში, რომელშიც მათი საქმიანობის (ინფორმაციის გავრცელების) თავისუფლება ნაკლები შეზღუდვით ხასიათდება (განსხვავებით მაუწყებლობისგან). ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ მედიაში მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობა ცენზურის მცდელობად ჩაითვლება. 

5. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
სოციალურ მედიაში ანგარიშის შექმნა უმეტეს შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების პირდაპირპროპორციულია. მაგალითად, ვინმე „ლიზი ბოკუჩავა“ თუ დარეგისტრირდება საკუთარი სახელითა და გვარით, ამით იგი გაასაჯაროებს თავის პერსონალურ მონაცემებს. ასევე ამავე პირს შეუძლია გაასაჯაროოს ინფორმაცია, რომელიც მის პოლიტიკურ შეხედულებას, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა საკითხებს ეხება. თითოეულ ამ შემთხვევაში პირის მიერ თავის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დასაშვებია. სოციალურ მედიაში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება შეიძლება კონკლუდენტურ მოქმედებაში / უმოქმედობაში გამოიხატოს, რომელიც მის თანხმობად იქნება აღქმული.
სოციალური მედია თანამედროვე რეალობაში ხშირად გამოიყენება კომერციული მიზნების მისაღწევ პლატფორმად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება საკანონმდებლო დონეზეც კი აისახა, კერძოდ, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენება დასაშვებია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთად მიიჩნევა პირის მიერ თავისი სურვილით გასაჯაროებული მონაცემებიც.
6. შრომითი ურთიერთობა
სოციალური მედიის გამოყენება შრომითი ურთიერთობის კონტექსტში სამ მთავარ ასპექტს მოიცავს: ა) შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე პერიოდს, ბ) შრომითი ურთიერთობის პერიოდსა და გ) შრომითი ურთიერთობის დასრულების პერიოდს. პირველ შემთხვევაში იკვეთება ერთგვარი კავშირი პერსონალურ მონაცემებთან, კერძოდ, პირის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის ნახვა მომავალ დამსაქმებელს თავისუფლად შეუძლია, მეტიც, დასაშვებია ამ ინფორმაციის გამოყენება ხელშეკრულების დადებამდე, რათა მომავალმა დამსაქმებელმა სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის პერიოდს, აქ ჩვენ ვაწყდებით უშუალოდ შრომითი ხელშეკრულებით (შინაგანაწესით, სათანადო დოკუმენტაციით) დასაქმებულის უფლებათა შეზღუდვის საკითხს. დასაქმებულს, როგორც დამსაქმებლის „ელჩს“ სოციალურ მედიაში, შეიძლება ეზღუდებოდეს სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის ეს შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზეც აისახოს. თავის მხრივ, ასეთი შეზღუდვა არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო, ხოლო, მიზანი მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს (ვთქვათ, დამსაქმებლის სფეროს გათვალისწინება; შეზღუდვა შეიძლება შეეხოს საიდუმლოებას, საქმიან რეპუტაციასა და სხვ.). საერთაშორისო პრაქტიკაა (რომელიც საქართველოშიც მოქმედებს საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში), რომ ეთიკის კოდექსს დამსაქმებელი ადგენს დასაქმებულთათვის, რათა ეს უკანასკნელი მუშაობისას სათანადო ჩარჩოში მოექცეს. შეზღუდვა შეიძლება შეეხოს როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო საათებს. 
შეზღუდვის დარღვევა შეიძლება ითვალისწინებდეს პასუხისმგებლობის კონკრეტულ ზომას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი ან შრომითი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინაპირობა. უმთავრესია, რომ დამსაქმებლის მიერ დაცულ იქნეს „Ultima Ratio-ს“ პრინციპი. 
დასაშვებია დასაქმებულის კონტროლი შრომითი ურთიერთობისას, ეს ეხება მისი ელექტრონული მოწყობილობის კონტროლსაც. აღნიშნული ისე კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს დამსაქმებელი შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობს, არამედ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ტექნიკური საშუალების სამსახურებრივი მიზნით გამოყენების წინაპირობა (პირადი მოხმარების შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ ეს დამსაქმებლის მიერ არის დაშვებული, კონტროლი არ მოექცევა სამართლებრივ ფარგლებში). აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაქმებული გაფრთხილებული უნდა იყოს კონტროლის თაობაზე და მისი თანხმობა სათანადო წესით უნდა იყოს განცხადებული (როგორც კონკლუდენტური ქმედება (რომელიც დადასტურდება), ისე შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა).
ცალკე არის აღსანიშნავი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და შემდგომი პერიოდი, მაგალითად, თუ პირს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გამიზნულად აქვს ანგარიში შექმნილი, მან ეს ანგარიში დამსაქმებელს უნდა გადასცეს. შედარებით რთულია შემთხვევის განსაზღვრა, როდესაც დასაქმებული საკუთარ ანგარიშს იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ასეთ დროს დასაქმებულის სოციალური მედიის ანგარიშზე შეიძლება ინახებოდეს ინფორმაცია, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას ეხება. ასეთ დროს ძნელია ზღვრის დადგენა, თუ რომელი ინფორმაცია წარმოადგენს სამსახურებრივს და რომელი – პირადს. სწორედ ამიტომ საკითხის გადაწყვეტისას, ერთი მხრივ, ყურადღება მიექცევა შეთანხმებული დოკუმენტაციის შინაარსს, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე განისაზღვრება სამართლებრივი შედეგი. რაც შეეხება საქმიანობის შეზღუდვას, შესაძლებელია, რომ შეზღუდვის ეს ვალდებულება დასაქმებულს ჰქონდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც (უვადოდ), თუ შეზღუდვა კონფიდენციალურობასთანაა დაკავშირებული.

7. ინტელექტუალური საკუთრების უფლება
საავტორო უფლებები ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც ატვირთულია ან დაწერილია სოციალურ მედიაში. მაგალითად, თუ ვინმე „შოთა გუნია“ თავის კედელზე („facebook-ში“) ატვირთავს ლექსს, ამ ლექსზე მისი საავტორო უფლებები იმავე სახით გავრცელდება, როგორითაც მატერიალური სახით გამოქვეყნების შემთხვევაში. შედარებით რთული დასასაბუთებელია საჯაროობის (გასაჯაროების) საკითხის განსაზღვრა, თუ სოციალურ მედიაში პირთა განსაზღვრული წრისთვის (ვთქვათ, ხუთი მეგობრისთვის) არის ლექსი გამოქვეყნებული. 
საავტორო უფლებათა დარღვევად მიიჩნევა შემთხვევა, თუ ისეთ ნაწარმოებს აზიარებენ, რომლის გაზიარებისას (წინაპირობის გათვალისწინებით) ავტორის სახელი არ არის მითითებული, მაგალითად, სიმღერა „YouTube-ზე“ მითითებით, რომ მისი გასაჯაროება (ფართო წრისთვის) არ იკრძალება, თუ დართულია ინფორმაცია ავტორის შესახებ. თუ ამ ნაწარმოებს გაასაჯაროებს ვინმე „თეა მაცაბერიძე“ და არ მიუთითებს პირველწყაროს (მაგალითად, ჩამოტვირთავს და როგორც თავის ვიდეოს, ისე ატვირთავს სოციალურ მედიაში), ჩაითვლება, რომ მისი მხრიდან დაირღვა საავტორო უფლება. 
საავტორო უფლებები ეხება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს, მაგალითად, კონკრეტული პეიზაჟს ან პირადი გამოსახულების გამოყენებასა და მის ატვირთვას „Instagram-ზე“. ასეთ დროს ფოტოს ავტორი სარგებლობს ავტორობის უფლებით და მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აუკრძალოს ანალოგიური ნაწარმოების ატვირთვა მისი თანხმობის გარეშე. დარღვევად არ მიიჩნევა, თუ ფოტოს ავტორმა დაუშვა გაზიარების უფლება და სხვამ გააზიარა ან/და მოხდა პირველწყაროს (ავტორის) მითითება. 
უფლების დარღვევად იქნება გაგებული შემთხვევა, როცა პირი უნებართვოდ იყენებს სასაქონლო ნიშანს, მაგალითად, თუ ერთ-ერთი შპს (რომელსაც გვერდი აქვს შექმნილი „facebook-ზე“) უნებართვოდ დებს (ათავსებს) სხვა კომპანიის სასაქონლო ნიშანს. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, სოციალურ მედიაში არსებულმა აქტიურობამ/ პოპულარულობამ, სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილად/აღიარებულად აქციოს.
8. სამოქალაქო პროცესი
სოციალურ მედიაში უფლების დამრღვევი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრება საერთო განსჯადობის საკითხი. მაგალითად, თუ ვინმე „ლუკა კობიაშვილისაა“ ცილისმწამებლური განცხადება ვინმე „ანი ჩხეიძის“ მიმართ, სასამართლოში სარჩელი სწორედ „ლუკა კობიაშვილის“ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქნება შეტანილი. კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ერთობლივი ანგარიშით მოხდება ცილისმწამებლური განცხადების გამოქვეყნება, მაგალითად, თუ პოსტი დაიდება ანგარიშიდან, რომელშიც ორი პირი იგულისხმება, დავუშვათ, „დათოელენე“, მაშინ საქმე განსაკუთრებულ განსჯადობასთან გვექნება (რამდენიმე მოპასუხის გათვალისწინებით), კერძოდ, როგორც „დათო“, ისე „ელენე“ იქნებიან მოსარჩელის ადრესატები. გამონაკლისი იქნება, თუ პოსტიდან პირდაპირ იკითხება, რომელი მათგანის მიერ არის იგი დაწერილი, მაგალითად, თუ პოსტის ბოლოს მითითებაა მის ავტორზე, „დათოზე“. 
შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინონ სოციალურ მედიაში განთავსებული ინფორმაცია, პირადი მიმოწერა (კანონის დაცვით), ასევე მოითხოვონ მათი კონსტატაცია, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა და სხვ. თითოეულ შემთხვევაში (თუ საქმის გარემოება ან მიმდინარეობა სხვაგვარ მიდგომას არ მოითხოვს), დასაშვებია მტკიცებულებათა წარდგენა ე.წ. „Screenshot-ის“ სახით.
სოციალური მედიის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო ენის საკითხი შეიძლება დამატებით დაბრკოლებას წარმოადგენდეს, მაგალითად, თუ მიმოწერა ან პოსტი ლათინური შრიფტითაა დაწერილი: „lasha ebralidze aris qurdi da mas gaqurduli hyavs otkhi ojaxi“. ასეთ დროს პოსტი თარგმანს არ საჭიროებს, ვინაიდან შინაარსი სახელმწიფო ენაზე იკითხება. ანალოგიური პოსტი უცხო ენაზე რომ ყოფილიყო დაწერილი, მაშინ თარგმანისა და შესაბამისი პროცედურის გავლის ვალდებულება მხარეს დაეკისრებოდა. 
სარჩელის უზრუნველყოფა – სოციალურ მედიაში არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია და რჩება ნებისმიერი მსურველისთვის მის წაშლამდე. ამიტომ შესაძლებელია, რომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველსაყოფად მოპასუხეს მისი დროებით შეზღუდვა დააკისროს. მაგალითად, დააკისროს პირს ვალდებულება, დავის დასრულებამდე, გადაიყვანოს პოსტი „Only Me-ზე“ და სხვ. დღეის მდგომარეობით სასამართლოში მსგავსი მოთხოვნა იყო დაყენებული, თუმცა არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციას იგი არ დაუკმაყოფილებია.
9. სისხლის სამართალი
სისხლის სამართლის კოდექსში მოწესრიგებულ დანაშაულთა შორის სოციალურ მედიასთან რამდენიმე მათგანის კავშირის დანახვაა შესაძლებელი, მაგალითად: სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ადამიანის დევნა, ადევნება და სხვ. ჩამოთვლილთა გარდა, დანაშაულის რამდენიმე სახე სოციალურ მედიაში განხორციელებული მოქმედების პირდაპირპროპორციულია: პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის (კადრები, ფოტო და სხვ.) გავრცელებას ან ჩამოტვირთვას. ასეთ დანაშაულად ითვლება ქმედება, როცა პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი შინაარსის მასალას აზიარებს, თუნდაც „Messenger-ში“ უგზავნის მეგობარს, ან ჩამოტვირთავს. ცალკე მუხლი ეთმობა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების გამოყენებას ან/და გავრცელებას, რითაც, პირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. აღსანიშნავია ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, რომელიც შეიძლება უკანონოდ ჩაიწეროს, მაგალითად, ორი პირის ურთიერთობა („facebook-ში“ განხორციელებული ხმოვანი საუბარი) ჩაიწეროს მესამე პირმა.
რაც შეეხება კიბერდანაშაულს, იგი სამ მთავარ ასპექტს მოიცავს (შეგნებულად არ მახვილდება ყურადღება 2861 და 2862 მუხლებზე), ესენია: კომპიუტერულსისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის / სისტემის უნებართვო გამოიყენება და ხელყოფა. ასეთი შემთხვევა დადგება, თუ, დავუშვათ, ერთ-ერთი პირი სხვის სოციალური მედიის ანგარიშში უნებართვოდ შეაღწევს. თუნდაც მან პაროლი „გამოიცნოს“, ეს ქმედება მაინც დარღვევად ჩაეთვლება. კომპიუტერული სისტემის „უნებართვო გამოყენებად“, უპირველეს ყოვლისა, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა მიიჩნევა (როდესაც პირი სხვის პირად მიმოწერას უნებართვოდ ეცნობა). 
შეჯამება
სოციალური მედია და ცხრა სამართლებრივი ინსტიტუტი. ნაშრომში მოყვანილი ცხრავე მათგანი დიდ პრაქტიკულ დანიშნულებას პოვებს ყოველდღიურ რეალობაში. თავად პრაქტიკა და კანონმდებლობა ვითარდება და შესაძლებელია, რომ თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მსჯელობა უფრო მეტად გაიშალოს და მეტად განვითარდეს. ცხადია, აღნიშნულს სოციალური მედიის განვითარებაც შეუწყობს ხელს. დამატებითი ფუნქციების შემოტანამ შესაძლებელია ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის უფრო ფართოდ შეფასების წინაპირობა წარმოშვას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი