საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

ადვოკატის პროფესიული უფლებების

იმერეთის რეგიონული კომიტეტის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (შემდგომში “ასოციაცია”) ადვოკატის პროფესიული უფლებების იმერეთის რეგიონული კომიტეტი (შემდგომში “კომიტეტი”) წარმოადგენს ასოციაციის მუდმივმოქმედ ორგანოს.

1.2. კომიტეტი შექმნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 15.1 მუხლის “წ” პუნქტისა და161 მუხლის შესაბამისად.

1.3. კომიტეტის საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

1.4. წინამდებარე დებულება კომიტეტის წევრებს ავალდებულებს ამ დებულებით გათვალისწინებული წესების დაცვას.

1.5. კომიტეტი უფლებამოსილებას იწყებს წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე.

მუხლი 2. კომიტეტის საქმიანობის მიზანი

რეგიონული კომიტეტის მიზანია, მოქალაქეთა ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველსაყოფად:

(ა) რეგიონში, ასოციაციის წევრ ადვოკატთა პროფესიული უფლებების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა და დაცვა;

(ბ) ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

მუხლი 3. კომიტეტის ამოცანები და საქმიანობა

3.1. კომიტეტის ამოცანებია, რეგიონში:

3.1.1. დაიცვას ადვოკატის უფლებები, პროფესიული თავისუფლებები, ინტერესები და დამოუკიდებლობა.

3.1.2.  უზრუნველყოს, რომ ადვოკატებმა პროფესიული ფუნქციები განახორციელონ ყოველგვარი დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე.

3.1.3. უზრუნველყოს, რომ ადვოკატებმა პროფესიული საქმიანობისას არ განიცადონ რაიმე სახის გაკიცხვა, დევნა ან მუქარა.

3.1.4. ხელი შეუწყოს, რომ ადვოკატები პროფესიული ფუნქციების შესრულების გამო არ იყვნენ გაიგივებული თავიანთ კლიენტებთან ან მათ ქმედებებთან.

3.1.5. აამაღლოს საზოგადოებაში ადვოკატისადმი ნდობა და რეპუტაცია.

3.1.6. გააძლიეროს ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლის მნიშვნელოვანი როლი.

3.2. თავისი ამოცანების განსახორციელებლად რეგიონული კომიტეტი:

3.2.1 ადვოკატის ზეპირი ან წერილობითი განცხადების საფუძველზე, შეისწავლის ადვოკატთა პროფესიული უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს და ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით ახდენს შესაბამის რეაგირებას ადვოკატების უფლებების დაცვის მიზნით.

3.2.2. ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადვოკატის უფლებათა დაცვის საკითხებზე, რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატს.

3.2.3. ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, თანამშრომლობს სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციებთან და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებთან.

3.2.4. ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.

3.2.5. აღმასრულებელი საბჭოსათვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3.2.6. აანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ატარებს კვლევებს.

3.2.7. ასრულებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ასოციაციის წესდებას.

მუხლი 4. რეგიონული კომიტეტის შემადგენლობა

4.1. კომიტეტი შედგება არაუმეტეს 15 მოქმედი სტატუსის მქონე ადვოკატი წევრისაგან.

4.2. კომიტეტში გაწევრიანების უფლება აქვს ასოციაციის მოქმედი სტატუსის მქონე ნებისმიერ წევრს, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.

4.3. კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, ექსპერტის სტატუსით, შესაძლოა  მოწვეელ იქნას არაადვოკატი წევრი, რომელსაც აქვს კომიტეტის საქმიანობის მიზნებთან შესაბამისი სპეციალიზებული ცოდნა/გამოცდილება.

4.4. კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე და თანა-თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო.

4.5. კომიტეტის წევრებს ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო კომიტეტის თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

4.6. კომიტეტის წევრები აირჩევიან 2 წლის ვადით. შესაძლებელია კომიტეტის წევრის ხელახალი არჩევა.

4.7. კომიტეტის წევრთა დასწრება კომიტეტის სხდომაზე სავალდებულოა. გამონაკლისს წარმოადგენს, კომიტეტის წევრის მიერ საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა, კომიტეტის თავმჯდომარის წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.

მუხლი 5. კომიტეტის თავმჯდომარე/თანა-თავმჯდომარე

5.1. კომიტეტის თავმჯდომარე და თანა-თავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის უფლებამოსილების ვადით.

5.2. კომიტეტის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს კომიტეტის მუშაობას და უძღვება კომიტეტის სხდომებს.

5.3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს გააკეთოს საჯარო განცხადებები კომიტეტის საქმიანობასა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5.4. განსაკუთრებული აქტუალურობითა და სპეციფიკური ცოდნის საჭიროებით განპირობებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, როგორც სასამართლო სისტემიდან, ასევე სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებიდან.

5.5. კომიტეტის თანა-თავმჯდომარის კანდიდატურას ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო კომიტეტის თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით.  

5.6. კომიტეტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომიტეტის მუშაობას კოორდინირებას უწევს თანა-თავმჯდომარე.

5.7. კომიტეტის თავმჯდომარის და თანა-თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.

5.8. კომიტეტის თავმჯდომარე/თანა-თავმჯდომარე უზრუნველყოფს:

5.8.1. საანგარიშო წლის დასაწყისში კომიტეტის საქმიანობის წლიური გეგმის შემუშავებას;

5.8.2. კომიტეტის სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით  შესაბამისი წლიური სამოქმედო გეგმის კომიტეტის წევრებისათვის წარდგენას;

5.8.3.  საანგარიშო წლის ბოლოს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსათვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებელი აქტივობების შესრულების ანგარიშის წარდგენას;

5.8.3¹. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარისაგან/თანა-თავმჯდომარისაგან მოისმინოს ანგარიში კომიტეტის საქმიანობის თაობაზე სხვა პერიოდულობითაც.

6. კომიტეტების წევრთა შერჩევის, დამტკიცების და წევრის  უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი

6.1. ადვოკატთა ასოციაციის აპარატი უზრუნველყოფს კომიტეტის წევრობით დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი განცხადებისა, სააპლიკაციო ფორმისა და  კითხვარის გამოქვეყნებას ასოციაციის ვებ-გვერდზე (www.gba.ge).

6.2. კომიტეტის წევრებად შეირჩევიან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები. მხედველობაში მიიღება მსურველი კანდიდატის მსგავს სამუშაო ჯგუფებში საქმიანობის გამოცდილება და მზაობა აქტიურად იყოს ჩართული საკომიტეტო მუშაობაში, მათ შორის გამოყოს შესაბამისი დრო საკომიტეტო საქმიანობისათვის.

6.3. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, კომიტეტის წევრობის კანდიდატთა განაცხადების განხილვას, შეფასებასა და შერჩევას ახორციელებს კომიტეტის თავმჯდომარე, ასოციაციის აპარატის მხარდაჭერითა და ამ დებულების 6.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

6.3¹. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია კომიტეტის წევრობის კანდიდატთან დანიშნოს გასაუბრება. გასაუბრებაში კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობს აღმასრულებელი საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი.

6.4. კომიტეტის წევრებს  ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო კომიტეტის თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

6.5. კომიტეტის წევრს შესაძლოა ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა:

6.5.1. კომიტეტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე;

6.5.2. ასოციაციის წევრობის შეჩერება/შეწყვეტის შემთხვევაში;

6.5.3. ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში;

6.5.4. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის წევრობისათვის განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობა, როგორიცაა:

ა) კომიტეტის სხდომების პერიოდული გაცდენა არასაპატიო მიზეზით;

ბ) კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წევრისთვის განსაზღვრული საქმის შეუსრულებლობა;

გ) სხვა ობიექტური გარემოება, რაც შეუსაბამოა კომიტეტის წევრობასთან.

6.6. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

მუხლი 7. რეგიონული კომიტეტის სხდომა

7.1. კომიტეტის სხდომები მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და ფორმატი (დისტანციური ან ფიზიკური შეხვედრის ფორმატი) განისაზღვრება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ.

7.2. კომიტეტის სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით.

7.3. კომიტეტის სხდომის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს კომიტეტის თავმჯდომარე ან თანა-თავმჯდომარე.

7.4. კომიტეტის წევრებს, არაუგვიანეს 3 დღისა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით ეცნობებათ სხდომის მოწვევის დრო, ფორმატი, ადგილი და დღის წესრიგი.

7.5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა მესამედზე მეტი. კომიტეტის თითოეული წევრი უფლებამოსილია დააყენოს წინადადება სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

7.6.  კომიტეტის სხდომაზე ხორციელდება დამსწრე წევრების აღრიცხვა, რაც შეიტანება შესაბამის ოქმში.

7.7. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ დებულებით სხვა უმრავლესობა არ იქნება დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.

7.8. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ელექტრონული ფოსტით დადასტურებითაც, თუკი კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ელექტრონული ფორმით გამოხატავს თანხმობას და ეს აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში.

7.9. კომიტეტის სხდომაზე დგება ოქმი, რომლსაც ადგენს ასოციაციის საკომიტეტო მიმართულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი. ოქმს ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე ან თანა-თავმჯდომარე, რაც ადასტურებს საოქმო ჩანაწერის სიზუსტეს.

მუხლი 8. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზება

კომიტეტის საქმიანობის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი რეგიონული კოორდინატორის ჩართულობით.

მუხლი 9. კომიტეტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

9.1. კომიტეტის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწყისებზე.

9.2. კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და მოწვეული ექსპერტები შეიძლება დაფინანსდეს ასოციაციის ბიუჯეტიდან ანდა კომიტეტის მიერ, ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, მოძიებული გრანტის და შემოწირულობის სახსრებიდან.

9.3. კომიტეტისათვის გამოსაყოფი ბიუჯეტის ოდენობას ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.

მუხლი 10. კომიტეტის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

10.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზრუნავს კომიტეტის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს:

10.1.1. საგანმანათლებო ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების უზრუნველყოფით;

10.1.2. პროფესიულ შეხვედრებში წევრთა ჩართულობით;

10.1.3. ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ვებინარებსა“ თუ ონლაინ კონფერენციებში მოწვევითა და ჩართულობით;

10.1.4. ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე, კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა პროექტში ჩართულობის უზრუნველყოფით.

11. დებულების ცვლილება

წინამდებარე დებულების ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე დებულების ახალ რედაქციას ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

მუხლი 12. დებულების მოქმედების ვადა

წინამდებარე დებულება ძალაშია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მოქმედებს კომიტეტის საქმიანობის ვადით.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი