ადვოკატთა სოციალური დაცვის ხელშეწყობის ფონდის წესდება

დამტკიცებულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 
აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით

 

ადვოკატთა სოციალური დაცვის ხელშეწყობის 
ფონდის წესდება

 
 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.ფონდის სრული სახელწოდებაა: „ადვოკატების სოციალური დაცვის ხელშეწყობის ფონდი“ (შემდგომში - ფონდი).

2.ფონდი წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

3.ფონდი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

4.ფონდი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

5.ფონდის იურიდიული მისამართლია: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N36, თბილისი, საქართველო.

 

მუხლი 2. ფონდის მიზნები და ამოცანები

ფონდის მიზნები:

ა)ადვოკატების სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

ბ)ასოციაციის წევრთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

გ) ამოღებულია (22.01.2018 აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება);

დ)ფონდის საწესდებო მიზნების მისაღწევად სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა.

ფონდის ფუნქციები:

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ფონდი განახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა)ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;

ბ)ადვოკატთა ასოციაციის წევრთათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება;

გ)საქველმოქმედო აქციების ორგანიზება;

დ)საერთაშორისო და რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღება;

ე)ადვოკატთა სოციალური დახმარების პროგრამების განვითარება;

ვ)გრანტის მიღება და გაცემა;

ზ)ინფორმაციის გაცვლისა და სხვა საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება;

თ)ფონდი ახორციელებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 3. ფონდის დამფუძნებელი

1.სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რეგისტრირებული 2005 წლის 18 მარტს, საიდენტიფიკაციო N202255692.

2.ასოციაციის ადგილსამყოფელია: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N36, თბილისი, საქართველო.

 

მუხლი 4. ფონდში შესატანი

1.ადვოკატთა ასოციაციის საწევრო შენატანიდან არანაკლებ 5% შემოწირულობის სახით გადაირიცხება ფონდში.

2.ფონდში მინიმალური შემოწირულობა, განისაზღვრება 1 ლარის ოდენობით ან 1 ლარის ოდენობის ქონებით.

 

მუხლი 5. ფონდის მართვა

1.ფონდი იქმნება დამფუძნებლის (სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით და  დამფუძნებლის უფლებას განეკუთვნება:

ა)ფონდის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანა;

ბ)ფონდის გამგეობის წევრების არჩევა და გამოწვევა:

გ)ფონდის თავმჯდომარის არჩევა;

დ)ფონდის საქმიანობაზე კონტროლი კანონისა და წესდების საფუძველზე;

ე)ფონდის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხის გადაწყვეტა;

ვ)ფონდის აუდიტის დანიშვნა;

ზ)ადვოკატთა სოციალური დახმარების წესის დამტკიცება (22.01.2018 აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება).

 

მუხლი 6. ფონდის გამგეობა

1.ფონდის მმართველი ორგანოა გამგეობა, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან.

2.გამგეობა აირჩევა დამფუძნებლის მიერ სამი წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება ავტომატურად გაგრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის ერჩევამდე.

3.ფონდის გამგეობა:

ა)ამტკიცებს ფონდის მიმდინარე სტრატეგიას;

ბ)ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს;

გ)ხელს უწყობს ფონდის საწესდებო მიზნების განხორციელებას;

4.გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა უმრავლესობა. კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

5.გამგეობის სხდომაზე საპატიო მიზეზით თუ ვერ ესწრება წევრი, შეუძლია წერილობით მიიღოს მონაწილეობა კენჭისტრაში, რომელიც გაუთანაბრდება კრებაზე დამსწრე წევრის ხმას.

6.გამგეობის სხდომა თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს განსახორციელებელ საქმიანობას.

7.გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს „გადაწყვეტილების“ სახით.

8.ყოველი სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა წევრი.

 

მუხლი 7. ფონდის ქონება ( სახსრები)

1.ფონდს შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი შენობა.

2.ფონდის ქონებისა და სახსრების ფორმირების წყაროებია:

ა)დამფუძნებლის მიერ ფონდის საკუთრებაში გადაცემული ქონება და სახსრები;

ბ)იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობები;

გ)გრანტები;

დ)დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

ე)კანონიერი გზით მიღებული შემოსავლები;

 

მუხლი 8. ფონდის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

1.ფონდის რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამფუძნებლის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის წევრთა საერთო რაოდენობის ორი მესამედის უმრავლესობით.

2.ფონდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის წევრთა საერთო რაოდენობის მესამედის უმრავლესობით. ამასთანავე აუცილებელია ფონდის დამფუძნებლის თანხმობა.

3.ინფორმაცია ფონდის ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ.

4.ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა, თუ ფონდის მარეგისტრირებელმა ორგანომ არ დანიშნა ლიკვიდატორი.

5.ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. ქონების განაწილება უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

6.ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება მოხმარდება მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციული იურიდიული პირის დაფუძნებას.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

1.წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

2.თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

3.ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი