ბავშვთა მართლმსაჯულება - რა უნდა ვიცოდეთ?

24 ნოემბერი 2021

ავტორი: მაია ბაქრაძე
ადვოკატი

ბავშვები არიან არა ხვალინდელი, არამედ დღეის ადამიანები, უფლებამოსილნი, იღებდნენ სერიოზულად, ექცეოდნენ პატივისცემითა და მზრუნველობით. 
...[ბავშვები] გრძნობებით ბევრად გვჯობნიან, აზროვნებით ჩვენი თანასწორნი არიან, ერთადერთი – მათ მხოლოდ გამოცდილება აკლიათ...

                                                                                                                                                                     იანუშ კორჩაკი1

                   ბავშვთა მართლმსაჯულება – რა უნდა ვიცოდეთ?

ბავშვი ადამიანია და დაუბრკოლებლად სარგებლობს ყველა იმ სიკეთით, რომელიც ადამიანს სამართალმა არგუნა. ბავშვი, როგორც ყველა ადამიანი, უფლებების მქონე სუბიექტია. ბავშვის უფლებების ნორმატიულ აღიარებასა და მათი დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებას საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაუყარა საფუძველი – პირველი დეკლარაცია (ჟენევის დეკლარაცია) ერთა ლიგის ასამბლეამ 1924 წელს დაამტკიცა. დოკუმენტი ხუთ პუნქტად განსაზღვრავდა ბავშვის უფლებებს და აღიარებდა ზრდასრულთა ვალდებულებებს მათ მიმართ. მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ და მისმა შემდგომმა პერიოდმა წარმოშვა ბავშვთა უფლების გავრცობის საჭიროება და 1948 წლის ბავშვის უფლებათა დეკლარაციამ უფლების გავრცელება აღიარა ყველა ბავშვზე, მიუხედავად რასისა, წარმოშობისა და რწმენისა. მასში საუბარი იყო ბავშვის კეთილდღეობასა და მის უფლებაზე განვითარების შესახებ, მისი დახმარების, ზრუნვისა და დაცვის ვალდებულებებზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ აღიარა, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული დახმარებისა და მათზე მზრუნველობის უფლება. 1959 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჟენევის დეკლარაციაზე დაყრდნობით ბავშვის უფლებათა დეკლარაცია განვრცობილი ტექსტით მიიღო. 
საერთაშორისო აქტებმა ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში გაითვალისწინა, რომ, რადგან ბავშვის მომწიფების ხარისხი და განვითარების ეტაპი მას დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებას არ აძლევდა, სამართლის სუბიექტთან ერთად ის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს წარმოადგენდა. მოგვიანებით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ბავშვი უმცირესობათა ჯგუფს მიაკუთვნეს და ამ ჩანაწერის საფუძველზე ხელშეკრულების დამდებ მხარეებს ვალდებულება დაეკისრათ ბავშვი განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი იყოს და მიმართონ დამატებით ღონისძიებებს, რათა ბავშვებმა უზრუნველმყოფი უფლებების ეფექტური რეალიზება შეძლონ. 

1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია –არსებული სტანდარტების გამაერთიანებელი და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელსაც შეუერთდა სახელმწიფოთა უმრავლესობა. კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ბავშვი არის არა ქველმოქმედების მიმღები პასიური სუბიექტი, არამედ ადამიანია მთელი რიგი მკაფიოდ ჩამოყალიბებული უფლებებით. კონვენციამ განსაზღვრა, ვინ არის ბავშვი. მისი მოქმედება ვრცელდება ყველა ადამიანზე 18 წლამდე და ის აწესებს ბავშვის ცხოვრებისა და განვითარების მინიმალურ სტანდარტებს თანასწორად ყველა ბავშვისთვის, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაბადების, მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების ანდა სხვა გარემოებათა მიუხედავად.

ბავშვის უფლებათა კონვენციის ტექსტი მზადდებოდა წლების განმავლობაში და კონვენცია მთავარი გამაერთიანებელი დოკუმენტი გახდა: განისაზღვრა სახელმწიფოთა მიერ მისი შესრულების მონიტორინგის მექანიზმი; ხოლო კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულებაზე ზედამხედველობის ორგანოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი წარმოადგენს. ბავშვის უფლებათა კომიტეტი სახელმწიფოზე ზედამხედველობის სხვა ფორმებთან ერთად განიხილავს ინდივიდუალურ განაცხადებს წევრი ქვეყნების მიერ ბავშვის უფლებათა დარღვევის შესახებ, ადგენს დარღვევის ფაქტს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, რათა ის შეასრულოს სახელმწიფომ. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი არ წარმოადგენს სასამართლო ორგანოს, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს კონკრეტული უფლების აღდგენას ან ზიანის ანაზღაურებას, გადაწყვეტილებით აზუსტებს სახელმწიფოს ვალდებულებებს და აკვირდება გადაწყვეტილების აღსრულებას სახელმწიფოთა მიერ. საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება, რაც მნიშვნელოვანი ბერკეტია დარღვეული უფლების აღსადგენად.  

საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა; შესაბამისად, სახელმწიფოს ამ დროიდან აკისრია კონვენციის პრინციპებისა და დებულებების დაცვის ვალდებულება.
ბავშვის უფლებათა კონვენცია
კონვენცია ბავშვს აღიარებს ადამიანის უფლებების მქონე დამოუკიდებელ სუბიექტად, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს უფლებები აქვთ არა იმიტომ, რომ ისინი საზოგადოების მომავალი – მომავლის ადამიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ, ადამიანები არიან ბავშვობის ასაკში. კონვენცია აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებებს ბავშვის წინაშე როგორც მისი დარღვეული უფლების დაცვის, ასევე მათი უფლებების რეალიზებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესახებ.
კონვენცია ბავშვს, როგორც დამატებითი ზრუნვის ობიექტს, აღიარებს არა მისი კონკრეტული ასაკის, არამედ მისი ზრდა-განვითარების ეტაპისა და მომწიფების ხარისხის გათვალისწინებით.
კონვენცია აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე: თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობა; ბავშვის ჩართულობა-მონაწილეობა; ბავშვის სიცოცხლისა და განვითარების უფლება.
უფლებები თანაბრად ვრცელდება ყველა ბავშვზე, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, დამატებითი მხარდაჭერის საჭიროებისა, ასაკისა და ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნისა. დისკრიმინაციის დაუშვებლობა არ გულისხმობს ყველა ბავშვთან ერთნაირ მოპყრობას. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შეძლონ ბავშვის საჭიროებათა გამორკვევა, კანონმდებლობის მიღება, იმპლემენტაცია, რესურსების მობილიზება, დამატებითი ღონისძიებების შემოღება, რათა ყველა ბავშვმა შეძლოს თავისი უფლებების თანაბრად რეალიზება. 

ბავშვის უფლებები ყველგან დაცული უნდა იყოს კონვენციის პრინციპების შესაბამისად: ოჯახში, სახელმწიფო ზრუნვის სააღმზრდელო დაწესებულებაში, სხვა საჯაროსა თუ კერძო სივრცეში, ადმინისტრაციულ ორგანოში, საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოსა და პენიტენციურ დაწესებულებაში.
ორი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელთაც ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, არის ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობა და მისი მონაწილეობა/მოსმენა ყველა ეტაპზე, რაც ბავშვის უფლებების სრულად რეალიზების სავალდებულო საშუალებას წარმოადგენს.
ბავშვის საუკეთესო ინტერესი
ბავშვების მიმართ განხორციელებულ ყველა ქმედებაში – იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს. 

ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება ჯერ კიდევ კონვენციის მიღებამდე, 1959 წლის დეკლარაციაში იქნა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია კონვენციის როლი მისი ფარგლების დადგენაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი კი ასახავს მისი გამორკვევის პრინციპებს.
ამ ცნებას სამი განზომილება აქვს: ბავშვის მატერიალური უფლება, პროცედურული ნორმა და სამართლებრივი პრინციპი. 
მატერიალური უფლება – ბავშვს თავისი რეალიზებისა და დაცვის მოთხოვნის უფლება აქვს.
პროცედურული ნორმა – ბავშვთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას  უნდა შეფასდეს მისი ზეგავლენის მექანიზმი ბავშვის ინტერესის მიმართ, გადაწყვეტილება  უნდა შეიცავდეს მსჯელობას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამორკვევის შესახებ1 
სამართლებრივი პრინციპი. ნორმის რამდენიმე განმარტების შესაძლებლობისას ბავშვის   საუკეთესო ინტერესთან ყველაზე მეტად შესაბამისი განმარტების გამოყენება.
ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიცაა: ბავშვის ასაკი, სქესი, სოციალური მდგომარეობა, დამატებითი საჭიროება, ბავშვის აზრი და მისი ინტერესები: ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება, ჯანსაღი განვითარება, მასზე ზრუნვა, დაცვა და უსაფრთხოება, განათლების მიღების უფლება.
ბავშვის, როგორც თავისი, და არა სხვისგან ნაწარმოები, უფლების მქონე სუბიექტის, გააზრება წარმოადგენს მისი ინტერესის გამორკვევის აუცილებელ საშუალებას, სხვაგვარად, ბავშვის საჭიროების  დადგენასთან საქმე გვექნება მშობლის ან ბავშვზე მზრუნველი სხვა პირის შეხედულების მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნების მიზანია უზრუნველყოს როგორც ბავშვის ყველა უფლებით სრული და ეფექტური სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. ნორმატიულად  დაუდგენელია, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი; იგი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფისთვის. 

ბავშვის მონაწილეობის/მოსმენისა და მისი საუკეთესო ინტერესების გამორკვევის პრინციპი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში განიხილება. ერთი მხრივ,  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა/მოსმენა მისი საუკეთესო ინტერესის დაცვაა, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მონაწილეობით/მოსმენით ირკვევა, რა არის მისი საუკეთესო ინტერესი.
ბავშვის მონაწილეობა/ მოსმენა
სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის მიერ მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვის უფლება. ბავშვის მოსაზრებას უნდა მიენიჭოს სათანადო მნიშვნელობა მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად. ბავშვს უნდა მოუსმინონ ყველგან, მათ შორის მასთან დაკავშირებულ სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცესზე, პირდაპირ ან წარმომადგენლის მეშვეობით ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები სახელმწიფოებს მიუთითებს, რომ: 
მოსამართლეებმა უნდა დაიცვან ბავშვის უფლება მოსმენაზე ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც მას ეხება. ბავშვებს უნდა ჰკითხონ, რა ფორმით ურჩევნიათ ამ უფლების განხორციელება. ბავშვის მოსაზრებებსა და შეხედულებას სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად; 
ბავშვს მხოლოდ ასაკის გამო არ უნდა წაერთვას შესაძლებლობა მოუსმინონ. როდესაც ბავშვი გამოიჩენს ინიციატივას, მოუსმინონ მასთან დაკავშირებულ საქმეზე, მოსამართლემ არ უნდა უარყოს, უნდა მოუსმინოს მის მოსაზრებებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ბავშვის მონაწილეობა/მოსმენის უფლება რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 
ბავშვის ინფორმირება – ამ დროს აუცილებელია გასაგებ ენაზე ახსნა, რა უფლებები აქვს მას, რა პროცესში უწევს მონაწილეობა, რა საფეხურები აქვს გასავლელი, რა შედეგების წინაშე შეიძლება დადგეს. მისი აზრის მოსმენა ყველაზე ხელსაყრელი მეთოდით – წერილობით, ნახატით, სიტყვიერი  გადმოცემით, ონლაინ თუ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა აზრი გამოთქვას თავისი სურვილით, მასზე გავლენას არ ახდენდნენ სხვა ადამიანები და გარე ფაქტორები, ინფრასტრუქტურა იყოს ბავშვზე მორგებული, არ იყოს დამთრგუნველი, გრძნობდეს მხარდაჭერას, ჰქონდეს ნდობა. ბავშვის მოსმენის უფლების რეალიზებას წარმოადგენს მისი უარიც მონაწილეობაზე, აგრეთვე – აზრის გადმოცემაზე ან აზრის გადმოცემა არა უშუალოდ, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით. ბავშვის მოსმენის უფლების დაცვას ემსახურება გადაწყვეტილების დროს მისი მოსაზრების სათანადო გათვალისწინება-გაზიარება ან დასაბუთებული უარყოფა. დაბოლოს, გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმების გამოყენება.
ეროვნული კანონმდებლობა ბავშვთა მართლმსაჯულების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა დაიწყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებით 2015 წელს, რითაც დადგინდა სტანდარტები სისხლის სამართლის პროცესთან  დაკავშირებული ბავშვებისთვის. კოდექსით გათვალისწინებულ იქნა განრიდების2 პროგრამაში ჩართვისა და თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული ფორმების გამოყენების უპირატესობა, პროფესიონალთა სავალდებულო სპეციალიზაცია, მულტიდისციპლინური მიდგომა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას. 
2019 წელს მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დონეზე ერთიანი დოკუმენტის სახით თავი მოუყარეს ბავშვის უფლებების აღიარების რეალიზებისა და დაცვის საერთო სტანდარტებს, რომლებიც მოქმედებს ყველგან, სადაც ბავშვია ან ბავშვთან დაკავშირებული საკითხი განიხილება. ბავშვთა მართლმსაჯულება საერთაშორისო სტანდარტს დაუახლოვდა, რაც გულისხმობს ბავშვზე მორგებული მიდგომების უზრუნველყოფას როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებასა და სხვა კვაზისასამართლო განხილვებისას. კოდექსით მკაფიოდ განისაზღვრა, რომ მართლმსაჯულება უნდა წარიმართოს კანონის უზენაესობის დაცვით, ყველა ბავშვისთვის უფლების ეფექტური რეალიზების უზრუნველყოფით.  მსგავსად სისხლის სამართალწარმოებისა, ბავშვთა სამოქალაქო მართლმსაჯულება ითვალისწინებს პროცესში მონაწილე პროფესიონალთა სავალდებულო მომზადებასა და მულტიდისციპლინურ მიდგომას. პროცესში მონაწილეობენ სპეციალურად მომზადებული ადვოკატები, მოსამართლეები, გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები. პროცესში ასევე შეიძლება მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები – ფსიქოლოგი, ექიმი, პედაგოგი და სხვ., თუ ეს საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამორკვევის, მისი აზრის მოსმენის, ზოგადად, ბავშვის უფლებების უკეთ რეალიზებისთვის.

ბავშვთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბავშვთან დაკავშირებული საქმეები პრიორიტეტულად განიხილება. ბავშვის ზრდა-განვითარების ეტაპების მიხედვით იცვლება მისი საჭიროებანი. შესაბამისად, კონკრეტული საკითხის დაგვიანებული გადაწყვეტით შესაძლოა ვერ მოხდეს ბავშვის უფლების სათანადოდ რეალიზება ან დაცვა. თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მოითხოვს, ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც პირველ რიგში უნდა აღსრულდეს, 
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ადაპტირებული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებებთან. მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვისთვის განკუთვნილი ოთახები, მოსაცდელი სივრცე, მონაწილე პირების ჩაცმულობა, ტექნიკური საშუალებების მისაწვდომობა, სასამართლოსთვის მიმართვის ფორმები, ვებგვერდები იყოს    ბავშვისთვის ყოველმხრივ მოსახერხებელი, მისთვის იოლად აღსაქმელი და ხელმისაწვდომი. ყურადღება უნდა დაეთმოს შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების საჭიროებებს. თუკი უნივერსალური დიზაინით შექმნილი გარემო ბავშვებისთვის მოხერხებული არ არის, მათ საჭიროებებს გონივრულად უნდა მიუსადაგონ.
ბავშვს უფლება აქვს, ასაკის მიუხედავად, მიმართოს სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს დამოუკიდებლად, წარმომადგენლის საშუალებით ან უშუალოდ. ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედებამდე სასამართლოსთვის მიმართვა ბავშვს მხოლოდ 14 წლის შემდეგ შეეძლო. ამ ასაკის მიღწევამდე მისი უფლების დაცვის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) გადაწყვეტილებით იყო შესაძლებელი. ცხადია, კოდექსი აღიარებს მშობლის, როგორც ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის, როლს მართლმსაჯულებაში. მისი ეს უფლება იმ შემთხვევაში იზღუდება, თუ მშობელი სავარაუდო მოძალადეა. ბავშვს აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს (გარიგებითი წარმომადგენელი). ადვოკატი მოქმედებს ყველა იმ სტანდარტით, რომლებიც საადვოკატო საქმიანობისთვის არის გათვალისწინებული და იცავს ყველა იმ წესს, რომლებსაც მას ადვოკატთა ეთიკის კოდექსი ავალდებულებს. ბავშვის სამართლებრივი დახმარების ვალდებულება აქვს სახელმწიფოსაც. სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით იცავს ბავშვის უფლებებს მართლმსაჯულებაში. ეს სამსახური ვალდებულია ბავშვს გაუწიოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ყველა სტანდარტის დაცვით. ბავშვთან პირველი დაკავშირებისთანავე წარმომადგენელს აკისრია მისი სრული ინფორმირების ვალდებულება. ბავშვს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მის უფლებებსა და როლზე სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესში, პროცესში მონაწილეობისთვის მხარდაჭერის მექანიზმებზე, შესაძლო შედეგებზე, პროცესის მიმდინარეობის დეტალებზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმზე, დამხმარე სერვისების გამოყენების შესაძლებლობაზე.

ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სპეციალური სტანდარტით უნდა დასაბუთდეს. გადაწყვეტილების მიმღები პირი ვალდებულია იმსჯელოს, რა გავლენას ახდენს გადაწყვეტილება ბავშვის უფლებებზე, უნდა დასაბუთდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მის მოსაზრებას უნდა დაეთმოს სათანადო ყურადღება.  გადაწყვეტილებაში უნდა იყოს მსჯელობა აღსრულების მექანიზმებზე, განხილულ უნდა იქნეს აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები.
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დადგენილი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულია გარკვეული ღონისძიებები. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ დაიწყო ადვოკატთა და მოსამართლეთა სპეციალური მომზადება. მომზადდა საპროცესო დოკუმენტების სპეციალური ფორმები. ბავშვთა ფონდის დახმარებით იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე რეგიონულ ოფისში მოეწყო სპეციალური ინფრასტრუქტურა ბავშვთა და ადვოკატთა შეხვედრებისთვის, რაც, ბუნებრივია, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით კვლავ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, აღქმის ნაკლებობა, ბავშვთა მიმართ არასაკმარისი თანაგრძნობა, სპეციალურად მომზადებული სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანური რესურსის ნაკლებობა, მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფა, საქმეთა განხილვის ვადები და სხვ. 
ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. საერთაშორისო აქტებითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ ნებასა და სახელმწიფო აპარატის მუშაობასთან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვთა ადვოკატებისა და უფლებადამცველების აქტიურობა, ცნობიერების ამაღლება და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა ინფორმირება საკუთარი უფლებებისა და მისი დაცვის შესაძლებლობების შესახებ. 
ბავშვის უფლებათა დეკლარაცია (ჟენევის დეკლარაცია) https://archive.crin.org/en/library/un-regional-documentation/declaration-rights-child-1923.html.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წ.  https://archive.crin.org/en/library/un-regional-documentation/declaration-rights-child-1948.html ნანახია 06.04.21.
International Covenant on Civil and Political Rightshttps://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/CCPR.aspx ნანახია 06.04.21 
ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმი „შეტყობინების პროცედურების შესახებ“
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგადი რეკომენდაცია N5 https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRC%2fGC%2f2003%2f5&Lang=en ნანახია 09.04.2021.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N12 https://tbinternet.ohchr.org/ ნანახია 09.04.2021.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N14 https://tbinternet.ohchr.org/ ნანახია 09.04.2021.
How to protect the child’s best interests? Emily Logan, Ombudsman for Children, Ireland, Janusz Korczak’s legacy Lectures on today’s challenges for children, Council of Europe Publishing F-67075 Strasbourg Cedex http://book.coe.int ნანახია 10.04.2021.
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება კანონმდებლობის კვლევა, გაეროს ბავშვთა ფონდი 2017, https://www.unicef.org/georgia/media/1481/file/Legislative%20Anlysis%20GEO.pdf ნანახია 09.04.2021.
ბავშვის უფლებათა კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=2 ნანახია 12.04.2021.


1 იანუშ კორჩაკი (1878-1942) – ებრაული წარმოშობის პოლონელი საზოგადო მოღვაწე, ექიმი, პედიატრი, მწერალი, ბავშვების დიდი მეგობარი და ქომაგი. მისი იდეები აისახა ბავშვის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებში. ავტორია ცნობილი ნაშრომებისა: „როგორ გვიყვარდეს ბავშვი“, „როგორ გამოვხატოთ ბავშვისადმი პატივისცემა“.
2 განრიდება – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვანის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი