ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი

19 ივლისი 2024

                       

ავტორი: ქეთევან სულხანიშვილი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჟურნალისტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისა და სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში, რომელიც უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე, ისევე, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობაა საქართველოსთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ევროინტეგრაციის პროცესში. სწორედ ძლიერი სასამართლოსა და მართლმსაჯულების ნაწილია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია.
 

„კანონი შეიძლება იყოს ბრმა, მაგრამ ნაფიცი მსაჯული ყველაფერს ხედავს“

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, ის საქართველოში მძიმე კატეგორიის  სისხლის სამართლის საქმეებისთვის 2010 წლიდან დამკვიდრდა და ჯერ კიდევ განვითარების ეტაპებს გადის. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის განვითარებას განსაკუთრებული როლი აქვს ქართული მართლმსაჯულების სრულყოფისთვის, რაც საბოლოოს სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება.

სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაძლიერებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, პირველად საქართველოში, ადვოკატთა ასოციაციამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ჩაატარა. მასშტაბური პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა. 

 

ჩემპიონატი ახალგაზრდა თაობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და საჭირო პროფესიული კონტაქტების დამყარებაში ეხმარება. ჩემპიონატის პროცესში ახალგაზრდებს უშუალო შეხება აქვთ ისეთ ორგანოებთან, როგორებიცაა ადვოკატურა, პროკურატურა და სასამართლო. საპროცესო უნარ-ჩვევების პარალელურად სტუდენტებს საშუალება აქვთ საკუთარ თავზე გამოცადონ ნაფიც მსაჯულად ყოფნა - როგორც თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი სამსახური.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატმა მთელი საქართველო მოიცვა და მასში 11 უნივერსიტეტის 22 გუნდი მონაწილეობდა, ამასთან ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილება 130-ზე მეტმა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტმა განახორციელა.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას უნივერსიტეტებსა და სასამართლო დარბაზებში ტრენინგები და შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული სასამართლო პროცესები ტარდებოდა. ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის კრიტერიუმების დაცვით, ფასილიტატორები აფასებდნენ. დაცვის გუნდს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები, ხოლო, ბრალდების გუნდს საქართველოს პროკურატურის პროკურორები. ნახევარფინალურ და ფინალურ პროცესებამდე კი გუნდებმა სამდღიანი, დასკვნითი ტრენინგი ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს პროკურატურაში გაიარეს. ნახევარფინალში ერთმანეთს ოთხი უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდა, რომლებმაც შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებულ პროცესებზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. ესენი არიან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფინალური შეჯიბრი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა. 

ფინალურ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების მონაწილეობით უზენაეს სასამართლოში ჩატარდა გამარჯვებულ გუნდთან ერთად, ასევე, გამოვლინდნენ გამარჯვებული მონაწილეები ნომინაციებში - საუკეთესო შესავალი სიტყვა, საუკეთესო დასკვნითი სიტყვა, საუკეთესო პირდაპირი დაკითხვა და საუკეთესო ჯვარედინი დაკითხვა. გამარჯვებულები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა დააჯილდოვეს. 

      

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჟურნალი „ჩემი ადვოკატის“ შეკითხვებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი და საქართველოს პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი უპასუხებენ:
 

გიორგი ჭეხანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი


ბატონო გიორგი, რა მნიშვნელობა აქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის განვითარებას საქართველოს მართლმსაჯულებისთვის?

სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულება დემოკრატიული ფასეულობის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს და გულისხმობს საზოგადოების პროაქტიულ ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის საქართველოში განვითარებას მნიშვნელოვანი როლი აქვს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარება ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

რატომ გადაწყვიტა ადვოკატთა ასოციაციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება?

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისა და სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში. აღნიშნული უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანების უფლებების დაცვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომლის განვითარება და გაძლიერებაც ადვოკატთა ასოციაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს ქართული მართლმსაჯულებისთვის. შესაბამისად, საზოგადოება არასაკმარისად არის ინფორმირებული აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებისა და სანდო მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი წვლილის  შესახებ. აქედან გამომდინარე ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები ხშირად ცდილობენ თავი აარიდოს სასამართლო განხილვაში მონაწილეობას. 

სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ადვოკატთა ასოციაციამ გადაწყვიტა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სტუდენტებში, მომავალ იურისტებსა და საზოგადოების ფართო წრეებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა და, ზოგადად, აღნიშნული ინსტიტუტის პოპულარიზაცია. 

რამდენი უნივერსიტეტი და სტუდენტი იყო ჩართული და როგორ მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა?

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება მონაწილე უნივერსიტეტებისა და სტუდენტების მრავალფეროვნებაა. ნაფიც-მსაჯულთა ეროვნული ჩემპიონატის განხორციელების იდეის გაჩენისთანავე შევჯერდით პრინციპზე, რომ მას უნდა დაეფარა უნივერსიტეტების მაქსიმალური რაოდენობა, მათ შორის რეგიონული მასშტაბით. ამასთან ერთად, პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ, როგორც მომავალ იურისტებს, ისე სხვა პროფესიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ვინაიდან, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზება და მის შესახებ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია არამხოლოდ იურიდიული პროფესიის წრეში, არამედ, ფართო საზოგადოებაში. პროექტის პარტნიორობის მზაობა მალევე გამოხატეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ჩემპიონატის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში.

რამდენად წარმატებული გამოდგა საბოლოო ჯამში პროექტი და როგორი იქნება სამომავლოდ მისი განვითარება? 

ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. აღნიშნულის თქმის საფუძველს გვაძლევს ის დადებითი გამოხმაურება და უკუკავშირი, რაც მას მოჰყვა როგორც უშუალოდ პროცესში ჩართული სტუდენტების, ასევე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და ზოგადად ფართო საზოგადოებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტს მიეცემა ყოველწლიური ხასიათი, რაც კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მისცემს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობასა და ასევე, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ისევე როგორც მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცებას.
 

ნინო აღლემაშვილი-საქართველოს პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი

ქალბატონო ნინო, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ? და რა როლი აქვს მას ქვეყნის მართლმსაჯულების განვითარების პროცესში?

მოქალაქეების ინფორმირება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ აუცილებელია, რადგან მათ შესაძლოა ნებისმიერ დროს შეასრულონ მსაჯულის როლი. მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია მსაჯულის ფუნქციისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც იწვევს გაურკვევლობის განცდას ან უარეს შემთხვევაში სურვილს თავი აარიდოს მისთვის უცნობ პროცესში მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი, ინსტიტუტის მხარდამჭერი ადამიანების უმთავრესი ფუნქციაა განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი პროექტი, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შუწყობს ხელს. თავად მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტი მნიშვნელოვანი მონაპოვარია დემოკრატიული მმართველობის მქონე სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პროცესი ხალხის პირდაპირი წესით მონაწილეობას გულისხმობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებას სხვა მათი საზოგადოების წევრი მოქალაქის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში პროკურატურის მხრიდან ჩართული იყო არაერთი პროკურორი, რომლებიც ბრალდების მხარის გუნდებს ამზადებდნენ და ფასილიტატორ ადვოკატებთან ერთად შესაბამისი ქულებით აფასებდნენ.

როგორ შეაფასებთ ამ პროცესს? და ზოგადად ჩემპიონატს?

იმიტირებული სასამართლო პროცესები ძალზედ საინტერესო და ამავე დროს სტუდენტებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მათ ვრცელი ინფორმაცია მიიღეს იმ ტექნიკების შესახებ, რასაც მხარეები იყენებენ პროცესის მომზადებისა თუ წარმართვის დროს. ჩვენთვის, მათი შემფასებლებისთვის მთავარი პირობა იყო ობიექტურობის დაცვა და ვფიქრობ საბოლოოდ მართლაც ყველა წესის დაცვით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. ჩვენ ვნახეთ, როგორ დამაჯერებლად წარსდგა საფინალო ეტაპზე გადასული ყველა სტუდენტი პროფესიონალი მოსამართლეებისა და სხვადასხვა უწყების პირველი პირების წინაშე. ვფიქრობ პროექტის შესრულება ყველა კომპონენტში იმსახურებს უმაღლეს შეფასებას და ამიტომ იმ უწყების სახელით რომელსაც წარმოვადგენ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორს ადვოკატთა ასოციაციას. 

რა კრიტერიუმებით ხდებოდა საუკეთესო მონაწილეების შერჩევა, რა უნარებს ანიჭებდით ყველაზე მეტ მნიშვნელობას პროექტის მსვლელობისას? 

სასამართლო პროცესზე გამომსვლელი პირი ლოგიკურად უნდა ავითარებდეს მოსაზრებას, გვთავაზობდეს სრულყოფილ არგუმენტაციას და ამავე დროს უნდა იყენებდეს მხარდამჭერ ინფორმაციას საქმის მასალებიდან. გადმოცემა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, დამაჯერებელი, დინამიკური და საინტერესო. სწორედ ამ კრიტერიუმებით შევაფასეთ ყველა პრეზენტაცია და მივანიჭეთ შესაბამისი ქულა. 

რამდენად დიდი იყო სტუდენტების დაინტერესება, ჩართულობა და როგორ შეაფასებთ მონაწილე გუნდებს?

პროექტში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი შესამჩნევად მაღალი იყო. ისინი დაკვირვებით უდგებოდნენ მენტორების რჩევებს და ცდილობდნენ საკუთარი ინდივიდუალური პრეზენტაბელური უნარ-ჩვევები შეეთავსებინათ მიღებულ ინსტრუქციებთან. საბოლოოდ ჩემპიონატის ყველა ეტაპი საინტერესო და მაღალ კონკურენტული აღმოჩნდა. სწორედ დიდი კონკურენციის გამო ფინალში ვერ გადავიდა რამდენიმე ისეთი გუნდი, რომლის წევრებმაც შემფასებლების აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი