სექსუალური შევიწროების მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები

24 ნოემბერი 2021

ავტორები:
მარიეტა ახვლედიანი

საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა მაგისტრი (Riga Graduate School of Law), სამართლებრივი მკვლევარი, ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტი

მარიამ გაიპარაშვილი
საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის მაგისტრი (Ghent University), თსუ-ის მიწვეული ლექტორი, სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარი ადამიანის უფლებებისა და სამართლის მიმართულებით.

შენიშვნა: სტატიაში წარმოდგენილი ავტორთა მოსაზრებები არ უკავშირდება მათთან აფილირებულ ორგანიზაციებს.

 

სექსუალური შევიწროების მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები

შესავალი

სოფლიო მასშტაბით სექსუალური შევიწროების საკითხის წინ წამოწევამ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლებასა და სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციას შორის კონფლიქტი და ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა წარმოაჩინა. სტატია მიზნად ისახავს აჩვენოს, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაზე რა სავარაუდო უარყოფითი გავლენა აქვს ცილისწამების სარჩელებსა და არასწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

სტატიის პირველი თავი ეთმობა სექსუალური შევიწროების საკითხის აქტუალურობას სავარაუდო მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმე განხილული არ იყოს როგორც რეპუტაციის შელახვის ცალკე აღებული ერთ-ერთი შემთხვევა. არ შეიძლება, მსხვერპლის გამოცდილება და მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ქმედება გააზრებული იყოს ფართო სოციალური კონტექსტის გარეშე. ერთი მსხვერპლის ცილისწამების სარჩელით გაჩუმება საფრთხეს უქმნის ყველა სხვა შესაძლო მსხვერპლს და გამყინავ ეფექტს (chilling effect) წარმოადგენს.

სტატიის მეორე თავი მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების შეჯამებას გამოხატვის თავისუფლებასა და რეპუტაციის დაცვასთან მიმართებით. გამოხატვის თავისუფლება პირს არ ანიჭებს შეუზღუდავ უფლებას, გამოხატოს აზრი, რომელიც სხვა პირის რეპუტაციაზე ახდენს გავლენას. რეპუტაციის დაცვის უფლება კი არ არის იმისი გარანტია, რომ პირი ყველა სახის კრიტიკისგან იქნება დაცული. მნიშვნელოვანია, ამ ორ უფლებას შორის ბალანსისას გათვალისწინებული იყოს, თუ რა გავლენა აქვს რომელიმე უფლების შეზღუდვას მეორის სასარგებლოდ.

მესამე თავში ავტორები წარმოადგენენ სავარაუდო მსხვერპლის გამოხატვის შეზღუდვის შემთხვევების ინოვაციურ კატეგორიზაციას. სავარაუდო მსხვერპლს უფლება აქვს, ხმამაღლა ისაუბროს საზოგადოებისთვის მოსასმენად ან/და აღსაქმელად შოკის მომგვრელ/უსიამოვნო ფაქტებზეც კი. თავის მხრივ, არც ის არის სადავო, რომ სავარაუდო მსხვერპლის მიერ გამოხატული აზრი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ რეპუტაციის შემლახველი იქნება შემავიწროებლისათვის. ავტორთა მიერ შემთხვევების დაყოფა მიზნად ისახავს გამიჯნოს, ერთი მხრივ, სავარაუდო მსხვერპლის საჯარო გამოხატვა სამართლებრივი დავის პარალელურად, მეორე მხრივ კი, სავარაუდო მსხვერპლის საჯარო გამოხატვა სამართლებრივი დავის არარსებობის პირობებში.

მეოთხე თავი ეთმობა შედარებითსამართლებრივ ანალიზს. სავარაუდო მსხვერპლნი ხმამაღლა საუბრობენ განცდილ ტრავმებზე, რის გამოც მოპასუხეებს შეაქვთ ცილისწამების სარჩელები. ამ თავში განხილულია რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა.

თემის აქტუალურობა

სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, ის, რომ ესა თუ ის სექსუალური ხასიათის ქმედება მსხვერპლისთვის არასასურველი და მიუღებელია, საზოგადოებისათვის ინფორმაციის არა მხოლოდ მიწოდებაა, არამედ მათ მიერ პრობლემის გააზრების, აღიარებისა და დამოკიდებულებათა ცვლილებებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.

სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრის პირადიდან საჯარო სივრცეში გადმოტანას სერიოზული სოციალური და საზოგადოებრივი იმპლიკაცია აქვს. მაშინ, როდესაც სექსუალური შევიწროების სხვა მსხვერპლნი აცნობიერებენ მსხვერპლის დადანაშაულების (victim blaming) მასშტაბებს, ისინი უფრთხიან განმეორებით ვიქტიმიზაციას და ჩუმდებიან მათ მიმართ ჩადენილ ფაქტებთან დაკავშირებით. შედეგად კი საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობისგან თავისუფალ (სავარაუდო) შემავიწროებელს და ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ჩადენის გაზრდილ რისკებს.1 

2006 წელს ტარანა ბურკმა (Tarana Burke) საფუძველი ჩაუყარა #metoo მოძრაობას, რომლის მიზანი დუმილის დარღვევა და ტაბუირებულ თემებზე – სექსუალურ დანაშაულსა და სექსუალურ შევიწროებაზე – ხმამაღლა საუბარი იყო.2 2017 წელს ჰარვი ვაინშტაინის (Harvey Weinstein) წინააღმდეგ ქალების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა (პირველი იყო ალისა მილანო) ეს მოძრაობა3 გააფართოვა და გააძლიერა. „ჰაშთაგმა“ მოიცვა სოციალური ქსელები და მედია, რასაც ხელს უწყობდა ისიც, რომ გადატანილ ტრავმებზე საუბარი დაიწყო ბევრმა მსხვერპლმა, მათ შორის – ცნობილმა ადამიანებმა. ამ კამპანიას ერთგვარი სოციალური ფენომენი ეწოდა, რადგან, 2018 წლის მონაცემებით, „ჰაშთაგი“ 19 000 000-ჯერ გამოქვეყნდა ტვიტერზე;4 გასცდა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს და იქცა საერთაშორისო მასშტაბურ მოძრაობად;5 იქცა მხარდაჭერის სოციალურ გზავნილად ყველა მსხვერპლისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ, მხნეობას ანიჭებდნენ მარგინალიზებულ პირებს და საუბრისკენ უბიძგებდნენ.6

მოძრაობის გააქტიურების შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) არაერთი დადებითი ცვლილება განხორციელდა: კერძოდ, შეიცვალა კანონმდებლობა,7 დამსაქმებლები ცდილობენ ღონისძიებები გაატარონ სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის,8 ფონდები ეხმარებიან მსხვერპლთ ინდივიდუალური საქმეების წარმართვაში, აშშ-ის კონგრესმა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პოლიტიკის დოკუმენტი შეცვალა.9 RAINN-ის კვლევის თანახმად, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მილიონობით ამერიკელია.10

მოძრაობის ყველაზე დიდი მონაპოვარი სოციალური ნორმების ცვლილებაა,11 ქალთა პრობლემების წინ წამოწევა და მათთვის გამბედაობის ჩანერგვა, რომ ისაუბრონ მატრავმირებელ გამოცდილებაზე.12 კამპანიამ გაზარდა ცნობიერება ძალადობის/სექსუალური შევიწროების თაობაზე, პოლიციისთვის მიმართვამ და ცხელ ხაზზე ზარების ოდენობამ იმატა.13 აშშ-ში ქალების 70% მეტი აცხადებს, რომ ამ მოძრაობამ სამუშაო გარემო უკეთესობისკენ შეცვალა.14 მსხვერპლმა ქალებმა ერთმანეთის მხარდაჭერის იმედად გაბედეს და ისაუბრეს თავიანთ მძიმე გამოცდილებაზე. ნიშანდობლივია, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა ქალია, რომლებიც საზოგადოებრივი უნდობლობისა და სტიგმის შიშით დუმილს ამჯობინებდნენ, რაც ბიძგს აძლევდა ამგვარი ტიპის ქმედებას. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პოლიციისთვის მიმართვიანობა15 და სასარჩელო წარმოება ამ ტიპის საკითხებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.16 ასევე ამაღლდა ქალების ცნობიერება, მათ შეიგნეს, რომ ამ ტიპის ფაქტებს დუმილით აღარ უნდა შეხვდნენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალების 74% აცხადებს, რომ #metoo კამპანიის დამსახურებით სექსუალური შევიწროების ფაქტს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.17

სექსუალურ შევიწროებაზე საუბრის გააქტიურებამ გამოიწვია მსხვერპლთა მიმართ ცილისწამებაზე სარჩელების ზრდა18, მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ სექსუალური შევიწროების/ძალადობის თაობაზე განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული არის საზოგადოებაში დამკვიდრებული კიდევ ერთი სტერეოტიპი, უნდობლობა ქალის მიმართ,19 ეს მაშინ, როდესაც ცრუ განცხადებები რეალურ შემთხვევებთან შედარებით ძალიან მცირეა. ქალთა მიმართ წამოწყებული უნდობლობის კამპანია ხშირად #metoo მოძრაობის წევრებს კომპენსაციაზე „მონადირეებად“ (huntresses) წარმოაჩენს.20

ბუნებრივია, ცილისწამების სარჩელების მავნე პრაქტიკა მიზნად ისახავს მსხვერპლის გაჩუმებას და ასუსტებს სოლიდარობის ამ აქტს, რომელიც #metoo კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, ცილისწამების თაობაზე სარჩელების განხილვისას ფართო სოციალური კონტექსტი და ყველა მსხვერპლის ფსიქოლოგია უნდა გაანალიზდეს. ამან არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის დაშინება და დადუმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მრავალი ფაქტი კვლავ გამოსავლენი დარჩება. მოსამართლემ, რომელიც ამ საკითხს განიხილავს, მხედველობაში უნდა მიიღოს გამყინავი ეფექტის საფრთხე და საკითხი სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასოს. თუკი სასამართლო ამ საკითხს ყოველმხრივ არ შეაფასებს, ეს იქნება ერთმნიშვნელოვანი გზავნილი მსხვერპლთათვის, რომ ისინი მდუმარედ უნდა შეეგუონ სექსუალურ შევიწროებას, რაც, თავის მხრივ, ანადგურებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ცილისწამების თაობაზე სარჩელები არ უნდა იქცეს უფლების ბოროტად გამოყენების საშუალებად და მსხვერპლთა დადუმების ინსტრუმენტად.

 

გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი და ბალანსის ტესტი

ცილისწამების საქმეებში გამოხატვის თავისუფლებასა და რეპუტაციის დაცვას შორის კონფლიქტი ახალი ფენომენი არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ წინაშეა პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლია და გადაწყვეტილებას იღებს ამის შესახებ საჯაროდ ისაუბროს, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს სავარაუდო შემავიწროებელი, რომლის რეპუტაციაც სექსუალური შევიწროების ბრალდებით ილახება .

გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და, შესაბამისად, წონადი მიზეზია საჭირო იმისთვის, რომ შეიზღუდოს. დაცულია არა მხოლოდ ისეთი ინფორმაცია ან იდეა, რომელიც დადებითად/მისაღებად აღიქმება ან მიიჩნევა, როგორც უწყინარი და უვნებელი, არამედ ისეთიც კი, რომელიც აბრაზებს, შოკში აგდებს ან აწუხებს სახელმწიფოს ან მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს.21 ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დაცულია როგორც გამოხატული ინფორმაციისა და იდეების შინაარსი, ასევე მათი გამოხატვის ფორმაც.22 გამოხატვის თავისუფლებისა და რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის კოლიზიისას სასამართლო იყენებს რამდენიმე კრიტერიუმს, კერძოდ ესენი გახლავთ: სადავო განცხადების წვლილი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხთან დაკავშირებით; იმ პირის ცნობადობა, რომელსაც შეეხებოდა სადავო განცხადება და მისი ქმედებები სადავო განცხადების გამოქვეყნებამდე; სადავო განცხადების საგანი, შინაარსი, ფორმა და შედეგები; სადავო განცხადების გავრცელებული ინფორმაციის მოპოვების გზა და მისი სარწმუნოობა.23

რეპუტაცია არის არა თვითპატივისცემა, არამედ სხვების პატივისცემა ამა თუ იმ პიროვნების მიმართ.24 ამდენად, ცილისწამება პირის მიმართ არის ყალბი ან არასწორი განცხადების გაკეთება, რაც მის რეპუტაციას საზოგადოების წევრთა თვალში გონივრულობის თვალსაზრისით ზიანს აყენებს. განცხადება/აზრი მხოლოდ მაშინ არის ცილისწამება, თუ პირის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არასწორია, ხოლო, თუ ბრალდება/მტკიცება სიმართლეს შეესაბამება, მიუხედავად მისი შოკისმომგვრელი შინაარსისა, ცილისწამებად ვერ იქნება მიჩნეული.25 ეს მიდგომა მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ადამიანის რეპუტაცია არის ის, რაც სიმართლეს ემყარება და არა მხოლოდ კარგი რეპუტაცია, რომელიც სიცრუეზეა დამყარებული და, ამდენად, დაუმსახურებელია.26

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ რეპუტაციის დაცვა ექცევა პირადი ცხოვრების პატივისცემის ფარგალში, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი და ოჯახური ცხოვრება) დაცულ სფეროში ჩარევაზე რომ ვიმსჯელოთ, აუცილებელია, პიროვნების რეპუტაციაზე თავდასხმის მასშტაბმა გარკვეული დონის სერიოზულობას მიაღწიოს.27 ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევაზე ვერ ვიდავებთ, თუ რეპუტაციის დაკარგვა განჭვრეტად შედეგს წარმოადგენს, რომელიც პირის ქცევამ (მაგალითად, დანაშაულებრივმა ქმედებამ) გამოიწვია.28 ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ ფაქტების აღიარება და საჯარო გამჟღავნება შევიწროების მსხვერპლისთვის უფლების აღდგენის ერთ-ერთი გზაა. თუმცა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, ანუ რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება, ვინაიდან ეროვნული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმცხადებელი მითითებული იყო როგორც შემავიწროებელი, ეს მაშინ, როცა ის საერთოდ არ იყო წარმოების შესახებ ინფორმირებული, მასში მონაწილეობა არ მიუღია და, გონივრული დასკვნით, არ შეეძლო განეჭვრიტა შედეგები. ეროვნული სასამართლო საჯარო ადმინისტრაციის სხვადასხვა დარღვევაზე მსჯელობისას არ შემოიფარგლა მხოლოდ მსხვერპლის მიერ გადატანილი შევიწროების დადგენით და შემავიწროებლის პერსონალური ინფორმაცია და ფაქტის დეტალები თავად შემავიწროებლის მონაწილეობის გარეშე გაამჟღავნა.29

სექსუალური შევიწროების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უფლებადარღვევის, შესახებ პირს შეუძლია იჩივლოს, აგრეთვე გაავრცელოს ინფორმაცია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სავარაუდო შემავიწროებელი თანამდებობის პირი ან სხვა საჯარო პირია და მათი ქმედებების მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი. საჯარო ინტერესი უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომელთა მიმართაც არსებობს ლეგიტიმური ინტერესი და მის ირგვლივ დისკუსიაც იპყრობს არსებით ყურადღებას. ეს განსაკუთრებით ეხება საკითხებს, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. ასევე ეს შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც სოციალურ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი ფართო პოლემიკას იწვევს ან გულისხმობს პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, რათა ინფორმირებული იყოს.30 უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექსუალური შევიწროების კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით შესაძლებელია არც არსებობდეს, კლასიკური გაგებით, საჯარო ინტერესი, ვინაიდან სავარაუდო შემავიწროებელი არ არის ცნობილი პიროვნება და არ აქვს კავშირი საზოგადოების ფართო მასასთან.

სექსუალური შევიწროება, ერთი შეხედვით, ინდივიდუალურ – სავარაუდო მსხვერპლსა და შემავიწროებელს შორის – ურთიერთობას შეეხება და სავარაუდო შემავიწროებელიც საკუთარ ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი. თუმცა სექსუალური შევიწროება სოციალური ფენომენია და ეხება მთლიანად საზოგადოებას, ვინაიდან სწორედ საზოგადოებაში არსებული აღქმა, ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპები მისაღები თუ მიუღებელი სექსუალური შინაარსის ქმედების შესახებ ახდენს გავლენას სავარაუდო შემავიწროებლის დამოკიდებულებაზე სავარაუდო მსხვერპლის მიმართ. ამდენად, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე „საჯარო ინტერესის“ საკითხი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. სწორედ ამიტომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ერთ-ერთი საზომი – „საჯარო ინტერესი“, ისევე როგორც „პირის ცნობადობა“, შესაძლებელია სექსუალური შევიწროების მსხვერპლის გამოხატვასთან მიმართებით მართებული კრიტერიუმები ვერ იყოს.

 

სადავო შემთხვევათა კატეგორიზაცია

სექსუალური შევიწროების ფაქტებს შორის სავარაუდო მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლების ჭრილში შეგვიძლია პირობითად გამოვყოთ ორი ძირითადი კატეგორიის ხუთი შემთხვევა. დაყოფა პირობითია და შეიძლება ამომწურავი არ იყოს. ქვემოთ მოცემულ ყველა შემთხვევაში სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი შეიძლება გახდეს ცილისწამების სარჩელის სამიზნე.

პირველ კატეგორიაში შეგვიძლია განვიხილოთ შემთხვევები, როდესაც პირი სამართლებრივად დავობს, ასევე საჯაროდ საუბრობს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე, კერძოდ:

(1) სავარაუდო მსხვერპლს აქვს სათანადო და საკმარისი მტკიცებულებანი და დგინდება სექსუალური შევიწროება;

(2) სავარაუდო მსხვერპლს აქვს მხოლოდ მცირედი მტკიცებულება, რაც არ არის საკმარისი, და ამის გამო ვერ დგინდება სექსუალური შევიწროება;

(3) სავარაუდო მსხვერპლი მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას აღიქვამს სექსუალურ შევიწროებად, აქვს გარკვეული მტკიცებულება და მოქმედებს მისი აღქმისა და კეთილსინდისიერების (good faith) ფარგლებში; თუმცა ფაქტი არ დგინდება, ვინაიდან ქმედება არ წარმოადგენს სექსუალურ შევიწროებას.

პირველი კატეგორიის შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, სავარაუდო მსხვერპლს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება, კერძოდ, თუ საჯარო სივრცეში ისაუბროს თავისი გამოცდილების შესახებ, ვინაიდან ის, საკუთარი აღქმით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა და ამ ფაქტზე საუბარი დაიწყო კეთილსინდისიერების ფარგლებში ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე. სამართლებრივი დავის დასრულების შემდეგ დადგინდება თუ არ დადგინდება სექსუალური შევიწროება, მას არ უნდა ეშინოდეს, რომ ცილისწამების გამო უჩივლებენ. ხსენებული მიდგომის გასაგებად მნიშვნელოვანია, ზოგადად, სექსუალური შევიწროების სპეციფიკა და სენსიტიურობა. ეს არის იმ საქმეთა კატეგორია, რომელშიც სავარაუდო მსხვერპლის აღქმას გონივრულობის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღქმის გაგება მათ შორის მოიცავს ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ აღქმათა ანალიზსაც.31

(1): იმ შემთხვევაში, თუ სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდება, ბუნებრივია, ლოგიკურად ვერ იქნება მიჩნეული, შემავიწროებლის დავა რეპუტაციისთვის ზიანის გამო და ცილისწამების გამო მსხვერპლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევაზე პირი ვერ იდავებს, თუ რეპუტაციის დაკარგვა გამოწვეულია თავად პირის ქმედებით და ის წარმოადგენდა განჭვრეტად შედეგს.32

(2) და (3): რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც სექსუალური შევიწროება მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო ვერ დგინდება, თუ სავარაუდო მსხვერპლის აღქმით მის მიმართ ჩადენილი ქმედება სექსუალური შევიწროებაა, მაგრამ ეს ამგვარად ვერ კვალიფიცირდება, მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერების კრიტერიუმი გამოხატვის თავისუფლების ჭრილში. ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დაადგინა და აღნიშნა, რომ, მართალია, პირმა ვერ შეძლო ეროვნული სასამართლოსთვის დაედასტურებინა, რომ მის ბრალდებებს ჰქონდა ფაქტობრივი საფუძველი, მაგრამ პროცესის დროს ცხადი იყო, რომ ცდილობდა დაემტკიცებინა ფაქტების ნამდვილობა, რაც მთლიანობაში აჩვენებდა, რომ ის კეთილსინდისიერების ფარგლებში მოქმედებდა.33 შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დადასტურდება, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სავარაუდო მსხვერპლმა მის მიმართ ქმედება არასასურველ სექსუალურ ქცევად მიიჩნია და კეთილსინდისიერების ფარგლებში უჩივლა სავარაუდო შემავიწროებელს და გაასაჯაროვა სავარაუდო ფაქტი.

განსახილველ კონტექსტში არ უნდა იყოს შეზღუდული სავარაუდო მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, რადგან ამით სავარაუდო მსხვერპლი მის მიერ გადატანილი, მისი აღქმით, არასასურველი სექსუალური ქმედებისა და სავარაუდო შემავიწროებლისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს. ამდენად, პირველ კატეგორიაში შემავალ სამივე შემთხვევაზე სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლება ფართო უნდა იყოს და არ უნდა ექვემდებარებოდეს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მასში იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც პირი სამართლებრივად არ დავობს, მაგრამ საჯაროდ ან გარკვეულ ვიწრო სოციუმში  აზიარებს სექსუალური შევიწროების ფაქტისა და სავარაუდო შემავიწროებლის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ:

(4) დიდი ხნის წინ მომხდარი სექსუალური შევიწროების ფაქტები, რომელთა განხორციელების დროსაც სავარაუდო მსხვერპლს არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია და არც სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, საერთოდ არ აქვს ან აქვს მხოლოდ მწირი მტკიცებულება ან/და გასულია სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა და ამჟამად კეთილსინდისიერების ფარგლებში საზოგადოებას ესაუბრება მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ;

(5) მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში აქვს პირს ბოროტი განზრახვა, როცა (malice intention) ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ სხვა პირს ადანაშაულებს.

მეორე კატეგორიაში შემავალი შემთხვევები შესაძლოა ბევრად უფრო სადავო იყოს. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით საყურადღებოა (4) და (5) შემთხვევები, როდესაც სავარაუდო მსხვერპლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დიდი ხნის წინ მოხდა და, შესაბამისად, არ გააჩნია სათანადო ან/და საკმარისი მტკიცებულებები, რომ სამართლებრივად ამტკიცოს ესა თუ ის ფაქტი, თუმცა ის ამ ინფორმაციას კეთილსინდისიერების ფარგლებში ავრცელებს და არ აქვს ბოროტი განზრახვა. სავარაუდო მსხვერპლისათვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ძიება და მათთვის მიმართვა ყოველთვის არ წარმოადგენს პირველ რეაქციას. სავარაუდო მსხვერპლის მიერ სექსუალური შევიწროების გამოცდილების შესახებ გამოქვეყნება (მაგ. სოციალური ქსელის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით) მის მიერ ფაქტთან ერთგვარი გამკლავების საშუალებაა. ხშირად სოციალური ქსელი მსხვერპლისათვის შეიძლება ასოცირდებოდეს უსაფრთხო სივრცედ, სადაც ეყოლებიან მხარდამჭერები და ადამიანები, რომლებიც მოუსმენენ და გაამხნევებენ. ამასთან, არასასურველი გამოცდილების გაზიარება შეიძლება მიზნად ისახავდეს სხვების გაფრთხილებას სავარაუდო შემავიწროებლის შესახებ (მაგ.: ამა თუ იმ სფეროში დამსაქმებელი; სამედიცინო თუ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი; საჯარო სერვისის მიმწოდებელი და სხვ.). ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, სავარაუდო მსხვერპლი, თავისი გამოხატვის ფარგლებში, უფრო დაუცველია და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ალბათობაც უფრო მაღალია. თუმცა თეორიულად შესაძლებელია, რომ ასეთ შემთხვევებშიც გამოირიცხოს პასუხისმგებლობა ცილისწამებისათვის, თუკი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა კეთილსინდისიერების ფარგლებში ხდება.

ბუნებრივია, მეორე კატეგორიის შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი სამართლებრივი გზით არ დავობს, რთულია კეთილსინდისიერების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასა და ბოროტი განზრახვით გავრცელებულ ინფორმაციას შორის გამყოფი ხაზის გავლება. მსგავსი შემთხვევების გამო ცილისწამების სარჩელის შეტანა შესაძლებელია იყოს ლოგიკური საშუალება, რომ პირის რეპუტაციას დაუმსახურებლად არ მიადგეს სერიოზული ზიანი. თუმცა ასეთ დროს მნიშვნელოვანია ცილისწამების საქმის განმხილველი სასამართლოს გენდერულად სენსიტიური და სპეციფიკური მიდგომა. ჰიპოთეტურად, ცილისწამებაში მსხვერპლის დადანაშაულების საკითხის დანახვა ერთმანეთთან დაკავშირებული ორი პერსპექტივიდან შეიძლება: პირველი, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდო მსხვერპლმა, რომელიც კეთილსინდისიერების ფარგლებში მოქმედებდა, სასამართლოს ვერ დაუმტკიცა გამოთქმული ფაქტების სისწორე, ვინაიდან მტკიცების მძიმე ტვირთი დაეკისრა; და მეორე: მსხვერპლის ცილისწამებაში დადანაშაულება შეგვიძლია დავუკავშიროთ სასამართლოს ხისტ მიდგომას, რომელმაც რეპუტაციის შელახვის დასადგენად ზოგადი სტანდარტი გამოიყენა; მტკიცების მძიმე ტვირთი მსხვერპლს დააკისრა ან პირიქით – საერთოდ არ შეაფასა ცილისწამების საქმე სექსუალური შევიწროების ფაქტების ჭრილში მის ნაწილად. ამდენად, ასეთ დროს მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ მთლიანი სოციალური კონტექსტის  გათვალისწინება, სექსუალური შევიწროების მასშტაბურობის აღიარება და იმ სამართლებრივი თუ სოციალური გამოწვევების გაანალიზება, რომლებიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლის წინაშე იდგა/დგას.

სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოვლენა და შემავიწროებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უმნიშვნელოვანესია ამ უფლებადარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად. სექსუალური შევიწროების მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა წარმოადგენს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის კატალიზატორს. მაშინ, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი სამართლებრივი გზებით ცდილობს დაადასტუროს მის მიმართ არასასურველი სექსუალური ქმედების ჩადენის ფაქტი, სავარაუდო შემავიწროებლის მიერ რეპუტაციის დაცვაზე დავა მხოლოდ და მხოლოდ საბაბი და რეპრესიული მექანიზმია მსხვერპლის წინააღმდეგ. ამდენად, კანონმდებლობა საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ ამ რეპრესიული მექანიზმის ჩამკეტი ბერკეტი არსებობდეს.

შედარებითი ანალიზი

საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია inter alia, წინასასამართლო/სასამართლო სხდომაზე ან სახალხო დამცველის წინაშე.34 ამდენად, თუკი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ფაქტთან დაკავშირებით მიმართავს სამართლებრივი დაცვის საშუალებებს – სასამართლოს ან/და სახალხო დამცველს, მის მიერ ამ ორგანოებში დაფიქსირებული მოსაზრებები ცილისწამებად არ იქნება მიჩნეული. თუმცა საკითხის საჯარო სივრცეში გამოტანის გარანტიები და თავისუფლება არ არსებობს, ვინაიდან მის წინააღმდეგ შეიძლება ცილისწამების სარჩელი სავარაუდო შემავიწროებელმა შეიტანოს. იმის გათვალისწინებით, მსხვერპლისათვის რამდენად გრძელვადიან პროცესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ერთი მხრივ, სექსუალური შევიწროების ფაქტზე დავა და, მეორე მხრივ, ცილისწამების სარჩელთან გამკლავება, მაღალი ალბათობით იგი მოერიდება სექსუალურ შევიწროებაზე საჯარო საუბარს და მეორად ვიქტიმიზაციას.

ამერიკის შეერთებული შტატები

განსახილველ საკითხზე ტეხასის სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება (Kristen Vander-Plas v. Donald R. May).35მოცემულ შემთხვევაში სტუდენტმა საჯაროდ განაცხადა სექსუალური შევიწროების თაობაზე და მოპასუხედ საჯარო პირი (პოლიტიკოსი) დაასახელა. საჯარო განცხადებების გამო მისტერ მეიმ სტუდენტის წინააღმდეგ ცილისწამების თაობაზე სარჩელი შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ყოფილი სტუდენტის ბოროტი განზრახვა (actual malice), მისთვის ზიანი მიეყენებინა საჯარო განცხადებით.36 ამ საქმეს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში, გადაწყვეტილება აკადემიურ სივრცეშიც შეფასდა. მასში აღინიშნა, რომ სარჩელები მსხვერპლის გაჩუმებას ისახავდა მიზნად და ეწინააღმდეგებოდა გამოხატვის თავისუფლების იდეას (being SLAPP-ed).37

ამასთან, სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაზე სავარაუდო მსხვერპლის განცხადებები შტატის სპეციალური კანონით (Texas Citizens Participation Act)38 დაცულად მიიჩნია. დასახელებული აქტი წარმოადგენს ე.წ. Anti-SLAPP law-ს, რომელიც შტატების უმრავლესობაში არსებობს.39 SLAPP (Strategic Lawsuit Against Public Participation) სარჩელები ეწოდება ისეთ სარჩელებს, რომლებიც მიზნად ისახავს პირის ან პირთა გაჩუმებას, რათა მათ ვერ შეძლონ კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული უფლებით – გამოხატვის თავისუფლებით – სარგებლობა.40 მართალია, შტატების SLAPP კანონმდებლობა ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავდება, მაგრამ ხშირად გამოიყენება.41

კალიფორნიაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა გამოხატვის თავისუფლებას კალიფორნიაში სპეციალური პრივილეგია იცავს.42 2018 წელს აქ მიიღეს სპეციალური კანონი (AB 2770),43 რომელიც კონკრეტულად მიუთითებს შემთხვევებს, როდის ჩაითვალოს სექსუალური შევიწროების მსხვერპლის გამოხატვის ფორმა პრივილეგირებულად, რათა დაცული იყვნენ ცილისწამების სარჩელებისაგან.44 კალიფორნიის შტატის პრაქტიკა თანხვდება კანონს, კერძოდ, მომღერალმა მარგარეტ ოსბორნმა (aka Alice Glass) ყოფილი პარტნიორი კლაუდიო პალმიერი (aka Ethan Kath) საჯაროდ დაადანაშაულა სექსუალურ, ფიზიკურსა და ემოციურ ძალადობაში. მომღერლის განმარტებით, სექსუალური შევიწროება და ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც ის 15 წლის იყო.45 კლაუდიო პალმიერმა უარყო ბრალდებები და ცილისწამების გამო მარგარეტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც ლოს-ანჯელესის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.46

#metoo კამპანიის მონაწილეთა წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ სარჩელების შეტანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიპყრო როგორც მედიის, ისე აკადემიური წრეების ყურადღება.47 სამართლის სპეციალისტები მსჯელობენ, სად გადის ზღვარი მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას შორის.48 მეცნიერთა ნაწილი მომხრეა, ასეთ შემთხვევაში საერთო სამართლის სისტემაში (common law) მყარად დამკვიდრებული აბსოლუტური პრივილეგიის პრინციპი გავრცელდეს მსხვერპლებზე, თუ მოპასუხეს მტკიცების ტვირთი ეკისრება (to prove Actual malice). მეორე სტრატეგია კი არის anti-SLAPP კანონმდებლობის გამოყენება სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დასაცავად.

გაერთიანებული სამეფო

2017 წელს ინგლისის უმაღლესმა სასამართლომ (High Court of England and Wales) ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში არ დააკმაყოფილა სარჩელი ცილისწამების შესახებ.49 ფაქტობრივ გარემოებათა თანახმად, საჯარო პირი (Governer) სავარაუდო მსხვერპლს, მასთან დასაქმებულს, უჩიოდა ცრუ ფაქტების გავრცელების გამო. სექსუალური შევიწროების მსხვერპლის განმარტებით, ინფორმაცია ფაქტების თაობაზე მან გამოაქვეყნა და ამის თაობაზე სხვა თანამშრომლებსაც მეილით აცნობა.

სასამართლოს განმარტებით, მსხვერპლის ქმედება – თუნდაც ფაქტების თაობაზე ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – პრივილეგიის პრინციპითაა დაცული,50 ხოლო გადაწყვეტილებაში ამ პრინციპის, როგორც მსხვერპლთა დაცვის ინსტრუმენტის, განმარტებისას აღნიშნულია, რომ საჯარო პირს მეტი მოთმენის ვალდებულება ეკისრება, მით უმეტეს, როდესაც სადავო ხდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ჩადენილი ქმედება.

ინდოეთი

ინდოეთში სასამართლომ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა არ დააკისრა სექსუალური შევიწროების მსხვერპლს, რომელმაც ათწლეულის შემდეგ ისაუბრა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროების სამართლებრივი დაცვის მექანიზმის არარსებობის პირობებში მხედველობაში მიიღო სამუშაო ადგილზე სისტემატური შეურაცხყოფა. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ქალთა უმრავლესობა, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, ვერ საუბრობს ამ ფაქტზე „სირცხვილის“ ან ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ირგვლივ არსებული სოციალური სტიგმის გამო. სასამართლოს განმარტებით, მსხვერპლის მხრიდან შემავიწროებლის მხილება [გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში] არის მსხვერპლის თავდაცვითი რეაქცია იმ ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ, რომელიც სექსუალური ხასიათის ქმედების შემდეგ განიცადა. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ქალი არ უნდა დაისაჯოს ცილისწამების საბაბით სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო; ვინაიდან არ შეიძლება რეპუტაცია ქალის ღირსების ხარჯზე იყოს დაცული.51

 

დასკვნა

როდესაც სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლნი გადაწყვეტენ, რომ საჯაროდ ისაუბრონ მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების შესახებ, საზოგადოება გასაჯაროების მოტივად სხვადასხვა ფაქტორს განიხილავს და ძირითადად სავარაუდო მსხვერპლის მხრიდან ნეგატიური მოტივის არსებობაზე მსჯელობს. საჯაროდ საუბარი სექსუალური შევიწროების ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინ მოხდა, მსხვერპლის მიმართ იწვევს უარეს დამოკიდებულებას ახალთან შედარებით. 

სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაა, რომელიც ლახავს პიროვნების ღირსებას და მსხვერპლზე კვალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტოვებს. ამდენად, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი არ უნდა იყოს შეზღუდული, რომ გაავრცელოს ინფორმაცია მის მიმართ ჩადენილ უფლებათა დარღვევის შესახებ. ბუნებრივია, დაცული უნდა იყოს ბალანსი კოლიზიაში მყოფ ორ ინტერესს შორის – ერთი მხრივ, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის უფლება, საჯაროდ ამხილოს და ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ქმედებაზე და, მეორე მხრივ, სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაცია.

სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლთათვის დაცული სამართლებრივი სივრცის შესაქმნელად შეიძლება სხვადასხვა შესაძლებლობა იყოს განხილული:

საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს ე. წ. „anti-SLAPP“ კანონი, რომლის მიზანი სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენების აკრძალვაა. კანონი დაუშვებლად აცხადებს სარჩელებს, რომელთა მიზანი სავარაუდო მსხვერპლის გაჩუმებაა.

სავარაუდო შემავიწროებელს არ შეეძლოს ცილისწამების თაობაზე სარჩელის წარდგენა სექსუალური შევიწროების იმ საქმის ფაქტების მიხედვით, რომელიც სასამართლოს ან/და სხვა უფლებადაცვის მექანიზმის ფარგლებში განიხილება.

თუ სავარაუდო შემავიწროებელს ცილისწამების თაობაზე სარჩელის წარდგენა სექსუალური შევიწროების იმ საქმის ფაქტების მიხედვით შეუძლია, რომელზეც სასამართლოს ან/და სხვა უფლებადაცვის მექანიზმის ფარგლებში მიმდინარეობს შესწავლა, სასამართლომ ცილისწამების საქმის განხილვა უნდა გადადოს შესაბამისი კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღებამდე ან/და არსებითად გამოიკვლიოს სექსუალური შევიწროების ბრალდება სექსუალური შევიწროების საქმის შესასწავლად დადგენილი სტანდარტითა და სპეციფიკით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი ფართოდ სარგებლობდეს გამოხატვის თავისუფლებით და დაცული იყოს ცილისწამების სარჩელისაგან განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სექსუალური შევიწროების სამართლებრივი დავა. ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული არასწორი პრაქტიკა გასცდება მხოლოდ ერთი მსხვერპლის საქმეს და გააჩუმებს ყველა შესაძლო მსხვერპლს, რომელთაც არ შესწევთ ძალა გაუძლონ საზოგადოებიდან მომდინარე დადანაშაულებას, შეურაცხყოფასა და ტრავმის გამომწვევ სხვა ფაქტორებს.

 

1 Sikorski Christian, Saumer Melanie, Sexual Harassment in Politics. News about Victims’ Delayed Sexual Harassment Accusations and Effects on Victim Blaming: A Mediation Model, (2021), იხილეთ: https://bit.ly/2P5jUxm.

2 იხილეთ.: https://bit.ly/3w82joO.

3 იხილეთ.: https://bit.ly/39ly9F1; https://bit.ly/3sw8TTY.

4 იხილეთ.: https://bit.ly/2QGbe0B; https://pewrsr.ch/3cqwMGW.

5 იხილეთ.: https://bit.ly/3ssYxEA; https://wapo.st/3d76uJ2; https://bit.ly/3wfO2qu; https://bit.ly/3rzXul2.

6 იხილეთ.:https://cnn.it/3rqMJRL.

7 იხილეთ.: https://bit.ly/3sAgdyc.

8 იხილეთ.: https://bit.ly/3ds4T0L.

9 იხილეთ.: https://bit.ly/39CPMAv.

10 იხილეთ.: https://www.rainn.org/statistics/victims-sexual-violence.

11 Kessler, A.M., Kennair, L.E.O., Grøntvedt, T.V. et al. The Effect of Prototypical #MeToo Features on the Perception of Social-Sexual Behavior as Sexual Harassment. Sexuality & Culture 24, 1271–1291(2020), იხ.: https://bit.ly/3fjZbjP; https://bit.ly/39j9Ffq

12 The #MeToo Movement By Laurie Collier Hillstrom, 2019, გვ. 69-96.

13 იხილეთ.: https://fivethirtyeight.com/features/what-its-like-to-watch-metoo-when-it-is-you-too/.

14 იხილეთ.: https://bit.ly/3ssPHGI; https://prn.to/3lXcHeq; https://bit.ly/2NZuhSJ.

15 Levy, Roee and Mattsson, Martin, The Effects of Social Movements: Evidence from #MeToo (July 22, 2020), იხ.: SSRN: https://ssrn.com/abstract=3496903 or http://dx.doi.org/10.2139/ssrn.3496903

16 იხილეთ.: https://www.bbc.com/news/world-44045291; https://www.bbc.com/news/uk-england-42906980

17 Harvard Business Review, The #MeToo Backlash, იხ.: https://hbr.org/2019/09/the-metoo-backlash

18 https://cnn.it/39lyOGv; https://bit.ly/3stvvo5; https://nyti.ms/3feYd8C

19 იხილეთ.: https://qz.com/980766/the-truth-about-false-rape-accusations/

20 იხილეთ.: https://www.elle.com/culture/career-politics/a13977980/me-too-movement-false-accusations-believe-women/

21 Handyside v. the United Kingdom, No.: 5493/72, 07/12/1976, §49.

22 Jersild v. Denmark, No.: 15890/89, 23/09/1994 §31.

23 Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France [GC], No.: 40454/07, 11/10/2015, §93; Axel Springer AG v. Germany [GC], No.: 39954/08, 07/02/2012, §§90-95.

24 CoE, Freedom of expression and defamation – A study of the case law of the European Court of Human Rights, გვ. 15.

25 იქვე, გვ. 14.

26 იქვე, გვ. 43.

27 Axel Springer AG v. Germany [GC], No.: 39954/08, 07/02/2012 §§ 83, 84; Hachette Filipacchi Associes v. France, §43, and MGN Limited v. the United Kingdom, §142.

28 Axel Springer AG v. Germany [GC], No.: 39954/08, 07/02/2012 §§ 83; 84; MGN Limited v. the United Kingdom, No.: 39401/04, 18/01/2011, §142. Mikolajová v. Slovakia, No.: 4479/03, 18/01/2011, § 57.

29 Vicent Del Campo v. Spain, No.: 25527/13, 06/11/2018, §45.

30 Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], No.: 931/13, 27/06/2017, §171.

31 აღნიშნულ საკითხზე დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ: „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, გვ. 24, ციტ. Kerry Ellison, Plaintiff-appellant, v. Nicholas F. Brady,* Secretary of the Treasury, defendant-appellee, 924 F.2d 872, (9th Cir. 1991), III; იხ.: https://ombudsman.ge/res/docs/2021031110082436854.pdf.

32 Sidabras and Džiautas v. Lithuania, No.55480/00; 59330/00, 27/10/2004, §49.

33 Ileana Constantinescu v. Romania, No.: 32563/04, 11/03/2013, §46.

34 საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, მე-5 მუხლის, 1-ლი პუნქტი, „ა“.

35 იხილეთ: https://www.courtlistener.com/opinion/4311105/kristen-vander-plas-v-donald-r-may/

36 იხილეთ: https://bit.ly/3lWNzoe; https://bit.ly/3ruMgOy;

37 გადაწყვეტილების სამართლებრივი ანალიზი იხილეთ.: https://bit.ly/3w3O9VT

38 იხილეთ: https://statutes.capitol.texas.gov/Docs/CP/htm/CP.27.htm

39 ინფორმაცია, თუ რომელ შტატშია კანონმდებლობა ამ საკითხზე იხ.: https://www.rcfp.org/anti-slapp-legal-guide/

40 იხილეთ: https://bit.ly/3roCttm.

41 ყველა შტატის კანონი, იხ.: https://bit.ly/3tZRK5r

42 იხ.: https://fentonkeller.com/fk-articles/workplace-law-sexual-harassment-and-defamation/

43 იხ.: https://leginfo.legislature.ca.gov/faces/billTextClient.xhtml?bill_id=201720180AB2770

44 იქვე: This subdivision applies to and includes a complaint of sexual harassment by an employee, without malice, to an employer based upon credible evidence and communications between the employer and interested persons, without malice, regarding a complaint of sexual harassment. This subdivision authorizes a current or former employer, or the employer’s agent, to answer, without malice, whether or not the employer would rehire a current or former employee and whether the decision to not rehire is based upon the employer’s determination that the former employee engaged in sexual harassment.

45 იხ.: https://bit.ly/3lYAzyD

46 იხ.: https://bit.ly/2QEZc7D

47 Fleming, Kevin M., “When Speech Isn’t Free: Legal Barriers and Consequences of Reporting Sexual Violence” (2014). Departmental Honors Projects. 21, იხ.: https://bit.ly/3fk4sb3 ; Jessica Miles, Straight Outta SCOTUS: Domestic Violence, True Threats, and Free Speech, 74 U. Miami L. Rev. 711 (2020), იხ.: https://bit.ly/3lZkJ6w; Pooja Bhaskar, Milkovich, #MeToo, and “Liars”: Defamation Law and the Fact-Opinion Distinction, 88 Fordham L. Rev. 691 (2019). იხ.: https://bit.ly/3lXdiNc

48 Shaina Weisbrot, The Impact of the #MeToo Movement on Defamation Claims Against Survivors, 23 CUNY L. Rev. 332 (2020), ონლაინ იხ.: https://academicworks.cuny.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1506&context=clr

49 Kofoworola Adeolu David v Zara Hosany [2017] EWHC 2787 (QB), გადაწყვეტილება იხ.: https://bit.ly/3swIwxp

50 Each publication was protected by the defence of common law qualified privilege (privilege) given that the alleged defamatory documents were published in the making and handing of a complaint, to the proper authorities and without express malice, დამატებითი ინფორმაცია იხ.: https://bit.ly/3lWD5Fr.

51 იხილეთ: https://cnn.it/3rqNKt3; https://bit.ly/3u0VALH.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი