ავტორი: თათია ხაბულიანი
University of Pompeu Fabra - ს მაგისტრი
1. შესავალი
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სამართალში პაროდიას საკმაოდ კომპლექსური ადგილი უჭირავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საავტორო უფლებებისა და ნაშრომის ავტორთა უფლებების დაცვას შორის ბალანსის პოვნას ეხება. მუსიკალური პაროდიების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ სადისკუსიო საკითხს როგორც ქართულ, ასევე ევროპულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში, შესაბამისად სტატია სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვას დაეთმობა.
პაროდია წარმოადგენს უკვე არსებული ნაწარმოებების იმიტაციას და ის მეტწილად გამოიყენება იუმორისტულ-სატირულ ჭრილში. პაროდიის ცნება განხილულია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ (შემდგომში- CJEU) - საქმეში „Deckmyn v Vandersteen“, სადაც სასამართლომ დაადგინა პაროდიის მახასიათებელი 3 ძირითადი ელემენტი: 1. პაროდია მსმენელს ახსენებს უკვე არსებულ ნაწარმოებს; 2. ის საგრძნობლად განსხვავდება იმ ნაწარმოებისგან, რომლის იმიტაციაც მოხდა; 3. ის არის იუმორის ან სატირის გამომხატველი.
მნიშვნელოვანია ,,საავტორო უფლებებისა და საინფორმაციო საზოგადოების” დირექტივა (შემდგომში - InfoSoc), რომელიც ევროკავშირის ფარგლებში უზრუნველყოფს საავტორო სამართლებრივი რეგულაციების ერთგვაროვნებას და ჰარმონიზაციას. დირექტივის მიხედვით, პაროდია დაშვებულია როგორც გამონაკლისი, იმ შემთხვევაში თუ ის დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ გასცდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში - WIPO), მიერ განსაზღვრულ სამ ეტაპიან ტესტს.
2. მუსიკალური პაროდიების განმარტება და მისი მახასიათებლები
მუსიკალური პაროდია იმ მხატვრული გამოხატვის ფორმაა, რომელიც არსებული მუსიკალური ნაწარმოების იუმორისტულ ან სატირულ ადაპტაციას გულისხმობს. ის ხშირად იყენებს ორიგინალი სიმღერების სტილს, მელოდიას, ტექსტს ან შინაარს და იუმორისტული, ირონიული ელემენტების შემოტანით აკრიტიკებს ან უბრალოდ კომენტარს აკეთებს მასზე. აუცილებელია, რომ პაროდია გავმიჯნოთ ორიგინალიდან წარმოებული ქმნილებისგან, რომელიც თითქმის შეუცვლელად იყენებს ორიგინალის ნაწილებს.
დღევანდელ ეპოქაში ინტერნეტის როლის ზრდამ დიდი გავლენა იქონია პაროდიების განვითარებაზე და მკვეთრად გაზრდაზე. ცნობილი ამერიკელი სატირისტი და კომიკოსი ალფრედ მეთიუ იანკოვიჩი ,,ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენს მუსიკალური პაროდიების შექმნაში. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მას გაშარჟებული აქვს ისეთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები, როგორიცაა Coolio -ს „Gangsta's Paradise“ და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური პაროდიები მრავალი წელია არსებობს. ისეთი დიდი კომპოზიტორებიც კი, როგორებიც არიან იოჰან სებასტიან ბახი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი თავიანთ ნამუშევრებში ხშირად იყენებდნენ სხვა მუსიკოსების შემოქმედებას კომენტარის გაკეთების ან გაშარჟების მიზნით. მაგალითად, მოცარტმა შექმნა კომპოზიცია სახელწოდებით "მუსიკალური ხუმრობა", სადაც ის დასცინოდა თავისი დროის სხვა კომპოზიტორებს.
საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ მე-17 და მე-
18 მუხლებში წარმოგვიდგენს, როგორც ავტორის ქონებრივ, ისე არაქონებრივ უფლებებს. კანონმდებლობით ნაწარმოების ავტორს ენიჭება ექსკლუზიური უფლებამოსილებები, რაც მოიცავს: რეპროდუქციას, გავრცელებას, საჯარო შესრულებასა და ადაპტაციას. მიუხედავად იმისა, რომ არც ქართულ და არც უცხოურ კანონმდებლობაში არ არის პირდაპირი ჩანაწერი მუსიკალური პაროდიის შესახებ, ის ჩვეულებრივ განიხილება, როგორც საავტორო უფლებებით დაცული მასალის ტრასფორმაციული გამოყენება. აქედან გამომდინარე, პაროდიების ავტორებმაც შესაძლოა გამოთქვან პრეტენზია, რომ მათი ნაშრომი შეესაბამება სამართლიანი გამოყენების საზღვრებს და არ არღვევს კანონის მოთხოვნებს. იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ეს პრეტენზია რეალობას, განვიხილოთ სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები და სასამართლოს გადაწყვეტილებები.
3. სამართლებრივი ჩარჩო და საავტორო უფლებების დარღვევა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსიკალური პაროდიები რეგულირდება სამართლიანი გამოყენების დოქტრინით. ის იძლევა საავტორო უფლებებით დაცული მასალის შეზღუდული გამოყენების უფლებას მფლობელის ნებართვის გარეშე. დოქტრინა ყურადღებას ამახვილებს ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა - გამოყენების მიზეზი, ფორმა და ბუნება, საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევარი, მისი გამოყენების დონე და გავლენა გაყიდვებზე.
ევროკავშირი მუსიკალური პაროდიების დასარეგულირებლად ძირითადად InfoSoc დირექტივას იყენებს, რომელიც გამონაკლისს უშვებს საავტორო უფლებების დაცვაზე პაროდიებისა და კარიკატურების მიმართ. ეს გამონაკლისი იძლევა საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენების უფლებას პაროდიების შექმნის მიზნით, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობების დაცვით. ეს კრიტერიუმები ითვალისწინებს მასალის პროპორციულ და სამართლიან გამოყენებას, რათა არ მოხდეს ნამუშევრის ექსპლუატაცია და არ დაზიანდეს მისი მფლობელის ლეგიტიმური ინტერესი.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის საავტორო უფლებების შესახებ კანონის ინტერპრეტაციაში. იმისათვის, რომ გადაწყდეს მუსიკალური პაროდია, ჯდება თუ არა სამართლიანი გამოყენების ფარგლებში სასამართლო რამდენიმე ფაქტორს ამოწმებს:
• ემსახურება თუ არა პაროდია ტრანსფორმაციულ მიზანს, როგორიცაა კომენტარი, კრიტიკა ან სატირა, და არა უბრალოდ კოპირება მოგების მიზნით;
• მუსიკის შემოქმედებითობა, ორიგინალურობა და ექსპრესიული ასპექტები;
• რა დოზით არის გამოყენებული ორიგინალი ნამუშევარი და რამდენად საჭიროა ეს პაროდიის ეფექტის მისაღწევად;
• ორიგინალი ნამუშევარის გავლენა ბაზარზე.
საკითხზე მსჯელობისას არსებითი ფაქტორია პაროდიისა და სატირის ერთმანეთისგან გამიჯვნა, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული როლი აქვს. პაროდია მიბაძავს კონკრეტული შემქმნელის სტილს და იყენებს მიზანმიმართულ გაზვიადებებს კომედიური ეფექტისთვის. ხოლო სატირა შეიძლება სულაც არ ეყრდნობოდეს კონკრეტული ნაწარმოების პირდაპირ მიბაძვას, არამედ იყენებს იუმორს უფრო ფართო საკითხების გასაკრიტიკებლად, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტში.
ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს განხილვა ბერნის კონვენციის („ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ შესახებ) გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ ის ადგენს მინიმალურ სტანდარტებს ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ის უზრუნველყოფს ორიგინალური მუსიკალური კომპოზიციების და სპექტაკლების ავტომატურ დაცვას შექმნისთანავე, რეგისტრაციის ან ფორმალობების საჭიროების გარეშე და ეს დაცვა ვრცელდება როგორც თავად მუსიკალურ კომპოზიციაზე (ნოტებსა და ტექსტებზე), ასევე მუსიკის ნებისმიერ შესრულებასა თუ ჩანაწერზე. ბერნის კონვენცია ასევე აღიარებს, რომ საავტორო უფლებების დაცვას აქვს შეზღუდვები და გამონაკლისები. შეიძლება ითქვას, რომ კონვენცია იძლევა მუსიკალური პაროდიების შექმნის და გაზიარების უფლებას მფლობელის მკაფიო ნებართვის გარეშე, თუ სამართლიან და კეთილსინდისიერ გამოყენებასთან გვაქვს საქმე. ეს არის შემთხვევები, როდესაც საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება პაროდიაში მინიმალური ან უმნიშვნელოა, რის გამოც იგი არ საჭიროებს ნებართვას.
ქართული სამართლებრივი რეგულირებისთვის შესაძლოა ღირებული იყოს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პაროდიისადმი მიდგომის შედარება. მიუხედავად იმისა, რომ InfoSoc დირექტივა ითვალისწინებს საავტორო უფლებების დაცვის ზოგად წესებს და გამონაკლისებს, თითოეული წევრი სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ წესების ადაპტირებაზე საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში. მუსიკალური პაროდიების და საავტორო უფლებების დარღვევის რეგულირება შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი. საინტერესოა რა გავლენას ახდენს კულტურული და სამართლებრივი განსხვავებები შემოქმედებითი გამოხატვის დარეგულირებაზე. მაგალითად, გერმანული საავტორო კანონი "Urheberrechtsgesetz" (UrhG) - მოიცავს დებულებებს საავტორო უფლებებით დაცული მასალის პაროდიის ან სატირის მიზნით გამოყენების შესახებ. გერმანულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლოა შეაფასონ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა თავდაპირველი შემქმნელის რეპუტაციის პოტენციური ზიანი და პაროდიის კომერციული ბუნება.
საფრანგეთის საავტორო უფლებების კანონი "Code de la propriété intellectuelle" (CPI) - აღიარებს პაროდიის უფლებას, მაგრამ ის ხაზს უსვამს ადამიანთა მორალური უფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. პაროდიებმა არ უნდა დააზიანოს ორიგინალური ნაწარმოების ან მისი შემქმნელის რეპუტაცია. შესაბამისად, ფრანგული სასამართლოები ყურადღებას ამახვილებენ პაროდიის მიღმა არსებულ მხატვრულ ღირებულებაზე.
ესპანეთში საავტორო უფლებებს არეგულირებს კანონი "Ley de Propiedad Intelectual" (ინტელექტუალური საკუთრების კანონი), რომელიც იცავს ორიგინალურ ლიტერატურულ, მხატვრულ და სამეცნიერო ნაწარმოებებს. კანონი მოიცავს შეზღუდვებსა და გამონაკლისებს ისეთი მიზნებისთვის, როგორებიცაა პირადი კოპირება, განათლება და ახალი ამბების გაშუქება. ის ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, მათ შორის სასამართლოს ბრძანებას, რომ შეაჩეროს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების გამოყენება ან გაზიარება, ზიანის ანაზღაურებას და არაკანონიერი ასლების ჩამორთმევას. განზრახი ხელყოფის შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას სისხლისსამართლებრივი სასჯელიც.
რაც შეეხება ქართულ სამართლებრივ სისტემას, საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ ცალსახად არ იცნობს „პაროდიას“, როგორც საავტორო უფლებების დარღვევის გამონაკლისს. თუმცა, ის ითვალისწინებს რამდენიმე ზოგად გამონაკლისს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პაროდიულ ნაწარმოებებს, მათი ბუნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 21-28-ე მუხლების თანახმად, საავტორო უფლებებით დაცული მასალის გარკვეული გამოყენება დასაშვებია ავტორის თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ნაწარმოების ნორმალურ ექსპლუატაციას და არ აზიანებენ ავტორის ლეგიტიმურ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დებულებები კონკრეტულად არ ეხება პაროდიას, ჩვენ შეგვიძლია, რომ მათი ინტერპრეტაცია მოვახდინოთ.
იმდენად რამდენადაც, საქართველო არის ბერნის კონვენციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი, შესაბამისად საავტორო უფლებების შესახებ კანონები საერთაშორისო სტანდარტებს მიესადაგება. თუმცა, ზოგიერთი იურისდიქციისგან განსხვავებით, რომლებიც ცალსახად აღიარებს პაროდიას, როგორც სამართლიან გამოყენებას ან გამონაკლისს (მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები), საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდეს, რათა დადგინდეს, შედის თუ არა პაროდიული ნაწარმოები დაშვებულ გამონაკლისებში. საქართველოში მუსიკალური პაროდიის კანონიერება დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება თუ არა ის საავტორო უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ ზოგად გამონაკლისებს.
3.2 საავტორო უფლებების დარღვევის აღსრულება
ევროკავშირის სამართლის მიხედვით, არსებობს რამდენიმე გზა, რომელსაც საავტორო უფლებების მფლობელები მიმართავენ, მაშინ როცა მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები ირღვევა. ისინი ხშირად მიმართავენ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს პაროდიების ავტორების მიმართ, რითაც მათ მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ მასალის გამოყენება და გავრცელება. ეს წერილები როგორც წესი ასახავს სავარაუდო დარღვევას, იძლევა მტკიცებულებებს საავტორო უფლებების მფლობელის უფლებების შესახებ და მოითხოვს საავტორო უფლებების შესახებ კანონის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ გაფრთხილება არაეფექტურია, საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ წამოიწყონ სამართლებრივი პროცესი მუსიკალური პაროდიების შემქმნელის წინააღმდეგ.
მუსიკის პაროდიების ონლაინ გავრცელების შემთხვევაში, საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ შეტყობინების და წაშლის პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფილია პლატფორმებისა და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერების მიერ. ევროკავშირის საავტორო უფლებების შესახებ დირექტივის თანახმად, ონლაინ პლატფორმებს მოეთხოვებათ დროულად უპასუხონ შეტყობინებებს და წაშალონ ან გააუქმონ არაკანონიერ მასალაზე წვდომა.
იმ შემთხვევებში, როდესაც მუსიკალური პაროდიები ვრცელდება ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, საავტორო უფლებების მფლობელებს შეიძლება შეექმნათ გარკვეული გამოწვევები თავიანთი უფლებების დაცვაში საავტორო უფლებების ეროვნულ კანონებსა და აღსრულების მექანიზმებში განსხვავებების გამო. თუმცა, ევროკავშირის სამართლებრივი წესები, განსაკუთრებით აღსრულების დირექტივა, ეხმარება ქვეყნებს რომ ითანამშრომლონ საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად.
საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ადგენს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ მექანიზმებს. უფლებების მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა შეაჩერონ დარღვევა, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და მოითხოვონ უკანონო ასლების ჩამორთმევა. სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის სასჯელები, როგორიცაა ჯარიმა ან პატიმრობა. საქპატენტი მხარს უჭერს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებას და საჭიროების შემთხვევაში, მხარეების დახმარების მიზნით მონაწილეობასაც კი იღებს ზოგიერთ დავაში. თუ აღმოჩნდება, რომ პაროდია არღვევს საავტორო უფლებებს, შესაძლოა მოხდეს კანონის ინტერპრეტაცია და გამოიყენებულ იქნას იგივე სამართლებრივი ზომები, რადგან მუსიკალური პაროდიები დაექვემდებარება საავტორო უფლებების დარღვევას.
4. საერთაშორისო გადაწყვეტილებები Williamson Music v Pearson Partnership
გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში, Williamson Music-მა უჩივლა Pearson Partnership-ს, სატელევიზიო რეკლამაში მიუზიკლის South Pacific-ის პაროდიის გამოყენების გამო. სასამართლოს განხილვის საგანი იყო, ადგილი ჰქონდა თუ არა პაროდიის კანონიერი გამოყენებას და წარმოადგენდა თუ არა კონკრეტული პაროდიის გამოყენება საავტორო უფლებების დარღვევას. გამოხატვის თავისუფლების შესახებ არგუმენტების მიუხედავად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Williamson Music-ის
სასარგებლოდ. სასამართლომ საქმის განხილვის დროს ყურადღება გაამახვილა შემდეგ მახასიათებლებზე:
• პაროდიამ გამოიყენა ორიგინალური მუსიკისა და ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი - და არა მხოლოდ მცირე ან შეცვლილი ელემენტები.
• პაროდიის გამოიყენება მოხდა რეკლამაში, რაც ნიშნავს მისი კომერციული მიზნით გამოყენებას.
• ამასთნ Williamson Music-ს მკაცრი პოლიტიკა ჰქონდა პაროდიებთან დაკავშირებით, რაც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან საავტორო უფლებების მფლობელებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება მიიღონ მათი ნამუშევრების ხელახალ გამოყენებაზე.
• სასამართლომ გადაწყვიტა, რომ Pearson-ის ვერსია არ იყო საკმარისად გარდამტეხი იმისთვის, რომ კვალიფიცირებული ყოფილიყო, როგორც კანონით დაცული პაროდია. ორიგინალის კომენტარის ან კრიტიკის ნაცვლად, ეს უფრო კომერციული მიზნებისთვის მის ხელახალ გამოყენებას ჰგავდა.
გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ ყველა პაროდია არ არის დაცული. თუ პაროდია იყენებს ორიგინალური ნაწარმოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კომერციულ გარემოში და აშკარად არ ემსახურება ისეთ მიზანს, როგორიცაა კრიტიკა ან კომენტარი, ის ვერ იქნება დაცული და შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად.
მორიგი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს მიერ არის მიღებული, გვიჩვენებს მაგალითს, თუ რა შემთხვევაში არის კანონით დაცული მუსიკალური პაროდია.
PPL v Raymond Hagan (2016)
ღამის კლუბის მფლობელმა რაიმონდ ჰაგანმა კლუბში საჯაროდ გააჟღერა სიმღერის "We Built This City" პაროდიული ვერსია, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას დასცინოდა. Phonographic Performance Limited-მა (PPL) კლუბის მფლობელის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი საავტორო უფლებების დარღვევის თაობაზე, იმ საფუძველზე, რომ კლუბს არ გააჩნდა ჩანაწერის საჯაროდ შესრულების ლიცენზია. სასამართლომ გადაწყვეტილება, ჰაგანის სასარგებლოდ მიიღო შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
• სასამართლომ დაადგინა, რომ სიმღერის გამოყენება ექვემდებარებოდა სამართლიან გამოყენებას - „პაროდია, კარიკატურა ან პასტიში“. ეს კანონიერი გამონაკლისი იძლევა საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების შეზღუდულ გამოყენებას იუმორისტული ან კრიტიკული იმიტაციისთვის.
• პაროდიამ მნიშვნელოვნად შეცვალა სიმღერის მესიჯი. მან გამოიყენა შეცვლილი ტექსტი პოლიტიკური პარტიის (UKIP) დასაცინად, რამაც სიმღერა პოლიტიკურ კომენტარად აქცია.
• სასამართლომ დააბალანსა საავტორო უფლებების დაცვა გამოხატვის თავისუფლებასთან. გამომდინარე იქიდან, რომ პაროდია მიზნად ისახავდა სოციალური ან პოლიტიკური აზრების წარმოჩენას, იგი ითვლებოდა შემოქმედებითი და კრიტიკული გამოხატვის სწორ ფორმად.
• პაროდია არ უწევდა კონკურენციას ორიგინალურ ნამუშევარს ბაზარზე. ამიტომ, ის არ დააზარალებს საავტორო უფლებების მფლობელის ეკონომიკურ ინტერესებს.
კონკრეტული შემთხვევა ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იყოს პაროდია კანონიერად დაცული, როდესაც ის არის კრეატიული, აზრის გამომხატველი და არა უბრალოდ ორიგინალის ასლი.
5. სამომავლო პერსპექტივა
საავტორო უფლებების შესახებ კანონების კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე მუსიკალური პაროდიების შემქმნელები უამრავ გამოწვევას აწყდებიან. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ამ კანონების მკაცრმა დანერგვამ შესაძლოა იმოქმედოს, როგორც დადებითად ორიგინალური ნამუშევრების შემქმნელების უფლებების დაცვაზე, ასევე ნეგატიურად, იმ თვალსაზრისით, რომ ჩაახშოს მხატვრული გამოხატულება და შეზღუდოს შემქმნელის შესაძლებლობა, გააკეთოს ტრანსფორმაციული და კრიტიკული კომენტარი პაროდიის მეშვეობით.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა მუდმივად აგრძელებს განვითარებას, რათა ფეხი აუწყოს რეალობას, ვფიქრობ გაგრძელდება საავტორო რეგულაციების განახლების და მოდერნიზაციის მცდელობები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროკავშირის საავტორო უფლებების კანონმდებლობაში პაროდიის ცნება მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, ამიტომ დროთა განმავლობაში შეიძლება გაკეთდეს უფრო ზუსტი განმარტებები და სახელმძღვანელო მითითებები. სასურველი იქნება, თუკი როგორც ქართულ, ასევე ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობაში პაროდიებთან დაკავშირებით ცოტა კონკრეტიკას მაინც შევხვდებით, რაც პაროდიების შემქმნელებსა და ორიგინალი ნაწარმოების ავტორებს შორის სამართლებრივ ურთიერთობას უფრო უსაფრთხოს და გასაგებს გახდის.
ტექნოლოგიების წინსვლამ შესაძლოა შემოგვთავაზოს ახალი გადაწყვეტილებები ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების მართვისა და აღსრულების თაობაზე. სავარაუდოა, რომ ეს ტექნოლოგიები დაეხმაროს უფლებების მართვის პროცესებს, ხელი შეუწყოს სალიცენზიო შეთანხმებებს და უზრუნველყოს შემქმნელების სათანადო ატრიბუცია და კომპენსაცია მათი ნამუშევრებისთვის.
მთლიანობაში მუსიკალური პაროდიების ირგვლივ სამართლებრივი რეგულაციები მრავალმხრივია, თუმცა ამ ტერმინის მკაფიო განმარტების არარსებობა არაერთ გამოწვევას ქმნის სადავო საკითხების დაბალანსებაში. ხელახალი დისკუსიის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ისეთი პეიზაჟის შექმნას, რომელიც პატივს სცემს ორიგინალი შემქმნელის უფლებებსაც და გასაქანს აძლევს პაროდიის ტრანსფორმაციულ პოტენციალს.