საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კანონში ,,ადვოკატთა შესახებ“ ცვლილებების პროექტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს

14 ნოემბერი 2013

ბატონო დავით,

ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით კენჭი უყარა    კანონპროექტს  „ადვოკატთა   შესახებ“   კანონში  ცვლილებების   შეტანის შესახებ.  კერძოდ, „ადვოკატთა   შესახებ“   კანონის 7  მუხლს  (პროფესიული საიდუმლოება ) ემატება მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის  შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე, საქართველოს  ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაციას აწვდის აღნიშნული კანონით და შესაბამის ნორმატიული აქტებით  დადგენილი წესით.

 

„ადვოკატთა   შესახებ „   კანონის   მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება

 

1. ადვოკატი ვალდებულია:

 

ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად;

ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ინფორმა-ცია.

2. ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას გამობრძანდა იუსტიციის მინისტის მოადგილე  ბატონი სანდრო ბარამიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ცვლილება შეთანხმებული იყო ადვოკატთა ასოციაციასთან,  მაგრამ  ქალბატონ ჩიორა თაქთაქიშვილის  შეკითხვაზე სანდრო ბარამიძემ არ გაამხილა ვის შეუთანხმა  ზემოთაღნიშნული ცვლილება.

 ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ მე,  ზაზა ხატიაშვილი გახლავართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  და „ადვოკატთა   შესახებ“   კანონით წარმოვადგენ  ყველა მოქმედ ადვოკატს საქართველოში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში „ადვოკატთა   შესახებ“   კანონში  ცვლილებების   შეტანის შესახებ  არანაირი კანონპროექტი არ შემოსულა  და მე  არ ვარ საქმის კურსში. ეს არის სააკაშვილის მდიდარი ტრადიციების გაგრძელება საქართველოს  ხელისუფლების და პარლამენტის მხრიდან. არცერთ დიქტატორულ სახელმწიფოში არავინ არასოდეს არ შეხებია  ადვოკატის  პროფესიული საიდუმლოების დაცვის  შეზღუდვას. ეს არ გაუკეთებია  არც ედუარდ  შევარდნაძეს  და არც  მიხეილ სააკაშვილს,  ამის გაკეთება გადაწყვიტა დემოკრატიის და სამართლიანობის ლოზუნგით მოსულმა სამოქალქო საზოგადოების გაძლიერებაზე დღე და ღამე ფიქრით გატანჯულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ. ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადასვლამდე ცდილობს   სამართლიანობის აღდგენა   დაიწყოს  ადვოკატის  მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევით და გაანადგუროს დაცვის ინსტიტუტი,  რაც ეწინააღმდეგება ყველა  საერთაშორისო  დოკუმენტს. მალე,  ალბათ,  საქართველოს პარლამენტში განსახილველად  შემოვა  მთავრობის  კანონპროექტი, სადაც  სასულიერო პირებს  დაავალდებულებთ  მოქალაქისაგან  აღსარების  მიღების შემდეგ,  ინფორმაცია  მიაწოდონ  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს  და ა.შ.

საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან კონსულტაციების გარეშე, პირველი მოსმენით კენჭი უყარა  კანონპროექტს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის  შესახებ“.  სადაც,  მონიტორინგის განმახორციელებელ წრეს დაუმატა ადვოკატი. რომელიც ზემოთაღნიშნული  კანონიდან გამომდინარე, ვალდებული იქნება მოახდინოს თავისი კლიენტების ანუ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონით და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. 

საქართველოს პარლამენტმა ადვოკატს წაართვა ინფორმაციის გამოთხოვის უფლება  და არ განახორციელა აღნიშნული უფლების  ადვოკატისთვის  გადაცემა. მიუხედავად   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროტესტისა, ასევე    ადვოკატს არ აქვს წვდომა  სამოქალაქო რეესტრთან როგორც ნოტარიუსს. საინტერესოა, როგორ უნდა მოახდინოს ადვოკატმა კლიენტის  ანუ  გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია?  მე ვფიქრობ,  ადვოკატებს არ  აქვთ  ლელა კაკულიას  ნიჭი,  წინასწარ განსაღვრონ  მოვლენები.

კანონპროექტს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის  შესახებ“ მეექვსე მუხლს ემატება მეოთხე პრიმა მუხლი, რომლის თანახმად ადვოკატი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წამომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, აგრეთვე განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები, იმ შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ კლიენტისათვის ხდება ერთ–ერთი შემდეგი საქმიანობასთან   დაკავშირებული  გარიგების (ოპერაციის მომზადება) ან/და შესრულება.

 

  • უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვა ;
  • ფულადი სახსრების,ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;
  • საბანკო შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;
  • იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანაობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;
  • იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა იურიდიული პირის (წილის ) ყიდვა–გაყიდვა;

 

ბატონო დავით,

პირდაპირ ანომალიურია მოცემული ცვლილება, ვინაიდან ყველა ზემოთაღნიშნულ  უფლებას სჭირდება საჯარო რეესტრში რეგსტრაცია, ნოტარიული მოქმედება ან ორივე ერთად.  კანონი  „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის  შესახებ“ მესამე მუხლის  თანახმად,  მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ნოტარიუსები.    პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას.  აღნიშნულიდან  გამომდინარე ადვოკატის დამატება, როგორც მონიტორინგის განმახორცილებელი პირის,  არანაირად არ არის კავშირში    უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან, ვინაიდან საეჭვო გარიგებების თაობაზე  სახელმწიფო ისედაც მიიღებს  ინფორმაციას  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან  ან   ნოტარიუსისგან.   

და ბოლოს,  კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის  შესახებ“  5 მუხლის  5 1 პუნქტის  თანახმად ადვოკატი,  მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.

ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს, ადვოკატებთან მიმართებაში დაუშვებელია „ადვოკატთა   შესახებ“   კანონის   მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება, შევიდეს ცვლილება და ადვოკატი დაავალდებულოთ დაარღვიოს პროფესიული საიდუმლოების პრინციპი.

უფრო ნათელი რომ გახდეს  საქართველოს პარლამენტისთვის თუ რა საშიშროების შემცველია  აღნიშნული ცვლილება მოგიყვანთ ერთ მაგალითს: ვთქვათ ადვოკატს კლიენტთან გაფორმებული აქვს გრძელვადიანი ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურეობაზე  ნებისმიერ სადაო საკითხთან დაკავშირებით.  ადვოკატმა   კლიენტი დაასმინა ,  რომ მისმა კლიენტმა დადო საეჭვო გარიგება. სისხლის სამართლის კოდექსის 202 პრიმა მუხლის თანახმად,  ადვოკატს უფლება არ აქვს კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მან იგი დაასმინა,  როგორც საეჭვო გარიგების დამდები,  რადგან  დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.   შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე  პირი, რომელიც დაასმინა თავისმა  ადვოკატმა და კილიენტმა არ იცის ამის შესახებ,   მიმართავს იგივე ადვოკატს, რათა მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას თავისი კლინტი.  ეს არის  ჩვეულებრივი  მოვლენა, რომელიც  შეიძლება მოხდეს  საკმაოდ ხშირად.  ამიტომ  პარლამენტი  როდესაც  იხილავს კანონპროექტს  უნდა დაფიქრდეს,   საით მივდივართ?

ბატონო დავით,

ბიძინა ივანიშვილი,  ირაკლი ღარიბაშვილი და ძმანი მისნი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშკარად უპირისპირდებიან სამოქალქო საზაგადოებას.  თუ საქართველოს პარლამენტმა არ აღკვეთა  ამ  „ბრწყინვალე დუეტის“ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული  აგრესიული ქმედებები, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა არის ნული. იმედია, პარლამენტი წინ  აღუდგება  პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის შემოტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს და არ გაანადგურებთ  ადვოკატის ინსტიტუტს.

 

 

პატივისცემით ზაზა ხატიაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი