გიორგი ჭეხანი

აღმასრულებელი დირექტორი

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭეხანი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან და ხელმძღვანელობს ასოციაციის აპარატის საქმიანობის ყველა მიმართულებას. გიორგის აქვს დიდი გამოცდილება როგორც მენეჯმენტის, ასევე იუსტიციისა და სხვა სფეროების რეფორმებში აქტიური ჩართულობის კუთხით.

2004-2009 წლებში გიორგი სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამას თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2007-2008 წლებში, გიორგი ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას. საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში, 2006-2007 წლებში, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი (UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა), გიორგი ჭეხანი ერთი აკადემიური წელი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნულ პერიოდში იგი აგრეთვე მუშაობდა ვაშინგტონის შტატის ადვოკატთა ასოციაციასა და ამავე შტატის არასრულწლოვანთა სასამართლოში.

2008-2009 წლებში გიორგი ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალგაზრდები გაეროსთვის-საქართველო“. გიორგი ჭეხანი ასევე იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, რა დროსაც ის აქტიურად იყო ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის მუშაობაში.

2009-2010 წლებში გიორგი სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, როგორც „საქართველოს განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ სტიპენდიანტი. 

2010-2013 წლებში, გიორგი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინსტროში, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე, ხოლო 2013-2014 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის პოზიციაზე, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში. ამავე პერიოდში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით (Professional Fellows Program), გიორგიმ გაიარა სასამართლოს ადმინისტრირების 2-თვიანი კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, New Mexico-ს შტატის უზენაეს სასამართლოში, 2011-2012 წლებში კი გაიარა საჯარო მოხელეთა სპეციალური კურსი რონდელის ფონდში. 

2014-2016 წლებში, გიორგი ხელმძღვანელობდა სსიპ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და ზედამხედველობდა როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს, ასევე სამოსამართლო სწავლების პროგრამული განვითარების მიმართულებებს.

2016 წელს გიორგი ჭეხანმა მოიპოვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია (Chevening) და სწავლა განაგრძო ოქსფორდის უნივერსიტეტში, სახელმწიფო მართვის და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და ამავდროულად არის „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) გამგეობის წევრი.

გარდა მშობლიური ენისა, გიორგი ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი