საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა

1 ოქტომბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობდნენ ქართველი, ბრიტანელი და ესპანელი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ მასოლინმა, თბილისში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჩარმიან ლივერმა, საქართველოში ესპანეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ხავიე ბელმონტ როლდანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა და LAWLEX SOLICITORS - მმართველმა პარტნიორმა, სოლისიტორ-ადვოკატმა რუსლან უღრელიძემ.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. დისკუსია მოიცავდა თემებს, როგორებიცაა: ბიზნეს სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები და სამართლის უზენაესობა.

„ინგლისური სამართლის ფორუმი ქართული საადვოკატო პროფესიის მიმართ დიდი მხარდაჭერისა და საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის წამყვანი საადვოკატო ოფისების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან და ქართველ ადვოკატებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო მასშტაბით სანდო და დასაყრდენ პარტნიორად არის აღიარებული. ვფიქრობ, ორი ქვეყნის იურიდიულ პროფესიებს შორის ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს პროფესიულ კავშირებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი ადვოკატებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მესამედ ტარდება და მასში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმი წარმოადგენს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სამართლებრივ საკითხებზე დისკუსიის მნიშვნელოვან პლატფორმას, ასევე ხელს უწყობს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის იურიდიულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი