რეალური საფრთხის ტესტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში

24 ნოემბერი 2021

ავტორი: მაია კოპალეიშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

 

შესავალი
აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი უდიდეს როლს ასრულებს როგორც სამართლის, ასევე საერთო სასამართლოების მართლმსაჯულების განვითარებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ავსებს და აზუსტებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შინაარსს, რაც ხელს უწყობს ამ უფლებათა პრაქტიკული გამოყენებისა და დაცვის ეფექტურობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტებით დადგენილი სტანდარტების, ტესტების ეფექტურობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის გარემოება, ამ სტანდარტების გამოყენებამ რამდენად შეუწყო ხელი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვას, რამდენად მოახდინა დადებითი გავლენა საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საერთოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტების, უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შემოწმების ტესტების გამოყენების ინიციატორი საერთო სასამართლოში შეიძლება იყოს როგორც პროცესის მხარეები, ასევე უშუალოდ კონკრეტული, ინდივიდუალური საქმის განმხილველი სასამართლო/მოსამართლე. პროცესის მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით დაასაბუთონ თავიანთი პოზიცია და ამტკიცონ უფლების დარღვევის შესახებ. რაც შეეხება საერთო სასამართლოს მოსამართლეს, მის მიერ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შემოწმების ტესტების გამოყენება უკავშირდება მოსამართლის აქტიურ როლს და მის მოვალეობას, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად. 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შემოიღო, არის ე.წ. რეალური საფრთხის ტესტი. სასამართლომ ის პირველად 2011 წლის 18 აპრილის N2/482, 483, 487, 502 გადაწყვეტილებაში1 გამოიყენა.  ხსენებულ ტესტს სამართლებრივ ლიტერატურაში „ცხადი და მყისიერი საფრთხის“ ან „აშკარა და რეალური საფრთხის“ ტესტსაც უწოდებენ.
რეალური საფრთხის ტესტი ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლების ეფექტურ დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა რელევანტურ საქმეზე ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ადამიანის თავისუფლებისა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარების პერსპექტივისთვის.2 გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებას მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად განიხილავს. შესაბამისად, რეალური საფრთხის ტესტი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისა და მის ერთ-ერთ უფლებრივ კომპონენტში – შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შესაფასებლად.  
წინამდებარე სტატია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემოღებული რეალური საფრთხის ტესტის არსის გარკვევას შეეხება.

რეალური საფრთხის (იგივე „ცხადი და მყისიერი საფრთხის“ ) ტესტი
რეალური საფრთხის (იგივე „ცხადი და მყისიერი საფრთხის“) ტესტს ამერიკის უზენაესი სასამართლო ხშირად იყენებს როგორც გამოხატვის თავისუფლებასთან, ასევე მის ერთ-ერთ უფლებრივ კომპონენტთან – შეკრება–მანიფესტაციის უფლებასთან მიმართებით.
რეალური საფრთხის, იგივე „ცხადი და მყისიერი საფრთხის“, ტესტი პირველად ამერიკის უზენაესმა სასამართლომ 1919 წელს გამოიყენა Schenck v. United States-ის საქმეში, ხოლო საბოლოოდ დამკვიდრდა 1969 წლიდან, როდესაც სასამართლომ განიხილა საქმე Brandenburg v. Ohio. 
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ოლივერ უენდელ ჰოლმსმა, თავის განსხვავებულ შეხედულებაში საქმეზე „აბრამსი აშშ-ის წინააღმდეგ“ (1919) აღნიშნა, რომ გარკვეულ ვითარებებში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. შეზღუდვის საფუძვლად, მისი აზრით, გამოდგება შემდეგი კრიტერიუმი: „შეეძლო თუ არა კონკრეტულ გამონათქვამს – გარემოებებისა და ხასიათის მიხედვით – შეექმნა მავნე შედეგების გამოწვევის გარდაუვალი და მყისიერი საფრთხე?“ ამ შეხედულების საილუსტრაციოდ მოსამართლე ჰოლმსმა გამოიყენა ფრაზა, რომელსაც შემდეგ არაერთხელ იმეორებდნენ ციტატის სახით : ,,სიტყვის თავისუფლების უმკაცრესი დაცვაც კი ვერ გაამართლებს ადამიანს, რომელიც ხალხით გაჭედილ თეატრში შეგნებულად ტეხს ცრუ განგაშს შეძახილით – „ხანძარი!“ – და იწვევს პანიკას“.3
მავნე შედეგების გამოწვევის გარდაუვალი და მყისიერი საფრთხე უფრო ზუსტად სხვა მოსამართლემ – ლუი ბრანდეისმა განსაზღვრა 1927 წელს, როდესაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე „უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ“. ლუი ბრანდეისის მოსაზრებით, „უტყუარი რომ გავხადოთ უეჭველი და აქტუალური საფრთხის არსებობა, უნდა დავამტკიცოთ, რომ მოსალოდნელი იყო პირდაპირი და მნიშვნელოვანი ძალადობა ან მოუწოდებდნენ ამგვარი ძალადობისკენ“. მისი აზრით, საფრთხე, როგორც აზრის გამოხატვის შედეგი, უეჭველად და მყისიერად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, „როდესაც ბოროტება, რომელსაც ჩვენ ვუფრთხით, იმდენად ახლოსაა, რომ ის შეიძლება დატრიალდეს მანამ, სანამ საქმე ჭეშმარიტ დისკუსიამდე მივა“.4
ბრანდენბურგის გადაწყვეტილების (Brandenburg v. Ohio) შემდეგ ცხადი და მყისიერი საფრთხის ტესტი გამოხატვის თავისუფლების უზრუნველმყოფი გახდა. ტესტით უფლების ფარგლები გაფართოვდა და მოიცვა გამოხატვის მრავალი ფორმა. ბრანდერბურგის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით დაადგინა ახალი სტანდარტი: გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ასეთი ქმედება დადგება. ბრანდენბურგის ტესტის (ცხადი და მყისიერი საფრთხის ტესტი) თანახმად, რომელიც დღესაც ძალაშია, თუ მკაფიოდ არ იკვეთება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, ძალადობისა და სიძულვილის ქადაგებაც კი დაცულია პირველი შესწორებით.5 „აშკარა და მყისიერი საფრთხის“ ტესტის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების საზღვრები ფასდება მის მიერ შექმნილი საფრთხისა და იმ ზიანის დადგენით, რომელიც ამ გამოხატვამ შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან ერთად, სიტყვის გამოხატვის ღირებულება ან ფორმა აღნიშნული ტესტის ელემენტს არ წარმოადგენს.6
დასახელებული ტესტის თანახმად, საჭიროა არა გამოხატვის შინაარსის ანალიზი, არამედ იმისი დადგენა, მოიტანს თუ არა ესა თუ ის გამოხატვა რეალურსა და მყისიერ შედეგებს. გამოხატვა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის დაარღვევს ზღვარს გამოხატვასა და ძალადობას შორის. შესაბამისად, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო არ არის „აშკარა და მყისიერი საფრთხე“, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გაუმართლებლად ჩაითვლება. 
დასახელებული ტესტის კონტექსტში საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Schwabe and M.G. v. Germany, განმცხადებლები დავობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლებაში ჩარევის შესახებ. სასამართლომ შეაფასა რა დემონსტრაციაში მონაწილეთა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მოსაზრების საპირისპიროდ ვერ დადასტურდა, რომ თვით განმცხადებლებს ჰქონდათ რაიმე ძალადობრივი განზრახვა. მათ არ აღმოაჩნდათ არანაირი იარაღი, მათი ბანერების შინაარსი ვერ გამოდგებოდა იმის სამტკიცებლად, რომ განმცხადებლებს განზრახული ჰქონდათ ძალადობისკენ მოწოდება. ამდენად, განმცხადებლების დაპატიმრებით მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩაერივნენ. დემონსტრაციაში მონაწილეობით განმცხადებლები გეგმავდნენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დებატში მონაწილეობას, რომლის მიზანი იყო ბევრი დემონსტრანტის დაპატიმრების კრიტიკა და არა ძალადობა ან სხვებისთვის მოწოდება ძალადობისკენ. განმცხადებლების ექვსდღიანი პატიმრობა არ იყო ლეგიტიმური მიზნის (სამიტის მონაწილეთა უსაფრთხოება) მიღწევის პროპორციული ზომა. სასამართლომ  დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა. 
როგორც სამართლებრივ ლიტერატურაშია მითითებული, „აშკარა და რეალური“ საფრთხის ამერიკული კრიტერიუმის გამოყენება მეტ წინაპირობას ქმნის გამოხატვის უფლების უკეთ დასაცავად, ვიდრე ევროპული კრიტერიუმი, „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.7 საჯარო ინტერესისათვის აშკარა და რეალური საფრთხის არსებობა მისი პირდაპირი შინაარსის გათვალისწინებით თავის თავში ისეთი შემზღუდველი კრიტერიუმების არსებობას ითვალისწინებს, რომ ამ ტესტის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების ჩარევის გამართლებას. ზოგადად, ევროპული სტანდარტის შესაბამისად, „აუცილებლობის“ შეფასება დაკავშირებულია „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ დადგენასთან, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს „აუცილებელი და შესაბამისი“ საფუძვლის დასაბუთებას სახელმწიფოს მხრიდან, ამასთან, „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ შეფასება, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, მოიცავს იმის დადგენას, რამდენად რეალური იყოს ასეთი „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა, მაგრამ ეს კრიტერიუმი არ აკეთებს აქცენტს უშუალოდ კონკრეტული ზიანის აშკარა მოსალოდნელ საფრთხეზე, ზიანის გარდაუვალ დადგომაზე ან მის სერიოზულობაზე. ეს გარემოებები, ცხადია, მხედველობაში მიიღება ყოველი საქმის განხილვის დროს, მაგრამ „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ კრიტერიუმის ფორმულირება იმდენად ფართო და ზოგადია, რომ ის იძლევა შესაძლებლობას, უფლებაში ჩარევის გამართლება მეტ შემთხვევას დაუკავშირდეს.8   

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება რეალური საფრთხის ტესტის თაობაზე
2011 წლის 18 აპრილის N2/482, 483, 487, 502 გადაწყვეტილებაში9 საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა რა სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე, მიუთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შედეგად შეიძლება შეიზღუდოს იმ ადამიანთა შეკრების (მანიფესტაციის) უფლება, რომლებსაც თავად კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ განუხორციელებიათ. ასეთ შემთხვევაში შეკრების (მანიფესტაციის) უფლებაში ჩარევის შესამოწმებლად საკონსტიტუციო სასამართლომ შემოიღო რეალური საფრთხის ტესტი და მიუთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც მოწოდებების შედეგად ძალადობის განხორციელების საფრთხე რეალურია.10
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აკრძალულის მოწოდება შეკრების შეწყვეტას იწვევს მხოლოდ მაშინ, თუ ის მასობრივ ხასიათს მიიღებს, როდესაც ის შეკრების მიმდინარეობაზე, მისი გამართვის მიზანსა და მოტივაციაზე აისახება. ამავე დროს შეკრება ან მანიფესტაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის მომეტებული საფრთხის მქონე მოვლენად იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს, როდესაც შეკრების ორგანიზატორების ან/და მისი მონაწილეების მიერ მასობრივად ხდება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებები, იზრდება ასეთი მოწოდებებით გამოწვეული დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების საფრთხე. სხვა შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმით აკრძალული გამოხატვა ერთეულ შემთხვევებს წარმოადგენს და გავლენას არ ახდენს თავად შეკრების ხასიათზე, კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობაში ჩარევას არ ითვალისწინებს.11
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, რეალური საფრთხის ტესტი შემდეგი ნაწილებისგან შედგება: უნდა არსებობდეს დანაშაულისკენ მოწოდების ფაქტი,  დანაშაულისკენ მოწოდება უნდა იყოს მასობრივი ხასიათისა, დანაშაულისკენ მოწოდებამ გავლენა უნდა მოახდინოს შეკრების მიმდინარეობაზე, მიზანსა და მოტივაციაზე.12 ეს ელემენტები კუმულატიურია და ერთდროულად უნდა არსებობდეს. 
სასამართლომ პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობისას  განმარტა, რომ თავისთავად მოწოდების ფაქტი არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. ამისათვის საჭიროა ძალადობის და/ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი ან ასეთი ქმედების განხორციელების რეალური საფრთხე. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის ქმედება (მოწოდება) „...ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“.13 
როგორც აღნიშნული მიუთითებს, სასამართლომ პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხზეც რამდენიმე კრიტერიუმი დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ძალადობისკენ მოწოდების ფაქტი არ არის საკმარისი – პასუხისმგებლობისთვის საჭიროა ძალადობის და/ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი ან ასეთი ქმედების განხორციელების რეალური საფრთხე. საფრთხე კი უნდა იყოს ერთდროულად აშკარა, პირდაპირი, არსებითი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანთა ქმედება იწვევს უსაფრთხოებისა და სხვათა უფლებების დარღვევის რეალურ საფრთხეს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ვალდებულება ჩნდება, მაგრამ, სასამართლოს განმარტების თანახმად, მოწოდება, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის განზრახვის გარეშეა გაკეთებული, არ იწვევს პასუხისმგებლობას.14

დასკვნა 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა და უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტები და კრიტერიუმები ძალიან დაეხმარება დაინტერესებულ პირებს როგორც სამართლებრივი, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.   

1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487, 502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
2 ქეთევან ერემაძე, თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში, თბილისი, 2018; გვ.113
3 ფრიდონ საყვარელიძე, გამოხატვის თავისუფლება – დემოკრატიის ჟანგბადი. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. http://tolerantoba.ge/index.php?id=1281619775&kat=280
4 ფრიდონ საყვარელიძე, გამოხატვის თავისუფლება – დემოკრატიის ჟანგბადი. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. http://tolerantoba.ge/index.php?id=1281619775&kat=280
5 სიძულვილის ენა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, თბილისი, 2014 წ., გვ. 8.
6 სიძულვილის ენა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, თბილისი, 2014 წ., გვ. 8-9.
7 ევა გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტურ ღირებულებათა სამართლიანი დაბალანსების კონტექსტში, 2007 წ., გვ. 405
8 ევა გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტურ ღირებულებათა სამართლიანი დაბალანსების კონტექსტში, 200 7 წ., გვ. 406
9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482, 483, 487, 502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
10 იქვე, II, პ.102.
11 იქვე, II, პ. 103.
12 თ. ტუღუში, გ. ბურჯანაძე, გ.მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013, გვ. 324.
13 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487, 502 გადაწყვეტილება, II, პ. 104.
14 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, პ.II.105.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი