მოწმის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში

21 დეკემბერი 2021

ავტორი: ნიკა სადრაძე
სისხლის სამართლის ადვოკატი, სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, საბაუნის მიწვეული ლექტორი, ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ლექტორი, ტრენერი

 

მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ასეთია „მოწმის“ განმარტება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, თუმცა, როგორც პრაქტიკოსი იურისტი, ადვოკატი, ყოველთვის ვამბობ იმას, რომ ნებისმიერ ჩანაწერსა თუ დათქმას კანონში აქვს თავისი პრაქტიკული მხარე, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია როგორც იურისპრუდენციის წარმომადგენლებისთვის, ასევე არაიურისტი მოქალაქეებისათვის. მოწმის სტატუსით ხომ უმეტესწილად სწორედ ჩვეულებრივი, იურიდიული განათლების არმქონე მოქალაქეები გვევლინებიან. შევეცდები ყურადღება გავამახვილო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც მოწმის სტატუსს უკავშირდება.
მოწმეს უფლება აქვს, იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული – როდესაც გამომძიებელი იძიებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, ბუნებრივია, ახორციელებს ისეთ ქმედებას, როგორიც არის მოწმის გამოკითხვა/დაკითხვა და, შესაბამისად, მისი მთავარი მიზანი მოწმეთა ბაზის შექმნაა, იმ მოწმეებისა, რომელთაც შეიძლება გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეთ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. ამიტომ იბარებს გამომძიებელი სხვადასხვა საშუალებით – იქნება ეს სატელეფონო კავშირი თუ უწყება და ა.შ. – მოწმეს საგამოძიებო უწყებაში ინფორმაციის მისაღებად. როდესაც კონკრეტული პირი შეიტყობს, რომ მოწმის სახით არის დაბარებული, მისი მთავარი უფლებაა, იცოდეს, თუ რის გამო იბარებენ, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააზუსტოს საგამოძიებო უწყებებთან აღნიშნული საკითხი, ხოლო გამომძიებელი ვალდებულია, საკითხი მოწმის სახით დაბარებულ პირს განუმარტოს. ეს მოწმის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა. ჩვენების მიცემამდე მან უნდა შეძლოს შესაბამისი სამართლებრივი მომზადება, ჰქონდეს დრო და საშუალება კონსულტაცია გაიაროს ადვოკატთან, თუ ამისი სურვილი აქვს. გამომძიებელს არ აქვს უფლება, პირი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიბაროს ჩვენების მისაცემად ან შეზღუდოს დროის მხრივ, არ მისცეს ადვოკატის მოძებნისა და აყვანის უფლება.
მოწმეს უფლება აქვს, გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა – ეს არის მოწმის უმნიშვნელოვანესი უფლება, რომელსაც ის ხანდახან პრაქტიკაში ვერ ახორციელებს სხვადასხვა მიზეზის გამო. თუ პირი მისცემს, მაგალითად, საგამოძიებო უწყებას ჩვენებას საქმის გარემოებასთან დაკავშირებით, უპასუხებს გამომძიებლის შეკითხვებს, გამომძიებელი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი ოქმი, რომელშიც ასახული იქნება მოწმის მიერ მიცემული ჩვენება და დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები. აღნიშნული წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედების ოქმს. მოწმეს უფლება აქვს გაეცნოს აღნიშნულ ოქმს და, თუ დარწმუნდება, რომ ნამდვილად სწორად არის ჩვენება თუ პასუხები ასახული, მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი, რითაც დაადასტურებს ოქმის ნამდვილობას. გამოკითხვის/დაკითხვის ოქმზე, როგორც წესი, მოწმე წერს შემდეგ სიტყვებს: „გამოკითხვის/დაკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით; წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“, – და ეს სწორედ ასე უნდა იყოს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოაწეროს მოწმემ ხელი ისე, რომ წაკითხული არ ჰქონდეს აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი. ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით პრაქტიკაში. როდესაც ოქმზე ხელის მოწერა ეყრდნობა ნდობის პრინციპს, მოწმე ფიქრობს, რომ გამომძიებელი მას არ მოატყუებს და ოქმში ნამდვილად ის იქნება აღნიშნული, რაც მან განაცხადა, რაც, რასაკვირველია, მცდარი მიდგომაა. გამომძიებელმა შესაძლოა სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს მოწმის მიერ გაცემულ პასუხებს ან არ შეიტანოს ოქმში გარკვეული გარემოება, რაზეც მოწმემ ისაუბრა და რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს. ოქმის შემდგენმა ოქმში შეიძლება ისეთი რამ შეიტანოს, რაზეც მოწმეს საერთოდ არ უსაუბრია. ამიტომ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო გამოსაკითხი/დასაკითხი პირის მხრიდან. ოქმზე ხელის მოწერა ისე, რომ არ გაეცნოს შინაარსს, მომავალში შესაძლებელია ძალიან ცუდად თავად მოწმეს შემოუბრუნდეს. მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში იძენს მოწმის სტატუსს, მომავალში, უდიდესი ალბათობით, მასაც დაკითხავენ სასამართლო პროცესზე მოსამართლის წინაშე. სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას მოწმემ შეიძლება რადიკალურად განსხვავებულ გარემოებებზე ისაუბროს, ვიდრე ეს იყო ასახული საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში. ხოლო აღნიშნული შეუსაბამობა და განსხვავება ჩვენებათა შორის შესაძლებელია მოწმის სტატუსის მქონე პირს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობადაც კი დაუჯდეს. ამიტომ რისკებისგან თავის ასარიდებლად ის აუცილებლად უნდა გაეცნოს ოქმს და, თუ აღმოაჩენს, რომ ოქმში არასწორად არის შეტანილი ან საერთოდ არ არის შეტანილი მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მოითხოვოს შესწორების ან ცვლილების შეტანა და მხოლოდ ამის მერე მოაწეროს ხელი ოქმს.
მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს, ან ახლო ნათესავს – პირს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მას ვერავინ აიძულებს, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ; და ეს ვერ იქნება გამოყენებული საწინააღმდეგოდ, ვერ შეფასდება გამოძიებისა თუ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად. არავინ არის ვალდებული, დანაშაული აღიაროს ან ისეთ გარემოებებზე ისაუბროს, რომლებიც მისი საწინააღმდეგოა და მას დანაშაულის ჩადენაში ამხელს. ვერავინ აიძულებს პირს, ჩვენება მისცეს მშობლის, მშვილებლის, შვილის, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის განქორწინებულის) წინააღმდეგ. ეს უფლება მოწმეს აქვს როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესზე.
მოწმეს უფლება აქვს მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება – შეიძლება მოწმის სტატუსის მქონე პირი იყოს სისხლის სამართლის ისეთი საქმის მონაწილე, რომ ამ საქმეში მისი მონაწილეობის გამჟღავნებით ან უბრალოდ მონაწილეობის ფაქტის არსებობით საფრთხე ექმნებოდეს მას ან მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში მოწმეს უფლება აქვს სახელმწიფოს სპეციალური ღონისძიების გამოყენება მოსთხოვოს. აღნიშნული ღონისძიებანი შეიძლება იყოს შემდეგი სახისა:
ა) მოკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება – საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის (მოწმის) ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება.
ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტის გაცემა – ფსევდონიმის მინიჭება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გასაიდუმლოება.
გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვა სახის ღონისძიებები).
დ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა.
ე) სხვა სახელმწიფოში გადაყვანა (რელოკაცია.)
ასევე გახსოვდეთ: ამ ღონისძიებათა ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
გამოსაკითხი პირისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ცოდნაც, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი. თუ პირს აქვს გარკვეული ეჭვი, რომ გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში ან დაცვის მხარესთან ვერ ჩაივლის ობიექტურ გარემოში და მას აქვს კონკრეტული შიში მასზე შესაძლო იძულების განხორციელებასთან დაკავშირებით, მაშინ მას აქვს უფლება, უარი თქვას გამოკითხვაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში გამოკითხვის ინიციატორს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამ პირის გამოკითხვა მოსამართლის წინაშე, იქ, სადაც გამოსაკითხ პირს მისვლა და ჩვენების მიცემა ევალება.
გარდა იმ პრაქტიკული საკითხებისა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: არიან პირები, რომლებიც არ არიან ვალდებული, იყვნენ მოწმენი სისხლის სამართლის საქმეში. ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის და ასევე არაიურისტებისთვის საინტერესო იქნება ამ პირთა ჩამონათვალი. ესენი არიან:
ა) მოწმედ დაკითხვის ვალდებულება არ ეკისრება ადვოკატს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.
რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჩანაწერით დაცულია ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობა. ვერავინ ჩაერევა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობაში. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად მიმართოთ ადვოკატს და მოუყვეთ მას თქვენი სამართლებრივი გასაჭირის შესახებ და სთხოვოთ სამართლებრივი დახმარების გაწევა.
გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად.
დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს.
ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც სახალხო დამცველს.
ვ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ზ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.
თ) მოსამართლეს – იმ გარემოების ძალით, რომელიც სასამართლო თათბირის საიდუმლოებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.
სასაუბრო კიდევ ბევრია მოწმის სტატუსთან დაკავშირებით და არაერთი სტატია თუ ნაშრომი გამოქვეყნებულა ამ საკითხთა ირგვლივ, ზემოთაც აღვნიშნე, რომ მინდოდა ხაზი გამესვა და მესაუბრა პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება რიგითმა მოქალაქემ არ იცოდეს და აწუხებდეს. ჩემს პრაქტიკაში ხშირად შევხვედრივარ მოქალაქეებს, რომლებსაც იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მოუმართავთ ჩემთვის და ჩამოთვლილ უფლებათა არცოდნას წავწყდომივარ. იმედი მაქვს, ჩემი სტატია ნაწილობრივ მაინც დაეხმარება ადამიანებს, რათა მათ იცოდნენ თავიანთი მთავარი უფლებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პირის ინტერესები რაიმე სახით არ შეილახოს; ასევე ყველამ უნდა იცოდეს, რომ, თუ გამოუვალი მდგომარეობაა, თუ არ იცი, როგორ მოიქცე სისხლის სამართლის პროცესში, შენი უფლება ილახება და გსურს, იყო დაცული, ამისთვის ადვოკატი არსებობს, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, შეგიძლია მიმართო, რათა თავი მშვიდად იგრძნო.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი