
ავტორი: თათია ხაბულიანი
ანალიტიკოსი
ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა (Artificial Intelligence - AI) მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულება, თუმცა მისი ზეგავლენა ყველაზე მკაფიოდ შემოქმედებით ინდუსტრიებზე აისახა. ეს გავლენა გამოიხატება ადამიანის მინიმალური ჩარევით ნამუშევრების გენერირებაში, ისეთი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცაა - OpenAI, ChatGPT, Stable Diffusion, DeepDream და სხვა. ხელოვნური ინტელექტი ვერ ფუნქციონირებს ადამიანის ჩარევისგან დამოუკიდებლად, რის გამოც მას შესაძლოა „კრეატიული ასისტენტიც“ კი ვუწოდოთ. გენერატიული მოდელი იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ ადამიანის მიერ შექმნილი, მისთვის ხელმისაწვდომი მონაცემებისა და ნამუშევრების დამუშავების საშუალებით მიიღოს მომხმარებლისათვის სასურველი შედეგი. ეს შედეგი შესაძლოა იყოს, როგორც ტექსტი, ასევე აუდიო, ვიდეო ან/და ფოტო მასალა.
გამომდინარე იქიდან, რომ, ტრადიციულად, საავტორო უფლებების შესახებ კანონი ადამიანის მიერ შექმნილ ნაწარმოებებზეა აგებული, ჩამოთვლილი ინსტრუმენტები ეჭვქვეშ აყენებს შემოქმედებითობისა და ავტორობის ტრადიციულ გაგებას. დღეს ყველაზე აქტუალური კითხვებია, უნდა იყოს თუ არა ეს ნამუშევრები საავტორო უფლებებით დაცული, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ ავტორად და როგორ შეიძლება დავიცვათ ორიგინალი ნაწარმოების ავტორები? ისტორიულად, ახალი ტექნოლოგიების რეგულირება ახალი ჩარჩოს შექმნის ნაცვლად ხშირად ეყრდნობა უკვე დამკვიდრებული სამართლებრივი დოქტრინების ადაპტაციას. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ტენდენციების გარშემო არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და გამოწვევების დაძლევა, განხილულ იქნას არსებული საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციების ჭრილში.
ევროპული საავტორო სამართალი
ევროპულ საავტორო უფლებების კანონმდებლობაში ხელოვნური ინტელექტის შედეგად წარმოშობილი პრობლემების სამართლებრივი მოგვარება მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო, თუმცა არსებული ჩარჩო კვლავ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ავტორთა უფლებების დაცვისათვის.
ევროკავშირის საავტორო უფლებების კანონმდებლობის ჰარმონიზაციისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს „ციფრულ ერთიან ბაზარზე არსებული საავტორო უფლებებისა და მათთან დაკავშირებული უფლებების შესახებ“ დირექტივა წარმოადგენს (DSM), რომლის მიზანია საავტორო უფლებების მფლობელთა, მომხმარებელთა და მომსახურების მიმწოდებელთა ინტერესების დაბალანსება და ამავდროულად ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დირექტივის მე-3 და მე-4 მუხლები, რომლებიც ადგენენ გამონაკლისებს ტექსტისა და მონაცემების მოპოვებისათვის (TDM). აღნიშნული მუხლების დებულებები მანქანური სწავლებისათვის დაცული ნამუშევრების კანონიერი გამოყენების საშუალებას იძლევა. პარალელურად კი, ისინი ინარჩუნებენ უფლებების მფლობელის თანხმობის პრინციპს, რის შედეგადაც, ერთის მხრივ დაცულია საკუთრების უფლების მქონე ნამუშევრები, ხოლო მეორეს მხრივ იქმნება სივრცე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რომ ევროპული და საერთაშორისო საავტორო უფლებების ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპული საავტორო უფლებების სამართლის ქვაკუთხედ პრინციპს.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო და ევროპული საავტორო უფლებების არსებულ სამართლებრივ რეგულაციებთან ერთად გათვალისწინებული იქნას ე.წ. „სამსაფეხურიანი ტესტის“ პრინციპი. აღნიშნული ტესტი თავდაპირველად ბერნის კოვენციაში, მოგვიანებით კი არაერთ შეთანხმებასა თუ ხელშეკრულებაში იყო ინტეგრირებული, მათ შორის ისეთ დირექტივაშიც, როგორიცაა ევროკავშირის დირექტივა “საავტორო უფლებებისა და დაკავშირებული უფლებების შესახებ” (InfoSoc). ტესტი ადგენს მკაცრ საზღვრებს, თუ როდის შეიძლება იყოს დაშვებული გამონაკლისები და შეზღუდვები. ევროკავშირის კონტექსტში, InfoSoc დირექტივის 5(5) მუხლი განსაზღვრავს, რომ გამონაკლისები უნდა შემოიფარგლოს გარკვეული განსაკუთრებული შემთხვევებით, არ უნდა ჩაერიოს ნაწარმოების ჩვეულებრივ გამოყენებაში და არ უნდა მიაყენოს უსამართლო ზიანი თავად უფლებების მფლობელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დებულება თავისი ხასიათის მიხედვით საკმაოდ მოქნილია, იგი შეიძლება განხილულ იქნას ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრების ჭრილშიც, თუმცა, კვლავ გვრჩება გარკვეული სამართლებრივი რეგულირების საჭიროება.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პროცესში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მომიჯნავე უფლებების გამოყენება, რომელიც მისი მოქნილი ხასიათიდან გამომდინარე სამსაფეხურიანი ტესტის მსგავსად, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ტექნოლოგიური პროდუქტების დაცვაში. ევროკავშირის სამართლის სისტემაში მომიჯნავე უფლებებით დაცული პირების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. ეს მოცემულობა მას მეტად ადაპტირებადს ხდის იმ გარემოებაში, სადაც ავტორის იდენტიფიცირება რთულია.
ერთობლიობაში, ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები ასახავს ინოვაციებთან მიმართებაში ევროპის მცდელობას, დააბალანსოს უფლებების მფლობელთა და საზოგადოებრივი ინტერესები, ტექნოლოგიურ ინოვაციებთან.
ამ საკითხის უკეთესად აღსაქმელად, მაგალითად მოვიყვანოთ ევროკავშირის სასამართლოს (CJEU) მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე, Infopaq International A/S v Danske Dagblades Forening. ამ საქმის მასალები საინტერესო ინტერპრეტაციას იძლევა 2001/29/EC დირექტივის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლების ფარგლების შესახებ და აქტიურად განიხილება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრების საავტორო უფლებების შესახებ დისკუსიებში.
სასამართლომ ამ საქმეში დაადასტურა, რომ მოკლე ამონარიდებიც კი შეიძლება წარმოადგენდეს „ნაწილობრივ რეპროდუქციას“, თუ ისინი საკმარისად ახლოსაა ორიგინალთან და მარტივად ამოსაცნობია.
ამავე სასამართლოს განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის იმ სისტემებისთვის, რომლებიც მასობრივი კონტენტის წარმოებაში ან ტექსტის გენერირებაში არიან ჩართულნი, მნიშვნელოვანია მე-5(1) მუხლი. ხსენებული დებულება, უშვებს რეპროდუქციებს, თუ ისინი აუცილებელია ტექნოლოგიის ფუნქციონირებისთვის (მაგ., ვებგვერდის ჩატვირთვა ოპერატიულ მეხსიერებაში), მაგრამ გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ რეპროდუქციები დროებითია, კონკურენციას არ უწევს ორიგინალურ ნამუშევარს და არ აყენებს ეკონომიკურ ზიანს.
სასამართლომ ასევე განიხილა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად „სამსაფეხურიანი ტესტი“, რაც ნიშნავს, ორიგინალი ნაწარმოების გამოყენებას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ის არ ეწინააღმდეგება ნაწარმოების პრაქტიკაში მიღებულ ექსპლუატაციას და არ აზიანებს საავტორო უფლებების მფლობელის კანონიერ ინტერესებს. ტესტის მიზანია, რომ არაავტორიზებული რეპროდუქციები - იქნება ის ნაწილობრივი თუ ავტომატიზებული - არ უკარგავდეს საავტორო უფლებების მფლობელს კონტროლის უფლებამოსილებას და არ ზემოქმედებდეს ნეგატიურად ორიგინალი ნაწარმოების ეკონომიკურ ბაზარზე.
Infopaq International A/S v Danske Dagblades Forening მნიშვნელოვანია იმით, რომ საქმის განმხილველი სასამართლო განსაზღვრავს რეპროდუქციის უფლებების საზღვრებს და ასევე, აყალიბებს ორიგინალობის ევროპულ სტანდარტს.
ამერიკული საავტორო სამართალი
აშშ-ის საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობა მკაფიოდ უარყოფს სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ პროდუქციას როგორც დაცვასთან თავსებად ობიექტს. ამ მიდგომამ ხაზი გაუსვა იმ პრინციპს, რომ საავტორო უფლების მინიჭების ძირითადი წინაპირობა ადამიანის ავტორობაა. ეს არის მიდგომა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ცხადყოფს სასამართლო პრაქტიკა.
აშშ-ის კანონმდებლობა ადამიანის ავტორობის კონცეფციას ინარჩუნებს და ხელოვნური ინტელექტის ნამუშევრების უმეტესობას საავტორო უფლებების კანონის დაცვის მიღმა ტოვებს, თუმცა თვლის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ როგორ უნდა განვითარდეს კანონმდებლობა ახალი ტექნოლოგიების კვალდაკვალ.
საკითხის სამართლებრივი განხილვის დროს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს სამართლიანი გამოყენების (fair use) დოქტრინა, რომელიც აშშ-ის საავტორო უფლებების შესახებ კანონის 107-ე მუხლშია ჩამოყალიბებული. ეს დოქტრინა, რიგ შემთხვევებში საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე ნაწარმოების შეზღუდული ფორმით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, რა დროსაც მთავარ ფაქტორს წარმოადგენს, გამოყენების „ტრანსფორმაციული“ სახე. „ტრანსფორმაციული“ სახე ნიშნავს, რომ ორიგინალ ნამუშევარში უნდა იყოს მკაფიო ცვლილებები, რაც მას ახალ დანიშულებას მიანიჭებს. როდესაც AI სისტემა იყენებს იმავე შემოქმედებით მასალას, რაც ორიგინალ ნამუშევრებშია, თანაც საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე, აღნიშნული გამართლება (დოქტრინა) პრობლემურად გადაიქცევა. შესაბამისად, სამართლიანი გამოყენების დოქტრინა სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის ცალსახა გამოსავალი ტექნოლოგიით შექმნილი კონტენტის დასარეგულირებლად.
აშშ-ს რეგულაციების მიხედვით, პირს შეუძლია მიმართოს სამართლებრივ საშუალებებს, თუ მისი სახელი, სურათი, ხმა ან პერსონა უნებართვოდ იქნა გამოყენებული. ამერიკის ფედერალური კანონმდებლობა გვთავაზობს ძლიერ მექანიზმს - ლანჰემის აქტის სახით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ავტორიზაციის გარეშე გენერირებული მონაცემების წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული აქტის მუხლი 43(a)(1)(A) საშუალებას აძლევს პირს, სარჩელი შეიტანოს ცრუ ასოციაციის შესახებ, მაშინ, როდესაც მასი სურათი ან პერსონა რაიმე ფორმით, ნებართვის გარეშე გამოიყენება. მართალია, აქტი არ ეხება ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების ყველა შემთხვევას, მაგრამ ის წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს კომპიუტერული ავტონომიური მექანიზმით გამოწვეული პრობლემების ავტორების სასარგებლოდ გადასაჭრელად.
განვიხილოთ ამერიკული სასამართლოს მაგალითებიც, კონკრეტულად კი Thaler v. Perlmutter, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნამუშევრებისა და საავტორო უფლებების დაცვის შეზღუდვების შესახებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა. სტივენ თალერმა მის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენებით შექმნა გამოსახულება და ამ გამოსახულებაზე საავტორო უფლებების რეგისტრაცია გადაწყვიტა. აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისმა უარყო ეს განაცხადი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა 1976 წლის საავტორო უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ადამიანის ავტორობის არსებითობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად საავტორო უფლებების შესახებ კანონი (the Copyright Act) არ განსაზღვრავს „ავტორის“ ცნებას, ის სასამართლოებმა განმარტეს, როგორც ადამიანის ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომის უნარის მანიშნებელი.
გარდა ამისა, განმხილველმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უარის თქმის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო გამოსახულების შექმნის პროცესში ადამიანის არასაკმარისი წვლილი, რაც განასხვავებს კომპიუტერის დახმარებით და კომპიუტერის მიერ გენერირებულ ნამუშევრებს ერთმანეთისგან. სასამართლომ შეაჯამა, რომ თუ საბოლოო პროდუქტის შემქმნელს თვით ადამიანი არ წარმოადგენს, აშშ-ის მოქმედი საავტორო უფლებების შესახებ კანონი მასზე საავტორო უფლებებს არ გაავცრელებს. საქმემ Thaler v. Perlmutter რთული საკითხი წამოჭრა იმ ადამიანის ჩართულობის დონესთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ ავტორად. სწორედ ამ საკითხის გადაჭრის გზა შეიძლება იყოს თანამედროვე სამართლებრივი გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია Zarya of the Dawn-ის საქმე, რომელიც ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის თანამშრომლობას ეხება. ნიუ-იორკში მცხოვრებმა ავტორმა (მწერალმა), ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი - Midjourney გამოიყენა, რათა შეექმნა ილუსტრაციები - სურათები მისივე რომანისთვის სახელწოდებით „Zarya of the Dawn“. მიუხედავად იმისა, რომ რომანის ავტორმა წარადგინა მტკიცებულებები, რომ ის თავად აქტიურად იყო ჩართული სურათების გენერირების პროცესში, რაც შესაბამისი ბრძანებების გაცემაში და რედაქტირებაში გამოიხატებოდა, აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისმა მიიჩნია, რომ პროცესში მისი ჩართულობის მიუხედავად შედეგი მაინც „არაპროგნოზირებადი“ იყო. ოფისმა განმარტა, რომ გენერირების პროცესი იყო შემთხვევითი, რის გამოც დასრულებული ნამუშევარი არ შეიძლება მივაწეროთ ადამიანი - შემქმნელის კონკრეტულ განზრახვას. საბოლოოდ, ავტორობის არარსებობის მოტივით, ნაწარმოების საავტორო უფლებებით დაცვის შესახებ განაცხადი არ დაკმაყოფლდა.
ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ რაც უფრო მკაფიოა ადამიანის წვლილი შემოქმედებითი პროცესის წარმართვაში, მით უფრო მარტივია საავტორო უფლებების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის ჩარევა არ აღიქმება როგორც შემოქმედებითი გამოხატულება.
თითოეული განხილული საქმე წარმოადგენს იურიდიული აზროვნების ადრეულ ეტაპებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს აღიარებული და დაცული ადამიანის როლი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ ნამუშევარში.
შედარებითი ანალიზი: სხვადასხვა სამართლებრივი ჩარჩოებიდან მიღებული ინფორმაცია
საქართველოს კანონის “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მე-6 მუხლი მოიცავს საკმაოდ ფართო ჩამონათვალს, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების შესახებ, თუმცა ქართული სამართლებრივი სისტემისათვის ხელოვნური ინტელექტი უცხოა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ნამუშევარი მთლიანად გენერირებულია AI-ის მიერ, ის არ განიხილება საავტორო უფლებებით დაცვის ქვეშ. ვფიქრობ, თუ ადამიანის როლი გენერირების პროცესში აქტიური და მნიშვნელოვანია, შეიძლება გენერირებული ნაწარმოები განხილულ იქნას „გადამუშავებული” ან „შედგენილი” ნაწარმოების სიაში.
საერთაშორისო იურისდიქციების უმეტესობისგან განსხვავებით, ზოგიერთი ქვეყანა ციფრული ნამუშევრების შეზღუდულ დაცვას გვთავაზობს და გაერთიანებული სამეფო ამის შესანიშნავი მაგალითია. კერძოდ, 1988 წლის „საავტორო უფლებების, დიზაინისა და პატენტების შესახებ“ კანონის (CDPA) მე-9 მუხლი კონკრეტულად ეხება კომპიუტერის მიერ გენერირებულ ნამუშევრებს. ეს დებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო საავტორო უფლებების სხვა სამართლებრივი რეგულაციებისგან, რადგან ის კონკრეტულად იკვლევს ტექნოლოგიით ავტომატიზირებულ ნამუშევრებს. CDPA-ს 178-ე მუხლი ახდენს კიდეც კომპიუტერის მიერ გენერირებული ნაწარმოების განმარტებას. ეს განმარტება ძალიან ფართოა, რითაც ის იძლევა შესაძლებლობას, თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან მიღებული შედეგებიც მოაზრებული იქნას ტექნოლოგიით ავტომატიზირებულ ნამუშევრებში, მაშინაც კი, თუ კანონი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ნამუშევრების ევოლუციამდე იყო დანერგილი.
ნათელია, რომ ზემოთ განხილული იურისდიქციებისგან განსხვავებით, გაერთიანებული სამეფო გვთავაზობს უფრო მკაფიო გზას ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის რეგულირებისთვის. თუმცა, კვლავ რჩება კითხვა იმის თაობაზე, თუ რა დოზით უნდა იყოს ადამიანი ჩართული კომპიუტერის მიერ გენერირებული პროდუქცტის შექმნის პროცესში, რათა ის თავად ჩაითვალოს ავტორად, ხოლო ნამუშევარზე კი გავრცელდეს საავტორო უფლებები.
იმისათვის, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს შორის არსებული განსხვავებები უფრო ცხადი გახდეს, გავაანალიზოთ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს მიერ განხილული საქმე - Getty Images v Stability AI. მოცემულ საქმეში Stability AI-მ შექმნა Getty-ს ხილული ნიშნების მქონე სურათები, რაც გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, საავტორო უფლებების დარღვევის ორ ტიპს მოიცავს. პირველი არის ავტორის უფლება, რომ საკუთარი ნამუშევრის შემქმნელად მოიხსენიონ იგი და მეორე - ავტორის უფლება, თავიდან აიცილოს მისი ნამუშევრის ისეთი დამუშავება, რომელიც ზიანს მიაყენებს ან აუფასურებს მას.
ამ საქმეში მოყვანილი ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ კონტენტის ონლაინ ხელმისაწვდომობა ავტომატურად არ ნიშნავს მისი თვითნებური სახით ხელახალი გამოყენების შესაძლებლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხელოვნური ინტელექტის სასწავლო მოდელებს. ეს არგუმენტი სასამართლოს მიერ გამყარებული იყო 1988 წლის „საავტორო უფლებების, დიზაინისა და პატენტების შესახებ“ კანონის (CDPA) 16(1) და 17(2) მუხლებით, რითაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საავტორო უფლებებით დაცული მასალის ნებისმიერი ხელახალი გამოყენება მოითხოვს ლიცენზიანტის თანხმობას.
სიახლეები სამართლებრივ ჩარჩოებში
ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება საავტორო უფლებების კანონმდებლობისთვის ქმნის, როგორც შესაძლებლობებს, ასევე გარკვეულ რისკებს, რაც ერთ ერთი ყველაზე რთულად დასაბალანსებელი საკითხია. ინოვაციამ იმგვარად უნდა განაგრძოს განვითარება, რომ საფრთხე არ შეექმნას და მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანი - შემქმნელის უფლებები.
ამჟამინდელი მდგომარეობით, აშშ-სა და ევროკავშირის საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობა არ არის სტრუქტურირებული ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, თუმცა გარკვეულ იურისდიქციებში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, ჰონგ-კონგი და სხვა, გვხვდება უფრო ინკლუზიური მიდგომები, რომლებიც ტექნოლოგიით გენერირებულ პროდუქტებს, საავტორო უფლებების დაცვის ქვეშ მყოფ ნაწარმოებებად აღიარებენ.
საკითხთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი დილემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად სამართლის მეცნიერებმა შემოგვთავაზეს, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ნამუშევრების განხილვა უნდა მოხდეს, როგორც ერთობლივი წვლილის შედეგი. იგი შეესაბამება „ერთობლივი ნამუშევრების” პრინციპს და აღიარებს პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, როგორც თანაავტორს და ანიჭებს თითოეულ კონტრიბუტორს საავტორო უფლებების დაცვის უფლებას. ამასთან საგულისხმოა, რომ ეს მიდგომა საკმაოდ ქაოსურია, პროდუქტის შექმნის პროცესში მონაწილე პირების სიმრავლის გამო.
მიმაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ შექმნილი გამოწვევებისთვის ყველაზე გონივრული გადაწყვეტა არის მოდელი, რომელიც ავტორობის უფლებას ანიჭებს იმ პირს, რომელმაც განახორციელა საჭირო ღონისძიებები, და ადამიანური ძალისხმევა ჩადო საბოლოო პროდუქტის შექმნაში. თუმცა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ქონდეს იმ ფაქტორს, თუ რა მოცულობით და ხარისხით მოხდა ინტერნეტიდან მიღებული ორიგინალი ნამუშევრის ტრანსფორმაცია.
ამ ეტაპზე, სამართლებრივი სისტემების უმეტესობა დაფუძნებულია ადამიანის ავტორობის პრინციპზე, რის გამოც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პროდუქტები არ არის თანხვედრაში არსებულ ნორმატიულ ბაზასთან. მომავალში ამ ხარვეზების უყურადღებოდ დატოვება კიდევ უფრო გაართულებს სამართლებრივი რეაგირების საკითხს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მოსალოდნელზე უფრო სწრაფ ტემპს იძენს და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.




