კოლეგიალობის პრინციპის არსი და მნიშვნელობა: ეთიკის კომისიის პრაქტიკა და განმარტებები

7 ივნისი 2021

ავტორი: თორნიკე ბაქრაძე
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

 

ადვოკატი, როგორც თვითრეგულირებადი და თავისუფალი პროფესიის პირი, საკუთარი ქცევით ხელს უნდა უწყობდეს ადვოკატთა როლის გაძლიერებას მართლმსაჯულების სისტემაში და საზოგადოების ნდობის მოპოვებას ადვოკატის პროფესიის მიმართ. ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მე-12 მუხლის თანახმად, „ადვოკატებმა, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა, ყოველთვის უნდა იზრუნონ მათი პროფესიის პატივისა და ღირსების შენარჩუნებაზე“. ადვოკატის პროფესიული როლის გაძლიერებისთვისადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონის მე-3 მუხლი ადვოკატთა სახელმძღვანელო ღირებულებებად განსაზღვრავს: კანონიერებას; სამართლის უზენაესობას და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებას; პროფესიულ კომპეტენტურობას; ადვოკატის კეთილსინდისიერებას, კარგ რეპუტაციას და იურიდიული პროფესიის პატივისცემას; საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას; ადვოკატთა თანასწორობასა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობას; საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობას; ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემასა და დაცვას; ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვას; ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვას.

საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არსებითია ადვოკატებს შორის კოლეგიალური ურთიერთობა, რომელიც უნდა ემყარებოდეს პატივისცემასა და პროფესიული ღირებულებების დაცვას.1 ადვოკატები ურთიერთობისას უნდა იცავდნენ პროფესიულ ღირსებას, პატივს სცემდნენ თავიან საქმიანობას და ზრუნავდნენ ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის.2 ევროგაერთიანების ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კოდექსის 5.1.1 პუნქტის თანახმად, „პროფესიის კორპორატიული არსი მოითხოვს ადვოკატთა შორის  ურთიერთობაში ნდობასა და თანამშრომლობას მათი კლიენტების სასარგებლოდ და არასაჭირო სასამართლო გარჩევისა და სხვა საქციელის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც პროფესიის რეპუტაციისათვის საზიანოა“.

კოლეგებისადმი გამოხატული თავაზიანობა არის ცივილიზებული იურიდიული პროფესიის ნიშანი, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას, იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობას, საზოგადოებაში მაღალი ნდობის მოპოვებას და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას. კოლეგიალობის პრინციპით განსაზღვრულიადვოკატის მიერ პროფესიული ღირებულებების დაცვა გულისხმობს მათ მიერ ეთიკის კოდექსით განსაზღვრული პირადი ღირსების, პატიოსნების, შეუვალობის, კომპეტენტურობის, კანონიერების დაცვას, ასევე, პროფესიული პრინციპებისდამოუკიდებლობის, ნდობის, კონფიდენციალურობის, კლიენტის ინტერესების უპირატესობის, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპის დაცვის ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ადვოკატთა კორპორატიული ერთობის და მათი საერთო კორპორატიული ინტერესებიდან, იზრუნონ ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის, რაც მოიცავს ადვოკატის ვალდებულებას შეინარჩუნოს და დაიცვას პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას.3

ადვოკატთა მიმართ არსებული პროფესიული ქცევის მოთხოვნები არ შემოიფარგლება მხოლოდ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესით და ვრცელდება ადვოკატებს შორის ურთიერთობებზე. „ეთიკის კოდექსიშეიცავს ნორმებს, რომლებიც ეხება არა მხოლოდ უშუალოდ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ადვოკატის ქცევას, არამედ ადვოკატის ქცევისადმი ზოგად სტანდარტებს საადვოკატო კორპუსის წევრებს შორის ურთიერთობებში, როგორიცაა კოლეგიალობის პრინციპი, სასამართლოს პატივისცემის ვალდებულება, პროცესის მონაწილის პატივისცემის ვალდებულება. ადვოკატის ქცევა უნდა პასუხობდეს ადვოკატის მაღალ როლს საზოგადოებაში, მისი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს ადვოკატის პროფესიულ ღირსებას, ეთიკის სტანდარტებს, რომლის დაცვაზეც უნდა ზრუნავდეს ადვოკატი“. 4

ადვოკატს კოლეგების მიმართ განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს, მათ შორის, არ შელახოს მათი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, არ დააზიანოს კოლეგის კლიენტის კანონიერი უფლებები, არ მიმართოს არასათანადო რეკლამას და დაიცვას კოლეგიალობის პრინციპთან დაკავშირებული სხვა პროფესიული ვალდებულებები. კოლეგიალობის მიზანია ადვოკატებს შორის ნდობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის დამკვიდრება კანონის უზენაესობის, პროფესიული ღირებულებებისა და კლიენტის ინტერესების სასარგებლოდ.5

ადვოკატის კოლეგიალობის დაცვის პრინციპი შეიძლება მოვიდეს კონკურენციაში სხვა პროფესიულ ვალდებულებებთან და ასევე იმ ძირითად უფლებებთან, რომლითაც ადვოკატი, როგორც მოქალაქე, სარგებლობს. შესაძლებელია კონკურენცია არსებობდეს კოლეგიალობის პრინციპსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ადვოკატებს უფლება აქვთ ისარგებლონ გამოხატვის უფლებით და გამოთქვან აზრი, თუმცა მათ უნდა დაიცვან სხვათა ღირსება და არ შეზღუდონ სხვათა უფლებები.

ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების 23- მუხლის თანახმად, „ადვოკატები, სხვა მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობენ აზრის გამოხატვის, რწმენის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებით. მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებთან .....ამ უფლების რეალიზაციისას, ადვოკატებმა უნდა იმოქმედონ კანონის, იურიდიული პროფესიისა და ეთიკის აღიარებული ნორმების შესაბამისად“.

ეთიკის კომისია პრაქტიკით ადვოკატთა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს ადგენს, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ იურიდიული პროფესიის მქონე სხვა პირების, ადვოკატების მიმართაც. „ადვოკატებს აკისრიათ უმნიშვნელოვანესი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და კრიტიკული გამონათქვამები არ უნდა გახდეს მათ წინააღმდეგ დევნის დაწყების საფუძველი“.6 „ადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონის 38- მუხლი ადგენს ადვოკატის დაცვის გარანტიებს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთებულ განცხადებებზე, კერძოდ: „ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე“. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლში არ არის გათვალისწინებული ადვოკატის ამ იმუნიტეტის შეზღუდვის შემთხვევა, თუმცა, კომისიას მიაჩნია, რომადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონის 38- მუხლი ექვემდებარება ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეზღუდვას, რადგან ეს მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვის აუცილებლობას და ადგენს, რომადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით“.

საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, ადვოკატმა უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ პატივი სცეს სხვა ადვოკატებს და კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში მას არ მიაყენოს შეურაცხყოფა. ადვოკატის მიერ კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებების განხორციელება და გადაწყვეტილებების მიღება არ მიიჩნევა კოლეგისადმი უპატივცემულობად, თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ და ადვოკატის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საკუთარი კლიენტის ინტერესების დაცვას და არა კოლეგა ადვოკატის შეურაცხყოფას. ადვოკატმა უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, როდესაც კლიენტის ინტერსების წარმოდგენისას იღებს გადაწყვეტილებას სხვა ადვოკატის პოზიციის გაზიარების ან მხარდაჭერის თაობაზე“.7

კომისიის განმარტებით, „ადვოკატები, ისევე როგორც სხვა მოქალაქეები, სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით იმ მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომლებსაც მათი პროფესია აკისრებთ“.8 გამოხატვის თავისუფლების ძირითადი სიკეთე მოსაზრებების დაცვის მაღალ სტანდარტში მდგომარეობს, მიუხედავად იმისა, ვის მიმართ არის გამოთქმული მოსაზრებები და რამდენად კრიტიკულია მათი შინაარსი.9 თუმცა, ადვოკატი ვალდებულია საჯარო განცხადებების გაკეთების დროს  დაიცვას ინფორმაციის სისწორე. ადვოკატის მხრიდან ადგილი არ აქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ, როდესაც მისი კომენტარები წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად მისი შინაარსის სისწორე-მცდარობა მთლიანად დამოკიდებულია ავტორის შეხედულებებზე.10

შესაბამისად, ეთიკის კომისიის პრაქტიკა ადასტურებს ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისადმი სწრაფვას, რაც ნაკარნახევია დემოკრატიულ საზოგადოებაში ადვოკატთა განსაკუთრებული როლით მართლმსაჯულების სისტემაში. ამასთან, ეთიკის კომისია ამკვიდრებს ადვოკატებს შორის ურთიერთობის მაღალ სტანდარტს, სადაც ერთის მხრივ დაცულია, ადვოკატების გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორეს მხრივ კოლეგიალური მიდგომა. ადვოკატის ქცევა კოლეგასთან ან პროფესიასთან მიმართებაში, თუ ამით ზიანი ადგება ადვოკატთა კორპუსის კორპორატიულ ინტერესსმოიპოვოს საზოგადოების ნდობა პროფესიის მიმართ, ექვემდებარება კოლეგიალობის პრინციპით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.

1  ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 7, მუხლი 10.1

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის პრეამბულა

ეთიკის კომისიის საქმიანობა, პრეცედენტები, რეკომენდაციები 2010-2013 ., . გასიტაშვილი, . ბოჭორიშვილი, . კვაჭანტირაძე, . ხუბულური, თბილისი, 2013 გვ. 121

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება, 2015 წლის 6 მაისი, დს-/5-15

5 ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე #086/18, 01.11.18

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე N100/12, 20.08.12

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე N069/11, 05.09.2011

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე #076/10, 29.10.2010

10  ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე #069/11, 05.09.2011

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი