ფიზიკურ პირთა გადასახადები საქართველოში

3 ნოემბერი 2019

ავტორი: ზვიად როგავა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  სამართლის დოქტორი

 

საქართველოში ფიზიკურ პირთა გადასახადებს განეკუთვნება საშემოსავლო და ქონების გადასახადები. საშემოსავლო გადასახადი  – საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადია, რომლის გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად ორი კატეგორიის ფიზიკურ პირს გამოჰყოფს:

რეზიდენტი ფიზიკური პირი;

არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სტატუსზეა დამოკიდებული დაბეგვრის ობიექტის შერჩევა. ასაკი, შერაცხადობა, მოქალაქეობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები ზეგავლნას არ ახდენენ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელის  სტატუსზე.

გადასახადის გადამხდელთა ამგვარი განსაზღვრა საშემოსავლო გადასახადის კლასიკური მოდელისთვის ტრადიციულია. ამასთან, საგადასახადო რეზიდენტობის კრიტერიუმით გადასახადის გადამხდელთა ორ კატეგორიად გამიჯვნა ემსახურება საგადასახადო ვალდებულების მოცულობის განსაზღვრას, შემოსავლის მიღების წყაროს ადგილიდან გამომდინარე. საგადასახადო კოდექსი ამ ორი კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის განსხვავებულად ადგენს დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის წესს.

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სტატუსიდან გამომდინარე რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამრიგად, დასაბეგრი შემოსავალი არის გადასახადის გადამხდელის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი, შემცირებული გამოქვითვების თანხებით: TI = GI – D, სადაც TI – გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალია, GI – ერთობლივი შემოსავალი, ხოლო D -გამოქვითვები ანუ ხარჯები.

საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.  ამასთან, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე.

რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი გამოყოფს სამი სახის შემოსავალს. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ასევე სხვა შემოსავალი, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ხელფასის სახით შემოსავლები პირმა შესაძლებელია მიიღოს ფულადი ფორმით, ნატურალური ფორმით ან სარგებლის სახით.

ფიზიკურმა პირმა შემოსავალი შესაძლებელია მიიღოს ნაღდი ფულადი სახსრების სახით უშუალოდ საწარმოს სალაროდან, შესაძლებელია ჩაირიცხოს მის ან მისი მოთხოვნით მესამე პირების საბანკო ანგარიშზე. თუ შემოსავალი მიღებულია უცხოურ ვალუტაში, გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის გადაიანგარიშება ლარებში შემოსავლის ფაქტობრივად მიღების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საგადასახადო წლის განმავლობაში ნატურალური ფორმით იღებს შემოსავალს, ასეთი შემოსავალი ერთობლივი შემოსავლის შემადგენლობაში უნდა აღირიცხოს შემოსავლის მიღების თარიღისათვის არსებული საბაზრო ფასით.

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში შესატანი სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, რომელიც მიღებულია დაქირავებულის მიერ, მის მიერ მიღებული სარგებლისათვის გადახდილი თანხის გამოკლებით.

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში,  წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება და სხვა.

ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, მაგალითად: საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები, აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები, პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა, დივიდენდი, როიალტი, ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი. ასეთ შემოსავლებს, მაგალითად, განეკუთვნება მემკვიდრეობითა და ჩუქებით მიღებული შემოსავლები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებული შემოსავლები და ა.შ.

გამოქვითვები – არის გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების, შემოსავლის, კომპენსაციის მისაღებად მიმართული საქმიანობის განსახორციელებლად გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები.

დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით დადასტურებული ხარჯები.

ამრიგად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან. მაგალითად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ნედლეულის, მასალების, ინვენტარის, საწვავის და ა.შ. შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები, საამორტიზაციო ანარიცხების თანხები, შრომის ანაზღაურების ხარჯები, ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები,  გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები,  იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი პროცენტები, რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები და სხვა.

გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მთელი რიგი ხარჯები არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას. ერთობლივი შემოსავლიდან, მაგალითად, არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გართობაზე გაწეული ხარჯები, ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები, ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა.

ფიზიკური პირის მიერ გაწეული მთელი რიგი ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან არა სრულად, არამედ ნაწილობრივ. მაგალითად, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან არა უმეტეს წლიური 24 პროცენტისა, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, გამოქვითოს წარმომადგენლობითი ხარჯები არა უმეტეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც არაეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან.

საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის შემოსავლის ორმოცდაათზე მეტი სახე. მათ შორისაა ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სხვადასხვა სახის სახელმწიფო დახმარება და კომპენსაცია, სტიპენდიები, პენსია, ალიმენტი, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი,  მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი, ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს სხვა.

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.

კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ასევე პირი, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.

საშემოსავლო გადასახადში გამოიყენება დაბეგვრის პროპორციული სისტემა. ამ შემთხვევაში ყველა გადასახადის გადამხდელისთვის  თანაბარია გადასახადის განაკვეთი (და არა გადასახადის თანხა). საგადასახადო ბაზის ზრდასთან ერთად პროპორციულად იზრდება გადასახადი თანხა, თუმცა ნებისმიერი შემოსავლის მქონე გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის განაკვეთი უცვლელია ანუ ფიქსირებულია.

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით. ამასთან,  საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, იბეგრება 5 პროცენტით.

ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი ასევე იბეგრება 5 პროცენტით.

რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროდან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში იხდის საშემოსავლო გადასახადს.

მეწარმე ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადს იხდიან საგადასახადო პერიოდის განმავლობაში გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დადგენილ ვადებში გადახდითა და საგადასახადო პერიოდის დამთავრებისას,  საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საბოლოოდ გამოანგარიშებული გადასახადის თანხის გადახდით. ამასთან, გადასახადის მიმდინარე გადასახდელებში იგულისხმება შუალედური შენატანები, რომელთა გადახდაც ხორციელდება საგადასახადო პერიოდის დამთავრებამდე. მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.

მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი  – ადგილობრივი გადასახადია. მისი გადახდა სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე.

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია:

საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება  (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობა, შენობა-ნაგებობა  ან მათი ნაწილი);

საკუთრებაში არსებული იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები;

საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილები;

არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის პირის ოჯახში იგულისხმება პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის თავად გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას.

ამასთან, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ქონების ადგილმდებარეობისა და შესაძლო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით.

ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.

ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში არ შეიტანება, მაგალითად, ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება, ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი და სხვა.

საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდია კალენდარული წელი ანუ დროის მონაკვეთი საანგარიშო წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

ფიზიკური პირის ქონების გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარაციაში ასახოს დასაბეგრი ქონების დასახელება, აღწერილობა, დასაბეგრი ქონების ღირებულება და შეღავათები, რომელთა მიხედვითაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.

ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. ამასთან, დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ფიზიკური პირი დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი