,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიმოხილვა

6 ივნისი 2021

ავტორი: რაისა ლიპარტელიანი
ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.

 

დღეს საქართველოში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას კვლავ დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს.  ყოველ წელს მზარდია საწარმოო  შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი.  2011-2018 წლებში   სამუშაო ადგილებზე გარდაიცვალა 376, ხოლო დაშავდა 1081 დასაქმებული. მხოლოდ მიმდინარე წელს გარდაიცვალა 10 და დაშავდა 11 ადამიანი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით  ვერ უზრუნველყოფს უბედური  შემთხვევების სრულყოფილი აღრიცხვის წარმოებასაც კი, რამდენადაც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს და  შესაბამისად,  მოიცავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელზეც  გამოძიება დაიწყო. აქედან გამომდინარე, მასში არ ხვდება უამრავი საწარმოო შემთხვევა, რომელიც არ გახმაურდა და სამუშაო ადგილებს  არ გასცდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გარკვეული გარიგებების თუ სხვადასხვა მიზეზებიდან (დაშინება, შანტაჟი) გამომდინარე, რის გამოც დასაქმებულებმა დუმილი არჩიეს. ამას გარდა, აღნიშნულ სტატისტიკაში არ ფიგურირებს პროფესიული დაავადებების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი  დასაქმებულები და ასევე  ისინი, რომელთა გარდაცვალებაც  საწარმოო ტრავმ(ებ)ის შედეგად არა მყისიერად,  არმედ მოგვიანებით დადგა.

2006 წლიდან, ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგად,  ქვეყანაში ფაქტობრივად გაუქმდა შრომის კანონმდებლობა და მოიშალა შრომის ბაზრის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები,  მათ შორის გაუქმდა შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციის გაუქმების ერთ–ერთ მიზეზად მისი კორუფციული ბუნება დასახელდა, თუმცა სახელმწიფოს მის რეფორმირებაზე ან სხვა უფრო ეფექტური, ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლებაზე  წლების მანძილზე არ უზრუნია.

ამგვარი დამოკიდებულება    გახდა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო (შსო, ევროკომისია, აშშ სახელმწიფო დეპარატმენტი და ა.შ.) ორგანიზაციის კრიტიკის საგანი.  მიუხედევად ამისა, შრომის უსაფრთხოების საკითხებს არ შეხებია არც შრომის კოდექსში 2013 წელს შესული  ცვლილებები და დამატებები.

2014 წელს ერთის მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ  სახელმწიფოთა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და მისი 2014–2016 წლების დღის წესრიგიდან გამომდინარე აქტუალური გახდა შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი, რამდენადაც აღნიშნული დოკუმენტები  ადგენს საქართველოს ცალსახა და უპირობო ვალდებულებას, შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმები შსო–ს სტანდარტებთნ სრულ შესაბამისობაში. აღნიშნული გულისხმობს ინსპექციის  უპირობო დაშვებას ნებისმიერ საუშაო ადგილზე და შრომის კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოოფას.  ასოცირების შეთანხმების 30–ე დანართი ითვალისწინებს 40 ევროდირექტივას, რომელთანაც ჩვენი კანონმდებლობის დაახლოვება გვევალება, მათ შორის ძირითადი ნაწილი (26 დირექტივა)  სწორედ შრომის უსაფრთხოებას ეხება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწმიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კერძოდ;  2015 წლის 2 მარტს შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს შემადგენლობაში, რომელიც მოქმედებდა „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად, რომელიც არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს და არ მოიცავდა სანქციების მექანიზმს.

ხანგრძლივი დისკუსიებისა და  განხილვების შედეგად 2018 წლის 7 მარტს მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც 2019 წლის 19 თებერვალს  ორგანულ კანონად იქცა.

ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას.

არსებული კანონის  მოქმედების სფერო ამ ეტაპზე  შეზღუდულია და   ვრცელდება მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომლის ჩამონათვალიც განსაზღვრულია  საქართველოს მთავრობის დადგენილებით.1

2019 წლის 1  სექტებრიდან კი კანონი გავრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე

კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია, წინააღმდეგ  შემთხვევაში  ის დაექვემდებარება ფინანსურ  სანქციას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო  განმეორებითობის შემთხვევაში 2000 ლარით

ამავე კანონით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე. ამ მიზნით მან უნდა  გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, განახორციელოს შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა, მოახდინოს დასაქმებულთა თემებიდან შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თემებთან,  უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება და საჭიროების შემთხვევაში ევაკუაცია დასაქმების ადგილებში. ამას გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია:

 უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების რეგისტრაცია, მოკვლევა და შესაბამისი ანგარიშგება;

 საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებული  უბედური შემთხვევის დაზღვევით ;

 რეგულარულად შეამოწმოს ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა;

 პერიოდულად, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები;

 იზრუნოს არსებული რისკების თავიდან აცილებაზე; შეაფასოს ის რისკები და საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია; იზრუნოს საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრაზე;

 ფუნქციების განაწილების საფუძველზე წერილობით განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;

 უზრუნველყოს რისკის შემცველ სამუშაო ადგილებზე მხოლოდ იმ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის დაშვება, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სპეციალური სწავლება ან ინსტრუქტაჟი;

 გამოავლინოს და აღრიცხოს რისკის შემცველი სამუშაო ადგილები;

 არ დაუშვას სამუშაოზე დასაქმებული ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება;

 დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს უფასოდ, ანაზღაურების შენარჩუნებით, სამუშაო საათებში   ჩაუტაროს  მათთვის გასაგებ ენაზე სწავლება/ტრენინგი და ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების შესახებ;

 ვალდებულია დანიშნოს ერთი ან ერთზე მეტი დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური და ა.შ.;

კანონი დასაქმებულს ასევე  ანიჭებს მთელ რიგ უფლებამოსილებებს, როგორიცაა  უფლება:

 მიიღოს ინფორმაცია საფრთხის შემცველი ფაქტორების, რისკის შეფასების შედეგების, შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად დამსაქმებლის მიერ მიღებული ღონისძიებების  შესახებ;

 უარი თქვას იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას;

 სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დამსაქმებელს მოსთხოვოს სხვა მუდმივ ან დროებით სამუშაო ადგილზე გადაყვანა ან სამუშაო პირობების შემსუბუქება, ან დღის ცვლაში გადაყვანა, თუ ღამის ცვლა საზიანოა დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის, ხოლო დამსაქმებელს აქვს შესაბამისი ვაკანსია და დასაქმებული აკმაყოფილებს ამ ვაკანსიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს;

 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში მიყენებული ზიანისათვის და ა.შ,;

ამასთან, დასაქმებული ვალდებულია: 

 იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესებით;

 ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და დასაქმებულთა წარმომადგენელთან შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისთვის;

 შეასრულოს სამუშაო, მართოს და გამოიყენოს სამუშაო ტექნიკა, მასალები, საშიში ნივთიერებები და სხვა საშუალებები დამსაქმებლის ინსტრუქციებისა და მუშაობისას მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

 ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენოს ინსტრუქციების შესაბამისად;

 ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან იმ დროის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვისათვის ნებისმიერი დავალების ან ზედამხედველი ორგანოს მოთხოვნების შესასრულებლად;

 ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან მანამდე, სანამ დამსაქმებელი არ დარწმუნდება, რომ სამუშაო გარემო და სამუშაო პირობები საშიშროებას არ უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

 დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვა პირს შეემთხვა და რომელსაც დასაქმებული შეესწრო, ან რომელიც დასაქმებულს შეემთხვა;

 შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების, ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განხორციელების მიზნით თავისივე რიგებიდან აირჩიოს შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი. და.აშ.

კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად:

ა) მსუბუქი უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა;

ბ) საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;

გ) მძიმე უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით;

დ) ფატალური უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის) სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;

ე) მასობრივი უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი ადამიანის დაშავება, მათ შორის, 1 მძიმე უბედური შემთხვევა ან 1 ფატალური უბედური შემთხვევა.

აღნიშნულთან კავშირებით, დამსაქმებელი ვალდებულია  საშუალო სიმძიმის, მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევების აცნობოს ზედამხედველ ორგანოს შემთხევიდან 24 საათის განმავლობაში  და შეინახოს შესაბამისი მტკიცებულებები.

კანონით განსაზღვრული ზედამხედველი ორგანოს ქვეშ მოიაზრება საქართველოს ოკუირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

აღნიშნული დეპარტამენტი 2019 წლის სექტემბრიდან უფლებამოსილი იქნება წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტიანი აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად.

თუმცა, 2019 წლის 1 სექტემბრამდე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების ინსპექტორებისთვის საჭიროებს წინასწარ სასამართლოს ნებართვას, გარდა შემდეგი გამონაკლისებისა:

 შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;

 განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;

 სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დროს;

აღნიშნული დეპარტამენტის მიერ  კანონდარღვევისთვის სანქციების გამოყენება დაიწყო   2018 წლის 1 აგვისტოდან.

კანონის 19-23-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს: მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე; ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა; საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა  და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

სამართალდარღვევის ჩადენისთვის გამოიყენება  შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: გაფრთხილება, ჯარიმა და სამუშაო პროცესის შეჩერება. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმესა  და წინა, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობაზე და მერყეობს 100 ლარიდან 50 000 ლარამდე. დარღვევის სიმძიმის შეფასებისას კანონი გამოყოფს 3 ტიპის შეუსაბამობებს, როგორიცაა:

 არაარსებითი შეუსაბამობა -შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე და რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის.

 არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემულ მომენტში საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა მისი გამოუსწორებლობა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

 კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი მნიშვნელოვანწილად შესაბამისობაში მოდის შსო-ს სტანდარტებთან (#81, #155 კონვენციები), თუმცა კვლავ პრობლემად რჩება შრომის ინსპეტირების დეპარტამენტის მანდატის შემოფარგვლა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებით. იგი საერთოდ არ ეხება შრომით უფლებებს, მაშინ  როდესაც ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი და მიჯნა რეალურად არ არსებობს.  საწარმოო შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლილობიდან გამომდინარეობს, რაც მათი ისეთი შრომითი უფლებების უგულვებელყოფითაა განპირობებული, როგორიცაა: შვებულებით სარგებლობაზე უარი, ზეგანაკვეთური  მუშაობა, ე.წ. ბიულეტენით ვერ სარგებლობა და ა.შ.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია შემდგომი ცვლილებები, რათა შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმი ეფექტური იყოს და შემცირდეს სამუშაო ადგილებზე  გარადცვლილთა და დაშავებულთა საგანგაშო სტატისტიკა.

1  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის  დადგენილება №381, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი