საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) საქმეზე  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიმოხილვა

24 ნოემბერი 2021

ავტორი: ნანა მჭედლიძე
„უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი


გადაწყვეტილების მნიშვნელობა

021 წლის 21 იანვარს, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომზე განაცხადის შეტანიდან 13 წლის შემდეგ, დიდმა პალატამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ეს არის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ რიგით მეორე სახელმწიფოთაშორისი საქმე ევროპული სასამართლოს წინაშე.  ევროპულ სასამართლოში კი ეს არის მეორე საქმე, რომელშიც საქართველომ რუსეთის მიერ ქართველების უფლებების დარღვევის გამო სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი უფლებადარღვეულ პირთა თავდაპირველ უფლებრივ მდგომარეობაში შეძლებისდაგვარად აღდგენაა, მას სამართლებრივი ძალა აქვს და მის აღსრულებას ზედამხედველობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მოპოვებულ სამართლებრივ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უწინარეს ყოვლისა, ქართველი ხალხისთვის. 
21 იანვრის გადაწყვეტილებას აქვს ასევე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, მათ შორის, იმ საერთაშორისო მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რომლებშიც ჩართულია საქართველო. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი იმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. ამ ფორმატით წელიწადში იმართება მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდი შემდეგ თემებზე: უსაფრთხოება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, მიმოსვლის თავისუფლება და ა.შ. 
უსაფრთხო დაბრუნებასა და მიმოსვლის თავისუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობისას ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, თანმიმდევრულად მტკიცდებოდა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება მრავალ ქართველს შინ დაბრუნების ნებას არ რთავდა. ამასთან, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული მთავრობის წევრებმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში ეს ფაქტები კი არ უარყვეს, არამედ დაადასტურეს, რომ ქართველებს ცხინვალის მახლობელ სოფლებში დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან, რადგან მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ. 
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ არგუმენტებს ითვალისწინებდა და პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად მხედველობაში იღებდა ჟენევაში წარმოებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებსაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის de facto ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია ამ ტერიტორიებზე ახორციელებს „ქმედით კონტროლს“ და, კონვენციიდან გამომდინარე, მათ ეკისრებათ ვალდებულება, ქართველებს შინ დაბრუნების საშუალება მისცენ. 
ევროპული სასამართლოს ამ სამართლებრივი დასკვნის აღსრულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას ექვემდებარება. ამ დასკვნის დამატებით გამოყენება შეიძლება პოლიტიკურ დიალოგშიც, რომელშიც საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით რუსეთის ფედერაციისგან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებასა და მიმოსვლის თავისუფლების უზრუნველყოფას ითხოვს. 

საქართველოს განცხადებები ევროპულ სასამართლოში და მტკიცების სტანდარტი
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) საქმეზე საქართველო ევროპულ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ გამოიწვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლების დარღვევა: კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველო აცხადებდა, რომ რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა განურჩეველი და არათანაბარზომიერი ძალა. რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა რუსეთის ჯარის და მის დაქვემდებარებაში არსებული სეპარატისტული ძალების მეშვეობით. შედეგად, საქართველოს განცხადებით, ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრისის დაცულობის უფლება), მე-13 მუხლი (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე), კონვენციის პირველი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვა) და მე-2 მუხლები (განათლების უფლება), კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).  
ევროპული სასამართლო კონვენციის დარღვევისთვის მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ადგენს. გარდა იმისა, რომ საქართველომ შეძლო სასამართლოში ისეთი ხარისხისა და რაოდენობის მტკიცებულებათა წარდგენა, რომ მტკიცების სტანდარტი დაკმაყოფილდა, მტკიცების რამდენიმე ნაწილში ერთხმად დადგინდა რუსეთის მიერ ქართველების უფლებების დარღვევა, რასაც ამ შემთხვევებში მოჰყვა ის, რომ რუსეთის მიერ კონვენციის დარღვევის დადგენას თვით რუსეთის მიერ არჩეულმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. 
ასევე ერთხმად არის მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის იურისდიქციასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში ევროპული სასამართლო აფასებს, შეიძლება თუ არა მოპასუხე სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი კონვენციის დარღვევის გამო.
1. ევროპული სასამართლოს დასკვნები

1.1. რუსეთის იურისდიქცია კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის
11 ხმით ექვსის წინააღმდეგ დადგინდა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის (2008 წლის 8-12 აგვისტო) განმავლობაში მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის პირველი მუხლის მიზნებში. შესაბამისად, საქართველოს განაცხადის ეს ნაწილი არსებითად განსახილველად არც იქნა მიღებული. 
16 ხმით ერთის წინააღმდეგ დადგინდა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდგომი პერიოდში) მოვლენები ხვდებოდა რუსეთის იურისდიქციაში. 
ერთხმად დადგინდა, რომ ქართველი სამოქალაქო მოსახლეობა, რომელიც თავისუფლებააღკვეთილი იყო სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-ს ბუნკერში დაახლოებით 2008 წლის 10-27 აგვისტოს, ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში.
ერთხმად დადგინდა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები, რომლებიც თავისუფლებააღკვეთილნი იყვნენ ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 2008 წლის 8-17 აგვისტოს ხვდებოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში.
16 ხმით ერთის წინააღმდეგ დადგინდა, რომ ქართველები, რომლებსაც ხელი შეეშალათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნებაში, ხვდებოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. 
ერთხმად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა საპროცესოსამართლებრივი ვალდებულება, კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად (სიცოცხლის უფლება) ჩაეტარებინა ქმედითი გამოძიება არა მხოლოდ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ), არამედ აგრეთვე მოვლენებზე, რომლებიც მოხდა აქტიური საომარი მოქმედებების ფაზაში (2008 წლის 8-12 აგვისტო). 

1.2. რუსეთის დარღვევები დადგენილი იურისდიქციის ფარგლებში
დიდი პალატის გადაწყვეტილების შედეგად დადგინდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესია და ის ფაქტი, რომ რუსეთის არმია ყუმბარებითა და საარტილერიო ჭურვებით ცდილობდა ქართული არმიის მწყობრიდან გამოყვანას და „საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას“.
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ამ შეფასებით საერთაშორისო დონეზე გაბათილებულია რუსეთის ფედერაციის არგუმენტი ეროვნულ უმცირესობათა დაცვასა და მშვიდობისმყოფელის როლზე.
დადგინდა რუსეთის ფედერაციის განგრძობითი ქმედითი კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.
ამ დასკვნას დამატებითი მნიშვნელობა აქვს საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ 2018 წლის მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საქმისთვის, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
16 ხმით ერთის წინააღმდეგ დადგინდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება) და პირველი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვასა და სამხრეთ ოსეთსა და „ბუფერულ ზონაში“ ქართულ სოფლებში სახლებისთვის ცეცხლის წაკიდებასა და მაროდიორობაში. 
რუსეთის ფედერაციას დაეკისრება კომპენსაცია უფლებადარღვეულ პირთა სასარგებლოდ.
16 ხმით ერთის წინააღმდეგ დადგინდა კონვენციის მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა ქართველი სამხედრო ტყვეების წამების აქტებში.
რუსეთის ფედერაციას დაეკისრება კომპენსაცია უფლებადარღვეულ პირთა სასარგებლოდ.
ერთხმად დადგინდა კონვენციის მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა დაახლოებით 160 სამოქალაქო პირისთვის თავისუფლების აღკვეთის არასათანადო პირობებში და მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაში, რამაც აშკარა ტანჯვა გამოიწვია და კვალიფიცირდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. 
რუსეთის ფედერაციას დაეკისრება კომპენსაცია უფლებადარღვეულ პირთა სასარგებლოდ.
ერთხმად დადგინდა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც გამოიხატა 2008 წლის აგვისტოში ქართველი მოსახლეობისთვის თვითნებურად თავისუფლების აღკვეთაში. 
რუსეთის ფედერაციას დაეკისრება კომპენსაცია უფლებადარღვეულ პირთა სასარგებლოდ.
16 ხმით ერთის წინააღმდეგ დადგინდა კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც გამოიხატა ქართველების შეუძლებლობაში, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
რუსეთის ფედერაციას დაეკისრება კომპენსაცია უფლებადარღვეულ პირთა სასარგებლოდ;
რუსეთის ფედერაციას დაევალება, ხელი შეუწყოს ქართველების მშვიდობიანსა და უსაფრთხო დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილას.
დადგინდა რუსეთის ხელისუფლების მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა საპროცესო სამართლებრივ ნაწილში არა მხოლოდ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მოხდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ), არამედ აგრეთვე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მოხდა აქტიური საომარი მოქმედებების ფაზაში (2008 წლის 8-12 აგვისტო).
რუსეთის ფედერაციას დაევალება, ჩაატაროს ქმედითი გამოძიება;
რუსეთის ფედერაციას დაეკისრება კომპენსაცია უფლებადარღვეულ პირთა სასარგებლოდ;
რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული სამართალწარმოება არ ჩაითვალა ქმედითად, რასაც აქვს მნიშვნელობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომელიც, კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე, წყვეტს სამართალწარმოებას, თუ წარმოებს ქმედითი გამოძიება წარმოებს სახელმწიფო დონეზე;
რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოძიების ქმედითობა შეფასდება მინისტრთა კომიტეტის მიერ და მისი დასკვნები მნიშვნელოვანი გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის.

1.3. რომელი მუხლის დარღვევა ვერ დადგინდა
ევროპულმა სასამართლომ გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ვერ დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ განათლების უფლების დარღვევა. 

1.4. რომელი მუხლის განხილვა არ იქნა საჭიროდ მიჩნეული 
სასამართლომ ერთხმად მიიჩნია, რომ საჭირო არ იყო, ცალკე შეეფასებინა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევის საკითხი. ეს მუხლი ითვალისწინებს უფლებას სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე იმ პირებისთვის, რომელთაც კონვენციით გარანტირებული უფლება დაერღვათ. განათლების უფლების გარდა, დიდმა პალატამ უკვე დაადგინა იმ უფლებების დარღვევა, რომელთაც საქართველო ამტკიცებდა. დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია, შეემოწმებინა, იყო თუ არა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ამ დარღვეული უფლებებისთვის. 

1.5. რა ნაწილში არ იქნა განაცხადი არსებითად განსახილველად მიღებული
ვინაიდან დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ მოვლენები, რომლებიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის (2008 წლის 8-12 აგვისტო) განმავლობაში, არ ხვდებოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის, ამ ნაწილში საქართველოს განაცხადი არსებითად არ იქნა განხილული. 
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) პირველი საქმეა (ბანკოვიჩის საქმის შემდეგ), როცა ევროპულ სასამართლოს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში მოუწია იურისდიქციის საკითხი სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განეხილა. ბანკოვიჩის საქმე ბელგრადში ნატოს მიერ სერბეთის რადიო-ტელევიზიის სადგურის დაბომბვას ეხებოდა.
მაგრამ სასამართლოს კონცეფცია ექსტრატერიტორიული იურისდიქციის შესახებ ბანკოვიჩის გადაწყვეტილების შემდეგ იმ თვალსაზრისით განვითარდა, რომ, მაგალითად, სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს მიერ ექსტრატერიტორიული იურისდიქციის განხორციელების რიგი კრიტერიუმებისა. მათგან ორი მთავარი კრიტერიუმია ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ „ქმედითი კონტროლი“ (იურისდიქციის სივრცობრივი კონცეფცია) და 
„სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელისუფლება და კონტროლი“ ინდივიდებზე (იურისდიქციის პიროვნული კონცეფცია). მოგვიანებით მედვედევისა და სხვათა საქმეზე, სასამართლომ ბანკოვიჩის საქმეზე მითითებით არაორაზროვნად გაიმეორა, რომ სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი „წამიერი ექსტრატერიტორიული ქმედებისთვის, რადგან კონვენციის პირველი მუხლის დებულებები არ ითვალისწინებს იურისდიქციის „მიზეზშედეგობრიობის“ ცნებას. 
ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიიჩნია, რომ საომარი ოპერაციების შემთხვევაში (შეიარაღებული თავდასხმა, ყუმბარებისა და ბომბების ტყორცნა), საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ზოგადად, ვერ იქნებოდა განხილული ტერიტორიაზე „ქმედითი კონტროლის“ განხორციელება.
შეიარაღებული კონფრონტაციის რეალობიდან გამომდინარე, როდესაც მოწინააღმდეგე სამხედრო ძალები ისწრაფოდნენ, ქაოსურ სიტუაციაში კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ნიშნავდა იმას, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი კონტროლი არ არსებობდა. ეს აგრეთვე გამორიცხავდა ინდივიდებზე სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელისუფლებასა და კონტროლს. მოცემულ შემთხვევაში, ბრძოლები მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო. ევროპული სასამართლოსთვის ეს დასკვნა გამყარებული იყო სახელმწიფოთა პრაქტიკით, არ განეცხადებინათ კონვენციის გადახვევაზე მე-15 მუხლის შესაბამისად, როდესაც ისინი ჩართული არიან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში თავიანთი ტერიტორიის ფარგლების გარეთ. სასამართლოს აზრით, ეს შეიძლებოდა განმარტებულიყო, როგორც ისეთი ფაქტი, როცა მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ასეთ შემთხვევებში ისინი იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის მნიშვნელობით არ ახორციელებდნენ.
თუმცა სავარაუდო მსხვერპლთა და შემთხვევების მრავალრიცხოვნობის გამო, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რაოდენ ფართო სპექტრის მტკიცებულებები იქნა წარდგენილი, რამდენად რთული იქნებოდა შესაბამის გარემოებათა დადგენა, და, რადგან ასეთი შემთხვევები ძირითადად რეგულირდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვერ გააფართოებდა იურისდიქციის უკვე დადგენილ განსაზღვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მოუწევდა, შეეფასებინა მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორიის მიღმა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში განხორციელებული საომარი მოქმედებები, რისი სამართლებრივი საფუძველიც მას არ ჰქონდა. ცხადია, ეს არ ნიშნავდა, რომ სახელმწიფოები მოქმედებდნენ ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების გარეთ – ასეთ კონტექსტში ისინი ვალდებულნი იყვნენ, ემოქმედათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დეტალური წესების შესაბამისად. 
აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოს მხრიდან არჩეული მოსამართლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ ლადო ჭანტურიას ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელიც ცალკე ერთვის გადაწყვეტილებას, და მის მიერ სხვა მოსამართლეებთან (უკრაინის მხრიდან არჩეული მოსამართლე განა იუდკივსკა, პორტუგალიის მხრიდან არჩეული მოსამართლე პაულო პინტო დე ალბუკერკე და პოლონეთის მხრიდან არჩეული მოსამართლე ქშიშტოფ ვოიტიჩეკი) ერთად მიღებული ნაწილობრივ განსხვავებული აზრები. 
პროფესორმა ლადო ჭანტურიამ უმრავლესობის არგუმენტების საპასუხოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის დეტალური მიმოხილვის საფუძველზე დაასაბუთა, თუ რატომ აღარ აქვს ძალა ბანკოვიჩის საქმეს ექსტრატერიტორიული იურისდიქციის საკითხებზე; რატომ არის დაუშვებელი ექსტრატერიტორიული იურისდიქციის გაფართოებაზე უარის თქმისას საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის საბაბად მოყვანა; რატომ არ გამორიცხავს ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას სახელმწიფოთა პრაქტიკა, არ გამოაცხადონ გადახვევა კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად; რატომ არის დაუშვებელი, ევროპულმა სასამართლომ მოიმიზეზოს მტკიცებულებათა შეგროვებასთან დაკავშირებული სირთულეები და რატომ არ მიიღება არგუმენტი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმარტების შეუძლებლობაზე. პროფესორმა ლადო ჭანტურიამ გააკრიტიკა უმრავლესობის არჩევანი ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის აქტიური სამხედრო კონფლიქტის კონტექსტში ექსტრატერიტორიული იურისდიქციის დადგენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.

1.6. საპროცესო მუხლის დარღვევა
რუსეთის ფედერაციამ ევროპულ სასამართლოს არ მიაწოდა „საბრძოლო ანგარიშები“, რადგან ისინი სახელმწიფო საიდუმლოს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ შესთავაზა პრაქტიკული გზები არაკონფიდენციალური ამონარიდების წარსადგენად. თავად რუსეთს არ შეუთავაზებია არანაირი პრაქტიკული წინადადება, რაც მას, ერთი მხრივ, თანამშრომლობის ვალდებულების განხორციელებისა და, მეორე მხრივ, ინფორმაციის ნაწილის კონფიდენციალობის დაცვის შესაძლებლობას მისცემდა. შესაბამისად, დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა დაადგინა. 

2. დარღვევებისთვის სამართლიანი დაკმაყოფილება
ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, თუ ევროპული სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი სახელმწიფოს შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. 
„კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ“ საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სახელმწიფო ვერ მოითხოვს კომპენსაციას მისი უფლებების დარღვევის გამო, მას შეუძლია, მოითხოვოს კომპენსაცია ინდივიდუალური დაზარალებულებისთვის. ამ პრაქტიკის შესაბამისად, საქართველომ მოითხოვა, რომ დაზარალებული პირების სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციას დაჰკისრებოდა კომპენსაციის გადახდა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევების გამო. 
მოცემულ შემთხვევაში ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხის გადასაწყვეტად მზად არ იყო. ეს სრულად შეესაბამება სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სამართლიანი დაკმაყოფილების მინიჭების პრაქტიკას. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) საქმეზეც ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის დარღვევა 2014 წლის გადაწყვეტილებით დაადგინა, თუმცა 12 თვე განისაზღვრა მხარეთა მიერ მოსაზრებების წარსადგენად, ხოლო სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული. მხარეებს ამჯერადაც ერთწლიანი ვადა მიეცათ. 
სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი გადაწყდება „კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილი სამი კრიტერიუმის შესაბამისად: განაცხადის ტიპი, რომელიც შეაქვს განმცხადებელ სახელმწიფოს – განაცხადი უნდა ეხებოდეს მისი მოქალაქეების (ან სხვა დაზარალებულების) ძირითადი უფლებების დარღვევას, შეიძლება თუ არა დაზარალებულების იდენტიფიცირება და მესამე – რა იყო სამართალწარმოების დაწყების ძირითადი მიზანი? 
ამ სამი კრიტერიუმიდან საქართველოს პირველი და მესამე მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებული აქვს. შეიძლება პრობლემური გამოდგეს მეორე კრიტერიუმი, რომლის ფარგლებშიც ევროპული სასამართლო ითხოვს, რომ წარდგენილი იყოს „საკმარისად ზუსტად და ობიექტურად იდენტიფიცირებული“ პირთა ჯგუფი. 
მართალია, 21 იანვრის გადაწყვეტილებით უკვე დადგენილია ადმინისტრაციული პრაქტიკა პირთა ჯგუფის მიმართ, მაგრამ ეს ძალზე განსხვავდება ინდივიდუალური დაზარალებულების ვინაობის დადგენისგან მათთვის სამართლიანი დაკმაყოფილების მინიჭების მიზნით. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ათვლის წერტილად აიღო საქართველოს მტკიცებით რუსეთიდან 4600 გამოძევებული პირის საქმე, რომელთაგან დაახლოებით 2380 პირი დააკავეს და იძულების წესით გამოაძევეს საქართველოში. აღნიშნულის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკა. მაგრამ, როცა საქართველომ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა 1,795 ინდივიდუალური დაზარალებულის სია თავისი დანართებით, სასამართლომ ამ სიიდან 290 პირი ამორიცხა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ან შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება, ან საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად დაესაბუთებინა მათ მიმართ უფლებების დარღვევა. 
ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის ინდივიდუალური განაცხადები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა, რაც არსებითად არ იქნა განსახილველად მიღებული ევროპული სასამართლოს მიერ, ვინაიდან განმცხადებლებმა ვერ დაადასტურეს მიყენებული ზიანი.
ასე მაგალითად, აღსანიშნავია საქმე „ნანიევა და ბაგაიევი საქართველოს წინააღმდეგ“. 2018 წლის განჩინებით, არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული განაცხადი, რომელშიც განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის დროს ჩაიმალნენ სარდაფში, 3 დღეს იყვნენ სასმელისა და საკვების, შუქის გარეშე, რის შემდეგაც მიიმალნენ რუსეთში, ხოლო დაბრუნებისას ქონება განადგურებული დახვდათ. ევროპული სასამართლოს შეფასებით, მათ ვერ განახორციელეს მტკიცების ტვირთი ქონების განადგურებაზე, რადგან წარადგინეს მხოლოდ დაზიანებული ტექნიკის ქვითრები. მათ საბუთების აღება ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეეძლოთ. განაცხადი აშკარად დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. 
„კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე 2018 წელს მიღებულ განჩინებაში, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლებმა შესაბამისი საბუთებით უნდა ამტკიცონ, რომ მათი ქონება საომარი მოქმედებების დროს განადგურდა. აღნიშნული უნდა დადასტურდეს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით. განმცხადებლების მიერ შედგენილი იყო დაზიანებული ქონების სია, დამოწმებული მოწმეთა ხელმოწერებით. ცხადია, ამ დროს ევროპული სასამართლო ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დროს მტკიცებულებების მოპოვების სირთულეს, მაგრამ წარდგენილი საბუთები საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. განმცხადებლებს შეეძლოთ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოეპოვებინათ ოფიციალური საბუთები მიყენებული ზიანის არსებობისა და ხარისხის შესახებ, რაც მათ არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ განაცხადი დაუშვებლად გამოაცხადა. 
„ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ასევე 2018 წელს იქნა დაუშვებლობის განჩინება მიღებული. განმცხადებლებმა წარმოადგინეს პასპორტები, მოწმეების მიერ დადასტურებულ მოვლენათა აღწერა, განადგურებული ქონების სია, დადასტურებული მოწმეთა ხელმოწერებით, დადასტურებული რეგისტრაცია მისამართზე, დაზიანებული სახლის ფოტოები, ცხინვალის მუნიციპალიტეტის დადასტურება მისამართისა, ისიც, რომ სახლი კონფლიქტის დროს ნაწილობრივ განადგურდა. ევროპულმა სასამართლომ განაცხადი არ მიიღო, ვინაიდან განმცხადებლები არ იყვნენ მესაკუთრეები. 
გარდა იმისა, რომ საქართველოს მოუწევს გონივრული ეჭვის მიღმა დაამტკიცოს იმ თითოეული დაზარალებულის უფლების დარღვევა, რომელთა საქმეებსაც ევროპულ სასამართლოს გადასცემს, საქართველოს შეიძლება დასჭირდეს მოპასუხე სახელმწიფოს დახმარებაც. დიდმა პალატამ 21 იანვრის გადაწყვეტილებით უკვე მიუთითა რუსეთის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, სათანადოდ გადაწყვიტოს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) საქმეზე რუსეთის მხარემ უარი თქვა, საჭირო დოკუმენტები გადაეცა საქართველოსთვის, მათ შორის სამართლიანი დაკმაყოფილების ეტაპზეც კი, რუსეთის მხრიდან თანამშრომლობა ამ საქმეშიც ნაკლებად სავარაუდოა. მთავარია, ამას შედეგად ისევ არ მოჰყვეს ფაქტობრივ დაზარალებულთა რიცხვის შემცირება, როგორც ეს პირველ საქმეზე მოხდა. 

2.1. პირველ საქმეზე მინიჭებული კომპენსაციის გადახდის საკითხი
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) საქმეზე, დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია მორალური ზიანის გამო   არანაკლებ 1500 ქართველისთვის განისაზღვრა.  
ის ფაქტი, რომ ეს თანხა რუსეთს ჯერ კიდევ არ გადაუხდია, ბუნებრივია, რომ პესიმიზმს ბადებს, იმის გამო, რეალურად როგორი შედეგი შეიძლება ჰქონდეს დაზარალებულებისთვის მეორე საქმეზე საქართველოს გამარჯვებას. 
ამასთან დაკავშირებით არის წინსვლაც, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ თანახმაა, გამოიყენოს ევროპის საბჭო, როგორც შუამავალი, სამართლიანი დაკმაყოფილებისა და აგრეთვე დამატებითი პროცენტის გადასახდელად, რაც მათ გადაწყვეტილების აღუსრულებლობით დააგროვეს (გადახდის ბოლო ვადა იყო 2019 წლის 30 აპრილი). მანამდე   რუსეთის შემოთავაზებით, მას თავად უნდა გადაეხადა თანხა უშუალოდ დაზარალებულებისათვის და არა საქართველოს ხელისუფლებისთვის. 
მინისტრთა კომიტეტი კონკრეტულ პროგრესს 15 აპრილამდე ელის, ხოლო საკითხის განხილვას 2021 წლის ივნისისთვის გეგმავს.  
3. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური განაცხადების ბედი 
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) სახელმწიფოთაშორისო საქმეს არ დაუბრკოლებია ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იმავე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეტანილი ინდივიდუალური განაცხადების განხილვა და სამართლიანი დაკმაყოფილების მინიჭება. იგივე მიდგომა იქნება სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) საქმის პარალელურად შეტანილ ინდივიდუალურ განაცხადებთან დაკავშირებით. ერთი და იგივე პირები ვერ მიიღებენ კომპენსაციას ორივე სამართალწარმოების ფარგლებში.  

4. საქართველო v. რუსეთის სხვა საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ორი განაცხადი აქვს შეტანილი. მესამე საქმე უკავშირდება 2009 წელს ოთხი არასრულწლოვანის დაკავებას ცხინვალის რეგიონში. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის უშუალო ჩარევის შედეგად არასრულწლოვანები გათავისუფლდნენ. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებით საქმე განსახილველ საქმეთა სიიდან ამოირიცხა. 
ამ ეტაპზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (IV) საქმეზე ჯერჯერობით არც დასაშვებობის განჩინებაა მიღებული. საქართველომ 2018 წლის 22 აგვისტოს შეიტანა განაცხადი, რომელშიც ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ეწევა საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, თავისუფლების აღკვეთის, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. განაცხადში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. 
21 იანვრის გადაწყვეტილებას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მეოთხე საქმისთვის, რადგან მეორე საქმეზე უკვე დადგინდა რუსეთის ფედერაციის განგრძობითი ქმედითი კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.

5. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო: საქართველოს სიტუაცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქართველოს სიტუაციისთვის. დროის მიხედვით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში გამოძიება 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, ხოლო ტერიტორიის მიხედვით – სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე ტერიტორიას. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ეს პირველი გამოძიებაა, რომელიც აფრიკის რეგიონის გარეთ დაიწყო.
2008 წლის 14 აგვისტოს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ იწყებდა მოკვლევას საქართველოს სიტუაციაზე. 2015 წლის 8 ოქტომბერს თავმჯდომარის ოფისმა პროკურატორის შეტყობინების საფუძველზე სიტუაცია დააწერა I წინასასამართლო პალატას, რომ პროკურორი აპირებდა გამოძიების დაწყების შუამდგომლობის შეტანას სასამართლოში.
2015 წლის 13 ოქტომბერს პროკურორმა იშუამდგომლა proprio motu გამოძიების დაწყებაზე, შუამდგომლობა წარდგენილი იქნა 16 ოქტომბერს. 2016 წლის 27 იანვარს პროკურორს გამოძიების ნება დართო I-მა წინასასამართლო პალატამ (ჩეხეთის რესპუბლიკის, დომინიკელთა რესპუბლიკისა და ტრინიდადი და ტობაგოს მხრიდან არჩეული მოსამართლეები).
მოკვლევის ფარგლებში პროკურატურამ შეაგროვა ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულებათა შესახებ, რომლებიც შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართული სამი მხარის – საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხრეთ ოსეთის ძალებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების – მიერ.
კომპლემენტარობის პრინციპის თანახმად, სასამართლოს არ შეუძლია სამართალწარმოების დაწყება, თუ სახელმწიფო რეალური სამართალწარმოება ჩატარდა ან ტარდება სახელმწიფო დონეზე. 2014 წლის მარტში საქართველოში სამართალწარმოება შეწყდა განუსაზღვრელი ვადით. პროკურატურა განაგრძობს მონიტორინგს რუსეთში წარმოებულ სამართალწარმოებაზე.
გამოძიება წარმოებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია საერთაშორისო კონფლიქტის განმავლობაში 2008 წლის 1-ლ ივლისსა და 10 ოქტომბერს შორის პერიოდში სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესენია: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, განზრახ მკვლელობა, განზრახ თავდასხმა სამშვიდობოებზე, ქონების განადგურება/გაძარცვა.
20015 წლის 4 დეკემბერს სასამართლოს მოსაზრებები 6 335 დაზარალებულმა წარუდგინა. 2020 წლის 17 მარტს სიტუაცია გადაეწერა III წინასასამართლო პალატას (კენიიდან, იტალიიდან და უნგრეთის მხრიდან არჩეული მოსამართლეები).
როდესაც I-მა წინასასამართლო პალატამ პროკურორს ნება დართო proprio motu გამოძიების დაწყებაზე, პალატამ დადებითი დასკვნა მიიღო რომის წესდების 51-ე მუხლის პირველი პუნქტით მოცული სამი საკითხის განხილვის შედეგად:
არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დანაშაული, რომელიც შედის სასამართლოს იურისდიქციაში, ჩადენილია ან მისი ჩადენა ხდება;
სიტუაციიდან წარმოშობილი პოტენციური საქმეები იქნება თუ არა დასაშვები სასამართლოს მიერ;
დასაბუთებული ვარაუდით, გამოძიება ხომ არ დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. 
ამ ეტაპზე სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით შეამოწმა, რომ დანაშაული ჩადენილია, თუ მისი ჩადენა ხდება და შედის სასამართლოს იურისდიქციაში ratione materiae (სასამართლოს საგნობრივი იურისდიქცია), ratione temporis (სასამართლოს დროის მიხედვით იურისდიქცია) და ratione loci (სასამართლოს ტერიტორიის მიხედვით იურისდიქცია). 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, გონივრული ეჭვის მიღმა არის დადგენილი რუსეთის მიერ იმ დანაშაულთა ჩადენა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში ხვდება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსებითი განხილვის პალატას დასჭირდება საკმარისი მტკიცებულება, რომ კონკრეტული ბრალდებულის ბრალეულობა გონივრული ეჭვის მიღმა დაადგინოს. 
6. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას არ შეუძლია მნიშვნელობა იქონიოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2011 წლის 1-ლი აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მსოფლიო სასამართლომ დაადგინა, რომ არ ჰქონდა იურისდიქცია, განეხილა საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადი. 
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი ეფუძნება ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტის აღმოჩენას, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანისას უცნობი იყო სასამართლოსთვის და აგრეთვე მხარისთვის, რომელიც ითხოვს გადასინჯვას. აუცილებელი წინაპირობაა, რომ ასეთი უცოდინარობა დაუდევრობით არ უნდა იყოს გამოწვეული. ძალზე რთულია იმის მტკიცება, რომ საქართველოსთვის უცნობი იყო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ არსებული საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულება, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვამდე დაეკმაყოფილებინა პროცედურული მოთხოვნები მოლაპარაკების წარმოებისა და მიმართვის პროცედურების გამოყენების თაობაზე. გადასინჯვის მოთხოვნა   გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში შეიძლება. ოღონდ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი მოთხოვნის წარდგენა გადაწყვეტილების გამოტანიდან ათი წლის შემდეგ.  
უნდა აღინიშნოს, არ არის სწორი კომენტატორის შეფასება, თითქოს „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სავარაუდოდ, აიცილებდა იმ დავას, რომელიც ერთხელ უკვე განიხილა სხვა საერთაშორისო სასამართლომ, – ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, რადგან „ორივე სასამართლოს წესდების თანახმად, მათ არ აქვთ უფლება, განიხილონ ისეთი საქმე, რომელზეც უკვე არსებობს სხვა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება“. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად დაუსაბუთებელი იქნება საქართველოს მიერ გადასინჯვის მოთხოვნა. ამასთან, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება არ ითვალისწინებს არანაირ დებულებას, რომლებიც მას უკრძალავს სხვა საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმის განხილვას. ანალოგიურად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დებულება ვრცელდება მხოლოდ ინდივიდუალურ და არა სახელმწიფოთაშორის განაცხადებზე.
ასევე არასწორია განცხადება, რომ „სასამართლომ პროცედურები განუსაზღვრა საქართველოს  და უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს CERD-ის იმ მუხლებთან მიმართებით, რომლებსაც ქართული მხარე დარღვეულად მიიჩნევს, და მოლაპარაკების ეტაპს ამოწურავს, მაშინ საქართველო უფლებამოსილი იქნება, კვლავ მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს“. მსგავსი ჩანაწერი არ არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2011 წლის 1-ლი აპრილის გადაწყვეტილებაში, შესაბამისად, სამართლებრივად დაუსაბუთებელია მსჯელობა იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რეკომენდაციების შესასრულებლად“.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი