უკანონოდ მსჯავრდებული ადვოკატი სასამართლომ 16 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო

9 ივნისი 2022

2006 წელს უკანონოდ მსჯავრდებული, ადვოკატი მამუკა ნოზაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

მამუკა ნოზაძეს 2005 წელს, იმჟამინდელი გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მიმართ თითქოსდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილ თაღლითობას ედავებოდა. სასჯელის სახედ და ზომად კი 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადვოკატს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან და არ ყოფილა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხოლო ბრალდებულის ოჯახის წევრმა უარყო მამუკა ნოზაძისთვის ფულადი თანხის გადაცემა, არარსებული კონსულტაციის ფაქტზე.  ასევე დადასტურდა, რომ მამუკა ნოზაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, ადგილი ქონდა ადვოკატის მიმართ მისი უფლებების უხეშ დარღვევას და ადვოკატის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მამუკა ნოზაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ცხადია, არც დაკავებისას და არც განაჩენის გამოტანის დროს 2006 წელს და არც ამჟამად, ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვისას, არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა ადვოკატის დანაშაულებრივ ქმედებას, რაც აისახა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განაჩენში.

მამუკა ნოზაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და მის მიმართ უკანონო ბრალდება ასევე, დადასტურდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეაბილიტაციის კომისიისა (2018 წლის) და სახალხო დამცველის (2008 წლის) დასკვნებით, რომელიც შეტანილ იქნა სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებაში.

„2005 წლიდან დღემდე არ შემიწყვეტია ბრძოლა იმისთვის, რომ სამართლიანობას ეზეიმა და ჩემი გასამართლების უკანონობა დამემტკიცებინა. პროკურატურამ ხელახალი გამოძიება ჩაატარა და სასამართლოს მიმართა განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. ბუნებრივია ისევე, როგორც 2005 წელს, ახლაც, ხელახალი გამოძიების პირობებშიც არ არსებობდა არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ჩემს დანაშაულს დაადასტურებდა, შესაბამისად, ეს სასამართლოს განაჩენშიც აისახა და სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო.
მე ვიყავი უკანონოდ ბრალდებული და მსჯავრდებული ჩემი პროფესიული საქმოანობის გამო პროკურატურის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პირადი ინტერესების გათვალისწინებით, რომელთა მიზანიც იყო ჩამოვეშორებინე პროფესიულ საქმიანობას. ეს უკანონო დევნა ჩემი, როგორც ადვოკატის რეპუტაციის შელახვასა და მთლიანად ადვოკატთა კორპუსის დაშინებას ისახავდა მიზნად, იმ რეჟიმის პირობებში, როცა ადვოკატთა სისტემური რეპრესიები ხორცილდებოდა.“ - განაცხადა მამუკა ნოზაძემ

ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება ადვოკატის გამართლების ფაქტს და მამუკა ნოზაძეს ულოცავს სამართლიანობის გამარჯვებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი